დიტო გელოვანი: ისეთ პონტში...

დიტო გელოვანი: ისეთ პონტში...

ფლაგსტაგში ჩვენს თანამგზავრს დავემშვიდობეთ. როცა იგი ავტომობილიდან გადადიოდა, დავინახეთ, რა სიღატაკემდე დაშვებულიყო ეს ადამიანი, მის უმსგავსო პალტოს ბურტყლები მიჰკრობოდა, მომწვანო ლოყები დიდი ხნის უპარსავი ჰქონდა, ყურებში კი პენსილვანიის, კანზასის, ოკლაჰომის მტვერი ჩაგროვებოდა. დამშვიდობებისას მის კაეშნიან სახეზე ოპტიმისტური ღიმილი ათამაშდა: „მალე ყველაფერი მოწესრიგდება, - გვითხრა მან, - იმათ კი ხუთ-ხუთი მილიონი დარჩებათ, მეტი - არც ერთი ცენტი. როცა ფალგსტაგიდან გამოვდიოდით და გეზი გრანდ-კანიონისკენ ავიღეთ, მისტერ ადამსმა გვკითხა...

(ილია ილფი, ევგენი პეტროვი. „ერთსართულიანი ამერიკა“)

--------------------ლიდი---------------

ძალიან არ მიყვარს და არ მიყვარს კი არა, მაგრადაც მეცინება ხოლმე, ვინმე ვინმეზე რამის შემდეგ რომ იტყვის ხოლმე, ნიღაბი ჩამოიხსნაო, კიდევ ერთხელ ჩამოიხსნა ნიღაბიო, ნამდვილი სახე დაგვანახაო, ჭეშმარიტი სახეო, რაც ერთხელ კიდევ მიუთითებსო... და ა.შ.

ჯერ ერთი, ნიღბის იქით უნდა იყურებოდე და მეორც - ერთხელ რომ ჩამოიხსნის, მერე რამდენჯერაც არ უნდა გაიკეთოს და რა ნიღაბიც არ უნდა მოირგოს, იმ ერთხელ ხომ დაინახე და თუ დაინახე და შეაფასე, იკეთოს ის ნიღბები სახეზე და იყოს, ანუ იმ ნიღაბს სახეზე მოირგებს თუ სადმე სხვაგან გაიკეთებს, ყველაფერი ნათელია და რად უნდა ამას ექსპერტი და ლაი-ლაი?

არა მგონია, რუსეთზე ვინმე დავობდეს, ყველამ კარგად იცის, რა ნაბიჭვარიც არის და რა დღესაც იანუკოვიჩი უკრაინიდან გაიქცა, იმ დღეს უკვე გასაგები იყო, რომ ყირიმში მოხდებოდა ის, რაც მოხდა და რაც ხდება. ხოლო ნაცებს უხაროდათ... მაგრამ რა უხაროდათ ნაცებს? საერთოდ, რა უხარიათ ნაბიჭვრებს? ნაბიჭვრები სხვისი უბედურებით ხარობენ, სხვაგვარად არ შეუძლიათ. სხვაგვარად რომ შეეძლოთ, ნაბიჭვრები არ იქნებოდნენ.

ერთი ნიუსი კიევიდან: „კიევში უკრაინის უმაღლესი რადას შენობის წინ აქცია მიმდინარეობს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, რადაში დღეს მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრების დამტკიცების საკითხი უნდა განიხილონ. შეკრებილი მომიტინგეები ითხოვენ მაიდანის წარმომადგენლებისგან სამუშაო ჯგუფი შეიქმნას, რომელიც ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტს მოამზადებს“.

ყველაზე საგულისხმო კი ის არის, რომ აღნიშნულ აქციას სულ რაღაც ორი ათასი ადამიანი ესწრებოდა.

დანარჩენებმა საქმე გაკეთებულად ჩათვალეს, ქუდები დაიხურეს და უახლოეს ზაბეგალოვკებს მიაშურეს. ყირიმის ამბებამდე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი...

ასეთ დროს სწორედაც რომ ლუსტრაციაა მთავარი, ხოლო ლუსტრაცია სხვა არაფერია, თუ არა გაგება, გაგება იმისა, თუ ვინ ვინ არის და ვინ რა არის.

