ფქვილზე, ქერსა და ქატოზე საიმპორტო გადასახადი ისევ გახანგრძლივდა. დადგენილება ძალაში იქნება 2025 წლის 1-ლი აპრილიდან განუსაზღვრელი ვადით. სწორედ ეს გახდა პურის მრეწველთა კავშირისა და ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის დაპირისპირების საგანი.
ახალი დადგენილებით ძალაში დარჩა 28 თებერვლის დადგენილების მიხედვით განსაზღვრული ფასები, 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ხორბლის ფქვილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებისას, ყოველ კილოგრამზე 0.30 ლარი, ანუ ტონაზე 250 ლარი. ქერსა და ქატოზე გადასახადი კვლავ 0.20 ლარი, ანუ ტონაზე 200 ლარი იქნება.
მიღებულ გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებენ „პურის მრეწველთა კავშირში“. ორგანიზაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ამ რეგულაციით ადგილობრივ წარმოებას ეხმარებიან, თუმცა ეს ფქვილის ხარისხის დათმობის ხარჯზე ხდება. პურის მრეწველთა კავშირში განმარტავენ, რომ რეგულაციის გახანგრძლივება ფქვილის ხარისხზე უარყოფითად აისახება, რადგან ქართული წარმოების ხორბალი საჭირო ხარისხს ვერ უზრუნველყოფს.
„ამ გადასახადის დაწესებამ უარყოფითად იმოქმედა. რის იმედზე ვართ? მე ეს მაინტერესებს. კი გასაგებია, რომ მოსავალი წელს უფრო მეტი იყო, ვიდრე შარშან. ეს სასიხარულოა, მაგრამ ფქვილის ხარისხსაც ხომ უნდა შევხედოთ? მე არ მომწონს ეს გადაწყვეტილება. აქ ლაპარაკია ხარისხზე. ქართული ხორბალი მაინც სუსტია. შემოტანილი ხორბლიდან თუ აპირებენ დაფქვან, თუ ხორბალი შემოდის მაშინ რატომ არ უნდა შემოდიოდეს ფქვილიც?
დაცული უნდა იყოს როგორც მეწარმის, მცხობელის ინტერესები, ასევე ფქვილის მწარმოებლების. ერთი იყოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში, მე არ მიმაჩნია სწორად. გამოდის, რომ ერთი მხარე, ფქვილის დამამზადებელი იქნება მონოპოლისტის როლში. რადგან მე, მცხობელს არც ფასში და არც ხარისხში არჩევანის საშუალება არ მექნება. მთავარია გვქონდეს საბაზრო ეკონომიკის პრინციპები. მე უნდა მქონდეს არჩევანის საშუალება. არ უნდა გადავღუნოთ ჯოხი არც იქით და არც აქეთ.
ტომარაზე გადასახადი თავდაპირველად დაწესებული იყო 10, მერე 12, ახლა უსაშველოდ გაზარდეს. რატომ აკეთებენ ამას? ახსნა ის მაქვს, რომ უნდათ რომ წისქვილებმა ადგილობრივი წარმოების ხორბალი მიიღონ. კი ბატონო მიიღონ, მაგრამ ხარისხი არის ისეთი, რაც გვჭირდება? ამაზეა ლაპარაკი“, - განუცხადა „კომერსანტს“ დოლიძემ.
მანვე აღნიშნა, რომ მას კომუნიკაცია ჰქონდა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან და მას ამ საკითხის განსახილველად შეხვედრა სთხოვა. მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ ეს პრობლემური საკითხი უნდა დარეგულირდეს.
ასეთი მწვავე პოზიცია არ მოსწონთ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში. ორგანიაზციის ხელმძღვანელის ლევან სილაგავასთვის მალხაზ დოლიძის განცხადება გაუგებარია და საფუძველს მოკლებულია. მისი თქმით, წისქვილკომბინატები ფქვილის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით მუშაობენ, რომელშიც გაწერილია და რომლითაც უზრუნველყოფილია ხარისხის კონტროლი, რასაც მონიტორინგს სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო უწევს.
„ცოტა გაუგებარი განცხადებაა, იქიდან გამომდინარე, რომ პურის მწარმოებლებს არ აქვთ ტექნიკური რეგლამენტი პურზე. იმ დარგის მიმართ ასეთი განცხადება, რომელსაც ტექნიკური რეგლამენტი აქვს ფქვილზე, ანუ წისქვილ-კომბინატებს ვგულისხმობ, რომლებიც მუშაობენ ტექნიკური რეგლამენტით საქართველოს ბაზარზე და რომელსაც მუდმივად აკონტროლებს საქართველოს სურსათის უვნებლობის სააგენტო. პურზე ტექნიკური რეგლამენტი საქართველოში არ არსებობს. შესაბამისად ვფიქრობ, რომ ამ განცხადებას საფუძველი არ აქვს.
საქართველოში ფქვილის გამოშვების ყველა პარამეტრი წისქვილ-კომბინატების მიერ არის დაცული. შესაბამისად, განცხადება რომელსაც პურის მწარმოებლები აკეთებენ, თითქოს რუსული ფქვილის ტექნიკური პარამეტრები უკეთესია ქართული ფქვილის ტექნიკურ მახასიათებლებზე, არასწორია. ტექნიკურ რეგლამენტს შეესაბამება საქართველოში, წისქვილ-კომბინატებს ის მიწოდება აქვთ ბაზარზე“, - განაცხადა სილაგავა და დასძინა, რომ ბაზარზე პურის მწარმოებლებს ფქვილის არჩევანის საშუალება აქვთ. ლევან სილაგავა აცხადებს, რომ საქართველოში მუდმივად შემოდის რუსული ფქვილი.
„დღეს ბაზარზე წარმოდგენილია როგორც ადგილობრივი წარმოების ფქვილი, ასევე იმპორტირებული, რომელიც შემოდის მათ შორის რუსეთიდან. შესაბამისად, ორივე ფქვილი არის წარმოდგენილი, როგორც ქართული წარმოების, ასევე რუსული. დღეს არჩევანი ნამდვილად არსებობს. საქართველოში მუდმივად შემოდის რუსული ფქვილი. თუ მაგალითად უკმაყოფილო იყვნენ (საფუძველი არ აქვს ამას) და მაინცდამაინც უნდათ რუსული ფქვილი, შეუძლიათ ის გამოიყენონ. ამ განცხადებას ჩვენ არ ვეთანხმებით და ნებისმიერ მაკონტროლებელ ორგანოს ვიწვევთ, შეამოწმონ ფქვილის ტექნიკური რეგლამენტი. პურის მწარმოებლებსაც შეუძლიათ მიუთითონ, რომელი წისქვილ-კომბინატების ფქვილი არ მოსწონთ“, - აღნიშნა სილაგავამ.