„რახან სიმართლე დავივიწყეთ, ცხოვრებამ დაგვსაჯა - დასჯა არ არის სააკაშვილი, ზურაბიშვილი, ბურჭულაძე...“

„რახან სიმართლე დავივიწყეთ, ცხოვრებამ დაგვსაჯა - დასჯა არ არის სააკაშვილი, ზურაბიშვილი, ბურჭულაძე...“

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა რა მოტივები ამოძრავებდა სააკაშვილს და მის რეჟიმს, 2008 წლის ომი იყო წარმოუდგენელი, საარაკო ღალატი და ბუნებრივია, რომ მოღალატეებმა პასუხი უნდა აგონ სამართლის წინაშე. ანალიტიკოსი აცხადებს, რომ სააკაშვილს სჭირდებოდა განტევების ვაცი, ვინაიდან ჩადენილი იქნა ამაზრზენი ღალატი ქვეყნის წინააღმდეგ და ცეცხლის გახსნა ქართველ სამხედროებს დააბრალა.

for.ge დავით ზარდიაშვილს ესაუბრა.

36 წლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე უცნაური 9 აპრილი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანების გარკვეული ჯგუფი უფლებას არ აძლევდნენ მოქალაქეებს პატივი მიეგოთ გარდაცვლილებისთვის და უცნაურ ოპერაციას ხელმძღვანელობა პაატა ბურჭულაძე. ბატონო დავით, რა მოხდა 9 აპრილს, რა იყო რადიკალების მიზანი?

დავით ზარდიაშვილი: ეს არის უკიდურესი დეგრადაცია. დეკადენსი, სიტყვებიც არ მყოფნის რა უნდა დაარქვა ამას. ეს არის სასწაული. პაატა ბურჭულაძე რომ გახდება ოპოზიციის ლიდერი, უკვე თავისთავად ნათელია და მკაფიოა, რა მდგომარეობაშია მთელი ეს ოპოზიცია, რომლებსაც საღი აზრის ნატამალი აღარ შერჩათ. რაც შეეხება იმას, რომ ცდილობდნენ ტერიტორიის ოკუპაციას და ადამიანებს არ უშვებდნენ იქ, რომ თავიანთი პატივისცემა გამოეხატათ 9 აპრილის ამ საკრალული დღისა და მისი მსხვერპლის მიმართ, ბუნებრივია, ამას ნაძირლობა ჰქვია - მეტი რა უნდა დაარქვა.

რასაკვირველია, იქ მისვლის უფლება აქვს ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად მისი რწმენისა, პოლიტიკური კუთვნილებისა და რაც გინდა იყოს. ერთადერთი, რაც თავის დროზე გვაერთიანებდა, სწორედ, 9 აპრილი იყო და დამოკიდებულება ამ წმინდა დღის მიმართ. თუ ესეც არ იქნება ჩვენი გამაერთიანებელი აბა, სულ დავშლილვართ და ეგ არის. რა თქმა უნდა, ამას ვერ მიაღწევენ და ცდილობენ გამოიწვიონ ახალი დაპირისპირება.

ამჯერად 9 აპრილის იგვლივ სცადეს ახალი დაპირისპირების გამოწვევა, მაგრამ რატომ 9 აპრილი?

- როგორ წარმოგიდგენიათ 9 აპრილის გარშემო დაპირისპირების კიდევ ახალი კერა გაჩნდეს. როცა ოპოზიცია ამ გზით ცდილობს პოლიტიკური ბრძოლის, თუმცა პოლიტიკასთან ამას არაფერი კავშირი არ აქვს, ეს არის ელემენტარული უსაქციელობა, გარყვნილება, გათახსირება. ყველაზე მეტად მათ ქცევას შეესაბამება სიტყვა - გათახსირება, ბოლომდე წახდენა. აი, ამას გამოხატავს ეს პაატა ბურჭულაძე. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ის რუსული ბანია, თუ ვინაა. უდავოდ აქვს მუსიკალური მიღწევები და საამაყო უნდა ყოფილიყო მისთვის, მაგრამ ყველაფერი წყალში გადაყარა. არც რუსული ბანია, არც ქართული ბანია და არც არაფერი არაა. ის არის ერთი გათახსირებული, საცოდავი პოლიტიკანი, სულ ეს არის მეტი არაფერი.

