გოგა ონიანს ბრალი დაუმძიმდა. მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, ასევე პოლიტიკური დევნისა და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე, თბილისის შს მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ონიანს კიდევ ერთი ბრალი წარუდგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის 17 ოქტომბერს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, გიორგი ონიანის მიერ, კიდევ ერთი პირის დევნა განხორციელდა და ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ იქნა დაკავებული კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ლევან მდინარაძე (საზოგადოებისთვის ცნობილი ზედმეტსახელით დიჯეი რემბო) ონიანის ბრძანებით დაკავებული გადაყვანილი იქნა გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში ისე, რომ მას ჩხრეკა არ ჩატარებია.
როგორც გამოძიებით ირკვევა, მდინარაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის ხელოვნურად შექმნისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მიზნით, გიორგი ონიანმა საქმის გამომძიებელს წარუდგინა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და დაავალა, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში აესახა ამ ნარკოტიკული საშუალების ლევან მდინარაძისაგან ამოღების ფაქტი, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია.
გიორგი ონიანმა უკანონოდ დაკავებულ ლევან მდინარაძეს განუცხადა, რომ იგი ისჯებოდა „ქართული ოცნების“ ლოგოიანი მაისურების გავრცელების გამო. ლევან მდინარაძის მიმართ უკანონოდ განხორციელდა სისხლისსამართლებრივი დევნა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11 წლამდე ვადით.
ამ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისათვის გიორგი ონიანს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და 3691-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვა წლამდე ვადით.
როგორც ცნობილია, ონიანისთვის ეს უკვე მეორე ბრალდებაა. პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ლოგოიანი მაისურების დამზადებისთვის, ზემოხსენებულ ფაქტამდე 2 დღით ადრე, ონიანმა შპს „დაო-პრინტის“ მენეჯერი დავით შათირიშვილი იდენტური სცენარით უკანონოდ დააკავა. ამ სისხლის სამართლის საქმეზე ონიანის აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 20 000 ლარის ოდენობით.
პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, ადვოკატი გოგა ონიანი პროკურატურის მხრიდან ბრალის დამძიმებას აბსურდულსა და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და აცხადებს, რომ პროკურატურა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კანტორადაა გადაქცეული.
„ეს რემბო“, არის ბერა ივანიშვილის უახლოესი მეგობარი. აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ უკანონო ქმედებები 2011 წელს განხორციელდა. დღემდე, ამის შესახებ, მას განცხადება შეტანილი არც ერთ სამართლდამცავ ორგანოში არ ჰქონია. როგორ წარმოგიდგენიათ, თუ დაირღვა მისი უფლებები, თუ მის წინააღმდეგ განხორციელდა უკანონო ქმედებები, როგორც მინიმუმ, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, რა უშლიდა ხელს, რომ დაესაჯა ის ადამიანები ვინც მის წინააღმდეგ უკანონო ქმედებები განახორციელეს? თუნდაც ეს ერთი ფაქტი ცხადყოფს, რომ აღნიშნული პოლიტიკური პიარკამპანიაა“, - აცხადებს ონიანი და აქვე დასძენს, რომ პროცესი, რომელიც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას უკავშირდება.
ონიანი, რომელსაც მდინარაძის ეპიზოდზე ბრალი დაუმძიმდა, მოითხოვს, რომ დასაკითხ მოწმეთა სიაში შს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის შეყვანას. ონიანის განცხადებით, როდესაც დიჯეი „რემბო“ დააკავეს, მან მარიხუანის ქონა დაადასტურა არა მხოლოდ პოლიციაში, არამედ სასამართლოში, ადვოკატებთან და პროკურორებთან. ადვოკატის თქმით, გლდანის პოლიციაში მისი თანამშრომლები ამჟამადაც მუშაობენ და ისინი დაწინაურებული არიან, მათ შორის დაწინაურებულია სამმართველოს ყოფილი უფროსი ჯაბა მაღლაფერიძე და შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე.
„ჭიკაიძე ე.წ. დიჯეი რემბოს დაკავების პერიოდში განყოფილების უფროსად მუშაობდა, ხოლო ჯაბა მაღლაფერიძე სამმართველოს უფროსად. არ დამირღვევია და არც ვაპირებ დავარღვიო აღმკვეთი ღონისძიების პირობები, ამასთან, თუკი არსებობს მიმალვის საფრთხე, გასაკვირია, დღეს რატომ დამიბარეს პროკურატურაში და დამიბრუნეს პასპორტი.
აქედანაც ჩანს, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირდება. ლევან მდინარაძე ბერა ივანიშვილის ფაქტორიდან გამომდინარე დამიპირისპირდა. საინტერესოა, როდემდე უნდა ველოდო ბერა ივანიშვილის მეგობრების მხრიდან მსგავს ბრალდებებს? ძალიან მალე მოვა დრო და დავადასტურებ, რომ ჩემთვის წარდგენილი ორივე ბრალდება უსაფუძვლოა“, - განაცხადა გოგა ონიანმა.