დიტო გელოვანი: ჩვეულებრივი გამოფენა

დიტო გელოვანი: ჩვეულებრივი გამოფენა

ჩამოწოლილ სიბნელეში მსურდა როგორმე გამეკეთილშობილებინა ისეთი ულამაზო დასასრული, ბრმა ლეკვებივით აქეთ-იქით რომ ვაწყდებოდით, და ჩემთვის გადავასხვაფერე ნერონის მიერ სიკვდილის წინ ნათქვამი სიტყვები ”რა დიდი მოაზროვნე კვდება!”... ”აქტიორის” ნაცვლად ”მოაზროვნე...” არ იყო ურიგო მიგნება ასეთი ტრაგიკული მომენტისთვის, მაგრამ რატომღაც განუწყვეტლივ, უკვე ჩემი ნების გარეშე, ვიღაცა თითქოს მკარნახობდა, რომ სიტყვა ”მოაზროვნე” შემეცვალა უფრო შესაფერისი სიტყვით - ”სულელი...”

(ოთარ ჩიჯავაძე, ”თვითმკვლელები”)

 

18 თებერვალს ღირსშესანიშნავი დღე იყო - 1989 წლის 18 თებერვალს ჩავაბარე სახელმწიფო გამოცდა ”მეცნიერულ კომუნიზმში” და სასწრაფოდ ანტიკომუნისტურ მიტინგზე გავიქეცი. ეს ის დღეა, კომკავშირლებმა რომ დაგვარბიეს, მერვე პოლკი რომ მოიხმეს, მერაბ კოსტავა რომ დაიჭირეს, ხოლო ჩვენ გიჟებივით გადავრბოდით ადმინისტრაციული კორპუსიდან პირველი კორპუსისკენ, იქიდან - ბუკიას ბაღში, ბუკიას ბაღიდან - დელისის მეტრომდე, დელისის მეტროდან - ბლიადსკი პარკამდე და ა.შ. ორი დღის შემდეგ გეპეის ადმინისტრაციამ გამოგვიცხადა, თქვენ დაგირბევიათ კომკავშირლებიო... მას შემდეგ, საქართველოს გეპეის ადმინისტრაცია მართავს, რა თქმა უნდა, კომკავშირლებთან უნისონში.

 

22 წელი გავიდა, მოსახლეობა შემცირდა, კომკავშირლების რაოდენობა კი - იზრდება. პრეზიდენტი - კომკავშირელი, პარლამენტის თავმჯდომარე - კომკავშირელი...

 

”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერებმა კახეთში, ჩალაუბანში, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ხელისუფლებისგან ტრაქტორების დარიგება მოითხოვეს. აქციაში მონაწილეობა გიორგი თარგამაძემ, გიორგი ახვლედიანმა და ნიკოლოზ ლალიაშვილმა მიიღეს. გიორგი თარგამაძის განცხადებით, მესამე წელია ტრაქტორები სოფელში დგას და პარტია უშედეგოდ ითხოვს, ხალხს ტექნიკის გამოყენების საშუალება მიეცეს” – ”ინტერპრესნიუსის” ინფორმაციაა და ახლა იმას ვფიქრობ, რომელი უფრო კომკავშირულია, ეს, თუ ის, ლეიბორისტებმა ხუდადოვის ქუჩაზე კრანზე ვინტილის დაყენება რომ მოითხოვეს.

 

სამი ტრაქტორი და ერთი ჩითის კაბა; ოთხი შტატივი და ერთი ჩითის კაბა: ”ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა” - ეს ფილმია და მასში რამდენიმე შესანიშნავი ფრაზა გვხვდება:

 

”ოქრო ოთარა?.. ოქრო ოთარას ვიტებსკში ათი ტონა ვაშლი აქვს წაღებული; ”სანამ პრაკლადკას გამოვცვლი ქალი მანქანაში იყოს”; ”მექანიზატორი სოფლის მეურნეობის წამყვანი ფიგურაა”.

იქ სხვაც ბევრია, მაგრამ ეს, მესამე, გამახსენდა, როდესაც მოძმე სააგენტომ მექანიზაციაში ქრისტიანული-დემოკრატიის წამყვანი როლის შესახებ მაცნობა.

