დღეს მორიგ სახალისო ისტორიებს შემოგთავაზებთ. ამ რუბრიკის წინა „სერიალებში“ ჩვენი გმირები ქართველი პოლიტიკოსები, სპორტსმენები და ხელოვანები იყვნენ.
გადავწყვიტე ტრადიცია დავარღვიო და სიტყვა თანამემამულე სამართალდამცველებს მივცე, ანუ მათ, რომლებსაც გაგანია საბჭოთა კავშირის დროს ოფიციალურად მილიციონერები, ხალხის ჟარგონზე კი სხვა სახელი ერქვათ.
იმედია ქართველი „მილიციონერები“ არ გამინაწყენდებიან და მკითხველის სამსჯავროზე რამდენიმე ძველ ისტორიას გამოვიტან. ამ მოგონებების ავტორებსაც დავასახელებ. ალბათ ამ წერილს წაიკითხავენ და დამსახურებულ პენსიაზე მყოფები კიდევ ერთხელ გაიხარებენ.
თავდაპირველად სიტყვას პოლკოვნიკ ოთარ მელიას გადავცემ, რომელიც ჩვენს მკითხველს ერთ უჩვეულო „კრიმინალურ“ ისტორიას მოუყვება.
„მურში“ ერთი ვიდეოოპერატორი გვყავდა, გვარად პუშკინი, რომელიც ფარული ვიდეოგადაღების უბადლო ოსტატი იყო. თუმცა, ერთი კურიოზული შემთხვევის შემდეგ მას ყველა ჭირივით ერიდებოდა, რადგან ფიქრობდნენ, რომ თარსი იყო და უბედურება მოჰქონდა.
ერთი საპენსიო ასაკის უფროსი გვყავდა, რომლის გვარსაც შეგნებულად არ ვასახელებ. კარგი კაცი იყო და ჩვენთან საკმაოდ თბილი, შეიძლება ითქვას, მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა. მას განსაკუთრებით პუშკინი გაუშინაურდა და საველიჩს (ასე ვეძახდით ჩვენს უფროსს) ლამის შენობით მიმართავდა.
ერთხელ პუშკინი ერთ საქმოსანს უთვალთვალებდა. უფროსობის დავალებით მას მისი ყველა შეხვედრა ვიდეოფირზე უნდა გადაეღო და შემდეგ პირდაპირ საგამოძიებო სამმართველოსთვის გადაეცა საველიჩის გვერდის ავლით, რასაც ჩვენი შინაგანაწესი არ კრძალავდა.
ერთ მშვენიერ დღეს საველიჩის კაბინეტში ვსხედვართ და ვთათბირობთ. ამ დროს პუშკინი შემოვიდა და თქვა:
- ძმებო, მასალა გადავიღე?! - ჭკუაზე შეიშლებით! ერთი ნახეთ, რა დღეშია ჩვენი საქმოსანი!
- პუშკინ, - უთხრა საველიჩმა, - რა ხანია, ამ კასეტას საგამოძიებოში ელოდებიან. ჩვენ ეგ არ გვაინტერესებს, ზემოთ აიტანე.
- მოიცა, საველიჩ, მე შენ აქ კადრებს გიჩვენებ, თვალს ვერ მოსწყვეტ, - თქვა პუშკინმა. შემდეგ კასეტა ვიდეომაგნიტოფონში ჩადო, ჩართო და თქვა: საველიჩ, ერთი, ორი, ჰოპ...
ამ დროს ტელეეკრანზე ნაცნობი საქმოსანი და ახალგაზრდა ქალი გამოჩნდნენ, რომლებიც სექსით იყვნენ დაკავებული. ჩვენ ყველანი მართლაც ვერ ვწყვეტდით ამ კადრებს თვალს. პუშკინი კი გაჭიმული იდგა და საველიჩს ეუბნებოდა:
- როგორია, ჰა, საველიჩ, ხომ კარგი იქნებოდა ამ ქალის „კრუგში“ გაშვება?
