„2008 წლის აგვისტოს მოვლენების სამართლებრივი შეუფასებლობა ეროვნულ დონეზე დანაშაული იქნებოდა მომავალი თაობების წინაშე“

„2008 წლის აგვისტოს მოვლენების სამართლებრივი შეუფასებლობა ეროვნულ დონეზე დანაშაული იქნებოდა მომავალი თაობების წინაშე“

დროებითი საგამოძიებო კომისიის ყოფილი წევრი, დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ სამოქალაქო თავდაცვის ინფრასტრუქტურის დანგრევა-განიავება ვარდოსნებმა 2004 წელსვე დაიწყეს შს მინისტრის მოადგილის გია გეწაძის ხელით, რომელსაც „მიეშველა“ კახა ბენდუქიძე. როგორც ლორთქიფანიძე აცხადებს, 2007 წელს დავით კეზერაშვილის მიერ გაუქმებული და კომერციული მიზნებისთვის გაყიდული იქნა თბილისის სურსათის სტრატეგიული დანიშნულების ბაზა, თავისი უნიკალური სამაცივრე სისტემებით. 2004 წლიდან 2008 წლამდე თბილისის სამოქალაქო თავდაცვის მიწისქვეშა თავდაცვითი 407 ობიექტის უდიდესი ნაწილი კი პრივატიზირებული და კომერციული საქმიანობის მიზნებისთვის იქნა გამოყენებული.

for.ge დიმიტრი ლორთქიფანიძე ესაუბრა.

ბ-ნ დიმიტრი, 17 წლის შემდეგ რას გვაძლევს საპარლამენტო კომისია? ის, რასაც კომისიის სხდომაზე ყვებიან, ეს ხომ ცნობილი იყო ისედაც. რას ელოდებით ამ კომისიისგან - საქმეები გადაინაცვლებს პროკურატურაში?

დიმიტრი ლორთქიფანიძე: განსაკუთრებული საჯარო-საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს ორი ტიპის კომისიის შექმნას: დროებითი საპარლამენტო და დროებითი საპარლამენტო-საგამოძიებოს. 2008 წლის კომისია თავისი ფორმატით არ იყო საგამოძიებო, არამედ მას ევალებოდა მომხდარი კონფლიქტის გარშემო არსებული ინფორმაციის შეგროვება, ხოლო ამჟამინდელი კომისია თავისი არსით საგამოძიებოა და დაბარებულ პირთა გამოკითხვის ოქმები შემდგომი ბრალდებების ფორმულირების საფუძველი გახდება, გონიერ ეჭვს მიღმა არსებული მტკიცებულებათა სტანდარტის გათვალისწინებით, რაზედაც გენერალური პროკურატურა თავის საბოლოო სიტყვას იტყვის.

თქვენ იყავით იმ საგამოძიებო კომისიის წევრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა პაატა დავითაია და მაშინ ხელისუფლების ყველა წევრი მოდიოდა სხდომაზე. დღეს ასე არ არის, არ მოდიან, იმ მოტივით, რომ რუსეთის დაკვეთით შეიქმნა კომისიაო. რა ხდებოდა მაშინ კომისიაზე, რა დასკვნა გააკეთეთ მაშინ - ვინ დაიწყო ომი და რატომ?

- აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ კომისიაში ჩემი მონაწილეობა განპირობებული იყო იმით, რომ პარლამენტის წევრად არჩევმდე მრავალი წელი ვიმუშავე ძალოვან სტრუქტურებში და მათ შორის სამოქალაქო თავდაცვის ქ. თბილისის სამმართველოში, პოლკოვნიკ ჯუმბერ ხაბურზანიასთან მივიღე მნიშვნელოვანი გამოცდილება იმისთვის, რომ საჭირო დროს ეს ცოდნა და გამოცდილება გამომეყენებინა. სწორედ ეს გარემოება გახდა მიზეზი ჩემი კომისიის წევრად არჩევის. ჩემს მიერვე პარლამენტში მოწვეულ იქნა ბატონი ჯუმბერ ხაბურზანია და ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ჩავატარეთ ძალზე საპასუხისმგებლო სამუშაო - სამოქალაქო თავდაცვის მდგომარეობის შესახებ დასკვნა კომისიას დანართის სახით წარედგინა.

რა დასკვნა დადო სამოქალაქო თავდაცვამ, იკვეთებოდა პასუხისგებლობის საკითხი კონკრეტული პირების მიმართ?

