ოპოზიციას როცა ძალიან უჭირს, რუსეთი მაშინვე მაშველ რგოლს გადაუგდებს. რამდენიმე დღეა ოპოზიცია და მათი მედიები ავრცელებენ ინფორმაციას, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თითქოს, მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე დაპატიჟეს და რუსეთში ჩასვლას აპირებს.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურმა ამ ინფორმაციას დეზინფორმაცია უწოდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ კი განაცხადეს, რომ მიხეილ ყაველაშვილი 9 მაისს მოსკოვში ჩასვლას და სამხედრო აღლუმზე დასწრებას აპირებს. თუმცა რაზე ან ვისზე დაყრდნობით აკეთებენ ამ განცხადებას, არ დაუსახელებიათ და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას ორაზროვან პასუხს იშველიებენ, რომელმაც 9 მაისს საქართველოს დელეგაციის რუსეთში ჩასვლა არც დაადასტურა და არც უარყო. კრემლის მიერ გადმოგდებული სატყუარა ოპოზიციამ დაუფიქრებლად აიტაცა.
გამოცემა „სოვა“, კითხვაზე პასუხის მისაღებად ზახაროვამ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაამისამართა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ „ისინი ჯერჯერობით კომენტარს არ იძლევიან“.
ზახაროვამ, პრაქტიკულად, შემოგვთავაზა, დავლოდებოდით ყაველაშვილის პოზიციის დაფიქსირებას. „თავდაპირველად მიიღება გადაწყვეტილება, შემდეგ ხდება მოწვევის გაგზავნა და შემდეგ უკვე მიმღები ავრცელებს ინფორმაციას“, - წერს „სოვა“.
„ასეთი რამ დღის წესრიგში არ დგას. მსგავსი აბსურდი და ილუზია საიდან მოსდით?“ - ასე გამოეხმაურა ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კირცხალია.
„როცა საქართველოში მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს, დააკვირდით, რუსეთის მხრიდან რა ხდება? რუსეთის მაღალჩინოსნების მხრიდან ან განცხადება კეთდება, ან რაღაცის დაანონსება. ეს ვის წისქვილზე ასხამს წყალს? ყოველთვის ასეთი თემების წამოწევა რატომ ხდება და ამ უსამშობლოების დასახმარებლად, მაშველ რგოლებს რატომ ისვრიან? რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, რუსეთი ჩვენი ქვეყნის ოკუპანტია და რა ხაზით უნდა მოვიდეს? რუსეთთან საუბარი იქნება მხოლოდ დეოკუპაციაზე და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე მხოლოდ სამშვიდობო გზით“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
უმრავლესობის კიდევ ერთი ლიდერი გია ვოლსკი ამბობს, რომ აქამდე 9 მაისის ღონისძიებას ევროპელი ლიდერებიც ესწრებოდნენ.
„არ ვიცი თქვენ რა ცნობებს იღებთ. ჩვენ ასეთი ცნობები არ გაგვაჩნია. ჩვენ გაგვაჩნდა ცნობები, რომ დასავლეთის წამყვანი ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები საქართველოში, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციების მერე, აღლუმში იღებდნენ მონაწილეობას“, - ამბობს ვოლსკი.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-თან ამბობს, რომ მუდმივად ასე იყო და ასეც გაგრძელდება, კრემლი ჩვენს ოპოზიციას, როცა გაჭირვებაშია, უმალ დახმარების ხელს უწვდის. მოულოდნელად მაშველ რგოლად გამოეცხადება და ესენიც არ აყოვნებენ. სწორედ იგივე სცენარი განმეორდა, ვითომ პრეზიდენტ ყაველაშვილის 9 მაისის აღლუმზე დაპატიჟების შემოგდებული ინფორმაციით.
