რატომ ეძახიან თეა წულუკიანს ზღარბს?! - გულახდილი ინტერვიუ იუსტიციის მინისტრთან

რატომ ეძახიან თეა წულუკიანს ზღარბს?! - გულახდილი ინტერვიუ იუსტიციის მინისტრთან

"გართობით სიკვდილი თუ უნდა ვინმეს, ყველაზე კარგი ეს გზაა, ალბათ"

"ოდესღაც მივალ ბაბუებთან და მეცოდინება, გავუმართლე მოლოდინი, თუ - არა. მანამდე კი ბევრი საქმეა..."

"კილიმანჯარომ მასწავლა, რომ შეიძლება ბედნიერი სიკვდილი"


ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, მათ შორის მინისტრებიც, ვისაც სხვადასხვა დროს საზოგადოებისგან სახელმწიფოს მართვის უფლება ენიჭება. არ ვიცი, რამდენად იოლად დამყვებიან სხვა მინისტრები, მაგრამ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უკვე გვიამბო ბავშვობის დროინდელი გატაცებების შესახებ და საოჯახო ფოტოების ექსკლუზიურად დაბეჭდვის უფლებაც მოგვცა. თეაზე არჩევანი იმიტომაც შევაჩერეთ, რომ მარტი, ქალთა თვე დადგა... 

დედა 

დედაჩემი ჩემი პირველი ნაცნობია დედამიწაზე. ბევრი მსხვერპლი გაიღო, მე და ჩემი ძმა წესიერი ადამიანები რომ გამოვსულიყავით. მის ამაგზე წიგნები დაიწერება. ბევრი იმუშავა, რომ ჩემში ქალისთვის მიუღებელი, ზედმეტად მეამბოხე ხასიათი მოეთელა... 
მისგან სულ მესმოდა: "ნუ დააბოტებ, შენ ხომ ქალი ხარ?!", ან "გაგვიმართლა, კაცად რომ არ დაიბადე, თორემ ხომ ვიჯდებოდით სულ ციხის კართან!" 
ახლა ასე აღარ ფიქრობს. მხოლოდ დროდადრო ზღარბს მეძახის, რაც არ მომწონს, მაგრამ... ადრე ცოტას მაქებდა კიდეც, ახლა მგონია, რომ უფრო მეტად ვეცოდები.

ქალის ტვირთი 

ყველას თავისი ტვირთი აქვს და მისი ტარება ადვილი არ არის. თანამედროვე საზოგადოებაში ბევრი ქალია, რომელსაც ოჯახის მოვლისა და ამავდროულად სამსახურის ტვირთი აწევს კისერზე. ასეთ ქალებს გულში გმირებს ვეძახი. საქართველო ქალებმა და დედებმა მოიყვანეს დღემდე...

მამა 


მამამ იარაღის ხმარება ადრეული ასაკიდან მასწავლა. ალბათ იმიტომ, რომ პირველ შვილს ბიჭს ელოდა და მე დავიბადე, მიაჩნდა, რომ იარაღის კარგად სროლაც უნდა მცოდნოდა და კაცივით ძლიერიც ვყოფილიყავი. ასეთი აღზრდა დღესაც მეხმარება, ბევრ რამეს გავუძლო, მაგრამ ქალს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ქალია. 
ადრე ხშირად ვისროდი და ძალიან კარგადაც. მამა და ბიძაჩემი დღესაც იხსენებენ, როგორ ვჯობნიდი ბიძაშვილებს. თუმცა, ბიჭებისგან განსხვავებით, იარაღი იმდენად მძიმე მეჩვენებოდა, რომ მარჯვენა ხელის მაჯას მეორე ხელით ვიმაგრებდი, მაინც ზუსტად ვისროდი. მარჯვენა ხელით ვისვრი და მარცხენა თვალით ვუმიზნებ, რის გამოც დამცინოდნენ კიდეც. დიდი ხანია არ მისროლია, კარგად ვეღარ ვხედავ, მეშინია, არ ავაცდინო და საკუთარ თავზე წარმოდგენა არ წამიხდეს. ბავშვობაში ეს გართობის ნაწილი იყო და მამაჩემის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ ვისროდით სვანეთის ტყეში. როცა გავიზარდეთ, ესეც წარსულს ჩაჰბარდა, როგორც სხვა თამაშობა.

