ვიდრე სკანდალის დეტალებს გაგაცნობთ, თავიდანვე გეტყვით, რომ თუ გიყვართ, განაგრძეთ რძისა და რძის პროდუქტების მოხმარება, მაგრამ ერთი პირობით - კარგად დახედეთ ეტიკეტს, გულდასმით შეამოწმეთ პროდუქტის ვარგისიანობის ვადა, დარწმუნდით, რომ ლაბორატორიულად შემოწმებულია და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძინეთ. ნუ შეგაშინებთ ინფორმაცია, რომლითაც ძროხების საკვებ რაციონში ფრინველების ბიოლოგიურ ნარჩენები „აღმოჩნდა“, რაც სხვათა შორის, ბუნებრივი პროტეინებია და რასაც ის კომპანია, უკვე დიდი ხანია, აღარც კი იყენებს. ნურც აფლატოქსინი შეგაშინებთ რძეში - ჯერ ერთი, დაბინძურებული პროდუქცია უკვე ამოიღეს და გაანადგურეს და მეორეც, დიდი ხანია, სურსათის ეროვნული სააგენტო რეგულარულად ამოწმებს სხვადასხვა საკვებ პროდუქციას.
მოკლედ, „სკლინტიანი“ და გნებავთ, „აფლატოქსინიანი რძე“, კარგად დაგეგმილი, ბინძური პროვოკაციაა, რომელიც ბაზარზე „კარგად გაიყიდა“ - ფაქტია, რომ ერთ კვირაზე მეტია, ამ თემას აქტუალობა არ დაუკარგავს. გიმეორებთ, თამამად მიირთვით რძე და რძის პროდუქტები, ოღონდ არ დაგავიწყდეთ, რომ როგორც მომხმარებლებს, სრული უფლება გაქვთ, იცოდეთ, რას მიირთმევთ...
სკანდალის დასაწყისი - „რადიო თავისუფლების“ გამოძიება
დიახ, ყველაფერი „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტური გამოძიებით დაიწყო. ამ სტატიით გაირკვა, რომ რძის მწარმოებელი კომპანია „ყვარლის ბაგა“, რომელსაც ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ხელმძღვანელობს და რომელსაც ათასობით ძროხა ჰყავს, თურმე, ადრე, საქონლის გამოსაკვებად ქათმის ნაკელს იყენებდა. „ყვარლის ბაგის“ რძეს კი კომპანიები - „სანტე“, „სოფლის ნობათი“, „აგროჰაბი“ და „ყვარლის ბაგის“ შვილობილი „რძის ლაბორატორია“ ყიდულობდნენ. თავის მხრივ, „ყვარლის ბაგას“ და „ჩირინას“ („ბიუ-ბიუ“) შორის, სასამართლო დავა მიმდინარეობდა.
2018-2019 წლებში, „ყვარლის ბაგა“ შპს „ჩირინას“ 200-მდე ძროხის დახოცვაში ადანაშაულებდა და ამტკიცებდა, რომ „ჩირინასგან“ ნაყიდ ნაკელში ანტიბიოტიკი აღმოჩნდა. კომპანია „ჩირინამ“ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ „ბიუ-ბიუს“ პროდუქციას, პერიოდულად, სურსათის ეროვნული სააგენტო (სეს) ამოწმებს და რომ მათი პროდუქტი სუფთაა.
„სკლინტიანი რძის“ სკანდალიდან რამდენიმე დღეში, სეს-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომლითაც „სოფლის ნობათის“ (შპს „ვიმ ბილ დან“) რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოავლინა. კერძოდ, იმპორტირებული რძის ხუთ ნიმუშში, რომლიდანაც ერთი ბავშვთა კვებისთვისაა განკუთვნილი, აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა. იმ დღესვე, სეს-მა დაბინძურებული პროდუქციის ბაზრიდან ამოღება და განადგურება დაიწყო.