- საგულოსხმოა, რომ აღნიშნული დასკვნა შეიცავდა ბრალდებებს უწყებების მხრიდან დანაშაულებრივი გულგრილობის ფაქტებზე და ეყრდნობოდა საერთაშორისო და ეროვნულ საკანონმდებლო ნორმატიულ ბაზას, რომლის აღუსრულებლობა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. კერძოდ, საქართველოს პარლამენტმა ჯერ კიდევ 2005 წელს მოახდინა სამოქალაქო თავდაცვის ჟენევის კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიცირება, რომლის ძალითაც, საომარ მოქმედებებში ქვეყნის ჩართვის შემთხვევაში, მთავრობა ვალდებული იყო შეესრულებინა რამდენიმე გადაუდებელი ამოცანა: 1. მოსახლეობის საევაკუაციო გეგმები, საგანგებო სიტუაციათა მართვის სამთავრობო საბჭოს პასუხისმგებლობის ქვეშ, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ მინისტრი.

2. შეტყობინებების სასირენო სისტემები ყველა დიდ დასახლებულ პუნქტში-ქალაქსა და დაბაში.

3. შუქ-შენიღბვითი სამუშაოები ყველა დასახლებულ პუნქტში. 4. სასიცოცხოდ მნიშვნელოვანი სურსათის სტრატეგიული მარაგების ბაზების შექმნა.

5. სამოქალაქო თავდაცვის მიწიქვეშა ობიექტების ორგანიზება კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული აღჭურვის გათვალისწინებით.

თქვენ წარმოიდგინეთ, არც ერთი პუნქტი 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს არ შესრულებულა.

პრემიერმა ლადო გურგენიძემ ისიც კი არ იცოდა, რა ვალდებულებები იყო გაწერილი მისი პასუხისმგებლობის ქვეშ (სტენოგრამაში დაფიქსირებულია). აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო თავდაცვის ინფრასტრუქტურის დანგრევა-განიავება ვარდოსნებმა 2004 წელსვე დაიწყეს შს მინისტრის მოადგილის, გია გეწაძის ხელით, რომელსაც „მიეშველა“ კახა ბენდუქიძე და საერთოდ გააუქმა ეკონომიკის სამინისტროში სურსათის სტრატეგიული მარაგის სამმართველო, რომლის უშუალო პასუხისმგებლობის ზონაში ხვდებოდა ღრმა გაყინვისა და არამალფუჭებადი სურსათის ბაზების მეურნეობის მოვლა-პატრონობა.

2007 წელს დავით კეზერაშვილის მიერ გაუქმებული და კომერციული მიზნებისთვის გაყიდული იქნა თბილისის სურსათის სტრატეგიული დანიშნულების ბაზა, თავისი უნიკალური სამაცივრე სისტემებით, ხოლო 2004 წლიდან 2008 წლამდე თბილისის სამოქალაქო თავდაცვის მიწისქვეშა თავდაცვითი 407 ობიექტის უდიდესი ნაწილი პრივატიზირებული და კომერციული საქმიანობის მიზნებისთვის იქნა გამოყენებული!

ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რასაც წულუკიანის კომისია სვამს, ეს არის ევაკუაცია. მოვისმინეთ ქართველი გენერლების განცხადებები, მაგალითად, ზაზა გოგავა ამბობს, რომ „აი, ვერ შევძელი, ერთი კაცი ხომ ვერ ვიზამდი ყველაფერს“ და ა.შ. არანაკლებ სკანდალური იყო მამუკა ყურაშვილის განმარტებებიც. თქვენი კომისიის გამოძიებიდან თუ ამოვალთ, რატომ არ მოხდა მშვიდობიანი მოსახლოების ევაკუაცია? ვინ იყო პასუხისმგებელი ამ მიმართულებაზე და საერთოდ, არსებობდა ასეთი გეგმა?

- ქ-ნი თეა წულუკიანის კომისიის წინაშე გამოკითხული იქნა გენერალი ზაზა გოგავა, რომელიც 2008 წლის აგვისტოში მეთაურობდა თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებულ შტაბს. ჩემს მიერ 2008 წელსვე იმ საპარლამენტო კომისიის ფარგლებში, ზაზა გოგავასადმი დასმული იქნა შეკითხვა: რა სამხედრო განათლების ცენზი განაპირობებდა მის თანამდებობას გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელად, ვინაიდან ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მას არ გააჩნდა სამხედრო განათლება და იყო მხოლოდ კონტრ-ტერორისტული დანიშნულების სპეცრაზმის წევრის კურსგავლილი აშშ-ში, ხოლო საბრძოლო მოქმედებების თეატრში მთავარსარდლის როლი მოითხოვს უმაღლეს სამხედრო აკადემიურ განათლებას, რაც ბ-ნ ზაზა გოგავას, უბრალოდ, არ გააჩნდა!

