„ქართველი ერის გზა ქრისტეს გზაა, ეკლიანი გზა ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისა“

„ქართველი ერის გზა ქრისტეს გზაა, ეკლიანი გზა ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისა“

აპრილს დამოუკიდებლობააღდგენილ საქართველოს 34 წელი შეუსრულდება. ეს დღე ყველაზე ამაღელვებელია იმათთვის, ვინც საკუთარი თვალით ვიხილეთ და განვიცადეთ ამ დღის მადლი. ამ თარიღს მრავალი თაობა ელოდა და მისი დადგომისთვის საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლესაც სწირავდნენ.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ჩვენმა ერმა მრავალი დამარცხება იწვნია: კანონიერი ხელისუფლების დამხობა, სამოქალაქო დაპირისპირება, შიდა ომები და ჩვენი სამშობლოს დანაწევრება. დღემდე მოუშუშებელია როგორც ერის სულიერი იარები, ასევე დახეიბრებული სახელმწიფოს სხეულზე არსებული ღია ჭრილობები. ეს ტრავმატული მდგომარეობა იმდენად გახანგრძლივდა, რომ სახელმწიფოებრიობის მშენებლობის გზაზე მუდმივად გვიცდება ფეხი. დამარცხებათა სერია კულტურაში გადაგვეზარდა და კულტურულ ტრავმად ჩამოგვიყალიბდა.

მოდით, უფრო ცხადად ვთქვათ, რა იგულისხმება.

კულტურული ტრავმის ცნება პირველად სოციოლოგიაში შემოიტანეს ჯეფრი ალექსანდერმა და მისმა კოლეგებმა 2001 წელს, წიგნშიკულტურული ტრავმა და კოლექტიური იდენტობა“. მისი მთავარი ციტატა ასეთია: „Cultural trauma occurs when members of a collectivity feel they have been subjected to a horrendous event that leaves indelible marks upon their group consciousness, marking their memories forever and changing their future identity in fundamental and irrevocable ways“, - Jeffrey C. Alexander

კულტურული ტრავმა წარმოიშვება მაშინ, როდესაც კოლექტივის წევრები გრძნობენ, რომ დაექვემდებარნენ საშინელ მოვლენას, რომელიც წარუშლელ კვალს ტოვებს მათ ჯგუფურ ცნობიერებაზე, სამუდამოდ აფიქსირებს მათ მეხსიერებას და ფუნდამენტურად და შეუქცევადად ცვლის მათ მომავალ იდენტობა, - ჯეფრი ალექსანდერი

რას გვეუბნება ეს ციტატა? იმას, რომ გარკვეულმა მოვლენამ შესაძლოა, წარუშლელი კვალი დაგვიტოვოს და ჩვენი ცნობიერების, ჩვენი რაობა-ვინაობის ჩამოყალიბების მთავარ ღერძად იქცეს.

არის კი ქართველი ადამიანის ცნობიერებაში 9 აპრილი ასეთი მოვლენა?

და თუ არისროგორია იგი? პირადად ჩემთვისპოზიტიურია, ვიღაცისთვის ნეგატიური. ამ წერილში სწორედ ამის გარჩევა მსურს და იმედს ვიტოვებ, რომ მკითხველი სწორად გამიგებს. მოდით, 1989 წლის იმ ღამეს გადავინაცვლოთ და გავიხსენოთ ჩვენი ლომკაცის მიერ წარმოთქმული სიტყვები.

მერაბ კოსტავა: „ძმანო და დანო, საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი, როდესაც ამ სამოცდაათი წლის მანძილზე, ამ ტანჯვასა და ვაებაში, ამ სისხლისღვრაში პირველად ასე შეკრული, ასე მთლიანი წარმოდგა ქართველი ერი ღვთის წინაშე“.