ბაბუები

ხშირად მახსენდება კადრი ბავშვობიდან - გურიაში, ჩვენს ოდაში, ტანსაცმლის საკიდზე ბაბუას სანადირო თოფი ჰკიდია. დღემდე მგონია, იმ თოფს დანიშნულება არ ჰქონდა, მაგრამ მიყვარდა, რადგან ბაბუას ცხოვრების ნაწილი იყო. ზაფხულის თვეებს ბეგაზე, სოფელ ზემო ნოღაში ვატარებდით. როდესაც შვილიშვილებს ზანდოს მთაზე სასეირნოდ წაგვიყვანდა, მაშინ აიკიდებდა ხოლმე ამ თოფს. თუმცა ბაბუა უფრო პოეტი იყო, ვიდრე მეთოფე და იარაღიც უხერხულად ეკიდა მხარზე - თოფი ცალკე მიდიოდა, მხარი ცალკე. წამოწვებოდა და გვეტყოდა, ითამაშეთ, შორს არ წახვიდეთო. ჩვენც ვგიჟობდით, ის კი გასცქეროდა თავის გურიას და ქაღალდის ნაგლეჯზე რაღაცას წერდა. მერე ჩაეძინებოდა, რის გამოც ბებია წყრებოდა, -„ბავშვები მაგასთან ერთად არ გაიშვებიან ტყეშიო. დღემდე მგონია, რომ  ბაბუაჩემს ვაზნები არც ჰქონდა. ალბათ, ისიც ეყოფოდა, მეორე მსოფლიო ომში რომ ისროლა. მაშინ თავში დაიჭრა... 

ჩემი სვანი ბაბუა კარგი მონადირე ყოფილა. პატარა ვიყავი, რომ გარდაიცვალა. მახსოვს, ერთხელ იყო თბილისში ჩამოსული და ჩვენს პატარა ბინაში დამალობანას გვეთამაშებოდა, წელზე ვერცხლისსირმებიანი ტყავის ქამარი ეკეთა, რომელშიც დანა ჰქონდა გარჭობილი. გავაბრაზეთ და დანა მოგვიღერა, ყურებს დაგაჭრითო, ღიმილით გვითხრა. კიდევ კარგი, ღიმილით გვითხრა... ბაბუაზე საოცარ ამბებს ჰყვებიან. მთაში, თოვლის დნობისას, მთის მიუვალ ციცაბო კალთებზე ყინულის გარსი ნელა დნება, მის ქვეშ კი წყალი იწყებს დინებას. ასე იქმნება ხოლმე დროებითი ყინულის გვირაბები გაზაფხულზე. ბაბუა დათვს მიჰყვებოდა თურმე ნაკვალევზე, ნადირი კი ასეთ გვირაბში შესულა. კალთა იმდენად ციცაბო ყოფილა, რომ გვირაბში ვერ შეჰყოლია, თუმცა თელის ხისთვის ქერქი აუთლია, რომელიც ძალიან მოქნილია და სახელდახელოდ კიბე დაუწნავს, მასზე მოჭიდებული შეჰყოლია დათვს სამალავში... 
მე იმ კაცის შთამომავალი ვარ და ხასიათიც მისი მაქვს. ისიც კარგი ჯიქი იყო, უდრეკი და უხიაგი, მაგრამ დიდი ხუმარა, ხანდახან ცინიკოსიც. 

ამბობენ, არ უნდოდა, თორემ კარგი მთამსვლელი დადგებოდა, კატასავით ცოცავდაო. მე ის უკვე მოხუცი, ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი და ზურგზე ზვინმოკიდებული მახსოვს.
დედაჩემის მამამ, ალექსანდრე შანიძემ სითბო, ადამიანისა და ცოდნის სიყვარული ჩამინერგა, მის თვალებში დავინახე და დავიჯერე პირველად, რომ შეიძლება ვიყო კარგი. მისი ფრაზა„- უწვალებლად არაფერი არ გამოდის, ბაბუა - სულ თან მდევს. 

