"გურიანიუსის" ინფორმაციით, ე.წ. მაყურებელმა პატიმარი "თავანის" ჩაუბარებლობის გამო სცემა, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა - "აჭარელი ბიჭი იყო ის საწყალი. თავანის ჩაუბარებლობის გამო წუხელ მაყურებელმა "ბუწალიჩმა" - ნუგზარ ნიკოლაძემ სცემა სასიკვდილოდ"... მაყურებელი ნიკოლაძე რუსთავის "კრიტიდან" გეგუთში თებერვალში, პატიმრების მასობრივი შიმშილობის დროს გადაიყვანეს. გეგუთში მაყურებლების ჩანაცვლება 12 თებერვალს მომხდარა, როდესაც ციხის მაყურებელი ონიანები თავისი "შაიკით" გადაიყვანეს კრიტში და მათ ნაცვლად რუსთავის მეექვსე კრიტიდან ათკაციანი "შაიკით" ნუგზარ ნიკოლაძე დაბრუნეს - ნიკოლაძეს უთქვამს: კრიტიდან თუ გამიყვანთ, მე გავაჩერებ პატიმრებსო. მას ონიანებთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, გეგუთში გადმოსვლას ვერ ბედავდა და როგორც "გურიანიუსი" იუწყება, ონიანები მათი ბიჭებით იმავე მანქანით წაიყვანეს, რითაც "ბუწალიჩი" და მისი ხალხი მოაბრძანეს. 4 მარტს მთელი დღის მანძილზე დაწესებულებასთან პატიმართა ახლობლები იყვნენ შეკრებილი. "ალიამ" ინფორმაციის გადამოწმება გეგუთის საპატიმრო დაწესებულების ერთ-ერთი პატიმრის დედასთან სცადა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით გეგუთში პატიმარი "ობშიაკის" გამო ადმინისტრაციის თვალწინ მოკლეს?!
"სასწრაფოდ ვითხოვთ გეგუთში შევიდეს ეკა ბესელია, ზონებს პატრონი არ ჰყავს და სრული განუკითხაობაა. როგორც კი პატიმრის სიკვდილის ამბავი გავიგე, პანიკაში ჩავვარდი - უკვე მერამდენედ მეშინია ჩემი შვილი არ იყოს. როგორც კი გავიგე, რომ გადრაცვლილი ჩემი შვილი არაა, ცოტა კი დავწყნარდი, მაგრამ მერე იმან გამამწარა, იმ პატიმარსაც ხომ ჰყავს ოჯახი, ისიც ხომ ჩემსავით გამწარდება და და უარესად, როცა შვილს მიუსვენებენ სახლში? ხშირად ხდება ხოლმე ამგვარი დაპირისპირება - ხან რის გამო, ხან რის გამო. ადრე "ნაციონალები" მართავდნენ "მაყურებლებს", ახლა ახლი ხელისუფლების პირობებში ახალი ადმინისტრაცია. ცემა-ტყეპა ხშირად ხდება, მაგრამ არ ხმაურდება, თუ მას ფატალური შედეგი არ მოჰყვება. ახლა გვამსაც ხომ არ გადამალავს სუბარი - არადა, რას აკეთებს ვერ ვხვდები. მართლა ახალაიაზე უარესი მოვიდა ხელისუფლებაში - აქეთ იმიჯს უფრთხილდება, მეორე მხრივ კი, ადამიანი როგორ უნდა სცემო ისე, რომ გარდაიცვალოს?", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ერთ-ერთი პატიმრის დედა ნინო აბაშიძე
"გუშინ ჩემს შვილს ვესაუბრებოდი და უცებ გაწუდა კავშირი, როგორც კი ასეთი რამ ხდება ხოლმე, მაშინვე ეკრძალებათ პატიმრებს ახლობლებთან კონტაქტი. ეს ნიკოლაძე, როგორც მე ვიცი, მაყურებელია. "ნაციონალების" დროიდან მას საკმაოდ წარმატებით იყენებდნენ პატიმრების გასაჩერებლად ან ასაბუნტებლად. ეს ადამიანი ცემის დიდოსტატია. თანაც, წარმოიდგინეთ, დადასტურდა უკვე, რომ ბლაგვი იარაღით მოკლა პატიმარი. რა იარაღი ჰქონდა მას, რაც ადმინისტრაციამ არ იცოდა? მაგრამ ყველაფერი იცოდა ან თუ არ იცოდა, მით უარესი მათთვის. გამოდის, რომ პატიმრები მართავენ ციხეს და აქეთ ჰყავთ ადმინისტაცია მძველად? რა გამოდის - "ობშიაკის" შეგროვება მოდაშია და თუ არ შეაგროვებ, ისე მოგკლავენ, ციხის ადმინისტრაციაც ვერ დაგიცავს?", - განაგრძობს რესპონდენტი.
"როგორც ვიცი, სახალხო დამცველის აპარატიდან წარმომადგენელი იყო შესული გეგუთში, მაგრამ შევა და გამოვა - მერე რა? რაც წინა აქციების დროს გააკეთა, იგივეს იზამს ახლაც, იყეფებს და გაჩუმდება. მერე მიწყნარდება ცოტა ხნით სიტუაცია და კიდევ მოხდება ასეთი რამ. პრევენციის მიზნით არავინ არაფერს აკეთებს. სუბარს ურჩევნია პატიმრებს მოაგვარებინოს სიტუაცია ამ გზით, ვიდრე სკამი შესწიროს. მე როგორც ვიცი, გეგუთში პატიმრები აზარტული თამაშებით არიან დაკავებული, ისიც ვიცი, რომ ე,წ, თავანის ჩაბარება აქ ჩვეულებრივი ამბავია და ამაში ხელს არავინ უშლით მათ. მითხრეს, რომ ეს საწყალი ბიჭი ცემაში ისე მოკლეს, ადმინისტრაცია უყურებდა და გაშველებაშიც კი არ მიუღია მონაწილეობა. მშვენივრად იცოდნენ, რის გამო სცემდნენ საწყალს და ისიც, რომ ცემაში შემოაკვდებოდა მაყურებელს. რომ მოკლეს. მერე მივიდნენ", - დასძენს ნინო აბაშიძე და შეკითხვას - "რატომ აკვლევინებენ ცემაში ადამიანს?" - პასუხობს:
"როგორც მითხრეს, ფულს რომ აირებდნენ, ადმინისტრაციისთვის უნდა გაეყოთ ეს ფულიუ. ის საწყალი ბიჭი კი ამაზე უარს ამბობდა. საქართველოს დაღუპავს ქურდულ-კრიმინალური მენტალიუტეტის - ფეოდალის მენტალიტეტის და მონის მენტალიტეტის ამხელა მასშტაბები".
"ალია" სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს თაია მახარაშვილს დაუკავშირდა იმაში გასარკვევად, რა გაირკვა პირველადი მოკვლევით, მართლაც უყურებდნენ თუ არა გულგრილად ადმინისტრაციის წარმომადგენლები პატიმრის ცემის ფაქტს. "რაც პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამინისტროს განცხადებაში წერია, იმის იქით ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა მახარაშვილმა, რომლის თქმით, "გამოძოება მიმდინარეობს და ყველაფერს გამოძიება გასცემს პასუხს" - წერს სტატიის ავტორი.