საქართველოზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ნარდს მსოფლიოში ოდითგანვე თამაშობდნენ. ნარდს თამაშობენ როგორც მამაკაცები, ისე ქალებიც. ახალგაზრდები, საშუალო ასაკის წარმომადგენლები და ღრმად მოხუცებულებიც კი. საქართველოში იშვიათად შეხვდებით ოჯახს, ნარდი რომ არ ჰქონდეს.
მკითხველს გაუკვირდება და ჩვენს ქვეყანაში ნარდის ფედერაცია შორეულ 1990 წელს ჩამოყალიბდა. „გაუკვირდება“ ვახსენე და ეს თამაში გაურკვეველი მიზეზის გამო ქართული მას-მედიის ყურადღებით არასოდეს განებივრებული არ ყოფილა და არც ამჟამად გახლავთ. არ მინდა კოლეგებს საყვედური ვაკადრო, მაგრამ თამაში, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ნახევარი მილიონი ადამიანი მისდევს, ე. წ. „კონკიას“ როლში იმყოფება. სამწუხაროდ ნარდი ოლიმპიური სახეობა არ გახლავთ და ამის გამო ქართული სპორტული მაღალჩინოსნების განსაკუთრებული კეთილგანწყობით არ სარგებლობს.
რამდენიმე დღის წინ ერთი ნაცნობი ჟურნალისტი შემხვდა და „ნარდის თემას რატომ არ აშუქებო“ - მკითხა. ამ პიროვნებამ ისიც მაცნობა, რომ ცოტა ხნის წინ ქალაქ სტამბულში ჩატარებულ დიდ საერთაშორისო ტურნირზე ჩვენმა თანამემამულე მონარდეებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს.
მოწოდებულმა ინფორმაციამ დამაინტერესა და ბოლო დროის ქართულ მას-მედიას გულდასმით გავეცანი. სამწუხაროდ ჩვენი მონარდეების თურქულ მიღწევებზე ვერანაირი ინფორმაცია ვერ მოვიძიე.
ორი დღის წინ საქართველოს ნარდის ასოციაციას სტუმრად ვეწვიე და ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელებს გავესაუბრე. ჩემი მეგზურები საქართველოს ნარდის ასოციაციის პრეზიდენტი, ბატონი თემურ ქურციკიძე და ამავე ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი, ბატონი რომან გვენეტაძე აღმოჩნდნენ.
ჩვენი საუბრის პირველი ნაწილი თურქეთში დასრულებულ საერთაშორისო შეჯიბრებას შეეხო, მოგვიანებით კი ქართული ნარდის დღევანდელობაზე, მის ამჟამინდელ პრობლემებსა და ხვალინდელ დღეზე ვისაუბრეთ.
ჩემი პირველი რესპოდენტი ბატონი რომან გვენეტაძე აღმოჩნდა, თბილისელი კაცი, რომელიც კერძო ბიზნესითაა დაკავებული და ნაშოვნი ფულის დიდ ნაწილს საქართველოში ნარდის განვითარების საქმეს ახმარს. ბატონმა რომანმა სტამბულში დიდ წარმატებას მიაღწია და წყვილთა შეჯიბრში გამარჯვებულის წოდება დაიმსახურა.
ბატონო რომან, რა შეჯიბრება გაიმართა თურქეთში და როგორ იასპარეზეს ქართველმა მონარდეებმა?
- ცოტა ხნის წინ ქალაქ სტამბულში რიგით მეექვსე დიდი საერთაშორისო ასპარეზობა ჩატარდა. მინდა მოგახსენოთ რომ ეს ტურნირი თავისი მნიშვნელობითა და საშეჯიბრო დონით ევროპისა და მსოფლიო პირველობებს არ ჩამოუვარდება. ნება მომეცით საქართველოს მონარდეთა დელეგაციის შემადგენლობა დაგისახელოთ: რომან გვენეტაძე, თემურ ქურციკიძე, გოჩა ჭოხონელიძე, ომარ დვალიძე, თამაზ გიორგობიანი, კახა ნაჭყებია, ლადო ხალხელაური და დათო ბრეგვაძე. ჩვენთან ერთად სტამბულში აჭარის წარმომადგენლებმა ირაკლი ჯაშმა და თემურ გოგიტიძემაც იასპარეზეს.
