„საქართველო 2020“ – ეს მთავრობის მიერ შემუშავებული ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაა, რომელიც საჯარო განხილვების შემდეგ დამტკიცდება. 85–გვერდიანი დოკუმენტი განსახილველად ეკონომიკის სფეროს ექსპერტებსა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს რამდენიმე დღის წინ გადაეგზავნათ. დოკუმენტი სამინისტროების ვებ-გვერდებზეც არის გამოქვეყნებული.
რამდენად რეალისტურია მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრამა და როგორი იქნება საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს? სტრატეგიული ეკონომიკური დოკუმენტის შესახებ for.ge „საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელს რომან გოცირიძეს ესაუბრა.
რომან გოცირიძე: მისასალმებელია, რომ ასეთი დოკუმენტი შეიქმნა. ეს არის საჯარო სამსჯავროზე გამოტანილი პროექტი და ალბათ, მასში ბევრი რამ შეიცვლება. ამიტომ, ჩემი რჩევებიც მის დახვეწას ემსახურება და არა კრიტიკას. მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ თითქმის 20 წელიწადია, საქართველოს მთავრობას არ ჰქონია ეკონომიკის განვითარების ფართე პროგრამა. ამგვარი დოკუმენტის შედგენის ბოლო მცდელობა იყო 2001 წელს, როდესაც ე.წ. სიღარიბის დაძლევის პროგრამა დაიწერა თემურ ბასილიას ხელმძღვანელობით. ეს არ იყო ცუდი ნამუშევარი. პროგრამა სადისკუსიო მასალის სახით გამოქვეყნდა 2001 წლის ბოლოს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ გახდა ოფიციალური დოკუმენტი - ერთ ერთი მიზეზი ხელისუფლების შეცვლაც იყო.
გამოდის, წინა ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა უპროგრამოდ ხორციელდებოდა.
- არა, რა თქმა უნდა. ამ პერიოდის მთავრობის სამოქმედო გეგმა იყო 5-6 გვერდიანი თეზისები და არა ყოვლისმომცველი დოკუმენტი. ძირითადად, რეფორმები ხორციელდებოდა მსოფლიო ბანკის ე.წ. ბიზნესის კეთების („დუინგ ბიზნესის“) კრიტერიუმების შესაბამისად. მთავარი იდეა იყო დერეგულირება, პროცედურების გამარტივება და საგადასახადო ტვირთის შემცირება. სწორედ, ამით გაითქვა საქართველომ სახელი მსოფლიოში და ამ მაჩვენებლებით დღემდე ვართ ლიდერები რეიტინგში. ეს იყო ლიბერალურ მსოფლმხედველობაზე დამყარებული ეკონომიკური პოლიტიკა, რაც, რა თქმა უნდა, მართებულია და შედეგის მომტანი. თუმცა, ბიზნესზე ზეწოლის ცნობილი მოვლენები ამ კურსს ხიბლსა და ეფექტიანობას უკარგავდა.
მიუხედავად ამ მიმართულებით სწორი სტრატეგიისა, ეს მაინც არ იყო მრავალმხრივი ეკონომიკური მოვლენების ურთიერთდაკავშირებისთვის საკმარისი. ბიზნესი ეკონომიკის მხოლოდ ნაწილია. ამიტომ, იყო ჩავარდნები სოციალურ სფეროში, ეკონომიკის დარგობრივი კუთხით და ა.შ.
მთავრობის ახალ დოკუმენტს აქვს პრეტენზია, რომ ყოვლისმომცველი იყოს?
- დიახ. ესაა პროგრამა, რომელშიც ჩანს ხედვა და მისი რეალიზაციის გზები. რამდენად სწორი და რეალისტურია, ეს სხვა თემაა. აქვე მინდა ვთქვა, რომ ანალოგიური დოკუმენტი პარალელურად ბიზნესასოციაციამაც შექმნა. ჩემი აზრით, ის სჯობს მთავრობისას. უფრო შეკრულია კონცეპტუალურად, ნაკლებად ეკლექტურია და ნაკლებად „ინკლუზიური“.
მთავრობის დოკუმენტში ნახსენებმა „ინკლუზიურობის თეორიამ“ სოციალურ ქსელში ღიმილისმომგვრელი დისკუსია გამოიწვია, რატომ?
– კი, ცოტა გავიხუმრეთ. მრავალმა ეკონომისტმა გამოთქვა ამაზე აზრი და ყველამ სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია მისცა.