 

გასულ კვირაში ქართველმა პოლიტიკოსებმა ფილმების რეტროსპექტივა მოაწყვეს. ყველას ეგონა, რომ გია თორთლაძე წარმოადგენდა სცენებს ფილმიდან ”ისინი ჩამოვიდნენ მთიდან”, თუმცა თორთლაძემ არც აცია, არც აცხელა და პიდაპირ ”არაჩვეულებრივი გამოფენის” წარმოდგენა გადაწყვიტა. ახლავე უნდა ითქვას, რომ გამოფენა იყო ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი - აფრიკაში, ტიბეტში, ტაილანდში, ინდოეთში, ჩინეთსა და იაპონიაში გადაღებული ფოტოები გამოფინა.

 

ეს ის თორთლაძეა, სამხრეთ ამერიკის ყველაზე მაღალი მწვერვალიდან საქართველოს დეოკუპაცია რომ მოითხოვა და იქ შესაბამისი ბუკლეტები რომ დატოვა. მერე იყო და, პარლამენტში პრეზიდენტს თესლებზე ელაპარაკა - განსაკუთრებული ჯიშის თესლი უნდა შემოვიტანოთო.

 

იცით, რა ერქვა თორთლაძის გამოფენას? გამოფენას ერქვა ”დიდი მიქსი”, ანუ, ქართულად - ”გრანდ აჯაფსანდალი”. მართლაც, უკვე გამოჩნდა პირველი ნიშნები იმისა, რომ სახელისუფლებო წრეებში მალე დიდი აჯაფსანდალი დატრიალდება და დეოკუპაციას ყველა მიივიწყებს. გამოსავალი? უარი უნდა ვთქვათ ბადრიჯანზე და პომიდორზე, რადგან ორივე კულტურა თესლით არის გაჯერებული. არადა, რასაც ვუყურებ, ქვეყნის ხელისუფლებაში დღემდე მხოლოდ პომიდვრები და ბადრიჯნები არიან: კომუნისტები-ზვიადისტები-შევარდნაძისტები-მიშისტები.

 

მიგირთმევიათ ბადრიჯნის მწვადი? შამფურზე მონაცვლეობით აგებ ბადრიჯანს და პომიდორს და წვავ ნაკვერჩხალზე. დიდებული რამ არის, ოღონდ მერე მონელება ჭირს.

 

გავიჭირვოთ, ერთხელ მოვინელოთ და მერე ახლოს ნუღარ გავეკარებით.

 

გასულ კვირაში ჯონდი ბაღათურიამ ხმა ამოიღო და სახელმწიფოს მიერ მეთესლეობის პროგრამის განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრა: ”აუცილებელია, სახელმწიფომ მეთესლეობის პროგრამის განხორციელება დაიწყოს, რომლის პოტენციალი საქართველოს ჯერ კიდევ აქვს... გლეხი აღარ აწარმოებს სათესლე მასალას და იგი დამოკიდებულია იმპოტირებულ გენმოდიფიცირებულ თესლზე, რამაც ადგილობრივი აბორიგენული ჯიშების გადაგვარება გამოიწვია...”

 

სამწუხაროდ, საქართველოს მართლაც აქვს მეთესლეობის პროგრამის განხორციელების პოტენციალი და სწორედ ამიტომ არის, რომ google-ს რუკაზე საქართველო თეთრ ლაქად რჩება. google-ზე კი საქართველო მხოლოდ ფოტოგამოსახულებებითაა დატანილი, სხვა ინფორმაცია დასახლებული პუნქტების, ქუჩების, საავტომობილო გზების, სარკინიგზო მაგისტრალების შესახებ არ მოიძიება.

 

გასულ კვირაში გუგლის რუკაზე ვერც საქართველოში ისრაელის საელჩოს იპოვნიდით. დაიხურაო - ითქვა. როგორ გეკადრებათო - შეიცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს აზია-აფრიკის და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორმა ზურაბ ალექსიძემ.

 

არა, რა თქმა უნდა, ისრაელის საელჩო არ დაიხურება, მაგრამ იმ ნიუსის შემდეგ ისრაელის მოძებნა www.livescore.com-ზე გადავწყვიტე და, თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ქვეყანა ვერც აზია-აფრიკაში აღმოვაჩინე და ვერც, მითუმეტეს - ოკეანეთში. სამაგიეროდ, საქართველოა აზიის განყოფილებაში - კეზერაშვილმა, მერაბიშვილმა, ბარამიძემ და ბეჟუაშვილებმა იჩალიჩეს.

