აშშ დადებითად აფასებს თავდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებს

აშშ დადებითად აფასებს თავდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი 2014 წლის 26 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის მეოთხე პლენარულ სხდომას დაესწრო, რომელსაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავმჯდომარეობდნენ.

პლენარულ სხდომაზე, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ინტენსიური ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული პროგრესი განიხილეს, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ოთხი, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, სამუშაო ჯგუფების მიერ ხორციელდება.

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის კუთხით მიღწეული პროგრესი, რომელიც მიზნად ისახავს ნატოსთან ურთიერთთავსებადობის მიღწევას და თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება დააფინანსოს საქართველოს ჩართვა ნატოს რეაგირების ძალებში. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გაძლიერებული თავდაცვის თანამშრომლობის მიმართულებით მიღწეული პროგრესი შეაფასა და კიდევ ერთხელ გაახმოვანა საქართველოს თხოვნა აშშ-ის მიმართ, მხარი დაუჭიროს ორ ახალ ინიციატივას. ამერიკულმა მხარემ დადებითად შეაფასა თავდაცვის რეფორმირების პროცესში საქართველოს მიღწევები და  მხარი დაუჭირა საქართველოს ინიციატივას  თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესში  მიღებული გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა სხვა პარტნიორ ქვეყნებსაც გაუზიაროს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ გამოთქვა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს მხარდაჭერისათვის და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების მკურნალობისა და რეაბილიტაციის შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. მიხეილ დარჩიაშვილმა კიდევ ერთხელ გააჟღერა საქართველოს მზადყოფნა მხარი დაუჭიროს ნატოს ISAF-ის და "გადამწყვეტი მხარდაჭერის" მისიას 2014 წლის შემდეგაც. აშშ-ს მხარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს მნიშნველოვანი წვლილისთვის და მზადყოფნა გამოთქვა მხარი დაუჭროს საქართველოს ძალისხმევას ამ მიმართულებით. მხარეებმა აღიარეს ჩრდილოეთის დისტრიბუციის ქსელის სავაჭრო-საინვესტიციო ქსელად გარდაქმნის პოტენციალი, რისი მიღწევაც ერთობლივი მუშაობის გზით იქნება შესაძლებელი.

პლენარული სხდომის შემდეგ მხარეებმა ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს: www.state.gov

ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხელ დარჩიაშვილი თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს ეველინ ფარკასს შეხვდა. მხარეებმა თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშროლობის საკითხები განიხილეს.

მიხეილ დარჩიაშვილმა შეხვედრები გამართა აშშ-ის კონგრესშიც. თავდაცვის მინისტრის მოადგილე ასევე შეხვდა ბრუკინგსის ინსტიტუტის ექსპერტებს, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოსა და ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის წარმომადგენლებს.