მამაჩემის მამის, ვლადიმერ წულუკიანისგან სიმტკიცე, ბრძოლის უნარი და პირდაპირობა გამომყვა. სხვა რა მოგახსენოთ, ოდესღაც მივალ მათთან და მეცოდინება, გავუმართლე მოლოდინი, თუ - არა. მანამდე კი ბევრი საქმეა.

იარაღი


იარაღის მიმართ მოწიწების განცდა მეუფლება. 
იარაღი არასოდეს ყოფილა ჩემთვის რკინის ნაჭერი. ძალიან მომწონს ნაგანი. საერთოდ, რევოლვერი უფრო საინტერესოა, რადგან ისეთია, როგორიც ცხოვრება, ტრიალებს და რამდენიმე შანსს გაძლევს. 
საკუთარი იარაღი არ მაქვს. რაში მჭირდება? თანაც ყველა ცეცხლსასროლ იარაღს კარგი დანა მირჩევნია და რამდენიმე მაქვს კიდეც შინ. ნეპალში გურქჰების საბრძოლო დანები ვიყიდე და სტრასბურგში კუკრებით (ნეპალური დანა) შეიარაღებული დავბრუნდი. ერთი ბიძაჩემს გავუგზავნე სვანეთში, ტყეში იყენებს, მე კი შინ  მადგება - საკუბდარე ხორცსა და მწვანილს კარგად ჭრის. 

სოფელი

ბავშვობაში არდადეგებს გურიაში ან სვანეთში ვატარებდი. ჩემს მშობლებს ვუმადლი სოფლის სიყვარულს. სვანეთში თივის ზვინის დადგმაში მონაწილეობიდან გურიაში დაფნის ფოთლის კოოპერატივში ჩაბარებამდე, ყველა სასოფლო საქმეში ვმონაწილეობდი. გურული ბაბუა თბილისში ცხოვრობდა, მაგრამ ლოტკინელ ბებიასთან ერთად მანამდე რჩებოდა სოფელში, სანამ ადესას და კარალიოკს არ დაკრეფდნენ. სოფელში წასვლა ზეიმი იყო და არდადეგების დაწყებას მოუთმენლად ველოდით. ახლაც მახსოვს, ივნისში, ჩვენი გურიაში ჩასვლისას, შავი თუთა მწიფობდა. ჰოდა, დავდიოდით შავი ცხვირ-პირით, როგორც ბაბუა იტყოდა, მასხრებივით. სვანეთში გვიან შემოდგომაზე აწითლებული ტყეები მახსენდება და დღესაც, სადაც უნდა ვიყო შემოდგომაზე,  მწიფე ზღმარტლის სუნი მცემს. 
ჩემი აზრით, ქალაქელი ბავშვები არდადეგებზე სოფლისკენ უნდა მიეშურებოდნენ, ზღვაზე და კაფე-ბარებში სიარულს მოასწრებენ. სოფელი მიწის და ბუნების სიყვარულს ბადებს ბავშვის გულში.

იქ, სადაც ბედნიერი სიკვდილი შეიძლება


პირველი დიდი ლაშქრობა 2007 წელს, ნეპალში, ხუმბუს ხეობაში მოვაწყვეთ მეგობრებთან ერთად. კატმანდუდან ვერტმფრენით ჩავედით ლუკლამდე, მერე ფეხით დავადექით გზას ჯომოლუნგმას საბაზისო ბანაკამდე. აღმასვლა შვიდი დღე გაგრძელდა, დაღმასვლა - სამი. ყველაზე ტკბილად შუა ეტაპი, ნეპალური სოფელი ნამჩე ბაზაარი მახსენდება, რომელიც 3 400 მეტრზეა და იქ ერთი დღე უნდა გაატარო აკლიმატიზაციისთვის. ვიჯექი ნამჩეს ყველაზე ლამაზ სასტუმროში და ზემოდან დავყურებდი მთელ სოფელს. ვუყურებდი კონგდეს მწვერვალს, პეპელასავით რომ გაუშლია ფრთები და გონის დაკარგვამდე ვჭამდი ჯანჯაფილიან მომოს, რომელიც ქართულ ხინკალს ჰგავს. საბაზისო ბანაკი მომნუსხავი სილამაზისაა, 5 364 მეტრ სიმაღლეზეა. იქ რომ ავედი, მივხვდი, საკუთარ თავს ვაჯობე, რაც ადამიანში ყველაზე ძლიერი განცდაა... კილიმანჯარო კეთილი და გულღიაა. რამდენიმე წელიწადში ალბათ, იქ თოვლი აღარ იქნება. მყინვარი ყოველ წელს კლებულობს. 