შეჯიბრება როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგშიც გაიმართა. ქართველ მონარდეთა შორის ერთეულებში საუკეთესოდ ომარ დვალიძემ იასპარეზა, რომელმაც მეთექვსმეტე ადგილი დაიკავა. რაც შეეხება წყვილთა შეჯიბრებას. მე და გოჩა ჭოხონელიძემ ზედიზედ რამდენიმე დუეტს მოვუგეთ და პირველობა არავის დავუთმეთ. შემიძლია გითხრათ რომ წარმატებისთვის 800 ევროდ შეფასებული ნარდის ძვირფასი დაფები გადმოგვეცა, საქართველოს დელეგაციას კი გარკვეული ფულადი ჯილდო ერგო. ამ თანხის დასახელებიდან თავს შევიკავებდი, რადგან ის მთლიანად ჩვენს გამგზავრებასა და უკან დაბრუნებას, აგრეთვე სტამბულში ცხოვრების ხარჯებს მოხმარდა.
ბატონო რომან, ნარდი საქართველოში სახალხო თამაშად ითვლება. საინტერესოა უცხოურ ტურნირებზე წასასვლელად ეროვნული ბიზნესის წარმომადგენლები ან ოფიციალური სტრუქტურები თუ გაფინანსებენ?
- სამწუხაროდ შეჯიბრებებზე საკუთარი სახსრებით მივდივართ და დანახარჯს იქ მოპოვებული საპრიზო თანხების დახმარებით ვფარავთ. მართალი ბრძანდებით. ჩვენს ქვეყანაში ნარდს დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი თამაშობს. ამის მიუხედავად მაღლა მდგომი ინსტანციები იშვიათად გვეხმარებიან და საქართველოს ნარდის ასოციაცია მხოლოდ რამდენიმე ენთუზიასტის მონდომების ხარჯზე არსებობს. ჩემს მაგალითს მოგიყვანთ. საკუთარი ბიზნესი გამაჩნია, მაგრამ შრომით ნაშოვნი ფულის დიდი ნაწილი ოჯახის ნაცვლად ნარდის ასოციაციაში მიმაქვს და სპორტის ამ სახეობის განვითარების საქმეში საკუთარი მოკრძალებული წვლილი შემაქვს. რა გითხრათ. დღეს ქვეყანა მატერიალურად ფეხზე მყარად ვერ დგას. იმედი მაქვს რომ უახლოეს მომავალში მდგომარეობა გამოსწორდება და სპორტის სამინისტრო, ასევე კერძო ბიზნესი ამ თამაშით უფრო სერიოზულად დაინტერესდება. მართალია ნარდი ოლიმპიურ სახეობათა რიცხვს არ განეკუთვნება, მაგრამ ქართველ მონარდეებს არაერთი საერთაშორისო წარმატება უკვე მოპოვებული აქვთ.
ბატონო რომან როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
- უახლოეს მომავალში ქართველი მონარდეები კვიპროსში გავემგზავრებით და იქ დაგეგმილ დიდ საერთაშორისო ტურნირში ვიასპარეზებთ. იმედი მაქვს რომ თურქულ წარმატებას ამ კუნძულოვან სახელმწიფოშიც გავიმეორებ და ქართული ნარდის მსოფლიო პოპულარიზაციის საქმეში კიდევ ერთ წვლილს შევიტან. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და გითხრათ, რომ ერთი ადამიანის უცხოეთში გამგზავრება დაახლოებით 1000 დოლარი ჯდება. მოვუწოდებ ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს რომ ჩვენი მიღწევებით დაინტერესდნენ და გვერდში აქტიურად დაგვიდგნენ“.
ბატონი რომანის შემდეგ საუბარი საქართველოს ნარდის ასოციაციის პრეზიდენტთან, ბატონ თემურ ქურციკიძესთან გავაგრძელე და თავდაპირველად სპორტის ამ სახეობის ასოციაციის ისტორიით დავინტერესდი.
