საქართველოს მეზობლებისგან წყლის მაღალი ტარიფი გამოარჩევს

საქართველოს მეზობლებისგან წყლის მაღალი ტარიფი გამოარჩევს

[რეზონანსი]

საქართველოში 26 ათასი მდინარე კი არის, მაგრამ მოსახლეობისთვის სასმელი წყლის სამომხმარებლო ტარიფი საკმაოდ მაღალია. აქ ერთი ადამიანი წყლის მოხმარებისთვის თვეში 3,15 ლარს იხდის, აზერბაიჯანში - 3,30 თეთრს, სომხეთში კი ეს გადასახადი სულ რაღაც 0,99 ლარია. ამ ციფრებიდან აშკარაა, რომ ჩვენ სამხრეთ კავკასიის რეგიონში არა მარტო ინფლაციის მაჩვენებლითაა ლიდერი, არამედ წყლის გადასახადიც საკმაოდ მაღალია, რამდენადაც, როგორც იტყვიან, საქართველოში წყალი ყველა ფეხის ნაბიჯზეა,

აზერბაიჯანში და სომხეთში კი მისი აშკარა სიმწირეა.


საქართველოში დაწესებულ წყლის ტარიფს ოპონენტები არასამართლიანს უწოდებენ და ამის ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად იმას ასახელებენ, რომ „საქართველო წყალს მიაქვს“.


„ჯორჯიანუოთერ ენდ ფაურეში“ კი ამ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ და ამბობენ, რომ წყლის ტარიფი რეალურია. რამდენად სამართლიანია აღნიშნული ტარიფი მეორე საკითხია, თუმცა ცხადია, რომ ჩვენთან წყლის ფასი უფრო მაღალია, ვიდრე აზერბაიჯანში, სადაც წყლის მარაგები, ნავთობისა და გაზისგან განსხვავებით, თითქმის მინიმალურია.

მოკლედ, საქართველოში ერთი კუბური მეტრი სასმელი წყალი ფიზიკური პირებისთვის 26,6 თეთრი ღირს, იურიდიული პირებისთვის კი - 4,4 ლარი. კომპანიები გადასახადს დახარჯული წყლის შესაბამისად იხდიან, ფიზიკური პირები კი სულადობით - 1 თვეში 3ლარსა და 15 თეთრს, რამდენადაც წყლის გამანაწილებელ კომპანიებს აბონენტების გამრიცხველიანება არ მოუხდენია.

აზერბაიჯანში, კერძოდ კი, ბაქოში ფიზიკური პირები ერთ კუბურმეტრ წყალში 0,3 მანათს (30 კაპიკს), ანუ დაახლოებით 66 თეთრს, იურიდიული პირები კი 1 მანათს, ანუ დაახლოებით 2,21 ლარს იხდიან. აღნიშნული ტარიფი აზერბაიჯანში მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.


მანამდე აზერბაიჯანულმა წყლის კომპანია „აზერსუმ“-მა მარეგულირებელ კომისიას ტარიფის გადახედვის წინადადებით მიმართა. კომპანიაში აცხადებდნენ, რომ წყლის ტარიფი დაბალია და აუცილებელია იყო მისი კორექტირება. ამის შემდეგ დადგინდა ახალი ტარიფი, კერძოდ ბაქოსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ერთი კუბური მეტრი წყლის გადასახადი 0,3 მანათით (30 კაპიკი) განისაზღვრა, ეს დაახლოებით 66 თეთრია. ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში კი, ერთი კუბური მეტრი წყლის გადასახადი 25 კაპიკი გახდა, ანუ დაახლოებით 56 თეთრი. ეს ტარიფი გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის დადგინდა.


რაც შეეხება იმ აბონენტებს, ვისაც მრიცხველი არ აქვთ, თვიური ნორმა ნაცვლად 6 კუბური მეტრისა, 5 კუბურ მეტრამდე შემცირდა. შედეგად, თვეში აზერბაიჯანში ერთი სული მოსახლე წყლის მოხმარებისთვის დაახლოებით 3,30 ლარს იხდის.


საქართველოში ფიზიკურ პირების გამრიცხველიანება ჯერ არ მომხდარა, ტარიფს მოსახლეობა სულადობით იხდის. მოსახლეობის ერთ სულზე ტარიფი დღეში 800 ლიტრის მოხმარებით განისაზღვრა. აქედან გამომდინარე, თვეში ერთი მოსახლე ხარჯავს 24 ტონა, (24კუბურ/მეტრ) წყალს. აზერბაიჯანში კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტარიფი მხოლოდ 5 კუბური მეტრი წყლის მოხმარებით განისაზღვრა.


საქართველოსა და აზერბაიჯანისგან განსხვავებით საკმაოდ დაბალია წყლის ტარიფი სომხეთში. მაგალითად, იქ თვეში ერთი ადამიანი 207 დრამს, ანუ დაახლოებით 99 თეთრს იხდის.


წყლის საცალო ტარიფი თბილისთან შედარებით მაღალია კიევში. იქ ერთი კუბური მეტრი წყალი 3 გრივნა და 32 კაპიკი ღირს, ანუ დაახლოებით 70 თეთრი. თუმცა ერთი 4-სულიანი ოჯახი თვეში დაახლოებით 10 კუბურ/მეტრს ხარჯავს. შესაბამისად, თუ თბილისში 4-სულიანი ოჯახი თვეში წყლის მოხმარებისთვის 12,6 ლარს იხდის, კიევში იგივე 4-სულიან ოჯახს, საშუალოდ, 7 ლარის გადახდა მოუწევს.


რუსეთში, კერძოდ კი მოსკოვში სასმელი წყალი უფრო ძვირია, ვიდრე ჩვენთან. მაგალითად, რუსეთის დედაქალაქში ერთი ადამიანი თვეში წყლის მოხმარებისთვის, დაახლოებით, 4-5 დოლარს იხდის. მართალია, თბილისსა და მოსკოვში დაწესებული წყლის ტარიფი განსხვავებულია, თუმცა როგორც ექსპერტები აცხადებენ, მოსკოვსა და თბილისს შორის განსხვავებულია მინიმალური ხელფასის ოდენობაც. თუ ჩვენთან მინიმალური ხელფასის ცნება, პრაქტიკულად, დღემდე განსაზღვრული არ არის, მოსკოვში ის, დაახლოებით, 1000 დოლარს შეადგენს.


„თუ ბაქოში 1 კუბური/მეტრი წყალი უფრო ძვირია, ვიდრე ჩვენთან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თბილისში ტარიფი დაბალია. აქ გასათვალისწინებელია მოსახლეობის შემოსავალი, რომელიც ბაქოში თითქმის, 40%-ით მაღალია, ვიდრე ჩვენთან. უფასო წყალი არ არსებობს, მას აქვს ღირებულება, მთავარია, მისი რაციონალური ხარჯვა ხდებოდეს.


დღეს მოსახლეობა წყალს რაციონალურად ხარჯავს, ისე აღარ მოიხმარს წყალს, როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო, როდესაც დენი და გაზი ძალიან იაფი ღირდა, ხალხი კი ცხელ წყალს საათობით უშვებდა ონკანში. ახლა წყლის მოხმარება დენისა და გაზის მაღალ ტარიფთანაა მიბმული, შედეგად წყლის ხარჯვამ იკლო. ამის ფონზე კი, ისე არ უნდა იყოს, რომ რიგითი მოქალაქეების ხარჯზე კერძო კომპანიები მდიდრდებოდნენ“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძემ.