23 თებერვალს, როცა ადვოკატი გიორგი ონიანი დააკავეს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამას მაშინვე პოლიტიკური შეფასება მისცა - ონიანი პატიმრობაში იმიტომ აიყვანეს, რომ ბაჩო ახალაიას იცავდაო. დაკავებიდან მეორე დღეს ყოფილმა პატიმარმა, დავით შათირიშვილმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ის დააკავეს, ხოლო ონიანის მითითებით მარიხუანა ჩაუდეს და სასჯელიც მიუსაჯეს. შათირიშვილი „დაო-პრინტის“ მენეჯერი გახლდათ და სწორედ ეს ფირმა ამზადებდა „ქართული ოცნების“ ლოგოიან მაისურებს. სასამართლომ ონიანი თავდებით გაათავისუფლა, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შათირიშვილი, ლამის, ერის მოღალატედ გამოაცხადა - ონიანზე ასეთი რამ როგორ თქვიო. შეგახსენებთ, რომ იმ პერიოდში ონიანი გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსისი მოადგილედ მუშაობდა...
4 მარტს კი, ლევან მდინარაძემ, იგივე დი-ჯეი „რემბომ“ პრესკონფერენცია გამართა და შემდეგი განაცხადა:
„ნიკოლაძის ქუჩაზე ვიმყოფებოდი და „ქართული ოცნების“ მაისურები უნდა დამერიგებინა, რა დროსაც სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა ხელები გადამიგრიხეს და ავტომანქანაში ძალით ჩამსვეს. ავტომობილში წინა სავარძელზე გოგა ონიანი იჯდა. მათ მითხრეს, რომ სახელმწიფოს ღალატი მედებოდა ბრალად, რადგან „ქართული ოცნების“ მაისურებს ვარიგებდი. ასე მიმიყვანეს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოსთან, თუმცა წინა მხრიდან არ შემიყვანეს, რადგან ონიანმა უთხრა, ხმაური რომ არ ატყდეს, უკანა კარიდან შედითო. უკვე ოთახში ონიანმა დამიწყო დაკითხვა და მუდმივად მიმეორებდა, რომ მე სახელმწიფოს მოღალატე ვიყავი. პარალელურად ის დაკითხვის დროს შეურაცხყოფას მაყენებდა. მითხრა, ვინც მაისურებს ბეჭდავს და არიგებს, ყველას დავიჭერთო. მერე გავიგე, რომ შათირიშვილიც დაკავებული იყო. მოულოდნელად ბრალდება შეცვალეს და მითხრეს, რომ ნარკოტიკების შეძენა-მოხმარებისთვის დამაკავეს. ნარკოლოგიური შემოწმების შემდეგ გაიკვა, რომ მომხმარებელი არ ვიყავი და თავადაც ვაცხადებდი, რომ ნარკოტიკებთან არანაირი კავშირი არ მქონდა. ონიანი გაბრაზდა და დამემუქრა, რომ 7 წელს მომისჯიდა. ამის მიუხედავად, ჩემგან ვერცერთ ბრალდებაზე თანხმობა ვერ მიიღეს, რასაც კვლავ მოჰყვა შეურაცხყოფა, სახეში რამდენჯერმე გამარტყეს. შემდეგ ჩხრეკა ჩამიტარეს და ჩემი ხელით ამოვალაგე, რაც ჯიბეში მქონდა - ფული და საღეჭი რეზინი, მობილური ტელეფონი მანამდე წამართვეს, საფულეს კი არ ვატარებ. შემდეგ ჩვენების ოქმზე ხელის მოწერას მთხოვდნენ, თუმცა წაკითხვის შემდეგ აღმოვაჩინე, თურმე, რაღაც თეთრი ქაღალდი აღმომაჩნდა ჩხრეკისას, რაზეც უარი ვუთხარი. საბოლოოდ, იძულებული გამხადეს ოქმზე ხელი მომეწერა, თუმცა ვთქვი, რომ რაც არ ჩამიდენია, იმას არ ვაღიარდები. ამის მერე უკვე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადამიყვანეს, შემდეგ კი 10 000-ლარიანი გირაოთი გამათავისუფლეს. ამ ხელისუფლების პირობებში ამნისტია შემეხო და გადახდილი თანხა უკან დამიბრუნდა. იმედი მაქვს, რომ ჩემი აღნიშნული განცხადებით პროკურატურა დაინტერესდება, რის შემდეგაც მე ონიანის წინააღმდეგ ჩვენებას მივცემ“...
რა გამოდის? ჯერჯერობით ორი ადამიანი გიორგი ონიანს ერთსა და იმავე ბრალდებას უყენებს და რაც მთავარია, ორივე მაშინ არის დაკავებული და ერთი და იმავე მიზეზით გასამართლებული, როცა ერთი „ქართული ოცნების“ მაისურებს ამზადებდა, მეორე კი მათ ავრცელებდა. დავუშვათ ეს დამთხვევაა და დამთხვევაა ისიც, რომ ორივეს ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდათ. დამთხვევაა ისიც, რომ არცერთის ორგანიზმში არ აღმოჩნდა ნარკოტიკი, დამთხვევაა ისიც, რომ ორივე ერთნაირად აღწერენ იმას, თუ როგორ იქცეოდა ონიანი და... ვისაც ამდენი დამთხვევების სჯერა (და საპარლამენტო უმცირესობას აშკარად სჯერა), თავადაც გვარიანი დამთხვეული უნდა იყოს... ვინმესთან ან რამესთან.
სხვათა შორის, გათავისუფლების შემდეგ დი-ჯეი „რემბოს“ ბიძინა ივანიშვილი შეხვდა. „რემბო“ და ბერა ივანიშვილი მეგობრობენ და ერთად მუსიკალურ პროექტებსაც ახორციელებდნენ, რაც მის დასაკავებლად დამატებითი სტიმული იქნებოდა. იმ შეხვედრაზე ბატონმა ბიძინამ ასეთი რამ თქვა: „ძალადობას მომავალი არ აქვს, ყველგან იმარჯვებს თავისუფლება. სიმართლის მაძებარ კაცს ალტერნატივა არ აქვს, დროის ამბავია, უბრალოდ. სააკაშვილს უნდა ისტორია გადაწეროს და ბატონყმობას დაუბრუნდეს და პოლიციის შიშით შეინარჩუნოს ხელისუფლება, მაგრამ არ გამოვა არაფერი. შვილივით მიყვარს ირაკლი ღარიბაშვილი და იმის სიმამრსაც ავტომატი ჩაუდეს. 11-ში ის დაიჭირეს, 17-ში შენ. ბოლო მოეღება ამას და ამას წერტილს ქართველი ხალხი დაუსვამს“...
ეჭვი გვაქვს, კიდევ არაერთი ადამიანი გამოჩნდება, ვინც ონიანის „კარგ პოლიციელობაზე“ ისაუბრებს და პროკურატურაც უფრო დაინტერესდება. მერე ვეღარ იტყვის ზაზა ხატიაშვილი, მე ადვოკატს ვიცავო. ადვოკატობამდე ონიანი სამართალდამცავი იყო, მაგრამ უკვე ორი უმძიმესი ბრალი აქვს წაყენებული.