„ევროპა ხომ არ ცდილობს, რომ რუსეთის მომხრე გაგვხადოს ყვირილით, რომ „თქვენ რუსეთისკენ მიდიხართ?!“ ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ საქართველომ ევროპაზე უარი თქვას“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ცნობილია, რომ ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამკაცრებას წლის ბოლომდე აპირებს, რის შედეგადაც, ბრიუსელს უვიზო მიმოსვლის შეჩერება გაუმარტივდება. ეს შეეხება 61 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასაც, ანუ იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ.
- ნელ-ნელა მიმწიფდება აზრი იმის შესახებ, ევროპა ხომ არ ცდილობს, რომ რუსეთი მომხრე გაგვხადოს ყვირილით, რომ „თქვენ რუსეთისკენ მიდიხართ?!“ ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ საქართველომ ევროპაზე უარი თქვას. ევროპაზე უარის თქმა მაინცდამაინც რუსეთისკენ წასვლას არ ნიშნავს, მაგრამ მე მაინც რუსეთისკენ ბიძგის ეჭვი მიჩნდება. ხომ არ დაინტერესდა რუსეთი საქართველოს მასთან დაახლოებით?! - ვიცით, რომ საქართველოს მკაფიო პოზიცია აქვს რუსეთთან ურთიერთობის საკითხში და რუსეთი ხომ არ აკეთებინებს ევროპელებს ანტირუსული ლოზუნგებით რუსულ საქმეს?!
ძალიან ძნელი მისახვედრია, რა უნდა ევროპას და რა პოლიტიკური მიზანი აქვს მას. დავუშვათ, უნდა ის, რასაც ღიად ამბობს, რომ ხელისუფლება შეიცვალოს საქართველოში. როგორ ესახება ეს ცვლილება?! რევოლუცია მოხდეს?! - მაშინ იზრუნოს რევოლუციის მოხდენაზე. ხალხის გაღიზიანება რატომ არის დღის წესრიგში?! - ეს იდეები ხალხს განაწყობს უარყოფითად, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ იმედი, რომ ეს განაწყობს უარყოფითად ხელისუფლების მიმართ - რატომ არ ფიქრობენ ამაზე, გაუგებარია.
რამდენად უნდა ველოდოთ რადიკალური ნაბიჯებს დასავლეთის მხრიდან, როგორიც არის უვიზო რეჟიმი შეჩერება ან ემიგრანტების დეპორტაცია?!
- არ გამოვრიცხავ, თუმცა, გააჩნია რა მოტივით ხელმძღვანელობენ. თუ ისინი ხელმძღვანელობენ იმ მოტივით, რომ საქართველოში შეცვალონ ხელისუფლება, არ გამოვრიცხავ რადიკალურ ნაბიჯებს. შეიცვლება ხელისუფლება, მოვა სააკაშვილი თავის ბიძასთან ერთად, რომელიც ვიცით ვინც არის. ე.ი. დასავლეთს სჭირდება ისეთი ხელისუფლება, რომელიც რუსეთთან უფრო ადვილად გამონახავს საერთო ენას - ახლა ამაზე მიდის ბრძოლა: ხელისუფლების შეცვლა თუ არ შეცვლა. დასავლეთის მოტივები დიდად სიმპათიურად არ გამოიყურება.
თქვენი აზრით, რა პოლიტიკას ატარებს დასავლეთი საქართველოსთან მიმართებაში?
- ამაზე მკაფიო პასუხი არ მაქვს. მეჩვენება, რომ დასავლეთი წინააღმდეგობრივ, ანტიევროპულ პოლიტიკას ეწევა და ძალიან ბევრი ევროპელი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ევროპა ფეხში ტყვიას ირტყამს. თავის საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას აპირებს ევროპა უკრაინის ომშიც, რადგან მოსახლეობა ჩავარდება ცუდ მდგომარეობაში - აგერ, კავკასიაშიც გადაწყვიტეს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლის შედეგადაც მათ შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მიიღონ.
მიუღებელი რომ არის სააკაშვილი ქართველებისთვის, ამას იკიდებენ ფეხზე და შეიძლება ქართველებმა ეს შეურაცხყოფა „ფეხებზე დაკიდება“ ევროპელებს არ აპატიონ.
დაახლოებით 70 წელი საქართველო ოცნებობდა ევროპაზე და ასეთი ოცნების შემდეგ, ამ სურათს რომ იღებ ევროპის მხრიდან, ძალიან სამწუხაროა.
ფიქრობთ, რომ ევროპა დღეს რუსეთის თამაშს თამაშობს?!
- ვერ ვიტყვი იმას, რომ რუსეთის თამაშს თამაშობს, მაგრამ შედეგი რუსეთისთვის სასარგებლო რომ იქნება, ეს მემგონი ცხადია. თუკი აქ ხელისუფლება შეიცვალა, სააკაშვილი მოვიდა მის ბიძიანად, რომელიც რუსეთის ფიგურა იყო, [კაგებეს ფიგურა იყო] 2008 წელს, სააკაშვილმა ომი რომ წამოიწყო, იმ ომის შედეგად რუსეთმა ბაზები დააბრუნა საქართველოში - აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“. თუ ასე უნდა ევროპას, ეს ერთი ციცქნა ქვეყანა წინააღმდეგობას მხოლოდ თავისი ნებისყოფით და ინტერესების შეწირვით გაუწევს და ასეთი ინტერესი უდავოდ არის ევროპაში.