რამდენიმე დღეა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკაში იმპორტირებულ ყველა ახალ ავტომობილზე 25%-იანი ტარიფები დააწესა. ეს მოცემულობა იმპორტიორ ქვეყნებს, ადრე თუ გვიან, პრობლემებს შეუქმნის, რადგან ახალთან ერთად, დროთა განმავლობაში ძველი ავტომობილებიც გაძვირდება. სახელდება სხვადასხვა ვადა, როდესაც მეორადი მანქანების ბაზარი ტრამპის გადაწყვეტილების შედეგს იგრძნობს.
ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ალექსი ნონიაძის თქმით, მოსალოდნელია, რომ ამერიკაში ახალი ავტომობილები, საშუალოდ, 25%-ით გაძვირდება, რაც გავლენას მოახდენს მეორადი ავტომობილების ფასებზეც, ეფექტი კი საქართველოსთვის დაახლოებით 3-4 თვის ვადაში იქნება საგრძნობი.
„საერთო ჯამში, მეორადი ავტომობილები ბაზარზე შემცირდება, იქიდან გადმომდინარე, რომ ამერიკის მოქალაქეების დაფიქრდებიან სანამ ახალ ავტომობილებს შეიძენენ. მეორადი ავტომობილების ბაზრის შემცირება გამოიწვევს დეფიციტს და ჩვენთან ფასების ზრდას. პირდაპირ არ არის ტარიფები დაწესებული ჩვენს ბიზნესზე, მაგრამ შესაძლოა, 3-4 თვეში ასახვა ჰპოვოს ჩვენზეც. თუმცაღა, მოლოდინი ნეგატიურად მოქმედებს, ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ უფრო ადრეც დაიწყოს შედეგებმა ასახვა, ვიდრე ამას ველოდებით“, - აღნიშნა ნონიაძემ.
უკეთესის მოლოდინი არც სხვა დილერებს აქვთ. როგორც ავტოიმპორტიორმა ჯაბა გოგინაშვილმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ ხელოვნურად არ მოხდა აუქციონზე ფასის აწევა, საქართველოში იმპორტირებულ ავტომობილებზე ფასის გაზრდა მყისიერად არ არის მოსალოდნელი, მაგრამ ეს ალბათ 1 წლის განმავლობაში მაინც მოხდება.
„პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ჩვენზე ბევრია დამოკიდებული, რადგან შუა აზიის ქვეყნები, აზერბაიჯანი და სომხეთი, გვინდა არ გვინდა, ქართულ კომპანიებზე არიან დამოკიდებული და საქართველოს გავლით ხდება ვაჭრობა. აქ იმხელა მოთხოვნაა, რომ ხელოვნურად იზრდება ფასები აუქციონებზე, რადგან კონკურენცია დიდია და ერთი და იმავე მოდელზე ბევრი ვაჭრობს“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას გოგინაშვილმა.
ავტოიმპორტიორი განმარტავ, რომ თუ აუქციონებზე ფასი ხელოვნურად არ ასწიეს, ტრამპის გადაწყვეტილების შედეგებს საქართველო დაახლოებით ერთი წლის შემდეგ იგრძნობს.
„თუ ხელოვნურად არ გაიზარდა ფასი აუქციონზე, ეფექტი მყისიერი არ უნდა იყოს. ვფიქრობ, 1-2 წელში დაიწყება გაძვირება, რადგან ტრამპის გადაწყვეტილება ეხება ახალ ავტომობილებს და არა - მეორადს. ავტომობილი ამერიკაში ჯერ ცენტრმა უნდა გაყიდოს ძვირად, ამერიკის მოქალაქემ უნდა გამოიყენოს, რაიმე მიზეზის გამო გაყიდოს აუქციონზე და უკვე გაზრდილი ფასით უნდა ვიყიდოთ ჩვენ. ამას დასჭირდება მინიმუმ ერთი წელი, მაგრამ ფასის ზრდა, ცხადია, იქნება კონკრეტულ ეტაპზე“, - განაცხადა გოგინაშვილმა.
ცნობისთვის, 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტზე შემოვიდა 19 765 ავტომობილი, რომლის ღირებულებამაც 326.8 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ავტომობილების უდიდესი ნაწილი ქვეყანაში შემოვიდა ამერიკიდან. უფრო კონკრეტულად, საანგარიშოპერიოდში აშშ-დან იმპორტირებულია 193 495 530 დოლარის ღირებულების 15 301 ერთეული ავტომობილი. საანგარიშო პერიოდში ერთი ავტომობილის იმპორტი ქვეყანას გადასახადების გარეშე, საშუალოდ, 12 645 დოლარი უჯდებოდა, თუმცა ფასი მოდელისა დაწლოვანების მიხედვით შესაძლოა უფრო მეტი ან ნაკლები ყოფილიყო.
აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკაში იმპორტირებულ ავტომობილებსა და ავტომობილების ნაწილებზე 25%-იანი ტარიფების დაწესება გამოაცხადა და იგი ძალაში შევიდა კიდეც. დონალდ ტრამპის თქმით, ახალი ტარიფები გამოიწვევს ავტომობილების ინდუსტრიის „უზარმაზარ ზრდას“ და ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილებისა და ინვესტიციების ზრდას აშშ-ში. ჟურნალისტების შეკითხვაზე, არსებობს რაიმე შანსი, რომ ის კურსს შეცვლის, ტრამპმა უპასუხა: „არა. ეს მუდმივია“.