სელექციური პრივილეგიების პრაქტიკა გამოიყენებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობისთვის, ბუნებრივია, ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზენაეს სასამართლოში, მოსამართლეებთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რატომღაც, სწორედ, ამ პრივილეგირებული მოსამართლეების ნაწილს გამოჰქონდა უცნაური გადაწყვეტილებები.
„სელექციური პრივილეგიები - იცით, როგორი პრაქტიკა იყო დანერგილი, 20-25 ერთი და იგივე მოსამართლე სარგებლობდა კონკრეტული პრივილეგიებით. რატომღაც მაინცდამაინც ამ მოსამართლეებს, ყოველ შემთხვევაში, მათ ნაწილს გამოჰქონდა უცნაური გადაწყვეტილებები, ეს პრაქტიკაც არის კატეგორიულად მიუღებელი. აქაც აშკარად ჩანდა, რომ კონკრეტული პრაქტიკა გამოიყენებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობისთვის. ბუნებრივია, ამასაც უნდა დავუპირისპირდეთ,"- აღნიშნა პრემიერმა.