„მოსამართლე, ვინც კარგად იმუშავებს, დაინიშნება სამუდამოდ“, - იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ამ ფრაზამ იურისტთა საზოგადოებაში კითხვები გააჩინა. ხომ არ ჟღერს ეს ფრაზა „ნაციონალურად“?! ვისაც სააკაშვილისდროინდელ სასამართლოსთან შეხება ჰქონია, ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს მოსამართლის „კარგი“ მუშაობა, ვინ ითვლებოდნენ დაწინაურებულ მოსამართლეებად, რომელთაც მადლიერი ხელისუფლება, სხვადასხვა პრივილეგიებთან ერთად, საზღვარგარეთული ვოიჟებითაც ანებივრებდა.
საინტერესოა ისიც, ვინ უნდა განსაზღვროს, რამდენად კარგად იმუშავებენ თავისუფლებას შეუჩვეველი მოსამართლეები?! შეიძლება, ამ მეთოდმა უცხოეთში გაამართლოს, სადაც მოსამართლე თავად არის კანონმორჩილი, მაგრამ საქართველოსნაირ ქვეყანაში ბევრი მოსამართლე არც კანონთან მორჩილებაშია და არც - საკუთარ სინდისთან. ამდენად, შესაძლოა, „კარგად მუშაობა“ აღმასრულებელი ხელისუფლებისადმი თვინიერებად აღიქვან.
ამას ემატება ისიც, რომ არც თეა წულუკიანი მალავს, რომ სასამართოს ნდობა ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალია, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლე თავისუფალია.
„შვიდი ქვეყნის უცხოელი მოსამართლეები გახლავთ ჩამოსული იმისთვის, რომ დიალოგი შედგეს მათსა დაჩვენს მოსამართლეებს შორის ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე – ეს გახლავთ მოსამართლეების 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა, ვიდრე ისინი თავიანთ პოზიციაზე დაინიშნებიან სამუდამოდ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა „შერატონ მეტეხი პალასში“ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის, გამოსაცდელი ვადის, მონიტორინგისა და შეფასების საკითხზე მუშაობის საერთაშორისო კონფერენციაზე.
For.ge-სთან საუბარში უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი მიიჩნევს, რომ იდეალური სისტემა არ არსებობს და ხარვეზები მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასაც ახლავს და განსაზღვრული ვადით დანიშვნასაც. არის ქვეყნები, სადაც მოსამართლეებს უვადოდ საერთოდ არ ნიშნავენ, თუმცა არის ქვეყნები, სადაც სამწლიანი დროებითი დანიშვნის შემდეგ ნიშნავენ უვადოდ ან სულაც არ ნიშნავენ. ასეთებია გერმანია, რუმინეთი, იაპონია, შვედეთი. ზოგიერთ ქვეყანაში კი მოსამართლეები პირდაპირ ინიშნებიან.
რაც შეეხება საქართველოს, გელა ნიკოლაიშვილი არ მალავს, რომ ამ მოსამართლეთა კორპუსის უვადოდ დანიშვნა, რომლებიც აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა მითითებას ასრულებდნენ ათი წლის განმავლობაში, მარტო წარმოუდგენელი კი არა, დანაშაულია. ისინი დამოუკიდებლად მუშაობას არ არიან შეჩვეულნი, არ აქვთ ასეთი უნარ-ჩვევები. გარდა ამისა, სადავოა, ვინ უნდა გადაწყვიტოს, ამ სამი წლის განმავლობაში ისინი კარგად იმუშავებენ თუ ცუდად?!
„ეს საფრთხე არსებობს - თუ ჩემს ბრძანებებს შეასრულებ, მაშინ დაგნიშნავ უვადოდ, თუ არადა, - არ დაგნიშავ. აქ ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებაზე, ხელისუფლების მიმართ ნდობასა და მონიტორინგზე, რომელიც უნდა დააწესოს საზოგადოებამ თავისი წარმომადგენლების სახით. ხალხმა თავად უნდა გამოიტანოს დასკვნა, კარგად მუშაობდა თუ არა მოსამართლე. ასე რომ, ეს არც თეა წულუკიანის და არც რომელიმე მინისტრის ერთპიროვნული გადასაწყვეტი არ უნდა იყოს“, - აღნიშნა გელა ნიკოლაიშვილმა.
ამასთან, განმარტა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც დამოუკიდებელია სასამართლო და მოსამართლეთა გადაწყვეტილებაში არავინ ერევა, მენტალობაც განსხვავებულია და საფრთხეებიც ნაკლებია, ჩვენთან კი მოსამართლეების სრული დამოუკიდებლობის ტრადიცია არც არასდროს არსებობდა. ამდენად, საშიშია მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა.
უფრო მეტიც, გელა ნიკოლაიშვილს მიაჩნია, რომ ჩვენ შეიძლება მივიღოთ უვადოდ უხარისხო და უვადოდ მორჩილი მოსამართლეები, რომლებსაც ვერ მოვიცილებთ, თუ სისხლის სამართლის დანაშაულს არ ჩაიდენენ. ამ დროს კი შეიძლება, მათ არც ჩაიდინონ სისხლის სამართლის დანაშაული, რომლის დამტკიცებაც ძალიან ძნელია. საბოლოოდ, არც ხარისხიანი და არც დამოუკიდებელი არ იქნება მათი მოღვაწეობა. მით უფრო, რომ ზოგიერთ მათგანს მიუკერძოებლობა და კვალიფიკაცია არ აქვს.