აღსანიშნავია, რომ წულუკიანის კომისიის წინაშე ზაზა გოგავას მიერ გაცემული პასუხი საევაკუაციო გეგმისა და მოსახლეობის ინფორმირების არშემდგარ ფაქტთან დაკავშირებით, კრიტიკას ვერ უძლებს. გენერლის კიტელში მჯდომმა განაცხადა, რომ მარტო იყო და ვერ შეძლებდა ერთი კაცი ამხელა ამოცანის გადაჭრას, იქვე ისიც აღნიშნა, რომ თურმე გუფთის ხიდი იმიტომ არ იქნა წყობიდან გამოყვანილი, რომ მფრინავებმა მისი ბრძანება ვერ შეასრულეს და ვერ ააფეთქეს.

ევაკუციის შემთხვევაში რა სურათს მივიღებდით? დარწმუნებული ვარ, გექნებათ ამაზე ნაფიქრი...

- აღსანიშნავია, რომ საევაკუაციო გეგმების არსებობის შესახებ კითხვა ჩემს მიერ დასმულია უკლებლივ ყველა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისთვის, ვინც გამოვკითხეთ 2008 წელს: მიხეილ სააკაშვილი; ვლადიმერ გურგენიძე; ვანო მერაბიშვილი; დავით კეზერაშვილი; კახა ლომაია; გიგი უგულავა; ლადო ვარძელაშვილი და სხვა პირები ერთხმად აცხადებდნენ, რომ არ ელოდნენ რუსეთის ფედერაციის მხრიდან შეტევის ამხელა მასშტაბებს და ამის გამო არ ჰქონდათ შემუშავებული მოსახლეობის საევაკუაციო გეგმები!

საევაკუაციო გეგმების არარსებობის შედეგად ოთხივე ხეობიდან: კოდორის, დიდი და პატარა ლიახვის, ფრონეს ხეობებიდან მოსახლეობა საცხოვრებელ სახლებს ტოვებდა სტიქიურად, მოუმზადებელი, სამხედრო კონტიგენტის მხრიდან დაცვის ღონისძიების უზრუნველყოფის გარეშე, რის გამოც გაიზარდა მსხვერპლი მათ რიგებში და გამოუსწორებელი ზიანი მიადგა სიჩქარეში მიტოვებულ მატერიალურ ქონებას.

რა გაგრძელებაც მოჰყვა აგვისტოს ომს და ვგულისხმობ რუსეთისთვის უპრობლემოდ სტრატეგიული ობიექტების გადაცემას და არა მხოლოდ ამას, რისთვის და ვისთვის მოაწყვეს სასაკლაო, რა იყო მოტივი და მიზანი?

- აღსანიშნავია, რომ ხუთდღიან ომად წოდებული, რეალურად კი, ორ დღეში დასრულებული აგვისტოს ომის შემდგომ მიხეილ სააკაშვილმა მალევე გააფორმა რუსულ მხარესთან საიდუმლო მემორანდუმი ენგურჰესის სათავო ნაგებობის მართვასთან დაკავშირებით, ასევე, აშშ-ს ზეწოლით რუსეთს მწვანე შუქი აუნთო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად და იქვე ეკონომიკური საზღვრები გადმოწია ფსოუდან ენგურზე და როკიდან გორში!

საერთოდ, გეგმა თუ ჰქონდათ, როგორ უნდა ეწარმოებინათ ომი, მოგების შემდეგ რა იქნებოდა? წაგების შემდეგ რაც მოხდა ვნახეთ, მაგრამ სამხედროებს რატომ ჩამოართვეს ბერკეტები და გადასცეს საპოლიციო ნაწილს და საერთოდ, სამოქალაქო პირების ჩართულობა როგორ შეიძლება ავხსნათ?

- გამოვიდა, რომ ზესახელმწიფოთა შორის გეოპოლიტიკური დაპირისპირების უშეღავათო პროცესში საქართველოს ანკესზე წამოსაცმელი ჭიაყელას როლი ერგო, აშშ-ს მეთევზის, ხოლო რუსეთს ღლავის! სააკაშვილმა ჯო ბაიდენის თამასუქი მიიღო 2009 წელს, მილიარდდოლარიანი პოლიტიკური ქრთამის სახით. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების სამართლებრივი შეუფასებლობა ეროვნულ დონეზე, დანაშაული იქნებოდა მომავალი თაობების წინაშე, ამიტომ წარმატებას ვუსურვებ დროებით საგამოძიებო საპარლამენტო კომისიას.

სამართალი უნდა აღსრულდეს. აქვე იმასაც დავამატებდი, რომ გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: შევარდნაძემ 1995 წელს გარკვეული მოსაზრებიდან გამომდინარე, გააუქმა სამხედრო ტრიბუნალი, ხოლო სამხედრო პროკურატურა შეერწყა გენერალურ პროკურატურას. შესაბამისად, დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას აქვს უმაღლესი ლეგიტიმაცია.