„არ ვიცი მართლა ვის სჯერა და რა სახის აზროვნების საზოგადოებაზე შესაძლოა იყოს ეს ინფორმაცია გათვლილი, როცა ხელისუფლებას ყოველდღე რუსთაველის მოედნიდან ოპოზიცია პრორუსს ეძახის, მაგრამ მსგავსი ვერაფერი დაუმტკიცა, ახლა ადგეს „ოცნება“ და მოსკოვში საქართველოს პრეზიდენტი აღლუმზე გაგზავნოს, ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციის ბრალდებას პირდაპირ აღიარებს?! გააკეთებს იმას, რაც ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელია? ან რაში უნდა აწყობდეს ახლა პოლიტიკურად ხელისუფლებას რუსეთში ამხელა თანამდებობის პირის გაშვება, როცა არც დიპლომატიური და არც სხვა რაიმე სახის პოლიტიკური ურთიერთობა გვაქვს. მთელი დასავლეთი ედავება და ცილს სწამებს, რომ რუსეთისკენ გაქვს პირი შექცეულიო, ამას ვერაფრით უმტკიცებენ და ხელისუფლებამ საკუთარი დასაკლავი დანა თავად გამოჩხრიკოს? არ ვიცი, შესაძლოა, ეს არც ოპოზიციას სჯერა, მაგრამ მათთვის მოსკოვიდან ჩაწოდებული ინფორმაცია იმდენად მომხიბვლელად გამოიყურებოდა, რომ ამაზე მთელი ამბები ატეხეს. საინფორმაციო მანქანა ამოქოქეს. რას იზამენ, სხვა როცა ხალხისთვის სათქმელი არაფერი აქვთ, ისევ ძველ ნაცად ხერხს უნდა მიმართონ“, - ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, 9 მაისის აღლუმზე იქნება თუ არა საქართველო, პუტინისთვის სულერთია. მისთვის მთავარია იქ ჩვენთვის და სხვა მსგავსი დიდი ქვეყნების ლიდერები იყვნენ. საქართველოს იქ დასწრება პოლიტიკურად არც მას და არც ჩვენს ქვეყანას არაფერს აძლევს. ამიტომ ეს მოგონილი ამბავი ისევე ერთჯერადი გამოყენების ინფორმაციაა, როგორც ამ წლების განმავლობაში „ოცნების“ პრორუსულობა.
„დღეს ჩვენი ქვეყანა არ არის გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში. არ ვართ ახლა მნიშვნელოვანი არც რუსეთისთვის და ფაქტია, არც ამერიკისთვის. თუმცა კრემლს როცა დრო მიეცემა და საჭიროდ ჩათვლის, ამ ოპოზიციას რაღაცა ინფორმაციას საკენკად უგდებს. სწორედ ეს არის ზახაროვას ორაზროვანი პასუხიც. არც ჰო თქვა და არც არა, რათა მანიპულაციისთვის სივრცე დაეტოვებინა. ასე აკეთებენ ყოველთვის და ეს არ არის ახალი ამბავი.
მე ის მიკვირს, როცა ამ ეტაპზე საქართველო არაა რუსეთისთვის ნომერ პირველი პრობლემა, ამოცანა თუ რაც გინდა დავარქვათ, ეს ოპოზიცია თავს ძალით რატომ იღიზიანებს? რატომ ცდილობენ მუდმივად ამ პრობლემის ხელოვნურად შექმნას და ხალხის პროვოცირებას, დასტრესვას, შიშში ყოფნას, რაც არ არსებობს? „ოცნება“ ხომ არ არის ისეთი გულუბრყვილო და ასე ადვილად მოსატყუებელი პოლიტიკური ძალა, რომელიც ოპოზიციას ამ საჩუქარს გაუკეთებს?! ამიტომ არის ოპოზიცია იქ სადაც ახლა არის, რადგან რეალურად ვერ აკეთებს ანალიზს რა სჭირს, რა უნდა ხალხს და რა უნდა გააკეთონ ქვეყნისთვის. დგანან და გამოგონილი ამბებით ხალხის მოტყუებას განაგრძობენ“, - ამბობს საყვარელიძე.