- სანამ შეკითხვაზე პასუხს გაგცემთ, მინდა მოგახსენოთ, რომ გავრცელებული არასწორი მოსაზრების მიუხედავად, ნარდი მსოფლიოში სპორტის ერთ-ერთ სახეობადაა აღიარებული. უფრო მეტიც. აშშ-ის რიგ სკოლებში ნარდი სასწავლო პროგრამაშიც გახლავთ შეტანილი. მოგეხსენებათ რომ ჭადრაკის თამაში დიდი ხნის ფიქრს მოითხოვს, ნარდი კი მოთამაშისაგან დაუყოვნებლივი და სხარტი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვს. ამის გამო სპორტის ეს სახეობა ადამიანის ინტელექტის განვითარებას ძალიან ადგება.
რაც შეეხება ჩვენი ასოციაციის ისტორიას. 1990 წელს მე და რამდენიმე ჩემმა თანამოაზრემ საქართველოს ნარდის ფედერაცია ჩამოვაყალიბეთ და რამდენიმე ხანში სპორტის ამ სახეობის საერთაშორისო სტრუქტურაში გაწევრიანებასაც მივაღწიეთ. ჩვენი პირველი პრეზიდენტი ბატონი მიხეილ სურგულაძე გახლდათ, რომელსაც მოგვიანებით, ედუარდ შევარდნაძის მოღვაწეობის პერიოდში ქვეყნის დატოვება მოუწია. ამ პიროვნების თანადგომის წლებში საქართველოში ნარდი განვითარებული გახლდათ. ვატარებდით არაერთ შიდა ტურნირს, აგრეთვე ვმონაწილეობდით ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე. მოგვიანებით ქვეყანაში ეკონომიური კრიზისი დაიწყო და მუშაობაც გაგვიჭირდა. უძრაობის პერიოდი 9-10 წელი გრძელდებოდა და უკვე 2005 წელს, საქართველოს ნარდის ასოციაცია ჩამოვაყალიბეთ.
ალბათ საერთაშორისო ტურნირებში ხშირად მონაწილეობთ?
- უცხოურ შეჯიბრებებზე ქართველი მონარდეები ხშირი სტუმრები არიან. ევროპისა თუ მსოფლიოს პირველობაზე გამგზავრება ერთ ადამიანს 1000-1500 დოლარი უჯდება, მაგრამ ამ დანახარჯს იქ მოპოვებული წარმატებები მთლიანად ფარავს. მსოფლიო პირველობა ყოველწლიურად რამდენიმე თანრიგში იმართება და პროფესიონალთა ტურნირის გარდა ქართველებს ყოველ მათგანში სხვადასხვა დროს მაღალი ადგილები დაგვიკავებია. მინდა ავღნიშნო ომარ დვალიძეს წარმატება, როდესაც რამდენიმე წლის წინ, მონტე-კარლოში ჩატარებულ „სენიორთა“ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილი მოიპოვა. ე.წ. „უძრაობის“ პერიოდში უცხოეთში ცალკეული ქართველი მონარდეები ინდივიდუალურად მიემგზავრებოდნენ. საბედნიეროდ ამჟამად მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა და საზღვარგარეთ უკვე სრულად დაკომპლექტებულ დელეგაციებს ვაგზავნით.
რა ურთიერთობა გაგაჩნიათ უცხოურ მონათესავე ფედერაციებთან?
- წლების განმავლობაში ამ ხალხთან შესანიშნავი კონტაქტები ჩამოგვიყალიბდა. შემიძლია გითხრათ რომ მათი თანადგომისა და ჩვენი აქტიურობის წყალობით საქართველკოში ნებისმიერი მაღალი დონის შეჯიბრების ჩატარება ყოველთვის შეგვიძლია. ამისი შესანიშნავი მაგალითია ბუკიას სახელობის საერთაშორისო შეჯიბრება. ეს ტურნირი არსებობის ექვს წელს იტევს. თავდაპირველად მას თბილისში ვატარებდით, ბოლო წლების განმავლობაში კი შეჯიბრებას ჩაქვი მასპინძლობს. ამ ტურნირზე არაერთი ძლიერი უცხოელი მონარდე ასპარეზობს. ისინი მოხიბლულები არიან ჩვენი დახვედრითა და ქართული სტუმართმოყვარეობით. ნარდის მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი ხშირად მეხმაურება და „ჩაქვში როდის დაგვპატიჟებთო“ მეკითხება.