იქნებ დადგა დრო, რომ ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი, გმირს-გმირი, მოღალატეს-მოღალატე, დამნაშავეს - დამნაშავე. მაგალითად, როდესაც სალომე ზურაბიშვილი საუბრობს, რომ 9 აპრილს გარდაცვილი ადამიანები არიან გმირები, რაც უდავოა, მაგრამ როცა 9 აპრილს შეწირული გმირის ოჯახების ხელმოწერით წერილები გააგზავნეს მისი პრეზიდენტობის დროს ადმინისტრაციაში თხოვნით, რომ ამ ადამიანებისთვის საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭებია, ზურაბიშვილმა პასუხის ღირსადაც არ ჩააგდო მათი თხოვნა...

- ეს დრო დიდი ხანია დამდგარია და საერთოდ, იმთავითვე ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას და მართალი ცხოვრებაც მაგას ნიშნავს. რახან ეს სიმართლე დავივიწყეთ, ჩვენ გარკვეული პერიოდი ცხოვრებამ დაგვსაჯა. დასჯა არ არის, როდესაც ასეთი ადამიანები გვყავდა ქვეყნის პრეზიდენტები, როგორიც იყო სააკაშვილი, აგერ ზურაბიშვილი? ეს ჩვენი შეცდომების და ცოდვების ბრალია, თორემ ნორმალურ ქვეყანაში ასეთ ადამიანებს არა თუ პოლიტიკაში აჩერებენ, არამედ, საერთოდ, საჯარო სივრცეში ადგილი არ ექნებოდათ. როცა მათ ვუსმენ, ან ვუყურებ მათ მაგივრად მრცხვენია, ისეთ სისულელეებს და საოცრებებს აკეთებენ, გინდა სიტყვით, გინდა საქმით. ჩვენს სასჯელადაა მოვლენილი პაატა ბურჭულაძეც და ეს ოპოზიციაც. განა ვართ იმის ღირსი, რომ ასეთი გათახირებული ოპოზიცია გვყავდეს? საკუთარ თავში უნდა ჩავიხედოთ და დავსვათ კითხვა - რატომ დაგვემართა ეს ყველაფერი.

ბატონი დავით, ალბათ, დაგისვამთ ეს კითხვა საკუთარი თავისთვის და პასუხიც გეგექნებათ გაცემული - რატომ მოგვივიდა და რა გვჭირს?

- ალბათ, იმიტომ, რომ ის ადამიანები, ვინც 9 წლის განმავლობაში საოცრებებს ჩადიოდნენ, სათანადოდ არ იქნენ დასჯილი! აგერ, პარლამენტის საგამოძიებო კომისია ამას კიდევ ერთხელ გვაჩვენებს და გეთანხებით, რომ ეს ყველაფერი ვიცოდით, მაგრამ ყველაფერი ერთად თავმოყრილი, რასაც ვისმენთ, მართლაც შემზარავია. ასეთ შემზარავ საქციელებს ვინც ჩადიოდნენ, იმათ კიდევ ხმა მივეცით. რას ველოდებით ახლა - ეს ხომ გათხსირებაა, აბა რაა?! მაშინ უნდა შევეგუოთ, რომ ეს პაატა ბურჭულაძე, რომელიც იძახის რუსული ბანი ვარო, საქართველოსთვისაც საამაყო იყო და, როცა ასეთი ადამიანი უკიდურესად სამარცხვინო ხდება, ასეთ სამარცხვინო საქციელს სჩადის, 9 აპრილს, ამ წმინდა დღეს ტერიტორიის ოკუპაციას ახდენს და ცდილობს, რომ გამოიწვიოს კიდევ ერთი საშინელი განხეთქილება ქართველ ხალხში, ეს რასაკვირველია არის გათახსირება და სასჯელი ჩვენთვის.