 

მოძრაობა ”არა”-მ პოლიტიკოსთა და თანამდებობის პირთა მშენებარე სახლების ფოტოგამოფენა მოაწყო - შუშის გუმბათიან სახლს შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ”დიღომი 8”-ში იშენებს; მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორ ცეზარ ჩოჩელის სასახლე კოჯორში შენდება. კოჯორშია აშენებული ძმები ბეჟუაშვილების სახლი. ძმებ ბეჟუაშვილებს ეკუთვნის თბილისში, ალ ყაზბეგის #7-ში მდებარე სახლი; ფოტოგამოფენაზე გიორგი ბარამიძის კოჯრისა და თბილისის სახლებიც იყო გამოფენილი.

 

დახედავ ფოტოებს და იტყვი: თქვენ არც ქართველები ხართ და არც - ”მაშასადამე ევროპელები”.

 

ყველა-ყველა და გიორგი ბარამიძემ როდისღა მოასწრო - კვირაში ორჯერ ბრიუსელშია, სამჯერ - სტრასბურგში და ოთხჯერ - ჟენევაში. ყველაფერს ასწრებს, ევროინტერგრაციას 2015 წლისთვის გვპირდება.

 

ისე, ჩვენ თუ აზია არ ვართ, მაგათ ევროპაში უკვე ორადგილიანი სასაფლაოები უნდა ჰქონდეთ აღებული.

 

google-ს რუკასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ მასზე თბილისის არც ერთ სამშობიარო სახლი არ არის აღნიშნული. ყოველ შემთხვევაში, გიგი უგულავამ ვერც ერთი ვერ იპოვა.

 

თორთლაძის გამოფენაზე უკვე გითხარით, სახლების გამოფენაზე სულ ახლახანს მოგახსენეთ. ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით, ღია ბარათების სახით 16 ცნობილი წყვილის პორტრეტი გამოიცა და რადგან გამოიცა, გამოიფინა კიდეც. მისალოც ღია ბარათებზე გამოსახულ წყვილებს შორის არიან რომეო და ჯულიეტა (იტალია), ტრისტანი და იზოლდა(გერმანია), იზიდა და ოსირისი (ეგვიპტე), ლუდმილა და რუსლანი(რუსეთი), შაჰ-ჯაჰანი და მუნტაზ-მაჰალი(ინდოეთი). ტარიელი და ნესტან-დარეჯანი (საქართველო)... ვიღაცამ მითხრა, ერთ წყვილს მოვკარი თვალი, თავიდან ვალიკო მიზანდარი და ლარისა ივანოვნა მეგონენ, მაგრამ, შემდეგ კობა ხაბაზი (ქობულეთი, ვაკე) და ნინა წკრიალაშვილი (გორი, საბურთალო) აღმოჩნდნენო. რას ნიშნავს ინტელექტის ნაკლებობა, სად კობა ხაბაზი და სად - ლარისა ივანოვნა.

 

რაც შეეხება ინტელექტს... გასულ კვირაში დიდი ზარ-ზეიმით ითქვა, რომ დავით ბაქრაძე მსოფლიოს 2000 გამოჩენილ ინტელექტუალთა სიაში მოხვდა. წლის ბოლოსთვის დაგეგმილია ოქსფორდის ინგლისურენოვანი ლექსიკონის გამოცემა, რომლის სახელწოდება იქნება ”21 საუკუნის 2000 გამოჩენილი ინტელექტუალი”. ბაქრაძეს ასეთი წერილი მიუღია: ”ჭკვიანი და განათლებული ადამიანი - ამ განსაზღვრების შესაბამისად დავით ბაქრაძე მოხვდა მსოფლიოს 2000 ინტელექტუალ ადამიანთა სიაში. წიგნი განკუთვნილი იქნება ფართო აუდიტორიისთვის. ამ გამოცემაში მონაწილეობა მხოლოდ დამსახურების შესაბამისია, ამიტომ ველი თქვენს თანხმობას”.

