რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მე-8 სხდომა ჩატარდა. კომისიამ აგვისტოს ომი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის N1633 რეზოლუცია განიხილა. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადნენ ყოფილი დეპუტატები გიორგი კანდელაკი და გიორგი თარგამაძე, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომლითაც საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება საომარი მოქმედების დაწყებაში ქართველ სამხედროებს ადანაშულებს და აღიარებს, რომ ომი საქართველომ დაიწყო.
კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, უკვე შეიძლება ჩაითვალოს, რომ სააკაშვილმა, კეზერაშვილმა, მერაბიშვილმა და სხვა თანამდებობის პირებმა ისე აწარმოეს საომარი მოქმედებები, რომ სამხედრო გეგმა არ ჰქონდათ. გეგმა, რომელიც ღირსეულმა სამხედროებმა შეადგინეს, გვერდზე იქნა გადადებული.
„ჩვენ მაშინდელ პოლიტიკოსებს ვეკითხებით, რატომ აქციე რეზერვისტები საზარბაზნე ხორცად, რატომ არ იყო არავითარი გეგმა, რატომ აქციე ჯარი ჯარისკაცები საზარბაზნე ხორცად. ასევე ვსვამთ კითხვას, რატომ არ დაბრუნდა თავის შვილებთან და ოჯახში გიორგი ანწუხელიძე, რატომ ჩავარდა ის ტყვედ? ეს იყო გარდაუვალი თუ შეიძლებოდა ამის თავიდან აცილება?“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა და დასძინა, სეპარატისტებთან და რუსებთან პირისპირ დარჩენილმა გიორგი ანწუხელიძემ, გმირობა ჩაიდინა, თუმცა, ის მარტო არ იმყოფებოდა და დაინტერესდა, ვინც კომისიის სხდომებით განერვიულდა, რატომ არ ახსენეს მათ ასევე გმირულად დაღუპული სხვა ჯარისკაცები, მაგალითად, უშანგი სოფრომაძე და კახაბერ ხუბულური.
„ის გმირი რომ ჩავარდა ტყვედ, შემდეგ, რა თქმა უნდა, მან პირისპირ რომ აღმოაჩინა საკუთარი თავი სეპარატისტებთან და რუსებთან, გმირობა აჩვენა, არა მხოლოდ მან, სხვათა შორის - ვინც გუშინ და გუშინწინ განერვიულდნენ ჩვენი სხდომების გამო, რატომ არ ახსენებენ უშანგი სოფრომაძეს? იქ გიორგი ანწუხელიძე მარტო არ იყო, იქ იყო უშანგი სოფრომაძე, კახაბერ ხუბულური. რატომ არ დაუბრუნდა უშანგი სოფრომაძე თავის მეუღლეს და შვილებს? - ეს არის შეკითხვები, შეიძლებოდა ამისი თავიდან აცილება პოლიტიკოსების მიერ თუ არა?
კომისიის მიზანია, ყველამ გაიგოს, რომ ჯარი არ არის სათამაშო, სააკაშვილმა კი, ჯარი, მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად, საკუთარ სათამაშოდ აქცია. სხვათა შორის, ის ორი გენერალიც, რომელიც აქ მობრძანდა, საკუთარ სათამაშოდ აქცია. შესაბამისად, ჩვენ ამ მიმართულების კვლევას გავაგრძელებთ და ბუნებრივია, ის პოლიტიკოსები, ვინც მაშინ იყვნენ ხელისუფლებაში და დღეს, ზოგიერთი ციხეშია, ზოგიერთი ქუჩაშია და ზოგიერთიც გაქცეულია, რა თქმა უნდა, ღელავენ, რა თქმა უნდა, ცდილობენ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს აუმღვრიონ გონება და აფიქრებინონ, თითქოს, ეს კომისია არის იმისთვის, რომ ჯარის ქმედებები შეაფასოს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
საგამოძიებო კომისიამ მოუსმინა თიღვის თემის ყოფილ გამგებელს გიორგი კაპანაძეს, რომელმაც დეტალურად ისაუბრა კონფლიქტის ზონაში არსებულ მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ არავის გაუფრთხილებია მოსახლეობის ევაკუაციასთან დაკავშირებით და შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, გადაწყვეტილება თავად მიიღო.
