გარემოს დაცვის სამინისტროში რამაზ ნიკოლაიშვილის პროტეჟე დანიშნეს

გარემოს დაცვის სამინისტროში რამაზ ნიკოლაიშვილის პროტეჟე დანიშნეს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი შეიცვალა. მაია სიხარულიძე აღნიშნულ თანამდებობაზე ჯერჯერობით მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით მუშაობს.

როგორც გარემოს დაცვის სამინისტროში for.ge-ს განუცხადეს, მაია სიხარულიძე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მოვალეობის შემსრულებლად სამი თვის განმავლობაში იქნება, შემდეგ კი ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადდება.

„მაია სიხარულიძეს აქვს საჯარო სამსახურში ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. სამსახურის ყოფილი უფროსი ინგა ნიკაგოსიანი კი კვლავ რჩება სამინისტროში, იგი მინისტრის მრჩეველი იქნება და „პიარის“ კუთხით იმუშავებს“, - განმარტა სამინისტროს თანამშრომელმა ეკა ბენდელიანმა.

For.ge. მაია სიხარულიძესაც დაუკავშირდა. იგი აცხადებს, რომ გარემოს დაცვის სამინისტროში დღეს პირველი სამუშაო დღე აქვს, მანამდე კი რამაზ ნიკოლაიშვილის მინისტროსბის პერიოდში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურს ხელმძღვანელობდა.

„გახლდით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი. მანამდე კი კერძო კომპანიებში ვმუშაობდი საკმაოდ დიდხანს, ვმუშაობდი ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის „პიარის“ ხელმძღვანელად. ჟურნალისტიც გახლდით - „202-ზე“ ტელეწამყვანად ვმუშაობდი“, - განაცხადა მაია სიხარულიძემ.

მისივე თქმით, მისი ხელმძღვანელობის პერიოდში უწყება მაქსიმალურად საჯარო, გამჭვირვალე და კომფორტული იქნება ჟურნალისტებისთვის.

გარემოს დაცვის სამინისტროში მაია სიხარულიძის დანიშვნას საზოგადოების ერთი ნაწილი კრიტიკულად შეხვდა. For.ge-ს წყაროს ინფორმაციით, მაია სიხარულიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის რამაზ ნიკოლაიშვილის მხოლოდ ყოფილი თანამშრომელი არ არის, იგი სამინისტროში, თავის დროზე, სწორედ ნიკოლაიშვილმა მიიყვანა და მისი დიდი ნდობით დღემდე სარგებლობს.

წყაროს ინფორმაციით, გარემოს დაცვის სამინისტროში მაია სიხარულიძის დასაქმება, თავის მხრივ, მოქმედ ხელისუფლებასთან რამაზ ნიკოლაიშვილის მიერ ურთიერთობების „დალაგებას“ უკავშირდება.