პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯფომარის, სულხან მოლაშვილის წამების, არადამიანური მოპყრობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევის შესახებ ინფორმაცია მამისგან, თამაზ მოლაშვილისგან მიიღო. აღსანიშნავია, რომ მოლაშვილების ოჯახში მხოლოდ ერთი პატიმარი არ ყოფილა. დააკავეს სულხან მოლაშვილის ძმა, თორნიკე მოლაშვილიც. ამით სააკაშვილი ხელისუფლება ცდილობდა ოჯახზე მოეხდინა ზეწოლა და სტრასბურგის სასამართლოდან საქმე უკანვე გამოეწვიათ. ზეწოლისა და მუქარის მიუხედავად, ოჯახმა დავა გააგრძელა და საქმე მოიგო.
სულხან მოლაშვილის წამების საქმე იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც გასაჯაროვდა და ასე გახდა ცნობილი სააკაშვილის ხელისუფლების სისასტიკის შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქოდნდა პენიტენციალურ სისტემაში. წამების ფოტოებმა მოიარა ყველა საელჩო, თუმცა არავის მისი წამების ფაქტი არ დაუგმია. რაც შეეხება უშუალოდ დაკავების მიზეზს, როგორც თამაზ მოლაშვილმა აღნიშნა, კონტროლის პალატის ხელმძღვანელმა, მიხეილ სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის დროს, სამინისტროში ჩატარებული შემოწმების შედეგად საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კუთხით მრავალი დარღვევა აღმოაჩინა და სწორედ ამის გამო, მიხეილ სააკაშვილმა, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, პირადი შურისძიების მიზნით, სულხან მოლაშვილი დააპატიმრებინა.
დაკავებიდან ძალიან მალე, საზოგადოებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოლაშვილი არის კორუმპირებული, რომელმაც სახელმწიფოს ხარჯით დააგროვა უკანონოდ ქონება და აქედან გამომდინარე სააკაშვილის რეჟიმმა მოლაშვილის სამაგალითო დასჯა და ოჯახის „განკულაკება“ გადაწყვიტა. მაშინ, როდესაც ციხეში მოლაშვილის წამება მიმდინარეობდა, ოჯახს ეუბნებოდნენ, რომ უნდა ეყიდათ აგარაკი, რომელსაც სახელმწიფოს საკუთრებაში გადასცემდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლებელი იყო საპროცესო შეთანხმება.
თამაზ მოლაშვილის განცხადებით, თბილისის პროკურორის, ვალერი გრიგალაშვილის მოთხოვნით, ოჯახმა, იმ პირობით, რომ სულხანს ციხიდან გაათავისუფლებდნენ, წყნეთში აგარაკი შეიძინა. მისი თქმით, ეს პირობა არ შესრულდა და აგარაკი, შეძენიდან ორი დღის შემდეგ, „განკულაკების“ სცენის დადგმით, სახელმწიფოსთვის დაათმობინეს.
„პირადად მე, პროკურორმა გრიგალაშვილმა გამაგზავნა გარდაბანში, რომ რაღაც საბუთი წამომეღო. ვუთხარი - მითხრეს, რომ 10 დღე სჭირდება ამ საბუთის მომზადებას-თქო. არა, დარეკილია და მიდიო. ჩემს რძალთან, თათია ბახტურიძესთან შეიქმნა კონსილიუმი, აბა, რა ვქნათ - პირადად მაგათი სიტყვა იყო ასეთი: როგორმე გავაკეთოთ ისე, რომ ეს აგარაკი მიშას „მივუგდოთ“ და რომ მივცემთ ამას, სააკაშვილი ავა, ლენტს გაჭრის, ეგ უნდა, პიარიო და მართლაც ასე გააკეთეს. ორ დღეში შეგვაძენინეს აგარაკი.
ფულს შეგროვება ხომ უნდოდა. ჩემმა რძალმა რომ ხელი მოაწერა აგარაკის ყიდვას, 12 საათზე სულხანი გამოშვებული იქნებაო. ორთაჭალის ციხესთან ვართ მეც, ჩემებიც, უცებ ვიღაც გამოდის და არა, სულხან მოლაშვილს არ უშვებენო. მოლაშვილის ოჯახის მიერ შეძენილი აგარაკი მთავრობას, ეკონომიკის სამინისტროს გადასცეს“, - განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.
მოლაშვილმა გაიხსენა სულხანს როგორ დამართეს ციხეში C ჰეპატიტი და როგორ უმალავდნენ ოჯახს ამის შესახებ.