დადგა დრო, მართლაც განვსაჯოთ, სიმართლით ვიცხოვროთ, საქციელს და ადამიანის ქცევას დავარქვათ ის, რაც არის. ცოდვას - ცოდვა და მადლს - მადლი - სამართლიანობაც ეგ არის. სხვათა შორის არისტოტელე განმარტავდა -სამართლიანობაც ეს არის, რომ აწონ-დაწონო და ღირსეულად მიაგო, კარგსა-კარგი და ცუდს-ცუდი, ყოველ შემთხვევაში, სიტყვით მაინც. დანარჩენი უკვე გულმოწყალების ამბავია.

დასჯა კი არ უნდა იყოს თვითმიზანი, არამედ შეფასება. ცოდვა უნდა იმხილებოდეს, ეს ცოდვილისთვის არის საუკეთესო გზა, რომ იქნებ რაღაცა ეშველოს ამ ცხოვრებაში. არ შეიძლება, წარმოუდგენელია ცოდვას უწოდო მადლი. ეს გამოიწვევს საშინელებას. ის ხალხი, ვინც დღეს პაატა ბურჭულაძის გვერდით დგას, რა თქმა უნდა, გათახსირების გზაზე დგას და ძალიან მძიმედ დაამთავრებს. მათ ეს სასჯელი არ ასცდებათ.

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას და კონკრეტულად აგვისტოს ომის ნაწილს, რადიკალური ოპოზიცია აცხადებს, რომ კომისიის მიზანია გმირი სამხედროების დასჯა. კომისიამ გაასაჯაროვა ევროსაბჭოს ცნობილი N1633 რეზოლუციას, სადაც სამხედროებს აბრალებენ ომის დაწყებას. რეზოლუციას ყველა ევროპულმა ქვეყანამ და მათ შორის საქართველოდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ყოფილმა დეპუტატმა გიორგი თარგამაძემ ხელი მოაწერეს. როგორ ფიქრობთ, რატომ დააბრალა სააკაშვილმა და მისი ხელისუფლებამ ომის დაწყება ქართველ სამხედროებს?

- სააკაშვილს სჭირდებოდა განტევების ვაცი, ვინაიდან ჩადენილი იქნა ამაზრზენი ღალატი ქვეყნის წინააღმდეგ. პირველ რიგში, იმიტომ რომ საქართველო შევიდა ისეთ ომში, რომელიც თავიდან ვერ აიცილა და რომელიც იმთავითვე ცნობილი იყო, რომ კატასტორფით დასრულდებოდა და დასრულდა კიდეც. ქართველებმა დაკარგეს სამკვიდრო, საქართველომ დაკარგა ტერიტორიული მთლიანობა, მოხდა ტერიტორიების ოკუპაცია და კიდევ ერთი ძალიან მძიმე შედეგი ამ ომისა არის ის, რომ ჩვენ გვაქვს მუდმივი ომის მდგომარეობა რუსეთთან, უდიდეს მეზობელთან. პრაქტიკულად, გამოუვალი ჩიხი გვაქვს.

სანამ რუსეთი უკან არ წაიღებს თავის ამ აღიარებას და ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციას არ მოახდენს, მანამდე არავითარი საშუალება არ გვაქვს რაიმე ნორმალური ურთიერთობა აღვადგინოთ ამ ქვეყანასთან. იმიტომ, რომ არსებობს კაზუსბელი ე.ი. ყველაზე დიდი უბედურება, რაც ჩაიდინა სააკაშვილმა. საქართველოს არ აქვს არც იმის რესურსი, სურვილი და არც არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, რომ რუსეთთან იყოს მუდმივად სამტრო-სასიცოცხლო დამოკიდებულებაში. სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იდგეს და საბოლოოდ ასეთი მტრობა ჩვენი ბედისწერა გახდეს, ეს წარმოუდგენელია.

