„რაც რუსეთს სამხრეთ კავკასიიდან ფეხი მოეკვეთა, პლუს სომხეთი დაკარგა, აზერბაიჯანს არ ენდობა, მას სჭირდება საქართველოსთან რაღაცა აქტივობები დაიწყოს“

„რაც რუსეთს სამხრეთ კავკასიიდან ფეხი მოეკვეთა, პლუს სომხეთი დაკარგა, აზერბაიჯანს არ ენდობა, მას სჭირდება საქართველოსთან რაღაცა აქტივობები დაიწყოს“

რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად ნიადაგს სინჯავს. ახლა უკვე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინმა „იზვესტიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში თბილისთან

დიპლომატიური ურთიერთობების განახლებისთვის მზადყოფნის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ არ არის საჭირო ამ საკითხის „დაკავშირება“ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილებასთან. საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა სურთ, ოღონდ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღების გარეშე.

კრემლს მალევე პასუხი თბილისიდან გასცეს. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ერთადერთი საკითხი, რაც დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას ხელს უშლის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაა. ეს არის ერთადერთი ბარიერი საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების გზაზე. ამ ბარიერის მოხსნა კი თავად რუსეთს შეუძლია.

რა სახის გზავნილია რუსეთის მხრიდან მსგავსი განცხადებები და რატომ გაუჩნდა მოსკოვს იმედი, რომ საქართველო რუსეთთან ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე დიპლომატიურ ურთიერთობას აღადგენს? ამ და სხვა კითხვებზე for.ge-თან ინტერვიუში კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე საუბრობს.

მიხაილ გალუზინის განცხადების შემდეგ, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის, კომენტარი უკვე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა გააკეთა. მან თქვა, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის ნაბიჯების გადასადგმელად, თუმცა არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის დადგენილი რაიმე ზუსტი ვადები. რატომ გააქტიურდა რუსეთიდან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესახებ განცხადებები და როგორ გაიგეთ ორი მაღალჩინოსნის ნათქვამი?

მამუკა არეშიძე: ეს არ არის ამ ტიპის პირველი განცხადებები, მსგავსი კომენტარი ცოტა უფრო ადრე საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა, რასაც, პარალელურად, შემდეგ სხვადასხვა რანგის დიპლომატების განცხადებები მოჰყვა. მაგალითად, ზატულინის, რომელმაც ზუსტად მსგავსი რამ თქვა. თუმცა წინა განცხადებებისგან განსხვავებით, ეს განცხადებები უფრო რბილი და შემპარავია. ასეთი მაღალი დიპლომატიური ტრიბუნიდან განცხადებები, როგორსაც რუსი მაღალჩინოსნები აკეთებენ და მას უპასუხა ქართულმა მხარემ, მიგვანიშნებს იმაზე, რომ კულუარული აქტივობები არსებობს. ეს აქტივობები, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჯერ კიდევ არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომაც გასული წლის ბოლოს, დაკავშირებული იყო საკითხთან, რომელიც აფხაზეთში ე.წ. აპარტოტელების საკითხს ეხება. გახსოვთ, ალბათ, აფხაზური ოპოზიცია ხშირად ახსენებდა ხოლმე, მაგალითად, ნატალია სმირი საუბრობდა მოსკოვში მყოფ მდიდარ ქართველებზე, რომლებიც ამ საქმეში არიან ჩართულნი. ახსენებდა ასევე ბიძინა ივანიშვილსაც. მართალია შემდეგ აფხაზეთში მოახლოებულ არჩევნებთან ერთად შეწყდა ეს რიტორიკა და ქართველებს აღარ ახსენებდნენ, მაგრამ გვახსოვს მანამდე ეს საუბარი მიდიოდა. მიუხედავად ამისა, აფხაზურ საზოგადოებაში იყო ასეთი განცდა, რომ ამ აპარტოტელების შედეგად, აფხაზეთის ქართველებისთვის გადაბარება ხდებოდა. გარკვეული აქტივობები იყო და ეს ახლაც არის.

აქტივობებში რას გულისხმობთ, რა სახის კონტაქტზეა საუბარი? რაზე შეიძლება რუსეთის და საქართველოს წარმომადგენლებს შორის დიალოგი მიდიოდეს?

- ეს აქტივობები დაკავშირებული ჯერ იყო აფხაზეთის რკინიგზის აღდგენასთან და იქ იყო საუბარი იმაზე, რომ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლებებმა, საქართველოსთან დაკავშირებით მიდგომები უნდა შეცვალონ. ბოლო დროს სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა, იქ წერია, რომ მას აქვს რჩევა ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფედერაციაზე იფიქრონ. რკინიგზასთან დაკავშირებით კი, ეს არის რუსებისთვის სასიცოცხლო საკითხი, რადგან ამით ჩრდილოეთ დერეფნის ამუშავება უნდათ. ახლა კი მუშაობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, მაგრამ რუსეთში არ უნდათ, რომ აზერბაიჯანი ამ მიმართულების კონტროლიორი იყოს.

გალუზინი ამბობს, რომ შარშანდელი არჩევნების ფარგლებში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართ საღი განცხადებები გაკეთდა, რომელიც მათთვის ბოდიშის მოხდას ეხებოდა. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გულისხმობდა და იგივე შესაძლოა, აფხაზეთთან დაკავშირებითაც არსებობს. თქვენ ახსენეთ შიდა კულუარული საუბრები, მაშინ საჯაროდ რატომ კეთდება ეს განცხადებები? ვისთვის ან რისთვის სინჯავენ ნიადაგს?