მივყვეთ მოვლენების ქრონოლოგიას. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, 2018 წლის ზაფხულში, საქართველოში, ნედლი რძის მწარმოებელი ფერმის - „ყვარლის ბაგა“ მფლობელი ლაშა პაპაშვილი, ქათმის ხორცის ყველაზე მსხვილ მწარმოებელ კომპანია „ჩირინას“ („ბიუ-ბიუ“) ქათმის ნაკელის შესყიდვაზე შეუთანხმდა. ერთი წლის მანძილზე, „ყვარლის ბაგამ“ „ჩირინასგან“, დაახლოებით, 2 700 ტონა ქათმის ნედლი, გადაუმუშავებელი ნაკელი შეიძინა.
გარიგებიდან ერთი წლის თავზე, „ყვარლის ბაგამ“ პარტნიორ კომპანიას წაუყენა პრეტენზია, რომ მათგან ნაყიდმა ქათმის ნაკელმა, რომელსაც ძროხებს აჭმევდნენ, საქონელი დახოცა, რის გამოც ლაშა პაპაშვილის კომპანიას 1.65 მილიონი ლარის ზარალი მიადგა. „ჩირინამ“ პრეტენზიები არ მიიღო, რადგან მათი განმარტებით, ქათმის ნაკელს ის სასუქად ყიდდა და არა საკვებად.
2020 წელს, ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგამ“ „ჩირინას“ სასამართლოში უჩივლა. სასამართლო დავას კომპანიებს შორის, სამი წელი უშედეგოდ განიხილავდა რუსთავის სასამართლო. 2024 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ეს დავა დაჩქარებულად განიხილა და დეკემბერში, პაპაშვილის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა.
„რადიო თავისუფლების“ გამოძიებას დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან „ყვარლის ბაგა“ ნედლ რძეს აწვდის ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: „სანტე“, „სოფლის ნობათი“, ასევე ჰიპერმარკეტების ქსელი „აგროჰაბი“ და ამ კომპანიებს საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ჰყავს.
„სანტეს“, „აგროჰაბისა“ და „ყვარლის ბაგას“ განცხადებები
ჟურნალისტურ გამოძიებას განცხადებებით უპასუხეს „სანტემ“, „აგროჰაბმა“ და „ყვარლის ბაგამ“. „აგროჰაბში“ განაცხადეს, რომ ნებისმიერი ნედლეული, თუ პროდუქტი, რომელსაც კომპანია იღებს სხვა მომწოდებლისგან, რამდენიმესაფეხურიან დამატებით შემოწმებას გადის მათსავე ლაბორატორიაში. კომპანიის განმარტებით, „სრულიად გამორიცხულია ნედლეულმა გადმოკვეთოს „აგროჰაბის“ წარმოების საზღვარი და შემდეგ, პროდუქტის სახით გავიდეს საწარმოდან, რომელიც რამე სახით არ აკმაყოფილებს ხარისხის მოთხოვნებს“.
რაც შეეხება „სანტეს“, კომპანიის განცხადებით, „ნებისმიერი ნედლეული - რძე, რომელსაც „სანტე“ იღებს, შემოწმებულია ხარისხის უმაღლესი ევროპული სტანდარტით. თუ რძე ატარებს რამე ტიპის პოტენციურ რისკს ხარისხთან დაკავშირებით, არ მიიღება და არ ვიყენებთ წარმოებაში“. მათივე ცნობით, „სანტე“ იყო პირველი, რომელმაც 2018 წელს, რამდენჯერმე აღმოაჩინა ხარისხობრივი შეუსაბამობა „ყვარლის ბაგას“ მიერ მიწოდებულ რძეში და შესაბამისად, არც შეისყიდა.
