უკრაინის კრიზისი - ეკონომიკა პოლიტიკას უფსკრულში მიჰყვება

უკრაინის კრიზისი - ეკონომიკა პოლიტიკას უფსკრულში მიჰყვება

უკრაინა ეკონომიკური კოლაფსის წინაშეა, უკეთესი დღე არც რუსეთს ელის. კიევში დაწყებული და ყირიმში გაგრძელებული მოვლენები გლობალურ ეკონომიკაზე უკვე აისახა.

მოსკოვის საფონდო ბირჟის ინდექსი უკვე 11%-ით დაეცა, ხოლო სავალუტო ბირჟისა კი - 9,5%-ით. როგორც რუსული საინფორმაციო წყაროები იუწყებიან, ინდექსების დაცემის გამო ადგილობრივმა კომპანიებმა, საერთო ჯამში, 2 ტრილიონი რუბლი დაკარგეს. აშშ-ისა და ევროპის მხრიდან მოსალოდნელი სანქციების გათვალისწინებით, ექსპერტები რუსეთიდან საინვესტიციო კაპიტალის გადინებას ვარაუდობენ.

პანიკა კი რუსეთისთვის აშშ-სა და ევროპის მიერ მოსალოდნელი ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე გავრცელებულმა განცხადებამ გამოიწვია. მოსკოვის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა დილიდან აქციების გაუფასურებით დაიწყო. უკრაინასთან პოლიტიკური დაძაბულობის ესკალაციის ფონზე, რომელიც საომარ ვითარებაში შეიძლება გადაიზარდოს, მოსკოვის საფონდო ბირჟისა და საერთაშორისო სავალუტო ბირჟის ინდექსები ვაჭრობის დაწყებიდან პირველივე წუთებში 4,8%-5%-ით შემცირდა.

რუბლის კურსი, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა, ისედაც დევალვაციას განიცდის, დოლართან მიმართებაში 1,4%-ით დაეცა, კომპანიათა აქციების უდიდესი ნაწილი 10%-ით გაუფასურდა.

მათ შორის, გაიაფდა ისეთი გიგანტი კომპანიების ფასიანი ქაღალდები, როგორიცაა „ვითიბიბანკი“ (9,5%-ით), „გაზპრომი“ (13%-ით), „გაზპრომ ნეფტი“ (5,3%-ით), „ლუკოილი“ (7,6%-ით), „ნოვატეკი“ (2,7%-ით), „ნორნიკელი“ (3,5% -ით), „პოლუს ზოლოტო“ (3,5%-ით), „როსნეფტი“ (4,1%-ით), „როსტელეკომი“ (9%-ით), „სბერბანკი“ (15%-ით), „სურგუტნეფტეგაზი“ (3,8%-ით), „ტატნეფტი“ (2,7%-ით).

ნეგატიური ამბების ფონზე მსოფლიოში 1,5%-ით გაძვირდა „ბრენტის“ ტიპის ნავთობის აპრილის კონტრაქტები და უკვე 110 დოლარს გადააჭარბა, „ლაითის“ ღირებულება კი 1,2%-ით გაიზარდა - 103 დოლარამდე. ბუნებრივი აირის ფიუჩერსებზე კი, ფასმა 2,8 პროცენტით იმატა და 1 მილიონ ბრიტანულ თერმულ ერთეულზე 4.736 აშშ დოლარი შეადგინა.

ბაზრის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ბუნებრივი რესურსების ფასები მატებას გააგრძელებს, რადგან ბაზარი უკიდურესად მგრძნობიარეა უკრაინაში დაწყებულ მოვლენებთან მიმართებაში. ეს ტენდენცია უფრო მეტად შესამჩნევი იქნება გაზზე, ვიდრე ნავთობზე, რადგან, ნავთობის ბაზარი კარგად დივერსიფიცირებულია. უკრაინის კრიზისი, სავარაუდოდ, რისკების დასაზღვევად ნავთობის ფასს ბარელზე 5 დოლარით გააძვირებს.

კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა მარცვლეულის ბირჟებზე. ამას უცხოელ ექსპერტებთან ერთად ქართველი სპეციალისტებიც ადასტურებენ.