რატომ უყურებთ ამ ტერმინს ირონიულად, მხოლოდ იმიტომ, რომ ეკონომიკური პროგრამის ლამის ყოველ მეორე გვერდზე გვხვდება და შინაარსმოკლებულად მიგაჩნიათ, თუ, სწორედ, შინაარსი არ მოგწონთ?
- არა, მთლად სახუმაროდ არ არის საქმე. ხდება ლიბერალური ეკონომიკური კურსის რევიზია, ანუ სიმდიდრის შექმნის ნაცვლად, მის განაწილებაზე გადადის აქცენტი. თავად ტერმინი „ინკლუზიური ზრდა“ ეკონომიკურ ლიტერატურაში გამოყენებადი ერთ-ერთი ახალი ტერმინია, როგორც მრავალი სხვა. ბოლო პერეიოდში მან „ოფიციალური“ აღიარება მოიპოვა და უკვე გაეროს დოკუმენტებშიც გვხვდება. ესაა მემარცხენე-ეკონომიკური იდეოლოგიის, ე.წ. „სოციალური საბაზრო ეკონომიკის“, „შვედური მოდელის,“ „ მწვანე ეკონომიკისა“ თუ სხვა მსგავსი მიდგომების სახეცვლილი ნაირსახეობა.
ბოლო პერიოდში განვითარებულმა მსოფლიო საფინანსო კრიზისებმა ეჭვქვეშ დააყენა ნაკლებადრეგულირებადი სისტემების ეფექტიანობა და ხდება მკვეთრი გადახრა სახელმწიფოს მარეგულირებელი და გამანაწილებელი როლის გაძლიერების მიმართულებითაც. ისტორიაში ეს ბევრჯერ მომხდარა, თუმცა ისტორია კარგად გვასწავლის, რომ განაწილებაზე და არა შედეგებზე ორიენტირებული სისტემები ყოველთვის წარუმატებლობით მთავრდება და, საბოლოო ჯამში, კვლავ თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე მოქმედ პოლიტიკას უბრუნდებიან.
რომ განგვიმარტოთ, კონკრეტულად რას ნიშნავს „ინკლუზიური ზრდა“?
- ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა გულისხმობს დოვლათის შექმნასა და განაწილებაში საზოგადოების ყველა ფენის ჩართულობას. ლამაზად ჟღერს, როგორც ყველა სოციალურად ორიენტირებული იდეა - რომ არაფერი ვთქვათ სოციალისტურზე – ანუ ეს ნიშნავს, ეკონომიკური ზრდის მიერ მოტანილი სიკეთით ისარგებლოს რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა. როგორ ხდება ეს? – როგორც წესი, საბიუჯეტო არხებით დოვლათის გადანაწილებით, სუბსიდირებით, საგადასახადო მანიპულირებით და კომპენსაციებით. მეორე მხრივ, პროგრამაში სავსებით მისაღები ციფრია მოცემული გადასახადების მშპ-სთან მიმართებაში - 25%. უფრო მგონია, რომ ბევრმა არც კი იცის ინკლუზიური ზრდის მნიშვნელობა (იმათ გარდა, ალბათ, ვინც ეს ტერმინი თავს მოახვია პროგრამის ავტორებს).
ზრდის უამრავი თეორია არსებობს, გაეროც ოპერირებს ისეთი ცნებებით, როგორიცაა „მწვანე“ – (ეკოლოგიური კონტექსტია მთავარი); „მდგრადი განვითარება“ – (ხანგრძლივ ვადაზე ორიენტირებული, მომავალი თაობის ინტერესების გათვალისწინება); თავის დროზე ასევე მოდური იყო „ექსტენსიური განვითარება“ –( ახალი, დამატებითი სიმძლავრეების ამოქმედება) და „ინტენსიური“ ზრდაც -( არა რაოდენობრივზე, არამედ ხარისხობრივზე, ინოვაციურზე აქცენტის გადატანა). ახლა ანტილიბერალიზმი გახდა მოდური. არადა, საფინანსო კრიზისი არა ლიბერალურმა მიდგომებმა, არამედ, მისმა უკმარისობამ, რეგულირებისადმი ზედმეტმა ნდობამ გამოიწვია, თუმცა ახლა კვლავ რეგულირებაზე ამყარებენ იმედებს, ოღონდ, უფრო მეტზე.
