მსოფლიო ეკონომიკა ძალიან მგრძნობიარე და მყიფე აღმოჩნდა უკრაინული კრიზისის მიმართ. ყოველდღიურად პლანეტის უმდიდრესი ადამიანები და კომპანიები ათეულობით მილიარდ დოლარს კარგავენ. ჯერჯერობით ყველაზე მეტს რუსები ზარალობენ, თუმცა ისინი კონტრეკონომიკურ დარტყმასაც ამზადებენ.
მსოფლიოს 300-მა უმდიდრესმა ადამიანმა საფონდო ბირჟებზე ფასების რყევების, რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულზე შეჭრისა და რუბლის რეკორდული გაუფასურების გამო, გუშინ, საერთო ჯამში, 44,4 მილიარდი დოლარი დაკარგა.
დაზარალებულებს შორის პირველ ადგილზე რუსი ბიზნესმენები, გენადი ტიმჩენკო და ლეონიდ მიხელსონი აღმოჩნდნენ. საქმოსნებს ქონება 3,2 მილიარდი დოლარით შეუმცირდათ, მას შემდეგ, რაც კუთვნილი კომპანია “ნოვატეკის” აქციები 18%-ით გაუფასურდა. “ბლუმბერგის ინდექსის” მიხედვით, ეს ადამიანები პლანეტის უმდიდრეს ადამიანებს წარმოადგენენ, რადგან “გაზპრომის” შემდეგ, სიდიდით მეორე გაზის მწარმოებელი კომპანიის აქციათა ნახევარს ფლობენ.
“ლუკოილის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ვაგიტ ალეკპეროვმა, 960 მილიონი დოლარი იზარალა, მას შემდეგ, რაც მოსკოვში დაფუძნებული კომპანიის ფასიანი ქაღალდები 9,2%-ით გაუფასურდა.
რინატ ახმეტოვმა, უკრაინის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა 700 მილიონი დოლარი დაკარგა. აღნიშნული მილიარდერის საკუთრებაშია კომპანია “სისტემ კაპიტალ მენეჯმენტი”, ქვეყნის ყველაზე მსხვილი ინდუსტრიული კონგლომერატი, მათ შორის, დონეცკის მეტალურგიული კომბინატი.
საერთო ჯამში, რუსმა და უკრაინელმა მილიარდერებმა, ერთ დღეში 12,8 მილიარდი დოლარი იზარალეს.
თუმცა, რუსი მილიარდელები შესაძლოა კიდევ უფრო დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩდნენ, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი საკუთარი ფულადი ანგარიშსწორების სისტემას შექმნის. კერძოდ კი, თუ აშშ-ის სენატი რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს დააწესებს, ფედერაცია იძულებული გახდება შექმნას თავისი ფულადი ანგარიშსწორების სისტემა და უარი თქვას დოლარზე.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მრჩეველმა სერგეი გლაზევმა სწორედ ამაზე მიანიშნა. “ძალიან კარგი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გვაქვს ჩვენს პარნტიორებთან აღმოსავლეთსა და სამხრეთში, გამოვძებნით გზას, რომ არა მხოლოდ გავანულოთ ჩვენი ფინანსური დამოკიდებულება აშშ-ზე, არამედ ამ სანქციებს თავს დავაღწევთ ჩვენთვის ძალიან სარგებლიანად. მცდელობა, რუსეთის ფერდერაციისათვის სანქციების დაწესებისა, დასრულდება კრახით აშშ-ის ფინანსური სისტემისთვის, რაც გამოიწვევს აშშ-ის მსოფლიო ფინანსურ სისტემაზე დომინირების დასასრულს”, - განაცხადა გლაზევმა.
იმ შემთხვევაში, თუ სანქციები გამოყენებული იქნება რუსულ სამთავრობო სტრუქტურებთან მიმართებაში, რუსეთის ფედერაცია იძულებული გახდება შეუძლებლად სცნოს იმ კრედიტების დაბრუნება, რომლებიც რუსულ სტრუქტურებზე იქნა გაცემული აშშ-ის ბანკების მიერ.
“ამერიკელები რუსეთს სანქციებით ემუქრებიან და ევროკავშირს ითრევენ რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო-ეკონომიკურ ომში. ამ სანქციებს შეიძლება მოჰყვეს შემდეგი სცენარი: ყველაზე მეტად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით დაზარალდება თავად აშშ, რადგან თუ ვისაუბრებთ ამერკასთან სავაჭრო ურთიერთობებზე, ჩვენ მათზე არანაირად არ ვართ დამოკიდებულნი.
ჩვენ გვაქვს სოლიდური სავალუტო რეზერვი - 200 მილიარდ დოლარზე მეტი და თუ აშშ გაბედავს და გამოიყენებს ჩვენს წინააღმდეგ სანქციებს რუსული ბიზნესებისა და რუსი მოქალაქეების ანგარიშების გაყინვის გზით, ჩვენ ვეღარ განვიხილავთ ამერიკას, როგორც საიმედო პარტნიორს.
ამიტომ რეკომედნაციას გავცემთ, რომ ყველამ უარი თქვას რეზერვებზე ამერიკულ დოლარში, უარი თქვას თავად დოლარზე, როგორც ვალუტაზე, რომელშიც ჩვენ ვერ ვიქნებით დარწმუნებულები და გამოვიდნენ ამერიკული ბაზრიდან”, - განაცხადა გლაზევმა.
თუკი ამერიკა გაყინავს რუსული ბიზნესებისა და მოქალაქეების ანგარიშებს, რუსეთის ხელისუფლების რეკომენდაცია მათდამი იქნება, რომ გაყიდონ აშშ-ის მთავრობის ობლიგაციები.
“სანქციები ხომ ორმხრივად მოქმედი იარაღია და თუკი აშშ გაყინავს ჩვენს აქტივებს, ანალოგიურად, გაიყინება ჩვენი ორგანიზაციის პასივებიც დოლარში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ბანკები და ბიზნეს დაწესებულებები არ დაუბრუნებენ სესხებს ამერიკულ ბანკებს”, - განმარტა გლაზევმა.
“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ამერიკელმა სენატორმა კრის მერფიმ, რომელიც სენატში ევროპასთან ურთიერთობის ქვეკომიტეტს ხელმძღვანელობს, გუშინ განაცხადა, რომ სენატმა რუსეთს, შესაძლოა, სანქციები დაუწესოს უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო. მერფიმ აღნიშნა, რომ სანქციები, ძირითადად, რუსული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და კერძო ინვესტორების ფინანსური აქტივების გაყინვაში შეიძლება გამოიხატოს. ასევე, რუსეთის მოქალაქეებისათვის სავიზო შეზღუდვების დაწესებაში. თუმცა, სენატორმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს მცირე ეფექტი ექნება თუკი ანლოგიურ ქმედებებს არ მიმართავს ევროპაც.