ჩვენთან რომ ლუსტრაციის კანონი მიეღოთ... მაგრამ ვის უნდა მიეღო? იმას, ვინც კაგებეშნიკებით აავსო მთავრობა? იმას, ვინც პარტკომებით გამოტენა პარლამენტი თუ იმას, ვინც კაგებეს ეფრეიტორი იყო და კაგებეს გენერალი ბიძა კაგებეს გენერლობას პირდებოდა?

„მინდა მივმართო უკრაინის მოსახლეობას და პირველ რიგში, მათ ბოდიში მოვუხადო“, - განაცხადა იანუკოვიჩმა. სწორედ ბოდიშის მოხდის დროს ანერვიულდა ყოფილი პრეზიდენტი, რამდენიმე წამიანი პაუზა გააკეთა და კალამი, რომელიც ხელში ეჭირა, შუაზე გადატეხა.

ახლა, გინდა კალამი გატეხე და გინდა საკუთარი ჰალსტუხი ჩააყოლე ას გრამ „სტალიჩნაიას“, შეგარგოსო - მაინც არავინ გეტყვის.

„მისი თქმით, "ყველა უჯრედით" ენატრება საქართველო, მაგრამ ბევრი მიზეზის გამო ამერიკაში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ექსპრეზიდენტის განცხადებით, ამ მიზეზებზე "თავის დროზე" ღიად ილაპარაკებს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ეს არ გაუკეთებია პირადი მოტივებით და იმისთვის, რომ სხვა ქვეყანას მიუძღვნას თავისი ცხოვრება. "თუმცა, მინდა აქტიური საქმე და, მე რა თქმა უნდა, ვენახის გასხვლით ვერ დავიკავებდი თავს", - განაცხადა ექსპრეზიდენტმა“.

ნიუსი, ნიუსი, ნიუსი...

"აღმოსავლეთის წაღება რუსეთს არ გამოუვა, რაც შეეხება ყირიმს, იქ მთავარი პრობლემაა რუსული სამხედრო ბაზა და რუსული სამხედრო კონტინგენტის ყოფნა. რუსეთი ყირიმის შემთხვევაში ცდილობს იგივე სცენარის განხორციელებას, რასაც ადგილი ჰქონდა ცხინვალსა და აფხაზეთში, რასაც ადგილი ჰქონდა აჭარაში - ჩვენ ხომ, რეალურად, აჭარა და ჯავახეთი ცხვირწინ ავაცალეთ რუსეთს?! ყირიმში საწყის ეტაპზეა სეპარატიზმი და უკრაინელ ლიდერებთან სწორედ იმაზე მაქვს ყოველდღე ლაპარაკი, რომ თუ ახლა სწრაფად იმოქმედებენ, ვერც იქ განახორციელებს რუსეთი ვერაფერს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა“.

ნაბიჭვარი, ნაბიჭვარი, ნაბიჭვარი...

ხშირად დასმულ შეკითხვებში (frequently asked questions) დიდი ხნის განმავლობაში პასუხგაუცემელი იყო ერთი - „როგორ არის ნეხვი ფრანგულად?“ როგორ და აი ასე: Mishel Saakashvili. და არა მხოლოდ ფრანგულად. ხომ არის ისეთი სიტყვები, ლამის ყველა ენაზე ერთნაირად რომ ჟღერს? ესეც ასეა, და ქართულადაც, ფრანგულადაც და ინგლისურადაც ნეხვი ერთნაირად ისე ჟღერს, როგორც ოდნავ ზემოთ მოგახსენეთ. იმედი მაქვს... იმედი მაქვს კი არა, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინისთვის და უკრაინელებისთვის ყველაფერი კარგად დასრულდება, იქნება გამარჯვება, თუმცა სანამ გაიმარჯვებენ, აუცილებლად იქნება პატარ-პატარა მარცხიც, მაგრამ ამას სააკაშვილი აშკარად, ყველას დასანახად ვერ იზეიმებს, როგორც ეს გააკეთა თბილისში, როცა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია რუსთაველის გამზირზე იზეიმა.

მოკლედ, გაივლის წლები და უკრაინელი გლეხი ბოსელს რომ დაასუფთავებს, იტყვის, ხშირ-ხშირად უნდა გამოვხვეტო, თორემ ძროხების სადგომი სააკაშვილად ყარსო.

ნეხვი, ნეხვი, ნეხვი...