საველიჩი კი ჯერ მდუმარედ უყურებდა ამ კადრებს, ბოლოს გული წაუვიდა და ძირს დაეცა.
საუბედუროდ, ის ქალი საველიჩის ახალგაზრდა ცოლი აღმოჩნდა. ჩვენი უფროსი საავადმყოფოში წაიყვანეს და იქიდან გავიდა პენსიაზე, პუშკინი კი სხვა განყოფილებაში გადაიყვანეს“.
მოსკოველი „საველიჩის“ (ალბათ გახსოვთ, ერთ დროს თბილისში მომუშავე ამავე დასახელების ბენზინგასამართი რამდენიმე სადგური) ოჯახური ტრაგედიის გაცნობის შემდეგ კიდევ ერთ ძველ მოსკოვურ „სისხლის სამართლის“ ისტორიას შემოგთავაზებთ. ამ „შემთხვევას“ პოლკოვნიკი ლევან კუხიანიძე გაგვაცნობს.
„გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში მოსკოვის მილიციის ახალგაზრდა ოპერი ვიყავი. სწორედ იმ პერიოდში შემოვიდა მოდაში „ანდატრის“ ბეწვისგან შეკერილი ქუდები და ერთი ცალი 70 მანეთი ღირდა, რაც მაშინ სოლიდურ თანხად ითვლებოდა. ამასთან, ქუდებზე მოთხოვნიდან გამომდინარე, მათი მწვავე დეფიციტი იყო და შავ ბაზარზე მათი ფასი 100-120 მანეთს აღწევდა. ამიტომ, იმ პერიოდში „დაინერგა“ ახალი ტიპის დანაშაული - ქუდის თავიდან მოგლეჯა და გაქცევა, ანუ ბოროტმოქმედები „ანდატრისქუდიან“ მოქალაქეებს ქუდს თავიდან აძრობდნენ და გარბოდნენ. შემდეგ კი გატაცებულ ქუდებს შავ ბაზარზე ყიდდნენ.
ამის გამო „მურში“ სპეციალური ბრიგადები შეიქმნა, რომლებსაც ქურდების გამტაცებელთა ბანდები უნდა დაეპატიმრებინათ. ერთ-ერთ ასეთ ჯგუფში მეც ვიყავი ჩართული და მეტრო „მაიაკოვსკაიასთან“ ვმორიგეობდი. ჩემი მეწყვილე იყო ბონდო მარშანია და ერთად ვპატრულირებდით სამოქალაქო სამოსში გამოწყობილები.
25 დეკემბერია. მოსკოვის ქუჩებში სიცოცხლე დუღს და, ოცგრადუსიანი ყინვის მიუხედავად, მოქალაქეები დიდი ხალისით მოძრაობენ. უცებ, მეტროდან ამოსულ „ანდატრისქუდიან“ მამაკაცს ახალგაზრდა ბიჭმა თავიდან მოსტაცა ქუდი და გამზირის მიმართულებით გაიჭრა.
- მე იმ ბიჭს დავიჭერ და მოვიყვან, შენ კი დაზარალებული დაამშვიდე და მეორე განყოფილებაში მიდით, ჩვენც იქ მოვალთ, - გადმომილაპარაკა ბონდომ და ბიჭს გაეკიდა.
მე დაზარალებულისკენ გავემართე, მაგრამ მან, ვითომ არაფერი მომხდარიყოს, პირი კვლავ მეტროსკენ იბრუნა, კიბეებზე დაეშვა და მანამდე შეშინებული სახით მიიხედ-მოიხედა. დაზარალებულის საქციელმა დამაეჭვა და უკან დავედევნე, მეტროს ვაგონთან დავაკავე და მილიციის განყოფილებაში მივიყვანე, თან ვკითხე, რატომ არ ჰქონდა შესაბამისი რეაქცია, როცა მას ქუდი გასტაცეს.
