ყოფილი პარლამენტარი, კომპანია „ისთ გეით გრუპის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი იაშვილი 6-წლიანი პაუზის შემდეგ პოლიტიკაში დაბრუნებას არ გამორიცხავს. თუმცა, ჯერ უცნობია, ჩაერთვება თუ არა რამდენიმე თვეში გასამართ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. იაშვილი ამ ეტაპზე არც თბილისის მერობისთვის ბრძოლის დაწყებას ადატურებს და რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ სიმპათიებზე საუბრისაგნაც თავს იკავებს.
„შარშან რომ დაგესვათ ეს კითხვა ჩემთვის, ცალსახად გეტყოდით, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას არ ვაპირებ. რაც დრო გადის, გაორებული დამოკიდებულება მაქვს პოლიტიკის მიმართ. მეტი არგუმენტები მიჩნდება პოლიტიკაში დასაბრუნებლად. ჯერ საბოლოოდ არ ვარ ჩამოყალიბებული, თუმცა, არ გამოვრიცხავ, ასეთი ნაბიჯი გადავდგა“ - განუცხადა For.ge-ს ირაკლი იაშვილმა.
შეგახსენებთ, მან დღეს ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და სატერმინალო ლოგისტიკურ ინდუსტრიაში არსებულ და მოსალოდნელ პრობლემებზე ისაუბრა, თუმცა, პრესკონფერენცია პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო - კომენტარი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე გააკეთა და აშშ-ში პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი შეაფასა.
„ყურადღებით ვადევნებ თვალყურს უკრაინაში მომდინარე მოვლენებს და იმედს გამოვთქვამ, მოვლენები არ განვითარდება მძიმე სცენარით და რუსეთს ეყოფა გონიერება, საკითხი მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით გადაწყდეს. ასევე გამოვეხმაურები ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განსაკუთრებით წარმატებულ ვიზიტს შეერთებულ შტატებში, განსაკუთრებით, ეკონომიკურ ნაწილს. ყურადღებით ვადევნებდით თვალს და ვიმედოვნებთ, ეს ვიზიტი პოზიტიურად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე“ - განაცხადა ირაკლი იაშვილმა.
რაც შეეხება პრესკონფერენციას, რომელიც დღეს ლოგისტიკური კომპანიების ხელმძღვანელებმა გამართეს.
საქართველოში მოქმედი 41 სატერმინალო ლოგისტიკური კომპანია ლოგისტიკური მომსახურების დარგში შექმნილ საფრთხეებზე საუბრობს. ათასობით ადამიანი დაკარგავს წლობით არსებულ სამუშაო ადგილს და უხეშად შეიზღუდება საბაზრო ეკონომიკის უმთავრესი პრინციპი კონკურენცია, - აცხადებენ კომპანიების წარმომადგენლები. მათ პრესაში ღია მიმართვა უკვე გამოაქვეყნეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს საკითხით დაინტერესება სთხოვეს.
ირაკლი იაშვილი ლოგისტიკური ინდუსტრიის დარგში მოსალოდნელ პრობლემებზე საუბარს 2011 წლის მოვლენებით იწყებს, როცა სახელმწიფომ გაფორმების ეკონომიკური ზონის ეწ გეზ-ების პროექტი განახორციელა.
„ამ პროექტის ფარგლებში სახელმწიფოს ზეპირი მითითებით დაიწყო კერძო ბიზნესისა და ინიციატივების შეზღუდვა,“- აცხადებს იაშვილი. მისი თქმით, იმ დროს ლობირება და აშკარა ვიწრო ჯგუფის ინტერესები იკვეთებოდა, რადგან შესაბამისი გადწაყვეტილება სახელმწიფომ - კონკრეტული ბიზნესჯგუფის, „რაკიას“ სასარგებლოდ მიიღო.
ირაკლი იაშვილის განცხადებით, ფოთის ნავსადგურის მფლობელ კომპანია „ეი პი ემ ტერმინალს ფოთსა“ და ფინანსთა სამინისტროს საშემოსავლო სამსახურს უკვე გადაწყვეტილი აქვთ, რომ მიმდინარე წლის 1-ელი მაისიდან ერთობლივად შეიმუშაონ სისტემა, რომელიც მთლიანად გამორიცხავს კონკურენციას და ფოთის ნავსადგურში ტვირთების დამუშავება მხოლოდ ერთ კერძო კომპანიას შეეძლება.
„ეს არის კერძო კომპანიების სერიოზული შეზღუდვა და სრულად შეზღუდვაა კონკურენციის პრინციპის. რამდენიმე დღის წინ ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა - „საქართველო 2020“. დოკუმენტში ვრცლად არის საუბარი ლოგისტიკური ინდუსტრიის განვითარებაზე. ნათქვამია, რომ საქართველომ სატრანზიტო ფუნქციების სრულმასშტაბიანად განსახორციელებლადხელი უნდა შეუწყოს ლოგისტიკურ-სატერმინალო ინდუსტრიას - კომპანიების დაშვებით თავისუფალ ბაზარზე და კონკურენციის გამყარებით. საპირისპიროს ვხედავთ დღეს. სახელმწიფო და ფოთის ნავსადგური, რომელიც საკუთარ მონოპოლიას იყენებს ბოროტად, ხელოვნურად ზღუდავს კონკურენციას კომპანიებს შორის,“- აცხადებს ირაკლი იაშვილი.
სატერმინალო ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ აღნიშნულ სფეროში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 6000-ს აღემატება და არსებული გეგმის განხორციელების შემთხვევაში ფოთში დასაქმებული ადამიანების 2/3 სამსახურს დაკარგავს.
„დავოსის ფორუმიდან დაბრუნებულმა ფოთის საზღვაო ნავსადგურის ხელმძღვანელმა ჩაატარა თათბირი და საზღვაო ხაზების წარმომადგენლებს უთხრა: ემზადეთ იმისთვის, რომ სხვა ტერმინალებთან აღარ დაიჭიროთ საქმე - მხოლოდ ჩვენთან უნდა გქონდეთ ურთიერთობა. როდესაც ჰკითხეს, როგორ მოახერხებდნენ ამას, პასუხად მიიღეს: ისეთ სატარიფო პოლიტიკას გავატარებთ, სხვა ტერმინალებთან თქვენი თანამშრომლობა, უბრალოდ, შეუძლებელი იქნებაო“ - აცხადებენ ლოგისტიკური კომპანიის წარმომადგენლები.
მათი განმარტებით, ახალი რეგულაციის შემოღების შემთხვევაში, გემიდან საკონტეინერო საზღვაო ხაზებით ჩამოტანილი ნებისმიერი ტვირთის მიღება ყველა საკონტეინერო ტერმინალს აეკრძალება, რაც ავტომატურად გულისხმობს გემიდან კონტეინერების ექსკლუზიურ მოხვედრას ფოთის საზღვაო ნავსადგურის „ეი პი ემ ტერმინალს ფოთის“ კერძო ტერმინალში.
სატერმინალო ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მსგავსი რეგულაციის ამოქმედება მონოპოლიის შექმნას შეუწყობს ხელს, რაც თავის მხრივ, სერვისს გააძვირებს და მომსახურებას გააუარესებს.