და, ნიუსი: "2007 წლის ნოემბრამდე სამი თვით ადრე, დსთ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა მითხრა თუ როგორ უთხრა მას პუტინმა, რომ პატარკაციშვილი არევდა სიტუაციას. დსთ-ს ერთ-ერთი ქვეყნის დედაქალაქში შედგა შეხვედრა პატარკაციშვილსა და "ეფ-ეს-ბეს" ორ გენერალს შორის რამდენჯერმე. ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ გამოგვიგზავნა ერთი თვის შემდეგ შეტყობინება, რომ "ეფ-ეს-ბეს" რამდენიმე გენერალი, კანონიერი ქურდები, მათ შორის უსოიანი, ჩამოსული იყვნენ ერევანში, რათა დახმარებოდნენ ბადრი პატარკაციშვილს საქართველოში არეულობის მოწყობაში", - აღნიშნა სააკაშვილმა“.

ამ დროს კი, პატარკაციშვილის ოჯახი ზის და იმაზე მსჯელობს, რომელი „ვარსკვლავი“ აცეკვოს და რომელი თურქული სერიალით აწიოს საკუთარი ტელევიზიის რეიტინგი. პატივი და ღირსება ფა-ფუ?

„მისივე თქმით, 26 მაისს, პუტინი ეროვნული დღესასწაულის ჩაშლას ცდილობდა. "სკლეროზი თუ არ გვაქვს, ასე იყო. მახსოვრობა არ უნდა დავკარგოთ. ეროვნული დღესასწაულის ჩაშლა უნდოდათ პუტინის ფულით, პუტინის ინსტრუქციით", - აღნიშნა სააკაშვილმა“ - ესეც იმ ნიუსიდან არის.

როდის და სად ყოფილა, რომ ეროვნულ უბედურებას ეროვნულ დღესასწაული აღენიშნოს?

„ჩვენ ორწლიანი პაუზის შემდეგ აუცილებლად დავბრუნდებით ხელისუფლებაში და არავის წინაშე არ დავხრით თავს, - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა ქუთაისში, პარტიის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევის დროს გააკეთა. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უფრო გაძლიერდა, რაც იმის დასტურია, რომ ქართველი ხალხი ცვლილებებისთვის მზად არის“ - კითხულობ და ფიქრობ, ვისზე მიუშვა არმაგედონის ზანგი, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ თუ „ქართულ ოცნებაზე“?

მართლა ვერ წარმოვიდგენდი, თუ 1-ლი ოქტომბრის შემდეგ გაივლიდა თითქმის ორი წელი და ხმის ამოღებას გაბედავდნენ წაკლა-ნუგზარა, ხაბაზი-მათხოვარი და სიდედრის აკო. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერთ სატელევიზიო ეთერს სუნიანი თუთბერიძე დაიკავებდა, მეორეში კი უფერო და უსუნო ნიკა ჩიტიძეს დაეკითხებოდნენ აზრს. როგორ ვიფიქრებდი!

რამდენიმე კვირის წინ ერთმა ყოფილა მეცხრეარხელმა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში დაწერა, ჩემმა მაღალჩინოსანმა ნაციონალმა ნათესავებმა მეცხრე არხიდან წამოსვლა მთხოვეს, სანაცვლოდ კი ფულს მთავაზობდნენ, მე შორს გავგზავნე, „ქართულმა ოცნებამ“ კი ზემოთ გაგზავნა - ახლა ორივენი უფრო მაღალ თანამდებობებზე სხედან, ყოველ თვეში პრემიებს იღებენ და დაუფარავად დამცინიანო.

აი, უყურეთ - დარვინის თეორიის ნივთმტკიცებას, გოგა ონიანს, 26 ნაციონალი დაუდგა თავდებში და გაათავისუფლეს, ხოლო ემზარ კვიციანს გია ყარყარაშვილმა, დავით თევზაძემ და კიდევ 28 გენერალმა უთავდებეს, მაგრამ მაინც პატიმრობაში რჩება.