როგორც ადვოკატი, გელა ნიკოლაიშვილი ადასტურებს, რომ წინა ხელისუფლებასთან შედარებით, დღეს აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელნი არიან მოსამართლეები. წესიერმა მოსამართლეებმა ამოისუნთქეს, ვისაც არ სურდა, რომ ოქროს გალიაში ყოფილიყვნენ ჩამჯდარნი, თუმცა ძალიან ბევრი მოსამართლე იმდენ ხანს იყო ოქროს გალიაში, რომ, როცა კარები გაუღეს, გამოფრენა აღარ უნდათ, რადგან ფრენა დაავიწყდათ.
„ხომ არ მიიღეს მოსამართლეებმა დღესაც მიკერძოებული გადაწყვეტილება ბაჩო ახალაიასა და სხვა საქმეების მიმართ?! ასეთი ეჭვები მეც მაქვს, ხომ არ არიან ისინი ჯერ კიდევ დამოკიდებულნი ძველ ხელისუფლებაზე - კოტე კუბლაშვილზე, ნაცმოძრაობაზე?! შესაძლებელია, ბევრი მოსამართლის მიმართ ჰქონდეთ ისეთი კომპრომატები, რომ მათი დაშანტაჟება ადვილი იყოს „ნაცმოძრაობის“ მხრიდან. ასე რომ, სრული თავისუფლება მოსამართლეებს არ აქვთ“, - გვითხრა გელა ნიკოლაიშვილმა.
უფლებადამცველ დიმიტრი ლორთიფანიძის აზრით, ეს არის ერთგვარი ავანსი, რასაც ახალი ხელისუფლება იუსტიციის მინისტრის პირით იმ დამნაშავე მოსამართლეებს სთავაზობს, რომლებიც ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას, თუკი სამართლებრივი სახელმწიფოს აშენებას ვაპირებთ. სხვა არაფერია სამთვიანი გამოსაცდელი ვადა, თუ არა პრინციპი - „როგორც მოიქცევი, ისე დაიმსახურებ“. როგორც ჩანს, ძველი რეჟიმისადმი მორჩილი მოსამართლეების გადმომისამართება ხდება ახალი ხელისუფლების მონა-მორჩილების განკარგულებაში.
„ეს ინიციატივა დიდი სიფრთხილის შემცველია იმ პირობებში, როდესაც მოსამართლეთა კორპუსი ძირითადად დაკომპლექტებულია იმ მოსამართლეებით, რომლებიც წინა ცხრა წლის განმავლობაში ჩადიოდნენ გაუგონარ უკანონობას, როდესაც 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, 200 პოლიტპატიმარი გამოვლინდა ქვეყანაში ამ უკანონო განაჩენების მიღმა. აღარ მაქვს საუბარი ადმინისტრაციულ და სამოქალაქო წარმოებებზე, რომლის ძალითაც ბევრმა ადამიანმა დაკარგა ქონება. ამ ქონების საერთო ღირებულება კი 7 მილიარდ ლარამდე თავად ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განსაზღვრა. მაშინ, როცა არ მომხდარა პოლიტპატიმრების რეაბილიტაცია, არ მომხდარა ხარვეზების დამდგენი სახელმწიფო კომისიის ამოქმედება, ლაპარაკი იმაზე, ვინც კარგად იმუშავებს, დაიმსახურებს უვადოდ გამწესებას მოსამართლის თანამდებობაზე, ან უმეცრებაა, ან ცინიზმითა და სარკაზმით შეზავებული პოლიტიკური განცხადებაა. ამიტომ მოსახლეობა თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რითი ჩაანაცვლოს ის ნდობა, რამაც ეს ხელისუფლება მოიყვანა თანამდებობებზე“, - აცხადებს დიმიტრი ლორთიფანიძე For.ge-სთან საუბარში.
ამასთან, ფიქრობს, რომ დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკის დაინერგვა მხოლოდ მისასალმებელია, მაგრამ მოსამართლე დამნაშავე იყოს წარსული წლების სისხლიანი რეჟიმის პირობებში, ასეთი რამ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ეს ნიშნავს, რომ მოსამართლეები დღეს შანსს იღებდენ, მეორე წრეზე წავიდნენ და უვადოდ გამწესდნენ. პირველი ასეთი ნაბიჯი კი გადაიდგა მაშინ, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმ მოსამართლეებითაც დაკომპლექტდა, რომლებსაც ერთპიროვნულად აქვთ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებები პოლიტიკური პატიმრების წინააღმდეგ.
„ეს რამდენად ჯდება სამართლებრივი სახელმწიფოს ჩარჩოებში, ამაზე თავად წულუკიანმა უპასუხოს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუცია ჭრა-კერვის კურსებს დაამსგავსა სააკაშვილმა და 2010 წლის რედაქციით, მოსამართლის ხელშეუხებლობის სამმაგი დაცვა უზრუნველყო, მათ პასუხი მაინც მოეთხოვებათ. პოლიტიკური ნიშნით პირის განზრახ დაპატიმრება, მართლმსაჯულებაში გადაცემა და უკანონო, პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენის დადგენა პირდაპირ იწვევს მოსამართლის პასუხისმგებლობას მუხლით, რაც განსაზღვრულია სისხლის სამართლის კოდექსის სამოხელეო თავით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს პროკურატურას არ უნდა გაუჭირდეს მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება. თორემ, რაც უფრო შორს მივდივართ, მით უფრო სცდებიან საზოგადოების ნებას. გირგვლიანის საქმის და სხვა საქმეების განმხილველი ათეული მოსამართლე დღესაც რამდენად შეეფერება თანამდებობაზე დარჩენას, ეს თვალში ნაცრის შეყრის მცდელობაა საზოგადოებისთვის“, - მიაჩნია დიმიტრი ლორთიფანიძეს.