მერაბიშვილი, „დანაშაული და მსუბუქი სასჯელი“

მერაბიშვილი, „დანაშაული და მსუბუქი სასჯელი“

„4 ქილა კომპოტის ქურდობას პირს 2 ან 4 ეპიზოდად უთვლიდნენ და ცალკ ცალკე გამოჰქონდათ განაჩენი, შემდეგ სასჯელს უპირობოდ კრებდნენ და საბოლოოდ ვიღებდით სურათს, როდესაც კომპოტის ქილების ქურდი 17–18 წლით აღმოჩნდებოდა ხოლმე თავისუფლების აღკვეთის ადგილებში“, – აცხადებს for.ge–სთან „საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი კახა კახიშვილი. იგი ამ შემთხვევაში ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის პერიოდზე საუბრობს, როცა მმართველმა პარტიამ სასჯელის უპირობო შეკრებითობის პრინციპი შემოიღო.

დღეს, როდესაც სასამართლოს წინაშე „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი წარსდგა, კანონის ეს ნორმა აღარ მოქმედებს და სასჯელის შეკრებითობა მხოლოდ მოსამართლის დისკრეციულ უფლებად მიიჩნევა. შედარებით ლიბერალურ კანონთან ერთად ასევე მოქმედებს „ამნისტიის შესახებ კანონი“, რომელიც სხვადასხვა ფორმით, უვადო პატიმრობამისჯილი პირების გარდა, პრაქტიკულად, ყველა ბრალდებულს და მსჯავრდებულს ეხება, ვინც ბრალად შერაცხული დანაშაული 2012 წლის 2 ოქტომბრამდე, ანუ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებამდე ჩაიდინა.

სწორედ, ზემოთ აღნიშნული ნორმების გათვალისწინებით დაითვალა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ყოფილი პრემიერ–მინისტრის სასჯელის ზომა. ვანო მერაბიშვილის საქმე რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით განხილულიყო, ყველა იმ ბრალით, რომელიც ინკრიმინირებული ჰქონდა და რომელშიც სასამართლომ სცნო დამნაშავედ, მოსამართლე, სასჯელის უპირობო შეკრების პრინციპის გამოყენებით, ერთობლიობაში მას 19 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთას განუსაზღვრავდა. დღეს მოქმედი კანონის საფუძველზე კი, 10–წლიანმა უმაღლესმა სასჯელმა ყველა სხვა მცირე სასჯელი შთანთქა. რადგან გაფლანგვის მუხლი ამნისტირებულია და სასჯელის ვადა ექვემდებარება განახევრებას, ქუთაისის საქალაქოს სასამართლოს განაჩენით, საბოლოოდ, მას სასჯელის მოხდა 5 წლის ვადით მოუწევს.

ე.წ. „26 მაისის ეპიზოდზე“ კი თბილისის საქალაქო სასამართლომ მერაბიშვილს 6 წელი მიუსაჯა, რაც ამნისტიის კანონის საფუძველზე 4 წელსა და 6 თვემდე შემცირდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ლევან ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილისთვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი შეუსაბამოა.

„მას ედავებიან ძალიან მძიმე დანაშაულების ჩადენას რამდენიმე სხვადასხვა საქმეზე, ვფიქრობ, სასამართლოს განაჩენი არ არის ადეკვატური, იმ სასჯელთან შედარებით, რასაც თავად ვანო მერაბიშვილის დავალებით უსჯიდნენ ხოლმე ადამიანებს. მაგალითად ლევან გოგიჩაიშვილის წინააღმდეგ პირადი ინტერესი ამოძრავებდა როგორც ვანო მერაბიშვილს ისე მის მეგობრებს, რადგან გოგიჩაიშვილი 2006 წლიდან მოყოლებული საპროტესტო აქციების ორგანიზატორი იყო. მას ჩაუდენელი დანაშაულისთვის განუსაზღვრელი წლები მისცეს, ხოლო ვანო მერაბიშვილს, სავარაუდოდ, 5 წლის გატარება მოუწევს საპატიმროში“, – განუცხადა for.ge–ს ლევან ჩიტაძემ.