ბევრისგან მსმენია: „რა საჭირო იყო ეს მსხვერპლი, საბჭოთა კავშირი ხომ თავისით დაიშლებოდა?!“

არავინ იცის, რა და როგორ განვითარდებოდა.

თუ ყველა რესპუბლიკა სადამსჯელო ჯარების შიშით პირში წყალს ჩაიგუბებდა, მაშინ გამოვიდოდა, რომ კავშირი ეფექტურად კონტროლდებოდა. ვინც დასაშინებელი იყო, დაშინდა და საპროტესტო მუხტი ჩაკვდა.

მაინც დაიშლებოდა?

შეიძლება - მაგრამ შეიძლებოდა, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო გახანგრძლივებულიყო და მერე ვინ იცის, რა მოხდებოდა...

მე მიმაჩნია, რომ საბჭოთა ელიტამ შიგნიდან შეუწყო ხელი პროცესებს, ხოლო რესპუბლიკებში დაღვრილი სისხლი - ეს იმპერიის ბოლო ამოსუნთქვა იყო.

ჩვენ, როგორც ყოველთვის, პირველები ვიყავით და პირველი სისხლიც ჩვენ გავიღეთ.

ასევე ამბობენ: „პატრიარქისთვის უნდა დაეჯერებინა ხალხს“.

ესეც მართალია - სულიერი მამისადმი ურჩობა ძვირი ჯდება.

მაგრამ მე მახსოვს პატრიარქის ამაყი თვალებიც, როდესაც იგი თავისი სიმტკიცით გაბრწყინებულ სამწყსოს უყურებდა ცივი სიკვდილის მოახლოების წინაშე.

ყველამ ვიცით, რა ტრაგედია დატრიალდა იმ ღამეს და რა განიცადა ერმა.

მაგრამ 9 აპრილის დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადებამ, ეს მსხვერპლი საკრალურად აქცია - სამშობლოსთვის დაღვრილმა სისხლმა ლოგიკური გაგრძელება ჰპოვა.

ფიზიკური დამარცხება მეტაფიზიკურ გამარჯვებად გარდაქმნა. საქართველოს პირველ პრეზიდენტზვიად გამსახურდია:

სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა.

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. ჰფარავდეს ღმერთი!“

ეს არის ერის წინამძღოლის ბრძნული გადაწყვეტილება, როდესაც მსხვერპლს ენიჭება დიადი შედეგის ანხორციელების მნიშვნელობა.

თუ ჩვენ ამ დღეს არ ვდღესასწაულობთ, როგორც დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, მაშინ ეს მსხვერპლი ამაო გამოდისდა ისიც ერთ-ერთი რიგითი ხდება, როგორიც აქამდეც ყოფილა და, ალბათ, მომავალშიც იქნება.

მაშინ მართალნი გამოდიან ისინი, ვინც საბჭოთა კავშირის თავისით დაშლას ქადაგებს და 9 აპრილის წამებულებს მხოლოდ გაუგებრობის მსხვერპლად მოიხსენიებს.

მაშინ ისინი იქნებიან მართალნი, ვინც ქილიკობს იმ ახალგაზრდაზე, რომელიც ჯოხს უქნევს ტანკს და ამით ბიბლიური დავითის სიმბოლურ სახეს აჩვენებს.

არც უსინათლოთა დაუკარი, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს გამამხნევებელი სიმღერა უნდა გაჟღერებულიყო.

ყველა მუხლებზე უნდა დაცემულიყო და ლოცვა აღევლინა კომუნიზმის დიადი იდეოლოგიისადმი.

მაშ, საერთოდ არაფერს აქვს აზრი?!

ვიღაცას მართლა სჯერა ამის და შესაბამისადაც მოიქცა

9 აპრილი გლოვის დღედ და სამუდამო ტრავმად აქცია,

ხოლო 26 მაისი დამოუკიდებლობის დღედ გამოგვიცხადა.

რატომ მოხდა ასე?