„საკანში აუტანელი პირობები იყო. დასაჯდომი სკამი არ ჰქონდა, სინათლე არ ჰქონდა, რაღაც ერთი ჭუჭრუტანა იყო პირი რომ მიედო ადამიანს და ესუნთქა. საკანში საჭმელი მიუტანიათ და ბადრაგი მივიდა და პირიდან გამოგლიჯა საჭმელი. საჭმელსაც არ აჭმევდნენ წესიერად. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ კი არ მომიკლეს შვილი, დანა კი არ გაუყარეს, შუბლში ტყვია კი არ დაახალეს, ნელი სიკვდილით მომიკლეს. სულხანს როდესაც აწამებდნენ, თავადაც ამბობდა, თავზე წამოცმული მქონდა რაღაცო, ამის შესახებ ერთი-ორი თვის შემდეგ ვიგებდით რაღაცნაირად, ვიღაც რაღაც ამბავს გამოიტანდა. თუნდაც C ჰეპატიტზე. ერთი თვე გავიდა და ჩვენ გაგებაში არ ვიყავით, C ჰეპატიტი ჰქონდა თუ არა.
მერე და მერე ისეთი ამბები გამოჰქონდათ, რომ ტირილი კი არა, ბღავილი ამიტყდებოდა ხოლმე. დედა გარდამეცვალა, მამა, ძმა, მეუღლე, ყველა ხომ უბედურებაა, მაგრამ შვილი? მტერს არ ვუსურვებ, ეს სულ სხვა გრძნობაა. ასე გამაუბედურა მაგ მიშა სააკაშვილმა. სამჯერ მისცეს სამ-სამი თვით პატიმრობა. ორი პატიმრობა რომ გავიდა, დაავიწყდათ, მესამედ რომ უნდა მიეცათ. თვითონ სულხანმა გაახსენა, ხვალიდან თქვენი პატიმარი აღარ ვიქნები, დამიმთავრდა ის სამი თვეო.
სულხანს ექიმისთვის უთქვამს, დასაძინებელი წამალი მომეცი, კარგად რომ დამეძინოსო, შუაღამისას, ორ საათზე მივიდნენ, სულხანს ეძინა, პროკურორი, მოსამართლე მიიყვანეს და მესამედ კიდევ შეუფარდეს პატიმრობა. ისეთ რაღაცებს აკეთებდნენ, ტანჯავდნენ. საკანში რომ ეძინა, დადგნენ მის წინ და განაჩენი გამოუცხადეს. სულხანს ჰყავდა მეგობრები, რომლებიც ეუბნებოდნენ, სურათს რომ გიღებდნენ, მიშა სააკაშვილი გაბღენძილი სიამოვნებით უყურებდა, როდესაც გაწამებდნენო. საშინელ წამებაში ჰყავდათ. 11 თვე რომ არ უმკურნალეს, იქ ძალიან დააავადეს სულხანი“, - განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.
თამაზ მოლაშვილს კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა მიმართა:
„დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი მიხეილი სადაც ბრძანდება, თავისუფლების აღკვეთის ადგილას, სულხან მოლაშვილისგან განსხვავებით, მას არავინ აწამებს, აქვს ტელევიზორი, სრულფასოვანი პირობები. რა გაქვთ მისთვის დღეს სათქმელი? ალბათ, გვისმენს, სააკაშვილი სადაც არის დღეს და ამდენი წლის შემდეგ, რა გაქვთ მისთვის სათქმელი?“
რაზეც თამაზ მოლაშვილმა აღნიშნა - „სულხან მოლაშვილი უბედურ საკანში შეაგდეს, მოჰკიდონ ხელი სააკაშვილს და მიიყვანონ იქ, შეაგდონ ნახევარი საათით, ხოლო რომ გამოვა, თამაზ მოლაშვილი დახვდეს და უთხრას, აი, ასე ჰყავდათ შენი ბრძანებით სულხან მოლაშვილი, კარგი იყო? ნეტა ასეთი რამ შეიძლებოდეს, რათა მასაც აგრძნობინონ, იქ რა არის, მაგრამ არა, წამოკოტრიალებულია დასასვენებელ სახლში, გემრიელად მიირთმევს, ამას ჰქვია დაპატიმრება? არა მგონია, ეგ დაპატიმრებული იყოს. კეთილი ინებონ და ჩვეულებრივ საკანში გადაიყვანონ, ეყოთ ამდენი მოფერება“, - მიმართა თამაზ მოლაშვილმა.