უფლებადამცველი ფიქრობს, რომ სასჯელის შეკრებითობა უნდა გაუქმებულიყო, თუმცა, უმჯობესი იქნებოდა, თუ ამ კანონის ამოქმედებამდე ჩადენილ დანაშაულზე ეს პრინციპი არ გავრცელდებოდა და, შესაბამისად, მოსამართლე განაჩენის გამოტანის დროს ძველი პრინციპით მიიღებდა გადაწყვეტილებას.

„ეს იქნებოდა უფრო რეალური სამართლიანობის აღდგენა, ვანო მერაბიშვილს ამ შემთხვევაში უკვე ნამდვილად მოუწევდა სასჯელის მოხდა შეკრებითობის პრინციპით და საკმაოდ დიდ დროს გაატარებდა ციხეში. ძალიან ცუდია, როცა უფლებადამცველი საუბრობს იმაზე, რომ ადამიანი ციხეში დიდი ხნით უნდა იჯდეს, მაგრამ დანაშაულებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ხდებოდა, სასჯელი ადეკვატური უნდა იყოს“, – აცხადებს ლევან ჩიტაძე.

კახა კახიშვილი კი განმარტავს, რომ ვანო მერაბიშვილის განაჩენთან დაკავშირებით სასამართლოსგან სხვაგვარი მოლოდინი არ ჰქონდა და არც გირგვლიანის საკითხზე არის მოსალოდნელი რამე განსაკუთრებული შედეგი. მისი ვარაუდით, ვანო მერაბიშვილისთვის, თავდაპირველად, გაფლანგვის საქმეზე ბრალის წაყენება პროკურატურის ერთგვარი სტრატეგია იყო.

„შესანიშნავად იცოდნენ, რომ გაფლანგვის მუხლი არის ამნისტირებული და პირველი საქმე წარიმართა გაფლანგვის მუხლით. სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ განხილულ ნებისმიერი საქმეზე რომც დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი, 10–წლიანი სასჯელი შთანთქავს ყველა სხვა დანარჩენს, თუ, რა თქმა უნდა, არ იქნება რომელიმე ისეთი საქმე, რომელზეც განაჩენი 10 წელზე მეტით განისაზღვრება, თუმცა, არ მგონია ეს მოხდეს დღევანდელი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე“, – განუცხადა for.ge–ს კახა კახიშვილმა.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატი, გიორგი ჩივიაშვილი კი განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის სასჯელის ათვლა უკვე დაწყებულია, თუმცა, რომელი სასჯელის და რა ვადით მოხდა მოუწევს მას, მხოლოდ სასამართლოს მესამე ინსტანციაში გამოტანილი განაჩენების შემდეგ გაირკვევა.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ ვანო მერაბიშვილს მიუსაჯა 4 წელი და 6 თვე, ქუთაისის სასამართლომ – 5 წელი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს სასჯელები იკრიბება. დღეის მდგომარეობით უკვე დაწყებულია სასჯელის მოხდის ათვლა, მაგრამ როდესაც უზენაეს სასამართლოებს მოივლის ყველა განაჩენი, ამის შემდეგ ხდება მისი ახლიდან შთანთქმა, ნაწილობრივი, ან სრული შეკრება. ყველა განაჩენი ახლიდან უნდა გაიგზავნოს სასამართლოში, რომ გაერთიანდეს და მოხვდეს ერთ განაჩენში. ვიდრე სამივე ინსტანციაში ყველა ბრალდების განაჩენზე არ დასრულდება დავა, არ გვეცოდინება, რომელი განაჩენის აღსრულება ხდება. მოსამართლეს აქვს უფლება გამოიყენოს შთანთქმის, ნაწილობრივ, ან სრულად შეკრების პრინციპი, მაგრამ, რადგან ამ შემთხვევაში საუბარია ნაკლებად მძიმე, მძიმე და ერთ განსაკუთრებით მძიმე მუხლზე, არ მოხდება სრული შეკრება. ანუ, სავარაუდოდ, იქნება შთანთქმა, პრაქტიკა ასეთია, ყოველ შემთხვევაში“, – განუცხადა for.ge–ს გიორგი ჩივიაშვილმა.

კახა კახიშვილი ვარაუდობს, რომ ვანო მერაბიშვილს, საბოლოოდ, 5–წლიანი პატიმრობა მოუწევს, ისიც იმ შემთხვევაში, თუ სასჯელს ბოლომდე მოიხდის და პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება ან შეწყალება არ შეეხება.