როგორც კაპანაძემ აღნიშნა, 9 აგვისტოს სოფელ ავნევში დააყენა სასკოლო ავტობუსი, რომლის მეშვეობითაც ქარელში ჩაიყვანეს ნულსა და ავნევში დარჩენილი მოსახლეობა, ხალხის ნაწილმა კი 7 აგვისტოს დატოვა სოფლები. გიორგი კაპანაძის განმარტებით, 7 აგვისტოს, დაახლოებით დილის 10:00 საათზე დაუკავშირდა „წითელ ჯვარს“, რომლებმაც გამოაყვანინეს სოფლებიდან ბავშვები და ქალები. კაპანაძე ამბობს, რომ ნულსა და ავნევში 50-მდე მოხუცი დარჩა, რომლებაც არ დატოვეს სოფლები, რადგან ფიქრობდნენ, რომ მათ დაინდობდნენ, თუმცა ასე არ მოხდა.
„დაბომბვის დროს ადგილზე იმყოფებოდა მშვიდობიანი მოსახლეობა, შესაბამისად, იყვნენ დაჭრილებიც, მაგრამ გამოყვანისას არავინ დაღუპულა. ავნევის მხრიდან წასული მეოთხე ბრიგადა არ შევიდა ცხინვალში, მანდ მოუსწრეს რუსულმა ბომბდამშენებმა და, ფაქტობრივად, ის კოლონა გაანახევრა. ტანკები თუ ასე ადვილად იწვებოდნენ არც ვიცოდი. როგორც ასანთის ყუთები, ეგრე დაიწვნენ. მოტრიალდა ეს კოლონა, ისევ ავნევზე წამოვიდა, მსუბუქი მანქანებით ჩამოატარეს დაჭრილები და მიცვალებულები. რა თქმა უნდა, ყველა ვერ წამოიყვანეს, იქვე თხრილები იყო და ალბათ, თვითონ ოსებმა მიაყარეს მიწა. გახსოვთ, ალბათ, პატრიარქი რომ შევიდა და მიცვალებულები გამოიყვანა, ზუსტად ის მიცვალებულები იყვნენ, რომლებიც იქ დაიხოცნენ.
8-ში, ჯარი რომ წამოვიდა და აღარც ჯარი იყო და აღარც სამშვიდობო ძალები, სადღაც შვიდ საათზე აღარც ჯარი იყო და აღარც სამშვიდობო ძალები ჩვენთან, უკვე დარჩენილ მოსახლეობას ვუთხარი, თავს უშველეთ-მეთქი, ვისაც რა საშუალება გაქვთ, წადით. იქ იყვნენ ქალები, კაცები, რომლებსაც თავიდან ავუკრძალე, რომ არ უნდა გამოსულიყვნენ, მაგრამ შემდეგ ვუთხარი, გაერიდეთ და წადით-მეთქი. მაშინ პოლიციის უფროსი იყო ვანო დათაშვილი, მივედი და ვუთხარი, ყველა ბლოკპოსტი მოეხსნა სოფელ ნულიდან, ავნევიდან და გამოეყვანა თავისი ხალხი.
მითხრა, ბრძანება არ მიმიღია და ვერ გავაკეთებო. ვუთხარი, დამაბრალე მე, პირველ რიგში, დაგხოცავენ ფორმიანებს, არცერთს დაგინდობენ, ყველას დაგვხრეტენ და გადი, დატოვეთ, რადგან იქ აღარავინ იყო, მოხუცები იყვნენ. რა თქმა უნდა, დამიჯერეს, წამოვიდნენ. მე დავრჩი და 9 აგვისტოს სოფელ ავნევში დავაყენე სასკოლო ავტობუსი, ვინც მსურველი იყო მოხუცი, მოხუცები გამოვიყვანეთ სასკოლო ავტობუსით, ქარელში ჩამოვიყვანეთ. ორივე სოფელში, ნულსა და ავნევში 50-მდე მოხუცი დარჩა, არ გამოგვყვნენ. რატომღაც ეგონათ, რომ დაინდობდნენ, მაგრამ უკვე ჩვენი გამოსვლის შემდეგ, შემოსვლა დაიწყეს 11-ში, 11-12-ში მასობრივად“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ემზარ კვიციანს მოუსმინა, რომელმაც ბატალიონ „მონადირის“ შექმნის მიზეზებზე და მიზნებზე ისაუბრა. როგორც კვიციანმა თქვა, 1992 წელს, მას შემდეგ, რაც აფხაზეთში მდგომარეობა დაიძაბა და ცხადი გახდა, რომ აფხაზი სეპარატისტები და რუსეთი ომისთვის ემზადებიან და ჩრდილოეთ კავკასიის უღელტეხილებიდან საქართველოს ტერიტორიაზე „ბოევიკებმა“ გადმოსვლა დაიწყეს, კოდორის ხეობის ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, შეიქმნა რაზმი „მონადირე“, რომელსაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა დაეცვა.