ქართული ბიზნესი რატომ არ არის დაინტერესებული ამ სახალხო თამაშით?
- ეს საკითხი მეც ძალიან მიკვირს. წლის განმავლობაში საქართველოში 40-მდე ტურნირს ვატარებთ და მათი დიდი ნაწილი კომერციულია. ამ ტურნირებზე მონაწილეობის მსურველებს ვერ ავუდივართ. ერთი შემთხვევა მახსენდება. რამდენიმე წლის წინ თბილისის სპორტის სასახლეში ავტომანქანა გავათამაშეთ. შეჯიბრებაში ასპარეზობის სურვილი რამდენიმე ათასმა ადამიანმა გამოთქვა და შემოსული თანხები 5-6 მანქანის ყიდვას ეყოფოდა. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ყველა დაინტერესებულ პირს ვაცნობებ, რომ ჩვენი ასოციაციის მიერ დაგეგმილი შეჯიბრებების გაცნობა შეუძლიათ ფეისბუქის მეშვეობით. კომპიუტერზე უნდა აკრიფონ „საქართველოს ნარდის ასოციაცია“ ან „www. Facebook. com/ nardis asociacia”. იმედია ამ ინფორმაციას ქართველი ნარდის მოყვარულები გულდასმით გაეცნობიან და ჩვენს მიერ დაგეგმილი ტურნირების შესახებ ინფორმაციას მოპოვება უფრო გაუადვილდებათ.
საქართველოში ნარდის პოპულარიზაციისთვის რას აკეთებთ?
- გაგიკვირდებათ და ამ მიმართულებით რამდენიმე არაორდინალური ნაბიჯი უკვე გადავდგით. ცოტა ხნის წინ დაბადებიდან 60 წელი შემისრულდა და რესტორან „ნატახტარში“ ერთ ტრადიციას დასაბამი მივეცი. იუბილეზე 200-მდე ადამიანი დავპატიჟე. აქედან 120-მა დამაფასა და ამ ხალხისთვის დილის 12 საათიდან ნარდის სპეციალური ტურნირი ჩავატარე. უკვე მოგვიანებით, 17.00 საათზე, იმავე რესტორანში სადღესასწაულო სუფრაზე შევიკრიბეთ და შეჯიბრების გამარჯვებულებს სუფრის თამადამ ჯილდოები საზეიმოდ გადასცა. რა სჯობს დღის პირველ ნახევარში ნარდის თამაშს, მოგვიანებით კი სუფრაზე ამაღელვებელი განწყობით ქეიფს. ანალოგიური „ექსპერიმენტი“ სამ ქორწილშიც გავიმეორეთ და წარმატებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სამწუხაროდ ამ ინიციატივამ მოგვიანებით დიდი განვითარება ვერ ჰპოვა, მაგრამ საქართველოს ნარდის ასოციაციის წევრები იმედს არ ვკარგავთ და გვჯერა რომ ეს ტრადიცია ქართულ სუფრებზე აუცილებლად დამკვიდრდება.
ერთ შემთხვევასაც მოგიყვებით. გასული წლის შემოდგომაზე, „ვაჟაობაზე“, სოფელ ჩარგალში, ჩვენმა ასოციაციამ სპეციალური ტურნირი ჩაატარა და გამარჯვებულები თავად ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დააჯილდოვა. შეჯიბრებაში ცნობილმა მომღერალმა გია ჭირაქაძემ იმარჯვა. ბატონი ბიძინა მოგვიანებით მეხუმრებოდა, - „ერთხელ ჭირაქაძე 9:1-ს მიგებდა და საბოლოოდ მაინც დავამარცხეო“. შემდეგ ივანიშვილმა ისიც მთხოვა რომ ჩვენს ტურნირებში მონაწილეობის შესაძლებლობა აუცილებლად მივცეთ.
კიდევ რა გითხრათ. ნარდი საქართველოში სპორტის ერთ-ერთი უსაყვარლესი და მასობრივი სახეობაა. ჩვენი ასოციაცია მისი პოპულარიზაციისა და შემდგომი განვითარებისთვის ყველაფერს აკეთებს და დარწმუნებული ვარ ქართული საზოგადოება სასიკეთო შედეგებს უახლოეს მომავალში თავად დაინახავს.