ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმს იკანონებს და ბრიუსელს სურს, სავიზო პოლიტიკა მესამე ქვეყნებზე ზეწოლის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენოს. იმ ფონზე, როცა საქართველოსთან საკმაოდ მძიმე და დაძაბული ურთიერთობა არსებობს, ჩნდება რისკი, რომ ბრიუსელი, პირველ რიგში, ამ ბერკეტს საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებს. თუმცა ოპოზიციაშიც და ხელისუფლებაშიც თანხმდებიან, რომ ეს არის ქართველი ხალხის მონაპოვარი და ამისთვის ჩვენს თანამოქალაქეებს არაერთ საერთაშორისო მისიებში აქვთ მონაწილეობა მიღებული. საერთოდაც, ევროპის უსაფრთხოების კუთხით, საქართველოს ბევრი გაუკეთებია და ევროპის მხრიდან მსგავსი გაუაზრებელი გადაწყვეტილება, ბუნებრივია, ქართველ ხალხში ანტიდასავლურ და ანტიევროპულ მიდგომებს გააძლიერებს.
რაც შეეხება ევროკავშირის უვიზო რეჟიმის წესების ცვლილებას, როგორც „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის რიკარდ იოზვიაკის მიერ მომზადებულ სტატიაშია ნათქვამი, ევროკავშირი აპირებს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას, რაც ბრიუსელს გაუადვილებს უვიზო რეჟიმის გაუქმებას 61 ქვეყნისთვის, რომლებიც ამჟამად ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობენ, მათ შორის არიან კანდიდატი ქვეყნები: დასავლეთ ბალკანეთი, უკრაინა, მოლდოვა და საქართველო.
გასულ კვირას გაიმართა მოლაპარაკებები ევროკომისიის, ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის და სამივე ინსტიტუტი ცდილობს ამ საკითხზე შეთანხმებას პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში მიაღწიოს და შესაძლოა, ახალი კანონი უკვე შემოდგომის დასაწყისში ამოქმედდეს.
როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, ევროკავშირი იმარტივებს პროცედურას, რომ ვიზალიბერალიზაციის თემა სხვადასხვა ქვეყნისთვის შანტაჟის მექანიზმად გამოიყენოს.
„ამ ტრენდის გაგრძელებაა, რომ დამატებითი შანტაჟის მექანიზმი ჰქონდეთ ქვეყნებზე და, შესაბამისად, დააშანტაჟონ სწორედ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით, თუ ისინი არ გაატარებენ იმ პოლიტიკას, რასაც უკვე ბრიუსელში კონცენტრირებული Deep state მოითხოვს. თუმცა, ნუ გავასწრებთ მოვლენებს, ჯერ წლის ბოლომდე ბევრი დრო არის დარჩენილი, დაველოდოთ კონკრეტულად რა ცვლილებები იქნება. ჩვენ ყველაფერს ვასრულებთ პირნათლად. იქ უნდა იყოს რაღაცა ტიპის სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს. თუმცა იქ სამართლებრივ საფუძვლებზეც არ არის საუბარი, ვინაიდან ვხედავთ, რომ ევრობიუროკრატები უკვე აღარც კანონს ითვალისწინებენ და არც იმ პრინციპებს და ტრადიციებს ითვალისწინებენ, რაზეც ევროკავშირი დგას. შეუძლიათ ხელის ერთი მოსმით ისეთი ნაბიჯი გადადგან, რომელიც ყველაფერს ერთად ეწინააღმდეგება“, - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი.
მმართველი გუნდის წევრი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ამბობს, რომ უკვე რამდენიმე წელია ევროკავშირი მუშაობს აღნიშნულ საკითხზე. გარდა იმისა, რომ ერთი მხრივ, მიგრაციის პოლიტიკა მართონ უფრო ეფექტიანად, მეორე მხრივ, ევროკავშირს შეეძლოს ეს საკითხი მესამე ქვეყნებზე ზეწოლის ბერკეტად გამოიყენოს.