კვიციანის შეფასებით, 2006 წელს კოდორის ხეობაში ქართული ჯარის შეყვანა 1994 წელს დადებული შეთანხმების დარღვევა იყო, რამაც რუსეთს ხეობაში ჯარების შეყვანის საბაბი მისცა. ემზარ კვიციანის განცხადებით, კოდორის ხეობის ჩაბარება იყო ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული კოლექტიური ღალატის შედეგი და ამის შესახებ მიღებული იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება.
ემზარ კვიციანს კითხვა დაუსვა კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა: „როგორ მიგაჩნიათ, თქვენი ოჯახის, ასეულობით ქართველის, კოდორელის, დალის ხეობელის განეიტრალება, განიარაღება და იქ მოუმზადებლად მძიმე ტექნიკის შეყვანა ყოველგვარი გეგმის გარეშე, იყო წინდაუხედაობა თუ გამიზნული ნაბიჯი, რათა კოდორის, დალის ხეობა უბრძოლველად საბოლოოდ გამხდარიყო ოკუპაციის მსხვერპლი?“.
ამ კითხვას კვიციანმა ასე უპასუხა: „ძალიან ბევრი რამ ვიცი ფაქტებით და ბევრ რამეს აეხდება ფარდა, თუ ამით გამოძიება დაინტერესდება“.
კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროება, რუსეთის უშიშროება და საქართველოში უშიშროებაში ჩანერგილი ადამიანები, ერთობლივად მოქმედებდნენ და ისე მოიყვანეს სააკაშვილი ხელისუფლებაში. მოიყვანეს, რადგან პირობა ჰქონდა დადებული, კოდორის ხეობას ჩაბაარებდა უმტკივნეულოდ.
„2006 წელს შევედი პატრიარქთან, ჩვენს უწმინდესთან, პირველ რიგში, მინდოდა კურთხევა, დედაჩემის დასაფლავება მინდოდა იქ, სადაც ავაშენეთ ეკლესია ჩვენმა საძმომ და სამეგობრომ, არ მირჩია და, მოკლედ, კურთხევა მომცა, სადაც უნდა დამესაფლავებინა დედაჩემი. მეორე ვუთხარი, თქვენო უწმინდესობავ, ოქრუაშვილი და დღევანდელი ხელისუფლება აპირებს კოდორის ხეობაში თავდაცვის ძალების შემოყვანას-მეთქი, რაც აუცილებლად გამოიწვევს კონფლიქტს და ამ კონფლიქტში რუსები იქნებიან მართლები, რადგან არსებობს 1994 წლის შეთანხმება, რომელზეც ხელი გვაქვს მოწერილი, ამას გამოიყენებენ და რუსებს მიეცემათ ლეგიტიმაცია, რომ შემოვიდნენ ხეობაში.
მერე გაითამაშებენ ჩვენები-მეთქი, ვითომ რუსებს ვერ შევებრძოლეთ, დატოვებენ ტერიტორიას და გაიქცევიან, იყო უკვე ასეთი შემთხვევა ჩემთან, როგორ გამექცა ყველა იქიდან, იმიტომ რომ დაგვეტოვებინა იქაურობა. ფაქტებიდან გამომდინარე ვხვდებოდი ამას. პატრიარქი წამოდგა, ადგომას ვაპირებდი, იჯექიო. მოვიდა, მომადო მარცხენა ლოყაზე ხელი: „ემზარ, შვილო, გაკურთხოს უფალმა, არ შეგეშვებიან, სანამ კოდორი არ ჩაბარდება, აფხაზეთი მიცემულია“,- სიტყვასიტყვით. მას ბევრად დიდი ინფორმაციები ჰქონდა მაშინაც, ვიდრე მე და ვინმეს გვქონდა.