კილიმანჯარომ მასწავლა, რომ შეიძლება ბედნიერი სიკვდილი. სისხლადუღებული და ბედნიერი დაჯდები მყინვარისკენ მიმავალ თოვლიან გზაზე და თუ ჩაგეძინა, რვა წუთში გაიყინები, ღიმილით სახეზე. 
სიკვდილი ისედაც არ არის დიდი მოვლენა, არ ვიყავით ოდესღაც და მერეც აღარ ვიქნებით. უბრალოდ გართობით სიკვდილი თუ უნდა ვინმეს, ყველაზე კარგი ეს გზაა, ალბათ. 

ტანზანია ჯადოსნური ქვეყანაა და რაკი ყველას უფრო ჯადოსნური კენია ჰგონია, ამიტომაც არის მასაი-მარას ნაკრძალში ტანზანიის მხრიდან ნაკლები ტურისტი... სერენგეტის ეროვნული პარკის სივრცეები უსასრულობაში გაბრუნებს, ნგორონგოროს კრატერში რომ ჩადიხარ, ისეთი სიმშვიდე და სილამაზეა, გგონია, სწორედ იქიდან უნდა ამოსულიყო ევა, როცა გაბედა და შეცდომაში შეიყვანა კაცობრიობა. ტანზანიელებს ასევე აქვთ მარგალიტი კუნძულ ზანზიბარის სახით - მწვანე ზღვა, ისლის სახლები და თაკარა მზე...

"მთავარია, მაშინვე ამხედრდე" 


საფრანგეთში, სახელმწიფო მართვის სკოლაში სწავლისას, ცხენოსნობაში ვვარჯიშობდი. სავარჯიშოდ პარიზის სამხედრო სკოლის მანეჟი გვქონდა დათმობილი. რამდენჯერმე ჩამოვვარდნილვარ კიდეც. მთავარია, მაშინვე ამხედრდე, რადგან არც შენ და არც ცხენმა არ იფიქროთ, რომ ვარდნას აღმასვლა არ მოსდევს. მთავარი ეს არის! 
მყავს კავკასიური ნაგაზი. 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს დაიბადა და ზურა ზვიადაურმა და გია ცაგარეიშვილმა გამარჯვების ნიშნად მაჩუქეს. კილიმანჯარო დავარქვი. ტანად უკვე დიდია, მაგრამ ცოტა სულელია. როგორც ამბობენ, ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი. როცა სახლში დავჯდები, კანე კორსოს შევიძენ. ამას წინათ ზღარბი მაჩუქეს, მაგრამ ძაღლი ძაღლურად მოექცა, არ მიიღო, იმდენი აბურთავა, დილით გულაღმა ამოტრიალებული დამხვდა. ცოცხალი იყო, მაგრამ მერე მოკვდა...

ჭორები


ჭორები გიკვირთ? ენას ძვალი არ აქვსო... არ მგონია, რომ კომენტარს უნდა ვაკეთებდე ტყუილებით სავსე პუბლიკაციებზე ჩემი პირადი ცხოვრების ან მეგობრების შესახებ. მე და  ჩემს მეგობრებს ეს არ გვტკივა. ჩემი სამყარო ჩემია და იქ, მხოლოდ მე ვიცი, რა ტრიალებს. ამიტომ სიმართლის დაწერა მხოლოდ მე შემიძლია და როგორც კი მოვიცლი, დავწერ კიდეც. ბევრი რამ მაქვს დასაწერი. ახლა კი ის შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი პირადი ცხოვრება მეოთხე წელია ჩემი საქმიანობის მსხვერპლია. პოლიტიკამ მთლიანად ჩაყლაპა ის, რასაც თავისუფლება, პიროვნული ბედნიერება, სიხარული ჰქვია. მაგრამ ეს დროებითია. მთავარია, ვმუშაობთ ქვეყნის პროგრესისთვის, სადაც მთავარი იქნება სახელმწიფო ინსტიტუტები და არა გვარ-სახელები!