ამიტომაც არის, გენერალური ნაბიჭვარი რომ იქადნის, ორ წელიწადში დავბრუნდებითო. არადა, რომ დააკვირდე, გადათვალ-გადმოთვალო და მიათვალ-მოათვალიერო, არსადაც არ წასულან და არც წავლენ, სანამ არ ვეტყვით: „წადით! წადით, თქვენი მსუბუქი ყოფაქცევის დედები და უკანონოდ შობილი მამებიც...“

ამიტომ არის საჭირო ლუსტრაცია, ყველამ უნდა იცოდეს, ვინ რას აკეთებდა, ვინ რას აკეთებს და ვინ რისი გამკეთებელია იქ, სადაც გასაფუჭებელი ლამის აღარაფერი დარჩა.

რა ხდება ამ დროს? აი, რაც: „ზვიად ძიძიგური გიგი უგულავას კახი კალაძესთან "არაკაცურად მოქცევაში" ადანაშაულებს. ამის შესახებ ძიძიგურმა "რუსთავი 2"-ის თოქ-შოუ "პოზიციაში" განაცხადა, სადაც უგულავამ კალაძე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილ უჩა მამაცაშვილთან ერთად, ბიზნესმენებზე ზეწოლაში დაადანაშაულა.

"ბატონმა გიგიმ ბრძანა, რომ გადაყენებული ვარ თუ არა, არჩეული მერი ვარო. კარგია, რომ გადაყენებულია. მე მრცხვენია, რომ ასეთი მერი ჰყავდა თბილისს ამდენი ხნის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი გაღიზიანებულია და რატომაც, მაგრამ ამ გამოსვლაში რომ ღირსეულად გამოსულიყო, სჯობდა. კახა კალაძე რომ აქ მჯდარიყო და ესაუბრა უგულავას ის, რაც ილაპარაკა, მაშინ გავიგებდი, რა არის და როგორ არის. კაცი აქ არ არის და ასეთი ტიპის ბრალდებები დააბრეხვო და შემდეგ შენს გზაზე წახვიდე, მარტივად რომ ვთქვათ, კაცური საქციელი არ არის. ყველაფერს თავისი წესი აქვს. ვიცე-პრემიერი ჩემი მეგობარია და მე ვურჩევდი, არ გაუყადროს თავი, ამ ზომასა და დონეზე“, - განაცხადა ძიძიგურმა“.

ჰოოო... ისა და, პრეზერვატივების კანონი უკვე მიიღეს? ჩოხებისა და ჩიხტიკოპების კანონიც ხომ მიღებულია? ირინა იმერლიშვილი ხომ დადის გაზიზინებული მანქანით და რასა იქმს ზესტაფონში გოგი ქავთარაძე, ხომ დაასაქმა ყველა ნაც-ბოზ-ბანდელი, ვინმე ხომ არ გამორჩენია?

ჰოდააა, მიხეილ მაჭავარიანს დაებადა ლეგიტიმური კითხვა: „არ მესმის, რამ გამოიყვანა წყობიდან კახი კალაძე და რატომ დაკავდა წყევლა-კრულვით“.

კითხვა მართლაც რომ ლეგიტიმურია, ეს კითხვა მეც მაწუხებს. იმ დროს, როცა ნაცებს კარგებს უნდა უკითხავდე და კეთილებს უზანზარებდე, „მეხი კი დაგეცა“ და ეგეთი რამეები აბსოლუტურად უადგილოა.

ერთი ის იყო, იმ „ჟურნალისტზე“, ფარესაშვილზე რომ დაწერა ვიღაცამ - მაგრა კაცურად მოიქცაო, და მეორე ეს არის - უგულავას კაცობაზე ელაპარაკებოდე. ორივე არის ჩუკენობა. რა, არა? მესამეც დაგაინტერესებთ: "მწვანეთა პარტია თბილისის მერის პოსტზე გია გაჩეჩილაძის კანდიდატურას დააყენებს. მწვანეთა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გავიდეს დამოუკიდებლად და წარადგინოს მერობის კანდიდატი. როგორც პარტიის პოლიტიკურმა კომიტეტმა გადაწყვიტა, მერობის კანდიდატი ვიქნები მე, გიორგი გაჩეჩილაძე, პარტიის გენერალური მდივანი", - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ“.

მწვანეებო, ტაში, ტაში...

