საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად იმუშავებს კონტრ-ტერორისტული მიმართულებით, რაც გულისხმობს ტერორისტული საფრთხეების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარებას, ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულების კიდევ უფრო გაძლიერებას და სათანადო რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსობის კანდიდატმა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე.
მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის შესახებ ინფორმაციის მიღებისა და გაზიარების საკითხებში.
„აღსანიშნავია, რომ ტერორიზმის გლობალური ინდექსის 2025 წლის მონაცემების თანახმად, საქართველო ტერორიზმის გავლენისგან თავისუფალი ქვეყნების რიგშია. ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრიორიტეტი იქნება კონტრ-ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მექანიზმების გაუმჯობესება და შესაძლო ინციდენტებზე რეაგირების შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერება. ყურადღება დაეთმობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში უშუალოდ მონაწილე დანაყოფების შემადგენლობის უწყვეტ მომზადებას, მათ პროფესიულ განვითარებას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფას, პარტნიორებთან ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომლობის მექანიზმების შემდგომ დახვეწას“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.