„ეს არის რეალურად ფაქტი, და, დიახ, როდესაც ვსაუბრობთ, რომ მარტივდება, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩნდება უფრო მეტი საფუძველი იმისა ევროკავშირის ხელში, რომ მან შეუჩეროს სხვა ქვეყანას წვდომა შენგენის ზონაში“, - აცხადებს ლევან მახაშვილი.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე არ გამორიცხავს, რომ ბრიუსელმა ეს ცვლილება საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენოს. გვენეტაძე for.ge-თან ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია ეს ევროპა აღარ დგას ევროპულ ღირებულებებზე და არც დემოკრატიის პრინციპებს იცავს.
„მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ საქართველოს ხელისუფლება მედგრად დგას საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესების დასაცავად, რა თქმა უნდა, ასეთი ბერკეტი თუკი ხელში ჩაუვარდებათ, მას საქართველოს ხელისუფლებაზე შურისძიების მიზნით გამოიყენებენ. ისინი ვერ პატიობენ ქართველ ხალხს იმ არჩევანს, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში გააკეთეს. მათ უნდოდათ ქართველებს ისეთი პოლიტიკური ძალა და ლიდერები აერჩია, ხელისუფლების სადავეები გადაეცა, რომლებიც ჩვენს მოსახლეობას თვალის დასანახად სძულს. შესაბამისად, არაფერი გამორიცხული არ არის. შესაძლოა, ქართველ ხალხზე გული ამითაც იჯერონ და წაგვართვან ის, რაც მართლა ჩვენი შრომით მოვიპოვეთ.
ბრიუსელიდან რა რიტორიკაც გვესმის და როგორც იყენებენ ვიზალიბერალიზაციას შანტაჟის სახით, მართლა ყველანაირ ზღვარს სცდილდება. თუ ამ რეგულაციებს გაამარტივებენ და ვიზალიბერალიზაციის მოხსნის ბერკეტს ხელთ ბრიუსელი ჩაიგდებს, დამერწმუნეთ, საბჭოთა კავშირისგან უკვე დიდად ვერ განვასხვავებთ. ანუ, თუ ამათ დაკრულზე არ ვივლით, ამათ მიერ ნაკარნახევ პოლიტიკას არ გავატარებთ, მაშინ დაგვსჯიან. სად არის აქ დემოკრატია და ის ღირებულებები, რის გამოც ჩვენს ხალხს ევროკავშირი უნდა?“, - ამბობს გვენეტაძე.
მისივე თქმით, ქვეყანაში ანტიევროპული განწყობები უკვე ღვივდება და ეს ბრიუსელის დამსახურებაა. გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ქართველ ხალხს უკვე ყელში ამოუვიდა ამდენი დაყვედრება და მუქარა.
„ბოლოს ესენი ისე გააკეთებენ, რომ ხალხი ბრიუსელის წინააღმდეგ აქციებს გამართავს. არა ევროპელი ხალხის, არამედ ამ ბიუროკრატების, რომლებიც ერთი ძალის - „დიფ სთეითის“ მიერ იმართებიან. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი მოვიდა ხელისუფლებაში, ბრიუსელში გადმოინაცვლა ამ მავნე და ომის ძალამ. ამიტომ რას და როგორ გააკეთებენ, უკვე გასაკვირი არაფერია. ბოლოს იმდენი არ ქნან, რომ ხალხი თბილისის ქუჩებში მართლა ამათ წინააღმდეგ გამოვიდეს“, - ამბობს გვენეტაძე.
თუმცა, ქვეყანაში, სადაც სამრეწველო საწარმო აღარ არსებობს, არც სწავლა და პროფესიონალი სჭირდება არავის. მიზანი მიღწეულია, მატერიალური წარმოება განადგურებულია. ამით განადგურებულია განათლებაც, მეცნიერებაც და ყველაფერი, რაც ეროვნულ სახელმწიფოსთან ასოცირდება. ერი სწორედ ასე ემსგავსება საძოვრად მიშვებულ ნახირს, რომლის მიზანი, სხვისი ხელის შემყურეობით, საარსებო საშუალებების (ზოგჯერ საკმაოდ მსუყედაც) შოვნა და მოხმარებაა.