დასავლეთ საქართველოში ფუტკრის ოჯახებს დაავადება ანადგურებს. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საფუტკრეების ნახევარი შეიძლება განადგურდეს. შემცირდება მოსავლიანობა, შესაბამისად გაძვირდება თაფლი, რადგან ბაზარზე დეფიციტი გაჩნდება.
პრობლემა ტროპილელაფსმა შექმნა - პარაზიტმა, რომელიც ფუტკრის ოჯახების ძლიერ დასუსტებას და განადგურებას იწვევს. ქვეყანაში დაავადება პირველად 2023 წელს დაფიქსირდა და არაერთი ფუტკრის ოჯახი გაანადგურა.
ალავერდის მონასტრის საფუტკრე მეურნეობის წარმომდაგენელი შოთა კალანდარიშვილი ამბობს, რომ პრობლემის გამწვავება თაფლის მოსავალს შეამცირებს, ხოლო თაფლს გააძვირებს.
„შემოდის ახალი დაავადებები, ისეთი როგორიც არის ტკიპა, ტროპილელაფსი. ჩვენ ვიცით, რომ ამის გამჩერებლები არ ვართ. ეს დაავადება გავრცელდება უფრო მეტად, უნდა ვისწავლოთ მასთან ბრძოლა რომ ვარეგულიროთ და ვაკონტროლოთ მისი რაოდენობა, რომ არ დაგვიზიანოს საფუტკრეები. ეს მსოფლიო პრობლემაა. შარშან დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდა და ამ პარაზიტს აქვს გამრავლების ძალიან დიდი უნარი. უფრო მეტად აზიანებს ფუტკარს, ვიდრე ცნობილი დაავადებები. შექმნილია უკვე სამუშაო ჯგუფი, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მიდის მუშაობა, რომ ერთობლივი ძალებით მოხდეს ლოკალიზება.
დასავლეთ საქართველოში უკვე განადგურდა ფუტკრის ოჯახები, რაც აისახება მოსავალზე და სავარაუდოდ, თაფლის ფასი გაიზრდება“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ვეტერინარიის კომიტეტის ხელმძღვანელი, გიორგი ლაკვეხელიანი ამბობს, რომ მათ შესაბამის უწყებებთან კომუნიკაცია უკვე რამდენიმე თვეა აქვთ, მაგრამ დროულად ნაბიჯების გადადგმა ახლა დაიწყო, მათი შეფასებით, პროცესები დაგვიანებულია, რაც დასავლეთ საქართველოში ფუტკრის ოჯახების განადგურებაში გამოიხატა.
„ეს მოსავლიანობაზე იმოქმედებს. როცა დაავადება დაფიქსირდა გაიდლაინი შევიმუშავეთ, ჩავატარეთ შეხვედრები, მაგრამ ის პროცედურები, რომელიც ჩვენ მაშინ შევიმუშავეთ იყო შემოდგომაზე ჩასატარებელი, გაზაფხულზე ძალიან რთულად გვაქვს საქმე. ამ პერიოდში უფრო სწრაფად მრავლდება პარაზიტი.
საჭირო იყო ხალხის მომზადება, საინფორმაციო ჯგუფების შექმნა, ბოლოს მივედით იქამდე რომ ძალიან მოუმზადებელი შევხვდით პროცესს, მეფუტკრე ვეტერინარები ფიზიკურად არ გვყავს. გამოსავალი შეიძლება მოვძებნოთ, მაგრამ 1-2 წლის განმავლობაში ჩვენ ამ პროცესში ვიქნებით. სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს ირაკლი ჯანაშია, რომელიც რაღაც კვლევებს დაიწყებს, მაგრამ კვლევები შედეგებს დადებს წლების შემდეგ, მანამდე რას ვშვრებით?
საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებამ, ყველას ვისაც ფუტკართან ჰქონია შეხება, უნდა შევიმუშაოთ გზამკვლევი. ჩემი ვარაუდით, წელს გვექნება 50% ფუტკრის განადგურება“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ - გიორგი ლაკვეხელიანმა.
ვითარების დრამატულობას ადასტურებს საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელი ალეკო პაპავაც. როგორც მან აღნიშნა, ფუტკრის ტროპილელაფსოზის დაავადება პირველ ეტაპზე აზიიდან რუსეთში გავრცელდა, რუსეთიდან აფხაზეთში და შემდეგ შემოაღწია საქართველოს სხვა რეგიონებში. ეს არის დაავადება რომლის გავრცელების შეჩერებაც შეუძლებელია.
„დაავადება ჩვენთვის და მსოფლიოსთვის არის ახალი. ეს არის პარაზიტი ტკიპი, რომელიც ტროპიკული ფუტკრიდან გადმოვიდა. ტკიპა შარშან გაზაფხულზე შემოვიდა და დაგვიგროვდა პატარ-პატარა გამოცდილება თუ როგორ უნდა ვმართოთ დაავადება. ამის გავრცელების აღკვეთა შეუძლებელია და მეფუტკრეები უნდა მოემზადონ, რომ დაავადების მართვა მოხდეს საფუტკრეებში.
ვფიქრობ, ზარალი დიდი იქნება. ჩვენი ვარაუდით, საქართველოს მასშტაბით 50%-60%-საც შეიძლება მიაღწიოს ფუტკრის ოჯახების დაცემამ.
ჩვენი მეფუტკრეებისი უნდა შეეგუონ, როგორც დღეს საფუტკრეებში გვყავს ტკიპა ვაროა, ისევე გვეყოლება ტკიპა ტროპილელაფსი. ვეცადოთ უნდა ამ ტკიპის კონტროლს, რომ მან არ გამოიწვიოს ფუტკრის ოჯახების სრული განადგურება“, - განაცხადა პაპავამ.