„თუკი უკრაინაში დაძაბულობა დიდხანს გავრცელდება, ხორბალი და სიმინდი აუცილებლად გაძვირდება“, - განუცხადა „ბიპიენს“ სატრეიდერო კომპანია „აგრიკომის“ დამფუძნებელმა, კოკი ოსიპოვმა.

არეულობის გამო უკრაინაში საგაზაფხულო სამუშაოები, სავარაუდოდ, შეფერხებით ჩაივლის: ქვეყანაში სარისკო საინვესტიციო გარემოა, ის სამოქალაქო ომისა და დეფოლტის წინაშე დგას, ბანკებს კი ასეთ ვითარებაში სექტორის დაკრედიტება გაუჭირდებათ. აგროვადების დაცვას კი მოსავლიანობაზე უდიდესი გავლენა აქვს.

„მართალია, ამ ეტაპზე, სასურსათო ხორბალი საქართველოში, ძირითადად, რუსეთიდან შემოდის, სამაგიეროდ, საფურაჟე ხორბლისა და სიმინდის მიმართულებით, უკრაინა ჩვენი ძირითადი მომწოდებელია. გარდა ამისა, უკრაინა შავი ზღვის რეგიონში ხორბლის ბაზარზე ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშეა და ფასების დაწესებაში სერიოზულ როლს თამაშობს“, - აღნიშნა ოსიპოვმა.

შექმნილი სიტუაციის გამო, ხორბლის მთავარმა იმპორტიორმა, რუსეთმა, მარცვლეული უკვე გააძვირა, თუმცა ნაწილობრივ, რუბლის გაუფასურების, ნაწილობრივ, გაზაფხულის დადგომისა და ტრანსპორტირების ხარჯების შემცირების გამო, საქართველოს მარცვლეული, ჯერჯერობით, კვლავ სასურველ ფასად (280 დოლარი_ტონაზე) მიეწოდება.

სხვათა შორის, რუსეთ-უკრაინის კრიზისი მარცვლეულის საერთაშორისო ბაზრებზე უკვე აისახა. მაისის კონტრაქტები ხორბალზე 3,2%-ით გაძვირდა და ბუშელზე 4,78 დოლარი შეადგინა, 5,2%-ით მოიმატა სიმინდის ფასმა - 6,33 დოლარამდე 1 ბუშელზე. ექსპერტებს განსაკუთრებით აწუხებთ ყირიმში არსებული სიტუაცია, რომლის პორტები მარცვლეულის გადაზიდვებში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.

რა თქმა უნდა, უკრაინის კრიზისი, პირველ რიგში, თავად ამ ქვეყანას და რუსეთს აზარალებს. შემდეგ კი სხვა მიმართულებითაც მოახდენს გავლენას.

ექსპერტი დემურ გიორხელიძის თქმით, თუკი სამხედრო დაპირისპირება დაიწყება, მერე უკვე ეკონომიკური პროგნოზები შეუძებელი იქნება.

„ახლა რუსული ეკონომიკისთვის ყველაზე ცუდი პერიოდია და უახლოეს მომავალში რამე დადებით იმპულსებს ვერ ვხედავ. რუსეთის ეკონომიკა ისედაც აღარ ვითარდებოდა, რადგან მისი სიმძლავრეები მაქსიმალურად ამოქმედებულია და მას ზრდის ახალი ფაქტორები არ გააჩნია. უკრაინასთან დაკავშირებით გამოწვეულმა კრიზისმა კი ამ ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო უკან დახია. ამიტომ ვფიქრობ, რომ წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით რუსეთს წინ ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს.

თავისთავად ცხადია საფრთხეების გაჩენა ბაზარზე პანიკას ქმნის, მით უმეტეს, როცა ამ დონის საერთაშორისო კრიზისზეა საუბარი. ფასებიც ზევით წავა, მაგრამ იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ამ კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ვფიქრობ, ფასებიც ძალიან მაღლა არ უნდა წავიდეს.

ღმერთმა ნუ ქნას რამე ძალისმიერი დაპირისპირება მოხდეს. ასეთ შემთხვევაში რა მოხდება მსოფლიო ბაზარზე უკვე ძნელი წარმოსადგენია. ამ დროს ბაზრის ფუნქციობა საომარი მდგომარეობის პირობებში დაიწყება, რომელიც ექსტრემალურ ხასიათს ატარებს“, - აცხადებს დემურ გიორხლიძე.