- მაინც ვერ დავეწეოდი და რა აზრი ჰქონდა, - თავი იმართლა დაზარალებულმა.
ამასობაში ბონდო და გამტაცებელი მოვიდნენ და ქუდიც მოიტანეს. მარშანიამ ქუდი მაგიდაზე დადო და დაზარალებულს ჰკითხა:
- თქვენი ქუდია?
- დიახ, გმადლობთ, - თავი დააქნია დაზარალებულმა. შემდეგ ქუდი აიღო, დაიხურა, მადლობა გადაგვიხადა და წასვლა დააპირა, მაგრამ მე ის წამით შევაყოვნე და ქუდი გამოვართვი. დაზარალებული გაფითრდა. მე კი ქუდი ჯერ გარედან დავათვალიერე, შემდეგ ბრიტვით გავჭერი და შიგნით ჯაშუშური კაფსულა აღმოვაჩინე, რომელშიც სახელმწიფო საიდუმლოებები იყო მოთავსებული.
სინამდვილეში, დაზარალებული აღმოჩნდა ჯაშუში, რომელიც მტრის რეზიდენტს უნდა შეხვედროდა, ქუდები გაეცვალათ და ინფორმაცია მისთვის გადაეცა. ჯაშუში „კაგებემ“ წაიყვანა, ქუდის გამტაცებელ 16 წლის ლიონია პეტროვს კი ათასმანეთიანი პრემია მისცეს“.
პოლკოვნიკი ომარ ლაშხი წლების განმავლობაში მოსკოვის ბუტირკის ციხის ქალთა კორპუსში მუშაობდა და რასაკვირველია მოსაყოლი არაერთი „ისტორია“ გააჩნია.
„მოსკოვში, ბუტირკის ციხის ქალთა კორპუსს „კატის სახლს“ უწოდებენ და ერთი პერიოდი იქ მომიწია მუშაობა. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ქალებთან მუშაობა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე, თუნდაც ყველაზე თავზეხელაღებულ მამაკაც პატიმრებთან. საქმე ისაა, რომ ქალი მაცდურია, ხოლო პატიმარი ქალი - ორმაგად მაცდური, რადგან უამრავი თავისუფალი დრო აქვს და ათას ოინს იგონებს გასართობად და სექსუალური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.
წარმოიდგინეთ, როგორი გასაძლებია, როდესაც საკანში შედიხარ და ოც-ოცდაათ სრულიად შიშველ ქალს ხედავ, რომლებიც ლოგინში გეპატიჟებიან. ასეთი შემთხვევისთვის მკაცრი ინსტრუქტაჟი გვქონდა გავლილი და ინსტრუქციით, რა თქმა უნდა, სქესობრივი ურთიერთობა სასტიკად გვეკრძალებოდა. გარდა ამისა, ორი ზედამხედველიდან ერთი, საკნის გარეთ უნდა დარჩენილიყო, მეორეს კი საჭიროებისამებრ შეეძლო საკანში შესვლა. ერთხელ, „კატების სახლის“ 22-ე საკანში, სადაც 20 ქალი იჯდა, ჩვენი ორი ახალი, ახალგაზრდა თანამშრომელი გავგზავნე, რომლებსაც ორი პატიმარი ქალი უნდა წამოეყვანათ დაკითხვაზე.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, სამი საათის მერე ჩემთან გამომძიებელი მოვიდა და გაბრაზებული ტონით მომთხოვა პატიმრების მოყვანა. გულმა ცუდი მიგრძნო, ქალთა კორპუსში გავიქეცი, 22-ე საკანში შევიჭყიტე და რას ვხედავ: ჩვენი თანამშრომლები ნარებზე არიან დაბმულები, სასქესო ორგანოებზე კანაფები აქვთ შემოჭერილი და ოცი შიშველი პატიმარი ქალი მათ სათითაოდ აუპატიურებს...