შემიძლია, დაახლოებით წარმოვიდგინო მწვანეთა პარტიის პოლიტიკური კომიტეტის ის სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გია გაჩეჩილაძის მერობის კანდიდატობის შესახებ: გია გაჩეჩილაძემ შეთავაზა გია გაჩეჩილაძეს, რომ დააყენოს თავისი კანდიდატურა. „რა შანსები გვაქვს?“ - იკითხა გია გაჩეჩილაძემ. საუბარში ჩაერთო გია გაჩეჩილაძე, რომელმაც გია გაჩეჩილაძის წინადადებას დაუჭირა მხარი. „ყველანი რომ შევიკრიბებით, მაშინ გადავწყვიტოთ“ - თქვა გია გაჩეჩილაძემ და ამ დროს კარები შემოაღო გია გაჩეჩილაძემ, რომელმაც მხურვალედ დაუჭირა მხარი გია გაჩეჩილაძის წინადადებას და წარმოადგინა ამჟამად მივლინებაში მყოფი გია გაჩეჩილაძის წერილი - „მხარს ვუჭერ გია გაჩეჩილაძის წამოყენებას თბილისის მერობის კანდიდატად. გია გაჩეჩილაძე“.

არ ვარ ექსპერტი, მაგრამ ხანდახან ზუსტ პროგნოზებს ვაკეთებ ხოლმე - თბილისის მერის არჩევნებში გია გაჩეჩილაძე მხოლოდ ერთ ხმას მიიღებს. რა თქმა უნდა, მას ხმას მხოლოდ გია გაჩეჩილაძე თუ მიცემს.

„პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საერთაშორისო მდივანი არმაზ ახვლედიანი რომში ევროპის სოციალისტური პარტიის საარჩევნო კონგრესს ესწრება. არმაზ ახვლედიანმა ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტ სერგეი სტანიშევთან, პარტიის გენერალურ მდივან აქიმ პოსტთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან შეხვედრისას "ქართული ოცნების" ევროპის სოციალ-დემოკრატიულ ოჯახში გაწევრიანებაზე და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზე ისაუბრა“ - იმის შესახებ, თუ სად დადის და რას საქმიანობს არმაზ ახვლედიანი, ჩემს მეგობარ სააგენტოს ინფორმაციას მხოლოდ ერთადერთი ვინმე თუ მიაწვდიდა. ვიინ? რა თქმა უნდა - არმაზ ახვლედიანი.

ეგეთები ბევრნი არიან, ძალიან ბევრნი, ხან სად შეძვრებიან და ხან სად, ლუსტრაციის კანონი კი არ ჩანს, ამ კანონის დაწერა ჭრაქის შუქზეც შეიძლება, ყოველგვარი ხუდონისა და ჰუძონის გარეშე, და ჭრაქის შუქი იქით იყოს, მარტო ელიავაზე იმდენი უვარგისი საბურავი ყრია...

„ე.წ. მოდულის შენობასთან ადვოკატ გოგა ონიანის მხარდამჭერებმა საბურავები დაწვეს. როგორც მათ განაცხადეს, საბურავების დაწვით მათ შეახსენეს ხელისუფლებას, რომ თუკი ხელისუფლება გონს არ მოვა და გააგრძელებს პოლიტიკურ დევნას, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ვიქტორ იანუკოვიჩის ბედი არ ასცდება.

 საბურავის დაწვამდე კი აქციის მონაწილეებმა ე.წ. მოდულის შენობის წინ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და გოგა ონიანის დაპატიმრება ასე გააპროტესტეს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრების თქმით, ეს არის პოლიტიკური დევნა და საქართველოს გოგა ონიანის დაკავებით კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს“ - ეს ნიუსი აშკარად საბურავის შუქზე არის შექმნილი და იმავე საბურავის შუქზეც შეიძლება იმის გარჩევა, თუ ვინ ვინ არის, ვინ რა არის და ვის რა უნდა.

ისეთ პონტში, მაგრამ სერიოზულად.

ი.პ. (ისეთ პონტში) აბა, როგორ გგონიათ, რატომ უნდა იმ უბედურს, რომ მილიონერებს ხუთ-ხუთი მილიონი მაინც დაუტოვონ? არ იცით? მაშ, მე გეტყვით: სულის სიღრმეში იგი ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ ოდესმე თვითონაც მილიონერი გახდება. ამერიკული აღზრდა - ეს საშინელი რამაა, ბატონებო

(ილია ილფი, ევგენი პეტროვი. „ერთსართულიანი ამერიკა“)