ზურაბ ტყემალაძემ „რუსთავი 2“-ს კანონპროექტი „მიუძღვნა“

ზურაბ ტყემალაძემ „რუსთავი 2“-ს კანონპროექტი „მიუძღვნა“

მაუწყებლებს, რომელთა საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიებს მოქმედების ვადა 2015 წლის 17 ივნისამდე ეწურებათ, ლიცენზიის მოქმედების ვადა საქართველოში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლამდე გაუგრძელდებათ.

ამასთან დაკავშირებით ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ავტორიც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძეა.

ცვლილებების მომზადების საფუძველი სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის წერილი გახდა, რომელიც ტელეკომპანიამ საკანონდებლო ორგანოს თებერვალში გაუგზავნა.

კერძოდ, ტელეკომპანია წერილში იუწყებოდა, რომ „რუსთავი 2“-ს მაუწყებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა 2014 წლის 19 მარტს ეწურება.

„აღნიშნული ლიცენზია ერთხელ უკვე გაგვიგრძელდა და კანონის თანახმად, ლიცენზია გაგრძელებას აღარ ექვემდებარება და მისი ხელახალი მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ახალი კონკურსის საფუძველზე. შესაბამისად, მარეგულირებელ კომისიას კონკურსის გამოცხადების მოთხოვნით მივმართავთ და გამოვთქვათ მზადყოფნას კონკურსში მონაწილეობის მისაღებად“, - აღნიშნულია „რუსთავი 2“-ის წერილში.

ტელეკომპანიის ცნობით, კომისიასთან კომუნიკაციისას გაირკვა, რომ მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით, კონკურსების გამოცხადებაზე გამოცხადებულია მორატორიუმი ქვეყნის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე.

„კომისიის ეს პოზიცია, რომლის სამართლებრივი საფუძველიც ჩვენთვის ცნობილი არ არის წარმოადგენს მნიშვნელოვან სამართლებრივ კაზუსს. ამით კი, ზიანი ადგება არა მხოლოდ „რუსთავი 2“-ის ინტერესებს, არამედ განუსაზღვრელი ვადით პრაქტიკულად უქმდება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სიკეთე - მაუწყებლობის სიხშირე. ვიმედოვნებთ, რომ პარლამენტი კერძო და საჯარო ინტერესების ხელყოფას არ დაუშვებს და ადეკვატურ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს“, - ნათქვამია ტელეკომპანიის წერილში, რომლის პათოსიც, როგორც ჩანს, პარლამენტმა გაიზიარა, რადგან ბიუროს დღევანდელ სხდომაზე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი დარეგისტრირდა.

for.ge-სთან საუბარში ზურაბ ტყემალაძე განმარტავს, რომ აღნიშნული ცვლილებების მომზადების საფუძველი „რუსთავი 2“-ის წერილი გახდა, მაგრამ მისი მტკიცებით, „რუსთავი 2“-ის გარდა, პრობლემების წინაშე სხვა ორგანიზაციებიც დადგებიან.

თუ რომელ ორგანიზაციებს გულისხმობს ზურაბ ტყემალაძე, ეს for.ge-სთვის უცნობი რჩება, რადგან ორგანიზაციების სახელწოდებები დეპუტატს არ ახსოვს, მის აპარატში კი, ორგანიზაციების დასახელება რამდენჯერმე მოვითხოვეთ, თუმცა უშედეგოდ.

რაც შეეხება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს, ინიციატივის გათვალისწინებით, ლიცენზიების ვადის მოქმედების გადაწევის შემთხვევაში, სალიცენზიო მოსაკრებელს მაუწყებელი გადაიხდის.

იქედან გამომდინარე, რომ ზურაბ ტყემალაძემ ცვლილებების განხილვა დაჩქარებული წესით მოითხოვა, კანონპროექტი მიღებული მიმდინარე სასესიო კვირას იქნება. შესაბამისად, „რუსთავი 2“-ს ლიცენზიიც მოქმედების ვადის შეჩერებისგან ზურაბ ტყემალაძე იხსნის.