- როგორც ჩანს, კულუარულად ვერ მოხდა მოლაპარაკებები და საჯაროდ ამ ტიპის განცხადებები ამიტომაც კეთდება. მე ვიცი რომ მოსკოვში კიდევ ერთ ახალ პროექტზე იყო საუბარი და შემოთავაზება ქართულ მხარესთან. რამდენადაც არ უნდა გაგვიკვირდეს, ეს არის ინგუშეთიდან რკინიგზის გამოყვანა. მართალია ეს არის საკმაოდ შრომატევადი საქმე და პროექტი, მაგრამ რუსები ამ მიმართულებითაც ნიადაგს სინჯავდნენ. საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ქართული მხარე მაინც მყარად დგას პრინციპზე, რომ თუ ამ ორი ოკუპირებული რეგიონის საკითხი არ გადაწყდება, ორ ქვეყანას შორის დაახლოებაზე, დიპლომატიურ თანამშრომლობაზე და პოლიტიკურ ურთიერთობაზე საუბარი ზედმეტია. ეს ლოგიკურიც არის, რადგან საქართველოში ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას, რომელიც ამ საკითხს ამ პრინციპით არ მიუდგება. ამიტომ მოსკოვში, მიუხედავად იმისა, რომ რთულ სიტუაციაში არიან, ამ ტიპის მიდგომებზე უკვე აქტიურად საუბრობენ, რაღაცის სანაცვლოდ რაღაცის გაცვლა მოხდეს. როგორც ჩანს, რუსები საქართველოსთან ახლებური მიდგომების დემონსტრირებას ცდილობენ.

ფაქტია, რომ რუსეთი ამ თემის აქტუალიზებას ისევ ცდილობს და ეს საკითხი დღის წესრიგში ისევ დაბრუნდა. როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება ეს საქართველოს ხელისუფლებამ გამოიყენოს, თუ უფრო სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რადგან ამ განცხადებების უკან რა იმალება და რა განზრახვა შესაძლოა მათ ჰქონდეთ, კაცმა არ იცის. რეალურად ფიქრობთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხი, როგორც ივანიშვილმა თქვა, შესაძლებელი გახდეს?

- 90-იანი წლების ბოლოს, ზამთრის ერთ-ერთ ოლიმპიურ თამაშებზე შემთხვევით ერთ სივრცეში საქართველოს და რუსეთის დელეგაცია მოვხვდით. რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა მატვიენკო, რომელიც ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე იყო. მან მაშინ ასეთი სიტყვები თქვა: „რუსეთი ვორონეჟს დათმობს, ოღონდ კავკასიას არა“. ამით იმის თქმა უნდოდა, რომ მოსკოვში მშვენივრად ათვიცნობიერებენ, თუ სამხრეთ კავკასია დაკარგეს, ჩრდილოეთ კავკასიის დაკარგვა დროის საკითხი იქნება. შემდეგ კი სუფთად რუსული რეგიონები მოდის და რიგში მოსკოვი იქნება. ამის ძალიან ეშინიათ რუსებს, ამიტომ შორეულ აღმოსავლეთში ჩინელებს ისე უთმობენ ტერიტორიებს, რომ წარბიც კი არ შეუტოკდებათ, აქ კი საქართველოსთან დაკავშირებით ერთი ამბავი აქვთ ატეხილი. რუსებისთვის აქ სტრატეგიული სივრცეა მნიშვნელოვანი.

რუსეთის მთავარი მიზანი შესაძლოა საქართველოს მეშვეობით სამხრეთ კავკასიის დაბრუნება იყოს?

- რა თქმა უნდა, ყარაბაღის მოვლენების შემდეგ, რაც რუსეთს სამხრეთ კავკასიიდან ფეხი მოეკვეთა, ახლა ცდილობს, რომ დაბრუნდეს. თან ამ პერიოდში არა მარტო ფეხი ამოეკვეთა, პლუს სომხეთი, როგორც მოკავშირე, დაკარგა. ახლა ცდილობს, რომ საქართველოსთან მაინც ურთიერთობები დაალაგოს. რაც შეეხება აზერბაიჯანს, რუსები არც მათ ენდობიან. მოსკოვისთვის აზერბაიჯანი სანდო არაა. ალიევის განცხადებაც ამის მანიშნებელია, რომ ის უკრაინის ტერიტორიის ნებისმიერ ცვლილებას გმობს და არ მიესალმება. გარდა ამისა ალიევი რეგიონში თურქეთის წარმომადგენელია. ამიტომ რუსეთს სჭირდება კარგად დავიწყებული ძველი დაიბრუნოს და საქართველოსთან რაღაცა აქტივობები დაიწყოს. თუმცა ამას ვერ აკეთებს, რადგან აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემები აქვს გადასაწყვეტი. რასაკვირველია, რუსეთში ფიქრობენ, რომ ქართველებს მტერი ენდოს და იმავეს საქართველოში ფიქრობენ, რომ რუსების ნდობა არ შეიძლება. იმდენჯერ დავრჩით მოტყუებულები მათი მხრიდან, რომ ჩვენ ერთი ნაბიჯით უკანაც არ უნდა დავიხიოთ. თუმცა არ უნდა მივცეთ საბრძოლო მოქმედებების დაწყების საბაბი და ამასთანავე მტკიცედ უნდა ვიდგეთ ჩვენი ტერიტორიების დაბრუნების საკითხზე. ამიტომ რადგან რუსეთს გეოპოლიტიკურად ეს სივრცე სჭირდება, კეთილი ინებონ და გადადგან ის ნაბიჯები, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და პრინციპულია.

Zazae890 დაბადებიდან მოღალატე ხარ, ჩავაჯვი დედაშენ მუტელში
13 საათის უკან