სპეციალური განცხადება გაავრცელა შპს „ყვარლის ბაგამაც“, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2019 წლიდან, „ყვარლის ბაგას“ კვების რაციონში ქათმის ნარჩენები აღარ გამოყენებულა (!). მეტიც, კომპანიისვე განმარტებით, „ყვარლის ბაგას“ რძის ხარისხი აღემატება ბევრი დასავლური ქვეყნის მწარმოებლის რძის ხარისხს. ამასთან, ფერმაში აცხადებენ, რომ ყველა კომპანიასთან, რომლებსაც „ყვარლის ბაგა“ რძეს აწვდიდა, დღემდე გრძელდება თანამშრომლობა.
„ქათმის ნარჩენების ძროხის საკვებ დანამატად გამოყენების დასაშვებობას ადასტურებს ცხოველთა კვების რესურსების ონლაინ მონაცემთა ბაზაც. ანტიბიოტიკების კვალის აღმოჩენისთანავე, დავიწყეთ მოკვლევა და დამოუკიდებელი ლაბორატორიების (როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო) მიერ მოწოდებული დასკვნის მიღებისთანავე, რომლითაც დადასტურდა შპს „ჩირინას“ პროდუქციაში ანტიბიოტიკის არსებობა, 2019 წელს, შპს „ჩირინასთან“ თანამშრომლობა შეწყდა და შპს „ყვარლის ბაგას“ კვების რაციონში ქათმის ნარჩენები აღარ გამოყენებულა.
ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ წუნდებული რძე არ ჩაშვებულა არც შპს „ყვარლის ბაგას“ და არც სხვა რომელიმე შემსყიდველის წარმოებაში, იგი განადგურებულ იქნა და სწორედ რძის დანაკარგით და მეურნეობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს შპს „ყვარლის ბაგა“, შპს „ჩირინასგან“. „ყვარლის ბაგა“ ღიაა კომუნიკაციისთვის და მზად არის, ნებისმიერ, დაინტერესებულ მხარეს მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია“, - წერია შპს „ყვარლის ბაგას“ განცხადებაში.
აფლატოქსინი რძეში
3 აპრილს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სეს-მა რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოავლინა. სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა, 28 მარტს, შპს „ვიმბილდან საქართველოში“ („სოფლის ნობათი“) სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს.
მათივე ცნობით, ინსპექტირების შედეგად, საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა, თუმცა დაფიქსირდა სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნეს-ოპერატორი დაჯარიმდა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით: „აფლატოქსინების ის რაოდენობა, რაც „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა, მწვავე მოწამვლას ვერ გამოიწვევს. მათი მიღება ხანგრძლივი დროით და დიდი დოზით უნდა გაგრძელდეს, რომ ღვიძლის, ან სხვა, უფრო მძიმე დაავადება გამოიწვიოს. ამ რაოდენობაზე კი, რომელიც ბევრ განვითარებულ ქვეყანაში არსებულ დასაშვებზე ნაკლებია, ეს საშიშროება არ არსებობს“.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, ტოქსიკოლოგებსა და ექსპერტებთან შეხვედრა გამართა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - ირაკლი სასანია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - აპოლონ კაკაბაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი - ზურაბ ჩეკურაშვილი ესწრებოდნენ.
როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, სხვადასხვა ქვეყანაში, აფლატოქსინების სხვადასხვა ნორმატივებია. მისივე განცხადებით, საქართველო ევროპული ნორმატივებით ხელმძღვანელობს, რომელიც ამერიკულზე ათჯერ მკაცრია.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სეს-ი კვლავ გააგრძელებს უწყვეტ კონტროლს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სურსათის ეროვნული სააგენტო, ყოველდღიურად, ასობით სხვადასხვა დასახელების პროდუქტს ამოწმებს, რათა მოსახლეობისთვის მხოლოდ უვნებელი პროდუქტი იყოს ხელმისაწვდომი.