ქართველი სამხედროები გამოიყენეს როგორც ფარი, ანუ ძალა,  ვინც პასუხისმგებლობას აიღებდა 7 აგვისტოს ღამით ცეცხლის გახსნაზე. არადა პირველ რიგში, სააკაშვილი იყო უმაღლესი მთავარსარდალი და მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება გახლდათ სწორედაც ცეცხლის გახსნა, ეს ყველაფერი არის შეფასებული. მას, უბრალოდ, გამოსავალი არ ჰქონდა, ფაქტის წინაშე იდგა.

როდესაც ევროსაბჭოში მოუსმინეს საგარეო საქმეთა მინისტრს და ჰკითხეს - იცოდით წინასწარ, რომ თქვენს ნაბიჯს მოჰყვებოდა ფართომასშტაბიანი აგრესია და საქართველოს ოკუპაცია, შეგეძლოთ ამის წინასწარ წარმოდგენაო - თვალიც არ დაუხამხამებია ისე უპასუხა ეკა ტყეშელაშვილმა - დიახ, ვიცოდითო. გამაოგნებელი იყო ეს პასუხი. ანუ, მათ იცოდნენ რაც მოხდებოდა და გააკეთეს ის, რაც გააკეთეს, როცა ჰქონდათ ყველანაირი საშუალება, რომ ეს ომი თავიდან აეცილებინათ და მოხერხდა კიდეც ეს 2004-2007 წლებში.

მუდმივად იყო მცდელობა რუსეთის მხრიდან და სხვათა შორის, საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლებაც არ აკლებდა ამას ხელს, რომ მომხდარიყო ამ კონფლიქტის ბოლომდე ესკალაცია და ფართომასშტაბიან ომში გადაზრდილიყო. რა თქმა უნდა, ეს წახალისებული იყო დასავლეთის მიერ. რატომ? - იმიტომ, რომ მათი მიზანი იყო რუსეთის საზღვრებთან ცეცხლის დანთება, მუდმივი კონფლიქტის შექმნა და გეპოლიტიკური გახლეჩვა, რუსეთის გარშემო მტრობის გაზრდა, მიზანი ეს იყო. ცხადია, რომ მიუხედავად იმისა, რა მოტივები ამოძრავებდა სააკაშვილს და მის რეჟიმს, 2008 წლის ომი იყო წარმოუდგენელი, საარაკო ღალატი და ბუნებრივია, რომ მოღალატეებმა პასუხი უნდა აგონ სამართლის წინაშე.

 

Gami ისევ ნახევარი სიმართლე! არა მარტო 9 წლის განმავლობაში მომქმედი დამნაშავეები უნდა დასჯილიყვნენ არამედ უფრო შორიდან უნდა დაგვეწყო - 1991 წლის 22 დეკემბრიდან! ივანიშვილის და ამ ხელისუფლების მთავარი შეცდომა ის არის, რომ პოლიტიკური შეფასება არ მისცა პუტჩს და კანონიერი პრეზიდენტის დამხობას. იქიდან დაიწყო ყველა პოლიტიკური და ადამიანური უბედურებები საქართველოში. ივანიშვილს უნდა გაეკეთებინა პოლიტიკური და სამართლებლივი შეფასება, უნდა დასჯილიყვნენ დამნაშავეები, უნდა გაეკეთებინა კანონიერ უზენაესს საბჭოსთან შეთანხმება და დაენიშნათ ახალი არჩევნები. ეს რომ გაკეთებულიყო, ბევრი რამ სასიკეთოდ წავიდოდა და დღევანდელი სიტუაცია არ იქნებოდა... მაგრამ ივანიშვილს არც ამის პოლიტიკური ცოდნა ეყო და არც ალღო. ამიტომ ვართ იქ, სადაც ვართ.
1 დღის უკან