გამოაგზავნეს არძინბა ლევანი ჩვენთან აქ და მე დავხვდი გადმოსასვლელში, რაც იყო გზავნილი აფხაზებიდან, ერთობლივი ჯგუფი გავაკეთოთ და დავიცვათ ჩვენი სამშობლო ერთად, აფხაზებმა და ქართველებმაო. აქედან წასული ერთ თვეში საკუთარ ჭიშკართან ჩაცხრილეს. აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროება, რუსეთის უშიშროება და საქართველოში უშიშროებაში ჩანერგილი ადამიანები, ერთობლივად მოქმედებდნენ, ერთობლივად მოქმედებდნენ და ისე მოიყვანეს სააკაშვილი ხელისუფლებაში. რატომ მოიყვანეს? იმიტომ, რომ პირობა ჰქონდა დადებული, კოდორის ხეობას ჩაბაარებდა უმტკივნეულოდ“, - განაცხადა ემზარ კვიციანმა.
აგვისტოს ომი და შემდეგ განვითარებული მოვლენები საბედისწერო იქნება „ნაციონალური მოძრაობისთვის“ რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიას უკვე საკონსტიტუციო სასამართლო აუკრძალავს პოლიტიკურ მოღვაწეობას. თუმცა, კომისიასთან კითხვები აქვს გენერალ გიორგი ყარყარაშვილს, რომელიც სოციალურ ქსელში წერს, რომ 2004-2008 წლების მოვლენების შესწავლა უნდა მოხდეს სახელმწიფო უსაფრთხოების კონტექსტში, როგორ უნდა ხორციელდებოდეს სახელმწიფო ინტერესების რეალიზაციის პროცესში წარმოშობილი წინააღმდეგობებისა და მოსალოდნელი საფრთხეების დროული განეიტრალება და მათგან სამხედრო ძალით თავდაცვა. მისი შეფასებით, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ აღარასოდეს დაისვას პრიმიტიული შეკითხვა - ვინ დაიწყო ომი.
„ომის შემსწავლელი კომისია განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირების მოსმენითა და საზოგადოებაში გავრცელებულ ჭორ-მართალზე პასუხებით კი არ უნდა იყოს დაკავებული, არამედ 2004-2008 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების შესწავლით, რომლის ძირითად ამოცანას წინააღმდეგობების და მოსალოდნელი საფრთხეების დროულად განეიტრალება და მათგან სამხედრო ძალით თავდაცვა წარმოადგენს. სწორედ წინააღმდეგობების დაძლევის უნარით ფასდება ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაოები.
იმისათვის, რომ ომის შემსწავლელი კომისიის სხდომები სანახაობად არ გადაიქცეს, აუცილებელია, წინასწარ განისაზღვროს მოწვეული რესპონდენტების სია და მომზადდეს კვალიფიციური კითხვების ნუსხა. ყველა არასწორი და არაფრისმთქმელი შეკითხვა, ისევე როგორც სხდომებზე დაბარებული არაკომპეტენტური რესპონდენტების არაკვალიფიციური პასუხები, აზიანებს როგორც თავად კომისიის იდეას, ისე სამხედრო მუნდირის ღირსებას და ჩრდილს აყენებს სამშობლოსთვის თავგანწირულ მეომართა მარადიულ ხსოვნას“, - წერს გიორგი ყარყარაშვილი.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი აცხადებს, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით, 2008 წლის აგვისტოსთვის სახელმწიფოს არ გააჩნდა ევაკუაციის გეგმა, რომელიც ერთიანი შეტყობინების სისტემის არსებობასაც გულისხმობს. გამოდის რომ, სახეზეა საბოტაჟის ნიშნები.
„2008 წლისათვის სამხედრო-პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები ჯგუფის მხრიდან მიზანმიმართული უმოქმედობა შეიცავს საბოტაჟის ნიშნებს. 2008 წლის 8 აგვისტოს საომარი მოქმედებების დაწყებამდე უცხო ქვეყნის მიერ საომარი მოქმედებების შესახებ ინფორმაციების შეკრება არის სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო უწყების კომპეტენცია. მათ გააჩნდათ ინფორმაციები ამის შესახებ და ისინი მიწოდებული იყო საქართველოს ხელისუფლებისათვის.
2008 წლის 8 აგვისტომდე რამდენიმე დღით ადრე ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირების ქვეყნიდან გასვლა შეიცავს საბოტაჟის ნიშნებს. შესაბამისად, დასაშვებია ვერსია - წინასწარ განზრახვით ორგანიზებული დანაშაულისათვის მზადების ფარგლებში 2007 წლის აპრილში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე მუხლის „სამშობლოს ღალატის“ გაუქმება“, - აღნიშნა დავით კუხალაშვილმა.