ჯონი ხეცურიანი: „ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა სწორი ინიციატივა არ არის“

ჯონი ხეცურიანი: „ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა სწორი ინიციატივა არ არის“

ჯონი ხეცურიანი აცხადებს, რომ ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა სწორი ინიციატივა არ არის და ამის გაკეთება აუცილებლობას არ წარმოადგენს.კონსტიტუციონალისტი თვლის, რომ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების გადახედვის უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიეცეს. ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების გადახედვის საქმეში, ხეცურიანი მმართველ გუნდს გერმანული გამოცდილების გაზიარებს ურჩევს. 

„არ შეიძლება სასამართლოს მიღმა რაღაც ორგანოს შექმნა. ასეთი უფლება უნდა მიეცეს საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ეს არის გერმანიაში. კანონიერ ძალაში შესული განაჩენები და გადაწვეტილებები შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლომ ნახოს და გააუქმოს კონსტიტუციურობის თვალსაზრისით, რომ დარღვეული იყო ადამიანის უფლებები. ასეთი მექანიზმი არსებობს გერმანიაში და ამის გამოყენება შეიძლება“, - აცხადებს ჯონი ხეცურიანი.

შეიქმნება თუ არა ხარვეზების დამდგენი კომისია, ეს საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა. მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შესახებ კანონპროექტი იუსტიციის სამინისტრომ მთავრობის სხდომაზე გაიტანა, თუმცა მთავრობის წევრებმა მიიჩნიეს, რომ ქვეყანა ამისთვის მზად არ არის.

რაც შეეხება გერმანულ მოდელს, სამართლის ექსპერტი გია მეფარიშვილი აცხადებს, რომ გერმანული მოდელი ეხება მხოლოდ იმ საქმეებს, რომელზეც სასამართლო გადაწყვეტილებები არის.

„ისმის კითხვა, სად გადის მთავარი ვექტორი? მთავარი ვექტორი გადის ძალიან დიდი რაოდენობით საჩივრებზე, რომელიც ეხება დანაშაულებრივ აქტებს, რომელიც 2004-2011 წლებში იყო ჩადენილი. აქ საუბარია ქონების ჩამორთმევაზე, ქონების გასხვისებაზე, ადამაიანების მიმართ პოლიტიკური დევნაზე და ა.შ. რა ეშევლება ამ საქმეებს?

ახლა თქვენ მეტყვით, რომ ის ჩვეულებრივ სისხლის სამართლებლივი კანონდებლობით დადგენილი წესით პროკურატურამ გამოიძიოსო, მაგრამ ვერ გამოიძიებს ამას პროკურატურა. გამოსავალი შეიძლება მოინახოს, მთავარია პოლიტიკური ნების არსებობა. სამწუხაროდ წელიწადნახევარია გასული და ამ პოლიტიკურ ნებას ვერ ვხედავ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია მეფარიშვილი.

იურისტი სოსო ბარათშვილი მიიჩნევს, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა აუცილებელია.

„კანონს მოვიაზრებ როგორც საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად და არა ცალკე კანონად. თავიდანვე ვიყავი იმის მომხრე, რომ ეს კომისია მოთავსებული უნდა ყოფილიყო საერთო სასამართლოების შესახებ კანონში. მიმაჩნია, საკმარისი არ არის, რომ ხარვეზების დამდგენმა კომისიამ არა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეები განიხილოს. კომისიამ უნდა განიხილოს ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საქმეები“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ბარათაშვილი.

სამართლის ექსპერტი კახი კახიშვილი გამოსავალს ცალკე პროკურატურის შექმნაში ხედავს, რომელიც დაექვემდებარება მხოლოდ მთავარ პროკურორს და არა მის რომელიმე მოადგილეს. ამასთა, კახიშვილი მიიჩნევს, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ვიღაცის პასუხისმებლობის საკითხიც უნდა დადგეს, რადგან არ არსებობს დანაშაული, სადაც დამნაშავე არ არის.
„დედამიწის ზურგზე არ არსებობს ისეთი ხელისუფალი, რომელსაც სურს წინა მთავრობის მიერ ჩადენილი უკანონობის გამო კომპენსაციის გადახდა, მაგრამ ეს არის დემოკრატიული ხელისუფლების ვალდებულება. ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკმაოდ კარგად მოირგეს ძველი ხელისუფლების სკამები. ამიტომ მათი პასუხისმგებლობაც უნდა იკისრონ“, - აცხადებს კახა კახიშვილი.

კონსტიტუციონალისტი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ასეთი მექანიზმი ჩვენთანაც არსებობს. სასამართლო სისტემას თვითონ შეუძლია დაადგინოს თავის საქმიანობაში ხარვეზები, თუ კი გამოვლინდება ახალი გარემოებები.

„ვართ ასეთი დილემის წინაშე, რომ ერთი მხრივ საუბარია კონსტიტუციასთან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაზე, რომელიც მართლმსაჯულებას არ შეეხება. მაგრამ, მეორე მხრივ არის პრაქტიკული საჭიროება იმისა, რომ სასამართლოსგან განცალკავებულმა გარკვეულმა ორგანომ იკისროს ეს ფუნქცია. ჯობდა, რომ სასამართლო რეფორმა განხორციელებულიყო ქვეყანაში და ამ შემთხვევაში საერთოდ მოიხსნებოდა ეს პრობლემა“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.