 

რა თქმა უნდა, ბაქრაძე ამაყია და გაბღენძილი დადის. რა თქმა უნდა, მთელი პარლამენტი ჩუმად ქირქილებს და რა თქმა უნდა, შალვა ნათელაშვილს უკვე მზად ექნება შესაბამისი კალამბური, რომელსაც, გულწრფელად ვამბობ, მოუთმენლად ველი.

 

ჭკვიანი არა, ტოროლა - ჩანგლებით იომეთო... თუმცა, ამ რეიტინგებს რას გაუგებ კაცი… აგერ - ჩარტებში დამაჯერებლად ლიდერობს ლედი გაგა და თუ ლედი გაგა მომღერალია, რატომ არ შეიძლება, რომ დავით ბაქრაძე ინტელექტუალი იყოს?

 

ორი კვირის წინ მიხეილ სააკაშვილმა ხათუნა კალმახელიძეს სრულწლოვნობა მიულოცა, გასულ კვირაში კი სრულწლოვანმა ხათუნა კალმახელიძემ ასასრულწლოვანთა კოლონია მოინახულა. ”სასჯელის მოხდის ინდივიდუალური პროგრამა განმეორებითი დანაშაულის პრევენციას და საზოგადოებაში არასრულწლოვანთა რეაბილიტირებულ დაბრუნებას ემსახურება” - იუწყებოდა კალმახელიძის პრეს-სამსახური. მონახულებაში კალმახელიძესთან ერთად მონაწილეობდნენ ”წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის” (GCRT) და ფონდის ”გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში” (GIP) ხელმძღვანელები ლელა ცისკარიშვილი და ნინო მახაშვილი.

 

”წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის” და ფონდის ”გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში”, ანუ - GCRT და GIP. და, რა მაინტერესებს ”პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის” ინგლისური აბრევიატურა როგორ იქნება? ხათუნას უნდა ვკითხო, მაგას ეცოდინება.

 

სოზარ სუბარმა ზუსტად იცის - გაზაფხულის ბოლოს ”ქართული პარტია” ავტორიტარული მმართველობის დასამარცხებლად მზად იქნება.  ”დღევანდელი რეჟიმის” ატანა და მოთმენა უკვე შეუძლებელი გახდაო - თქვა სოზარმა. ეჰ (კიდევ ერთხელ) სოზარ, სოზარ... თუ გახსოვს, 2003 წლის 22 ნოემბერს გეუბნებოდი, ხვალინდელი რეჟიმის ატანა ზეგ უკვე შეუძლებელი იქნება-მეთქი!

 

ვნახოთ, რა იქნება გაზაფხულზე, მაგრამ, უნდა ვაღიარო, რომ დღვანდელი რეჟიმის გუშინდელი მეგობრების ატანა უკვე მართლა აღარ შემიძლია.

 

ახლა, ერთი ნიუსი სრულად: ”ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ თავისი ენერგოვაუჩერი 81 წლის პედაგოგს გადასცა. პენსიონერმა მზია რუხაძემ, რომელიც მარტოხელაა, ბოლო ექვს თვეში ვერ შეძლო 200 კვ.ტ-მდე ელექტროენერგიის დახარჯვა, შესაბამისად, ვერ მოხვდა აქტიური აბონენტების სიაში და ენერგო-ვაუჩერი ვერ მიიღო. ქუთაისის მერი მარტოხელა პედაგოგს სახლში ეწვია და თავისი ოჯახის ვაუჩერი საჩუქრად გადასცა”.

 

ვერ გავიგე, მე ვარ სულელი, ქუთაისელი პენსიონერი თუ ქუთაისის მერი... ამის ატანა, უკვე მართლა შეუძლებელია და ის დრო ხომ არ არის, რომ ორადგილიან სასაფლაოს ამბროლაურის რაიონის სოფელ შხივანაში ან საჩხერის რაიონის სოფელ ჩიხაში ვეძებდე?

ეჰ... წავედი.

 

ე. (ეგრეა) თურმე, მართალია, რომ ზოგიერთი ადამიანი რაღაცაში სულელ ბავშვად რჩება. სამწუხაროა მხოლოდ ის, რომ ამისთანა ადამიანები ხანდახან ახერხებენ დიდი თანამდებობის დაკავებას და ხალხის ტრავმირებას.

(ოთარ ჩიჯავაძე, ”თვითმკვლელები”)