„პატრიარქს დავარწმუნებ, რომ ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ არავითარი განზრახვა არ გაგვაჩნია“, - ეს განცხადება გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა შტეფან ფულემ გააკეთა. ევროკომისარი ამბობს, რომ ევროკავშირის სახელით დაარწმუნებს საქართველოს პატრიარქს, რომ ევროკავშირს არავითარი განზრახვა საქართველოს ტრადიციული ღირებულების წინააღმდეგ არ გააჩნია.
რადგან, იმას, რასაც მხარს უჭერს ევროკავშირი, ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული ღირებულებები, ტოლერანტობა, ღირსება და პატივისცემა.
შტეფან ფულემ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების არსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დოკუმენტის გარშემო ბევრი დაუსაბუთებელი მითი არსებობს. ამ კონტექსტში, შტეფან ფულემ ერთსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხზეც გაამახვილა ყუდარღება.
„ევროკავშირი საქართველოსგან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ ითხოვს. დასავლეთის სურვილი არ არის საქართველოს თავს უცხო ქვეყნის ფასეულობები მოახვიოს. საქართველოს თავისი ტრადიციები და ფასეულობები გააჩნია და ამის არავის უნდა ეშინოდეს. მაგალითად, ამბობენ, რომ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება ითხოვს ერთსქესიანთა ქორწინებას და ამის თავს მოხვევას. არაფერი ხელშეკრულებაში ასეთი არ არსებობს და ამგვარი კანონის მიღების ვალდებულება საქართველოს წინაშე არ დგას“, - განაცხადა ფულემ.
ევროკომისრის განმარტებით, ერთადერთი მოთხოვნა, რაც ვიზალიბერალიზაციის პროცესს უკავშირდება, არის ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღება, რაც მისივე თქმით, ზოგადად, აუცილებელია ქვეყნებისთვის ადამიანის უფლებების დასაცავად. მისი თქმით, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა არის გარანტია იმისა, რომ ადამიანებისათვის მოპყრობა არ იყოს დისკრიმინაციული სქესის, რასის, ეროვნების და სექსუალური ორიენტაციის მიხედვით.
გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარის განცხადებას, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე უპასუხა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა. პატრიარქი ამბობს, რომ საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის იდეა განხორცდიელდეს.
„ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ იმით, რომ საქართველო, რომელმაც გამოიარა მძიმე კომუნისტური რეჟიმი, მიემართება ევროპულ სტრუქტურებში. ევროპის სტუქტურები არის ის ორგანიზაცია, რომელსაც კარგად იცნობენ საქართველოში.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს სრულფასოვანი წევრი ამ დიდი ორგანიზაციის. მინდა ვთქვა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს, საქართველოს ეკლესია აბრკოლებს ამ პროცესს. მინდა დაგარწმუნოთ თქვენ, რომ საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს იდეა განხორციელდეს“, - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
უწმინდესმა მიმართა შტეფან ფულეს, რომ მისთვის პრესიდან გახდა ცნობილი შტეფან ფულეს სურვილი, დაერწმუნებინა პატრიარქი, საქართველო თავისი ტრადიციებით, ფასეულობით გახდეს ევროკავშირის წევრი.
„მე მინდა გითხრათ, რომ ამაში დარწმუნება არ მჭირდება. მე დიდი ხანია ამაში დარწმუნებული ვარ. არის ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ავრცელებენ ეკლესიის საწინააღმდეგოდ ამ იდეას და ამით, ალბათ, შოულობენ დახმარებებს. თქვენ თვითონ დარწმუნდებით საქართველოში ვიზიტისას. თქვენ ჩამობრძანდით, გქონდათ შეხვედრები, კიდევ შეხვდებით სასულიერო პირებს, საზოგადოების წარმომადგენლებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იდეა განხორციელდეს“, - აღნიშნა უწმინდესმა.
ამასთან, პატრიარქმა დასძინა, რომ როდესაც საუბარია ევროპის სტრუქტურებში გაწევრიანებაზე, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო შეზღუდულია სხვა სტრუქტურებში გაწევრიანებაზე.
„იმედი მაქვს, რომ ის პროცესები, რომლებიც დღეს ვითარდება ევროპაში, უკრაინაში, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ არ შეიძლება ინტეგრაციის საკითხი გადადებული იყოს შორეულ მომავალში. იმედით ვუყურებთ ჩვენს მომავალს“, - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
ევროკავშირი, რომ მხარს უჭერს საერთაშორისოდ აღიარებულ ღირებულებებს, ტოლერანტობას, ღირსებას და პატივისცემას, ამის შესახებ ყველა თანხმდება. თუმცა, პარალელურად, ვრცელდება ინფორმაციები, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს, ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინებას.
