[ეკა ბაქრაძე]
ადგილობრივ პროდუქციაზე ფასების მორიგი ზრდისთვის სტიმულის მიმცემი ამინდი გახდა. ბოლო ერთი კვირაა საქართველოში თითქმის ყველა რეგიონში გადაუღებლად თოვს. ამიტომაც გართულებულია მიმოსვლა, ტვირთის გადაზიდვა, პროდუქციით სავაჭრო ოიბექტების მომარაგება.
დიდთოვლობისა და მიმოსვლის გართულების გამო მომწოდებლებმა პროდუქცია გააძვირეს. მათი თქმით, ტვირთის ტრანსპორტირება ჭირს, გარდა ამისა, ციტრუსისა და სხვა პროდუქტების შეძენა ადგილზევე ძვირი ჯდება.
მოვაჭრეების თქმით, ზოგიერთ პროდუქტს მყიდველი შემოაკლდა. ეს ცვლილება განსაკუთრებით ციტრუსზე აისახა. გაძვირების შემთხვევაშიც, სამომხმარებლო ბაზარში კარგად იყიდება კარტოფილი, მწვანილი, ხახვი და ნიორი. ეს ის პროდუქტებია, რომელთა შეძენაზე მომხმარებელი უარს ვერ ამბობს. ხალხს სხვა გზა არ აქვს და ჩამოთვლილი პროდუქტების ყიდვას ნებისმიერ ფასად ცდილობს. თუმცა, მარაგის რაოდენობა აქაც შეზღუდულია.
დღევანდელი მდგომარეობით, 1 კგ ხარისხიანი ფორთოხლის ფასი 2,50 ლარია, ლიმონი, ხარისხის შესაბამისად, 1-2 ლარის ფარგლებში იყიდება. 1 კგ მანდარინი 2,30-3 ლარი ღირს.
ციტრუსის გაძვირება არ არის მხოლოდ სეზონური ცვლილებით გამოწვეული და ამ მომენტში უგზოობასაც უკავშირდება. დიდთოვლობის გამო გზებზე მიმოსვლა გაძნელებულია და მეწარმეებს პროდუქტის ჩამოტანა უჭირთ.
„ცხადია, ციტრუსის გაძვირება მარაგების ამოწურვას უკავშირდება, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ერთი მიზეზი. უგზოობამ ტვირთის ჩამოტანა შეაფერხა, შემომტანებს დიდთოვლობის გამო პრობლემები აქვთ. წვალებით ჩამოტანილს, ციტრუსი იქნება თუ სხვა პროდუქტი, ბუნებრივია, ძვირად გაყიდიან“, - ამბობენ თბილისში ვაჭრობით დაკავებული ადამიანები.
მოვაჭრეების მოსაზრებას ბოლომდე არ იზიარებენ ქართველი ექსპერტები. ისინი მიიჩნევენ, რომ გზებთან დაკავშირებული პრობლემები არ არის გაძვირების ძირითადი მიზეზი, თუმცა ფასებზე თავის გავლენას მაინც ახდენს.
ექსპერტის ავთო სილაგაძის თქმით, ბაზრისთვის მრავალი გარე ფაქტორია მნიშვნელოვანი, რომელთა შორის ერთ-ერთი მთავარი მარაგებთან დაკავშირებული პრობლემებია. სოფელს ამოეწურა თავისი შესაძლებლობენი და ვერ ახერხებს ქალაქისთვის პროდუქციის მიწოდებას.
„შესაძლებელია, უგზოობამ პროდუქტების გაძვირებაზე გარკვეული გავლენა იქონიოს, მაგრამ ეს ვერ იქნება მთავარი მიზეზი. არ მაქვს ინფორმაცია, რომ სადმე დიდი ხნით ჩაეკეტათ ცენტრალური გზები. ფასების ზრდას სტიმულს ბევრი ფაქტორი აძლევს და არ გამოვრიცხავ, ეს პროცესი, ხელოვნურადაც რომ ხდებოდეს. ჯერ ერთი, რომ გასაყიდი პროდუქციის მარაგი ილევა, ბევრი გაიყიდა, გასაყიდი თითქმის არ დარჩა. სოფელს არ შესწევს ძალა, რომ მოსავალი ქალაქს მიაწოდოს. ამასთან, მოვაჭრეს გაუჩნდა შიში, რომ ხვალ შეიძლება მეტი ეღიროს და გაყიდვას დღეს ერიდება. თავისთავად, ესეც სტიმულია ბაზრისთვის.
ამდენად, გზებთან დაკავშირებული პრობლემები არ არის გაძვირების ძირითადი მიზეზი, თუმცა ფასებზე თავის გავლენას მაინც ახდენს. სადაც ჩაიკეტა, გზა გაიხსნება, მაგრამ ეს არ აისახება ფასებზე და ამას ყველა დავინახავთ“, - აცხადებს ავთო სილაგაძე.