როგორ უნდა გაიზომოს, არის თუ არა ეკონომიკური ზრდა ინკლუზიური?
– არსებობს ე.წ. ჯინის კოეფიციენტი, მისი სისწორე სტატისტიკური ინფორმაციის გამართულობაზეა დამოკიდებული და არ მგონია, ჩვენ შეგვეძლოს მისი მაინცდამაინც ზუსტად დათვლა. ამ ინდექსს სისტემატურად აქვეყნებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამა (UNDP) რომლის მიხედვით ხდება სოციალური თანასწორობის შეფასება სხვადასხვა ქვეყანაში. ეს ინდექსი წითელ ზოლად გასდევს მთავრობის პროგრამებს, როგორც მისი წარმატების კრიტერიუმი. „ინკლუზიურობის“ მეორე პლანზე ხსენება, ან ამ კოეფიციენტის გამოყენება, როგორც ერთ-ერთ რიგითად, სულაც არ არის ცუდი. სხვა საკითხია მისი გაფეტიშება - სოციალური თანასწორობის იდეოლოგიის რაგნგში აყვანა.
რომელი ქვეყნები არიან ამ ინდექსით ლიდერები მსოფლიოში?
– სკანდინავიის ქვეყნები, ბელორუსი, უკრაინა. ამერიკა სადღაც შუაშია. სინგაპური, ჰონკონგი, ძალიან დაბლა - განუვითარებელი ქვეყნების დონეზე, აქვეა საქართველოც. მოკლედ, წინააღმდეგობრივი ინდექსია. თანაც, ვიმეორებ, ამ კოეფიციენტის დათვლისას შესაძლებელია ბევრი უზუსტობა, განსაკუთრებით მაშინ, თუ არ არის შემოსავლების განაწილების ზუსტი სტატისტიკა, არ აღირიცხება ისეთი შემოსავლები, რომელიც ოფიციალური ეკონომიკური ბრუნვის გარეშეა მიღებული. არსებობს ხალხი - ამერიკელებიб ბრიტანელები, რომლებისთვისაც უფრო მნიშვნელოვანია თავისუფლების, მათ შორის ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი, ვიდრე სოციალური თანასწორობა. ამიტომ მათი მიდგომა სიმდიდრის საყოველთაო ზრდაა, თუნდაც ეს სიმდიდრე არათანაბრად იყოს გადანაწილებული სოციალურ ფენებს შორის.
უთანასწორობა შემოსავლებში ხომ არ ნიშნავს დაბალი შემოსავლის ქონას. ბილ გეიტსის შემოსავალი თუ წარმოუდგენლად აჭარბებს საშუალო ამერიკელისას, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ამერიკელი უარესად ცხოვრობს ვიდრე ბელორუსი?
- სავსებით სწორია. ამერიკაში მართალია, მდიდრები უფრო სწრაფად მდიდრდებიან, ვიდრე ღარიბები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ღარიბების ცხოვრების დონე არ უმჯობესდება. უთანასწორობა ამ ქვეყანაში მშპ–ში მცირერიცხოვანი მდიდრების წილის სახით, მოსახლეობის სხვა ფენებთან მიმართებაში, მართალია, იზრდება, მაგრამ ეს საერთო სიმდიდრის ზრდის პარალელურად ხდება. რომ არ იყოს ბილ გეიტსი, სტივ ჯობსი და სხვა მულტიმილიარდერები, არ იქნებოდა დიდი უთანასწორობა, მაგრამ არც გვექნებოდა ასეთი კომპიუტერები, „აიფონები“, „ფეისბუქი“ და სხვა სიკეთე, რომლის გარეშე წარმოუდგენელია დღევანდელი ცივილიზაცია.
მართლაც, ზოგიერთ ქვეყანაში მოსახლეობის 1% ფლობს მთელი ეროვნული სიმდიდრის 10-20%-ს. ეს არ მოსწონთ, რატომღაც, „ჯინის“ კოეფიციენტის აპოლოგეტებს. ერთი სახუმარო მაგალითი: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე რომ არ იყოს, ჯინის კოეფიციენტი გაუმჯობესდებოდა (ანუ შემცირდებოდა დიფერენციაცია მდიდრებსა და ღარიბებს შორის), მაგრამ მთლიანი სიმდიდრე მოიკლებდა. მეორე ხუმრობა: „მაიკროსოფტის“, „ეფლის“, „გუგლის“, „ფეისბუქის“ და „ტვიტერის“ მთავარმა მეპატრონეებმა საქართველოს მოქალაქეობა რომ მიიღონ, ჩვენი ქვეყნის ჯინის ინდექსი კატასტროფულად გაუარესდებოდა (ამერიკის გაუმჯობესდებოდა) და სულ ბოლო ადგილზე ვიქნებოდით მსოფლიოში.