მე დამხმარე ბიჭები გამოვიძახე, საკანი იერიშით „ავიღეთ“ და იქიდან ცოცხალ-მკვდარი გაუპატიურებული თანამშრომლები გამოვიყვანეთ. ისინი ისეთი დაუძლურებულები იყვნენ, რომ სარეაბილიტაციოდ ერთი თვე დასჭირდათ და კარგა ხანს ქალის ხსენებაც აღარ უნდოდათ“.
დღევანდელ „მილიციონერულ-პოლიციური“ მოგონებების წერილს სათაურად „ცეკვა „ხანძრული“ მოსკოვში“ აქვს. ალბათ მკითხველი გაიფიქრებს თუ რას წარმოადგენს ცეკვა „ხანძრული“ და რა საერთო აქვს მას დიადი საბჭოთა კავშირის დედაქალაქთან. ყოველივე ამაზე პასუხს პოდპოლკოვნიკი ლევან სისორდიას მოგონებით შეიტყობთ.
„მოსკოვის მე-2 ნავთობბაზა ერთი პატარა ქალაქისოდენაა და იქ რომ დღის განმავლობაში ბენზინი იცლება, თბილისს, ალბათ, ერთი კვირა ეყოფა.
ერთხელ დარეკეს, მოსკოვის ცენტრალურ სახანძროში, სადაც მაშინ ცვლის უფროსად ვმუშაობდი და თქვეს, რომ 2-ე ნავთობბაზაზე საშინელი ხანძარი მძვინვარებდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ოცი მანქანით ათი კაცი გავემართეთ ნავთობბაზაზე ხანძრის ჩასაქრობად, მაგრამ, მივედით და რას ვხედავთ: უზარმაზარი ონკანის ქვეშ, საიდანაც ბენზინს ასხამდნენ მანქანებსა და ცისტერნებში, კოცონი ანთია, ონკანთან კი ოცდაორიოდე წლის ბიჭია მიმჯდარი. რომ დაგვინახა, იქიდან გვიბრძანა:
- საკმარისია, ონკანი გავხსნა და, რაც მოხდება, კარგად იცით. ამიტომ, რასაც გეტყვით, ის გააკეთეთ!
ყმაწვილს რომ ონკანი გაეხსნა, ბენზინი კოცონს დაესხმებოდა, ცეცხლი უზარმაზარ ტერმინალებს მოედებოდა და ნახევარი მოსკოვი გასწორდებოდა მიწასთან. ჩვენ ეს კარგად ვიცოდით და, რადგან მეხანძრეებს შორის უფროსი მე ვიყავი, ყმაწვილს ვკითხე, - რა უნდა გავაკეთოთ, რომ ონკანი არ მოუშვა-მეთქი?
ყმაწვილმა ჩვენ ჯინაზე სიგარეტს მოუკიდა, და მომიგო:
- დაამწკრივეთ თქვენი მეხანძრეები და ცეკვა „ხანძრული“ იცეკვეთო...
რა უნდა გვექნა, ასი კაცი სიმეტრიულად დავეწყვეთ და ბუქნაობა დავიწყეთ. ეს ცირკი თითქმის ერთ საათს გრძელდებოდა და მხოლოდ მაშინ დასრულდა, როდესაც მილიციის ერთი ოპერმუშაკი უკნიდან მიეპარა ბიჭს და ონკანიდან ჩამოხსნა.
ჩვენ არაქათი აღარ გვქონდა და ყველანი უღონოდ დავეყარეთ მიწაზე. მერე გავიგეთ, რომ იმ აბეზარ ბიჭს საცოლესთან დაუტრაბახია, ას კაცს ერთად ვაცეკვებო. პირობა კი შეასრულა, მაგრამ ხულიგნობისთვის 3 წელი ციხეში აყურყუტეს“.