დარგის ექსპერტის პროფესიონალური ანალიზი
რძის ბაზარზე აგორებული სკანდალის დაწყებიდან დღემდე, ყველა მას ურეკავს და ეკითხება, როგორ მოიქცეს. გამონაკლისი არც For.ge გახლავთ, რადგან ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე და მკვლევარი - ანა მიქაძე-ჩიკვაიძე გახლავთ დარგის ექსპერტი, რომელიც წლებია, დაუფარავად აცხადებს, რომ რძის პროდუქტები, რომლებსაც ადგილობრივ ბაზარზე ან სხვადასხვა მარკეტებში ვყიდულობთ, შესაძლოა, ადამიანის ჯანმრთელობისთვის კრიტიკულად საშიში და სახიფათო იყოს. წლებია, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე სახელმწიფო რეგულაციების გამკაცრებას ითხოვს.
„მე გახლავართ ყველის ისტორიის მკვლევარი, ეთნოგრაფი და რეცეპტების შემგროვებელი. წლებია, ამ საქმეს ვემსახურები და ეს პრობლემებიც ჩემთვის ცნობილია. ნებისმიერი, ადამიანის მოყვარე სახელმწიფო ამკაცრებს რეგულაციებს, რადგან ძროხა, თხა, კამეჩი - ყველაფერი, რაც გვაძლევს რძეს, ბიოლოგიური არსებები არიან. ამიტომ, მინდა, ეს მტკივნეულად არ განიცადონ ფერმერებმა, არ მიიღონ პირად შეურაცხყოფად... ამ ბიოლოგიურ არსებას ყველა ის დაავადება ემართება, რაც უნდა დაემართოს. თუ ეს არსებები გვაძლევენ სარჩოს და ვიკვებებით მათი ნედლეულით, ბუნებრივია, ყურადღება გაათმაგებული უნდა იყოს, სახელმწიფოც და მომხმარებლებიც „ჩასაფრებულები“ უნდა ვიყოთ, რომ არაფერი გამოგვეპაროს.
პირველი, ვინც ამას აკონტროლებს, არის ადამიანი და რასაც აკეთებს საოჯახო მეურნეობაში, მიირთმევს თვითონ. შესაბამისად, პირველი რისკ-ჯგუფი, სწორედ ფერმერები და წვრილი მეურნეობები არიან, შემდეგ უკვე ის ადამიანები, რომლებიც იძენენ მათგან რძეს და იწყებენ წარმოებას, ბოლო რგოლი ვართ მომხმარებლები ანუ მე და თქვენ - ყველაზე ბოლო რგოლი ვართ იმ ჯაჭვისა, რომელმაც გამოიარა რძის შეგროვება, მოვიდა ქარხნამდე, ქარხანამ გააკეთა პროდუქტი, მიაწოდა მაღაზიას, ან რესტორანს და შემდეგ ვიყიდეთ ჩვენ. ამას ჰქვია ზუსტად მიკვლევადობის სამსახური“, - განუცხადა For.ge-ს ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ.
მისი თქმით, რძე ყველაზე მგრძნობიარე ნედლეულია და მარტივადაც ბინძურდება. შესაძლოა, უამრავ ადგილას დაბინძურდეს და ეს მხოლოდ ფერმერის ბრალი არ არის, დიდი რგოლი და ჯაჭვია წარმოების, მათ შორის, ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოები, იგივე სურსათის ეროვნული სააგენტო.
„აქვე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და გამოვხატო ჩემი უდიდესი პატივისცემა ამ გუნდის მიმართ, ძალიან ცოტანი არიან და ეს არის ჩვენი უბედურება, თორემ სურსათის უვნებლობის უმაღლესი კლასის სამსახური გვყავს. როგორ შეიძლება, ასეთი მცირერიცხოვანი არმია გვყავდეს მაშინ, როდესაც უზარმაზარი პრობლემები გვაქვს. არავინ იცის იმ ნახირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მინდორშია მიშვებული.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ინტენსიური განათლებაა საჭირო. აქცენტი უნდა გაკეთდეს, რომ შესაძლოა, გლეხმა არ იცოდეს, რა დაავადება აიკიდა მისმა საქონელმა. თამამად შეიძლება, რძის ეს პროდუქტი საკუთარ შვილებსა და ოჯახს მიართვას, ამიტომ 24-საათიან რეჟიმში, პრესის, ტელევიზიებისა და ექსპერტების საშუალებით უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, რომ მწველავის ხელი და საქონლის ცური დასაბანია“.