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ ამ ინფორმაციას ანტიევროპული განწყობების დამნერგავი ჯგუფი ავრცერლებს, რომელიც, მისი თქმით კიდევ უფრო გამრავლდება ქვეყანაში, როგორც კი რუსეთის ხელისუფლება შეძლებს მეტი ყურადღება დაუთმოს საქართველოს. პოლიტოლოგი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ გამოაქვეყნონ ვილნიუსში პარაფირებული 1000 გვერდიანი თარგმანის ის ვერსია, რომლითაც თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლები სარგებლობენ.
„როცა გავეცნობით ამ დოკუმენტს მზად ვიქნებით არა მხოლოდ ოპონირებისთვის, დეზინფორმატორების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიმართ, არამედ საშუალება იქნება, რომ სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებულმა ჯგუფებმა, ფეხდაფეხ ჩამოიარაონ ქალაქები და სოფლები, ამ თემებზე ესაუბრონ მოსახლეობას და არა იმაზე, რომელი კომლის თავკაცი ჯობია დასახელდეს სოფლის თავკაცად.
რაც შეეხება იმ ჯგუფს, რომელიც ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს,ევროკავშირი საქართველოსგან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვს, ეს არის ანტიევროპული განწყობების დამნერგავი ჯგუფი, რომელიც იმარავლებს უსათუოდ, როგორც კი რუსეთის ხელისუფლება შეძლებს მეტი ყურადღება დაუთმოს საქართველოს. ეს იქნება ე.წ. რბილი ძალა, მაგრამ ყველაზე უფრო ძლიერი კომპონენტის შემცველი, რასაც ჰქვია ისეთი ვალუტა, რომელიც რუსეთშიც ჭრის და საქართველოშიც“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.
„მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება იჩემებდა, რომ ისინი იყვნენ პროევროპული ხელისუფლება, რომ ისწრაფვოდა ევროპულ ინსტიტუტებში ინტეგრაციისკენ, მაგრამ მისთვის ევროპული ინსტიტუტები იყო გეოპოლიტიუკური არჩევანი“, - აცხადებს პოლიტოლოგი ბექა ნაცვლიშვილი, რომლის განცხადებით, ღირებულებითი არჩევანი მის ამ გადაწყვეტილებას არ ჰქონდა.
„მას მიაჩნდა, რომ თუ მოხდებოდა საქართველოს ინტეგრაცია ევროკვაშირში, ეს იქნებოდა ანტირუსულ ნაბიჯთან დაკავშირებული, რადგან ღირებულებითი განზომილება ამას არ ჰქონდა. ევროკავშირიც, ევროპული ღირებულელები და ევროპული ცხოვრების წესი, მიხელი სააკაშვილს დაყავდა პარტიკულარული საზოგადოებრივი ინტერესების დაცვაზე, რომელიც არაა წმინდა ევროპული ღირებულება. ეს ზოგადი ადამაინის უფლებათა ღირებულებაა, რომელსაც იზიარებს მთელი ცივილიზებული სამყარო“, - ამბობს ნაცვლიშვილი.
როგორც პოლიტოლოგი განმარტავს, საზოგადოება არაა გათვიცნობიერებული, რადგან ევროპაზე და ევროპულ ღირებულებებზე შინაარსობრივი საუბარი არ მიმდინარეობდა.
„ევროპა არის კეთილდღეობის სახელმწიფო. უფასო განათლება, ყველასთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, რომელითაც ევროპა ამაყობს, ეს არის სოლიდარობაზე დაფუძნებული საზოგადოება. ადამიანებს 9 წლის განმავლობაში ჩამოუყალიბდათ განცდა, რომ ევროპა არის რაღაცა ორგანიზაცია, რომელიც თითქოსდა ადამიანის ფორმალურ უფლებებს იცავს. რომელიც არის მხლოდ უმცირესობის უფლებები. რა თქმა უნდა, ეს განცდა გაჩნდა, მაგრამ ამას დროთა განავლობაში დაესმება წერტილი. იმედი მაქვს დაიწყება შინაარსობრივი საუაბარი, თუ რა არის რეალურად ევროპა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ბექა ნაცვლიშვილი.