ასეთი წინააღმდეგობრივია ეს მაჩვენებელი და ეკონომიკის ავკარგიანობის (ინკლუზიურობის) განსაზღვრის მასზე მინდობა არ არის სწორი. ერთი რიგითი ე.წ. „ბენჩმარკი“? - კი ბატონო!
საქსტატის მონაცემებით 2012 წელს საქართველოში უმუშევრობა მხოლოდ 15% იყო და ფინანსთა მინისტრი ამ მონაცემის 12%-მდე შემცირებას ვარაუდობს. რამდენად რეალურია ეს რიცხვები?
– მთავრობა უმუშევრობის ასეთ დაბალ პროცენტს არსებული მეთოდოლოგიით ხსნის, რომელიც სტატისტიკური აღრიცხვის საერთაშორისოდ მიღებულ წესებს ემყარება. ამაზე შეიძლება ვიდავოთ. ისევე, როგორც იმაზე, მართლა შესაძლებელია თუ არა, უმუშევრობა შემცირდეს 12%-მდე, ანუ ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების დონეზე. პრობლემა სხვა რამეშია, უმუშევრობა მცირდება მხოლოდ 3%-ით, იგულისხმება შრომისუნარიანი მოსახლეობის 3%. უმუშევართა რაოდენობასთან შედარებით, ეს რიცხვი გაცილებით მაღალი ჩანს, მაგრამ აქ დამაფიქრებელია მისი აბსოლუტური მნიშვნელობა. 7 წელიწადში მხოლოდ 60-70 ათასი ადამიანი დასაქმდება, წელიწადში 8-10 ათასი, რაც ძალიან ცოტაა.
ჩვენთვის მთავარი პრობლემაა ეკონომიკის განვითარება, მისი ზრდა და ძალიან დიდი ფუფუნებაა, ვიფიქროთ ორი კურდღლის დაჭერაზე. თავისუფალი ლიბერალური ეკონომიკური მოდელის ჩანაცვლება – თუნდაც იდეოლოგიის და არა ეკონომიკური პრაქტიკის – სოციალურად ორიენტირებული მოდელით, საბოლოო ჯამში, გამოიწვევს დაბნეულობას, რაც უარყოფდითად იმოქმედებს ინვესტორთა განწყობაზეც.
და ბოლოს, რამდენად რეალისტურადაა გათვლილი ეკონომიკის გაორმაგება 7 წლის განმავლობაში?
- ძალიან მეეჭვება, თუმცა, მთალად არარეალურად არ მიმაჩნია მრავალი გარემოების სასიკეთოთ ურთიერთდამთხვევის შემთხვევაში. არის კლასიკური ფორმულა: ეკონომიკის გაორმაგებას წლიური 3,5 პროცენტიანი ზრდის პირობებში სჭირდება 20 წელი. აქ ორჯერ მაღალი ზრდის ტემპებია ჩადებული. დღევანდელ ფასებში ჩვენი მშპ დაახლოებით 7,5 ათასი აშშ დოლარის ტოლი უნდა გახდეს 2020 წლისათვის. ანუ 7 წლის შემდეგ ვიქნებით იმ დონეზე, როგორიც დღეს არის ბულგარეთი, რუმინეთი, სამხრეთ აფრიკა. კარგია, თუ ასე მოხდება.
ამასთან, პროგრამა არა მხოლოდ ორიენტირია, არამედ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს თავის თავში. შეუძლებელია, ზუსტად განჭვრიტო, რა მოხდება შვიდი წლის შემდეგ, ისევე როგორც შვიდი წელი ვერ დაელოდება საზოგადოება მთავრობას, რათა მოთხოვოს პასუხი მის შესრულება- შეუსრულებლობაზე. ამიტომ, აუცილებელია საშუალოვადიანი, უფრო კონკრეტული პროგრამის შექმნა. სინამდვილეში, მთავრობის ამ დოკუმენტს სტრატეგია ჰქვია, რაც გულისხმობს უკვე მის საფუძველზე სამოქმედო გეგმის შემუშავებას.