For.ge-თან საუბრისას, ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ აღნიშნა, რომ რძის ბაზარზე არსებული სკანდალის გამო, რამაც მთელი ქვეყანა აგვაფორიაქა, მისი ტელეფონი არ გაჩერებულა. ყველა ეკითხება, რა მოხდა სინამდვილეში, რძის რომელი პროდუქტი მივირთვათ, ან ბავშვს რომელი რძე დავალევინოთ:
„მას შემდეგ, მეც პირველი კურსის სტუდენტივით ვმეცადინეობ, ყველაფერს ხელახლა ვკითხულობ და ვეცნობი კვლევებს. იცით, რომ ჯანსაღ რძეში, სომატური უჯრედების რაოდენობა უნდა იყოს 100 000, მაგრამ ქართულ რძეში 500 000-ია! ეს ნიშნავს, რომ დაბინძურების ყველა ზღვარს აჭარბებს. ეს სკანდალი ზღვაში წვეთია და 20 წელზე მეტია, ამაზე ვსაუბრობ, თანაც ფრთხილად, მორიდებით, მოფერებით, რომ არ ეწყინოს გლეხს, ფერმერს, მეწარმეს, დიდ კომპანიას, რადგან ეს არ არის მარტივად მოსაგვარებელი საქმე - მსოფლიოს დიდმა ქვეყნებმა უამრავი წინააღმდეგობა გადალახეს, ვიდრე აქამდე მოვიდოდნენ. ერთხელ, იტალიის ერთ-ერთ ქალაქში, ტრადიციულ ფესტივალზე, ალპებიდან ჩამოსულ მეყველეებს გავესაუბრე და ვკითხე, იყო თუ არა მათთან ბრუცელოზი. აღმოჩნდა, რომ ტერმინის დონეზეც კი არ ახსოვდათ, იმდენად აღმოფხვრილია მათთან ეს პრობლემა. არადა, ხუთი-ექვსი წლის წინ, სხვისი სახელით, თავადვე ვუჩივლე საკუთარ თავს, ჩემივე ყველის შემოწმების მიზნით და აღმოჩნდა, რომ რძეში 14 დასახელების დაბინძურება იყო! ამიტომ, როდესაც მეკითხებიან, რომელი ყველი მივირთვათ - ქარხნული წარმოების, თუ გლეხის მომზადებული, ვპასუხობ, არც ერთი, თუ შემოწმებული არ არის!“
"ყვარლის ბაგისა" და "ჩირინას" დავა ახალი ამბავი ნამდვილად არ არის, მაგრამ მისი გააქტიურება, საკუთარი დამაარსებელი ქვეყნის მიერ დახურული მედიის მიერ, საეჭვოდ დაემთხვა, საქმის გასკანდალებიდან ოთხ დღეში ქართულ წარწერებიანი პოლონური წარმოების რძის გამოჩენას სავაჭრო ქსელში.
გამოდის რომ, ეს არის ბაზარზე კონკურენტების მიზანმიმართული დიკრედიტაციის პროცესი და არაფერი აქვს საერთო მომხმარებელთა ინტერესების დაცვასთან.
სკანდალის მეორე მიმართულება, აფლატოქსინი, ერთდროულად აზერბაიჯანის და საქართველოს ადგილობრივი წარმოების გასანადგურებლად არის გენერირებული.
კვების პროდუქტების ხარისხის კონტროლი მუდმივად აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ ამაზრზენია ამ თემების ბიზნეს-სკანდალებად ქცევა, მით უმეტეს, საეჭვო რეპუტაციის მედია საშუალებების მიერ.