თეა წულუკიანი დაეთანხმა თამაზ მოლაშვილს და აღნიშნა, რომ იმ წლებში სტრასბურგის სასამართლოში მუშაობდა, როცა მოლაშვილის საქმე შევიდა. საქმის მასალებიდან ჩანდა, რომ ეს ადამიანი იყო ნაწამები ციხეში, მაგრამ საქართველოში არც ერთი საელჩო, არც ერთი უცხოელი - ვითომ არაფერი ხდება, ისე იქცეოდნენ, რადგან სააკაშვილისთვის გზა უნდა გაეწმინდათ აღზევებისკენ. სულხან მოლაშვილი და მისი საქმე, რეალურად, იყო წინაღობა.
წულუკიანის თქმით, სულხან მოლაშვილმა ამ თავისი პირველი პრეცედენტით ბევრ პატიმარს გაუხსნა გზა, რომ სტრასბურგში ეჩივლა და იმავე ტიპის დროებითი ღონისძიების დაწესება მოეთხოვა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ევროკავშირის ამჟამინდელი ელჩის მიმართ მოწოდებაა, რომ შეაფასოს სულხან მოლაშვილის მიმართ მოპყრობა. წულუკიანის თქმით, „კარგი იქნება, თუ ევროკავშირის ელჩი შეწყვეტს სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ზრუნვას.
„სულხან მოლაშვილის საქმემდე სტრასბურგის სასამართლოს არცერთხელ არ ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული იმის თაობაზე, რომ რომელიმე სახელმწიფოსთვის, არამცთუ საქართველოსთვის, დაევალებინა, პატიმარს უმკურნალე ციხეშიო. იმ დროს ასეთი დავალებები გამოიყენებოდა მხოლოდ და მხოლოდ დეპორტაციების, გაძევების, ექსტრადიციების შემთხვევაში ან ისეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, როცა, მაგალითად, ოჯახი უნდა გაიხლიჩოს, თუ ქმარს გააძევებენ უცხოეთში და ცოლ-შვილი დარჩება ადგილსამყოფელ ქვეყანაში. სხვა შემთხვევებში ასეთი ტიპის დავალებები არ გაიცემოდა.
სულხან მოლაშვილის მდგომარეობა ქაღალდების მიხედვითაც კი იმდენად მძიმე იყო, რომ გარდაუვალი რისკი იყო მისი ციხეშივე დაღუპვის. მაშინ სტრასბურგის სასამართლომ შექმნა პირველი პრეცედენტი, რომ დაავალეს საავადმყოფოში გადაყვანა და ასევე მკურნალობა C ჰეპატიტზე. შემდეგ სულხან მოლაშვილმა ამ თავისი პირველი პრეცედენტით ბევრ პატიმარს გაუხსნა გზა იმისკენ, რომ სტრასბურგში ეჩივლა და იმავე ტიპის დროებითი ღონისძიების დაწესება მოეთხოვა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
კომისიის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, უბრალოდ, უფანჯრო ოთახი კი არა, არამედ სარდაფი, ნესტით სავსე ოთახი იყო და იქ გაატარა სულხან მოლაშვილმა რამდენიმე თვე, ადამიანმა, რომელიც იყო ნაწამები. სუბარის თქმით, სულხან მოლაშვილი მხოლოდ მას შემდეგ გადაიყვანეს ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს, გადაეყვანათ საავადმყოფოში.
„მათიას იორში იყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, ის იყო ჩამოსული საქართველოში. ნანა კაკაბაძის დაჟინებული მოთხოვნით შევიდა ელენე თევდორაძესთან ერთად და შემდეგ გვახსოვს მისი ემოციები, ჰყვებოდა იმ უსასტიკეს პირობებზე. მან განცხადებაც გააკეთა. სულხან მოლაშვილი სადაც იყო მოთავსებული, ეს იყო არა უბრალოდ უფანჯრო ოთახი, არამედ სარდაფი, აბსოლუტურად ნესტით სავსე ოთახი, ჰაერიც კი არ იყო. აქ გაატარა სულხანმა რამდენიმე თვე, ადამიანმა, რომელიც იყო ნაწამები და მხოლოდ მას შემდეგ მოხდა მისი გადაყვანა ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს, გადაეყვანათ საავადმყოფოში. სახალხო დამცველად როცა ამირჩიეს, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი შევიყვანე სულხან მოლაშვილთან და მირცხულავასთან, ერთად ისხდნენ. ისინი უყვებოდნენ იმ წამებაზე, რომელიც გადაიტანეს.
მისთვის დაუჯერებელი იყო, კომისარი ყოველ წუთს მომიბრუნდებოდა ხოლმე და მეუბნებოდა: „სოზარ, ნუთუ ეს მართალია, ნუთუ ეს შესაძლებელია, მოხდეს?“ მე ვუდასტურებდი, თუმცა ჩემი დასტური, რა თქმა უნდა, აქ არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რაც, საბოლოოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.