საყოველთაოდ არჩეული პრეზიდენტისადმი კომპლექსებმა ხომ არ განაპირობა ეს?

თუ ჟორდანიას მთავრობა დასავლეთთან და ევროპულ არჩევანთან ასოცირდებოდა და ამიტომ?

მოდით, ორი სიტყვა 26 მაისზეც ვთქვათ.

1918-21 წლების საქართველოს რესპუბლიკა - ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე მოვლენაა.

ამ სამი წლის განმავლობაში, მაშინდელმა მთავრობამ პროგრესული იდეების დანერგვასთან ერთად, ეკლესიასთან დაპირისპირებითაც გამოიჩინა თავი.

არსებობს გადმოცემა, თითქოს პატრიარქი ლეონიდე მთავრობის სასახლეში არ შეუშვეს.

მას უთქვამს:თქვენ რა ცეცხლიც დაანთეთ, ის მთელს ქვეყანას გააწითლებს.

და ასეც მოხდა - საითაც მივისწრაფოდით იდეოლოგიურად, ყველამ ზურგი გვაქცია და ქვეყანა 25 თებერვალს გაწითლდა.

მთავრობა გაიქცა და დაუცველი ქვეყანა პირშიშველა იუნკერებს შეატოვა.

დღეს მათი მსხვერპლი დაფასებულია და ეს სწორია - მამულისათვის თავგანწირული ყველა უნდა გვახსოვდეს.

მაგრამ არის ერთი უმნიშვნელოვანესი ნიუანსი: იმდროინდელმა საქართველოს რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა. დაემატა ათასობით მსხვერპლი, მათ შორისბესარიონ მახარაძის, ჩემი დიდი ბაბუის. ძალიან დიდი ხნით დავიწყებას მიეცა, საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა.

დამოუკიდებელი საქართველოს მზე 70 წლით ჩაესვენა.

ამიტომაც აღნიშნავ, რომ 26 მაისიარც ერთი დღეისათვის ცოცხალი ქართველის მეხსიერებაში არ არის.

და თუ გადმოცემით ვიცით, იგი დამარცხების სიმბოლო უფროა და ვერავითარ შემთხვევაში - გამარჯვების!

ჩემი აზრით, ეს არის რუსულ დაუძლეველ ძალასთან შიშისა და ძრწოლის სიმბოლო, რომლისაც დღემდე ეშინია მავანს.

9 აპრილიც ამგვარად - შიშის, გლოვისა და დაჩაგრულობის დღედ იქცა, მაშინ, როცა ის არის ახალი საქართველოს შობის დღე!

როგორც მერაბ კოსტავა ამბობს:პირველად ასე შეკრული, ასე მთლიანი წარმოდგა ქართველი ერი ღვთის წინაშე.

ეს არის ახალი საქართველოს დაბადებაც და მისი გმირული სიკვდილიც!

ხოლო ბრძენი ზვიადი ამ მოვლენას მარადიულად საზეიმოს ხდის:აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. ჰფარავდეს ღმერთი! ეს არის ქართველი ერის გზა, გზა ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისა .

ჩვენ გვჭირდება ახალი საქართველო - დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც ცოცხალი ქართველების მეხსიერებაში დაიბადება. საქართველო, რომელიც კულტურული ტრავმით დამძიმებული კი არ მიიკვლევს გზას, არამედ გამარჯვების კულტურით გამყარებული, სამშობლოს გაერთიანებისაკენ მოწოდებული, ერთმუშტად შეკრული საზოგადოებით გაძლიერებული. ვფიქრობ, რომქართულმა ოცნებამუნდა იტვირთოს ეს დიდი მისია და ფუნდამენტურად შეცვალოს ძველი მიდგომები. ღმერთმა ხელი მოუმართოს ამ რთულ საქმეში!

გილოცავთ, ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს და 9 აპრილს - საქართველოს ჭეშმარიტ დამოუკიდებლობის დღეს!