თბილისის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები მამუკა კაციტაძისა და კახა კუკავას ინიციატივას 2 მარტს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე დღის წესრიგით პირველ საკითხად დეპუტატების კახა კუკავასა და მამუკა კაციტაძის ინიციატივა განიხილებოდა, თუმცა საკითხის განხილვისას უმცირესობის წევრმა მამუკა ახვლედიანმა განაცხადა, რომ მამუკა კაციტაძის ინიციატივა დამატებით კონსულტაციებს საჭიროებს. ამდენად, მან უმცირესობის სახელით საკითხის დამტკიცებამდე დრო ითხოვა.
საპასუხოდ მამუკა კაციტაძემ განაცხადა, რომ საკითხის მომავალი კვირისთვის გადატანა მოსწრებადობის თვალსაზრისით პრობლემებს შექმნიდა, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა გაითვალისწინა უმცირესობის მოსაზრება და საკითხის განხილვა კვირას 14:00 საათზე ჩანიშნა.
”ჩვენთვის სულ რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი აღნიშნული ინიციატივის შესახებ. ასეთი მნიშვნელოვანი ინიციატივა არ შეიძლება ასე ფორსირებულად იყოს განხილული, ამიტომ მოვითხოვეთ აღნიშნული საკითხის კვირას განხილვა. მაგრამ ერთი შეხედვით ჩანს, რომ საკრებულოს უმრავლესობა ყველანაირად ცდილობის თბილისის ბიუჯეტის ჩაგდებას და სხვადასხვა მიზეზები იგონებს. სავარაუდოდ მათ სურთ მხოლოდ ერთი რამ - თბილისის ბიუჯეტი დამტკიცდეს და დაიხარჯოს იმ პირობებში, როდესაც თვითონ დანიშნავენ მთავრობის წევრებს”, - აღნიშნა საკრებულოს უმცირესობის წევრმა ირაკლი ნადირაძემ.
სხდომაზე მამუკა კაციტაძემ კოლეგებს დეტალურად გააცნო მისი და კახა კუკავას ინიციატივა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
”ჩემი და კახა კუკავას ინიციატივა ითვალისწინებს იმას, რომ შექმნილი კრიზისული მდგომარეობა განიმუხტოს. მიზეზი უბიუჯეტობისა და ცენტრალური სახელმწიფო მმართველობის შემოღებისა არის უნდობლობა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, ამიტომ თუ შეიქმნება მექანიზმი, რომლითაც გაკონტროლებადი იქნება საკადრო პოლიტიკა მერიაში, შესაბამისად ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში, ვფიქრობ ეს აგვარიდებსუბიუჯეტობას მინიმუმ ივლისამდე, აგვარიდებს თავიდან ცუდ პრეცედენტს ცენტრალური მმართველობის შემოღებისა და ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს რომელიც გაჩნდება ცენტრალური მმართველობის შემოღების შემთხვევაში ”, - აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.
კოლეგის ინიციატივას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშიაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თბილისის საკრებულოს უმრავლესობა განიხილავს ყველა იმ წინადადებას, რომელიც დედაქალაქის ბიუჯეტთან დაკავშირებულ სიტუაციას შეცვლის.
"ჩვენ პრინციპულად ვრჩებით იმ პოზიციაზე, რომ თბილისის საკრებულოს დაუბრუნდეს ის ბერკეტები, რომლის მიხედვითც მოხდება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე და თბილისის მერიის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების, მაღალჩინოსნების საქმიანობის კონტროლი წინასაარჩევნოდ. ეს წინადადება რომელიც ეკუთვნით ბატონ მამუკა კაციტაძესა და ბატონ კახა კუკავას საკმაოდ საინტერესოა და ჩვენ კვირამდე გვექნება დრო, რომ მომზადებულნი შევხვდეთ აღნიშნული წინადადების კენჭისყრას”, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
დეპუტატებმა დღევანდელ სხდომაზე 10 საკითხი განიხილეს.