ჰესების ტარიფები შესაძლოა, გადაიხედოს. ამის მიზეზი მშენებლობის მაღალი ხარჯია, რაც დეველოპერების საქმიანობას აფერხებს. ისინი პირდაპირ აღნიშნავენ, რომ დაბალი ტარიფიდან თანხას ვერ იღებენ. ტარიფი გახლდათ მთავარი თემა, რის გამოც მცირე და საშუალო ჰესების წარმომადგენლები, ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით მესამე CFD აუქციონის ჩატარებას ითხოვენ. მათი თქმით, ამ დროისთვის არსებული 6.5-ცენტიანი ტარიფი ძალიან დაბალია და სწორედ ამიტომ, პირდაპირი მოლაპარაკებებით ჰესების ნაწილში კონტრაქტებზე ბევრი განაცხადი არ ყოფილა.
მათ მოთხოვნას ლოგიკურად მიიჩნევენ როგორც ენერგეტიკოსები, ასევე სამშენებლო სფეროს სპეციალისტებიც, რომლებიც ადასტურებენ, რომ ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციაში შეყვანის დანახარჯი მართლაც გაიზარდა და არსებული ტარიფებით მუშაობა რეალურად დიდი პრობლემაა.
ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის დავით მირცხულავას თქმით, ჰიდროელექტროსადგური არ განეკუთვნება ინვესტიციების იმ კატეგორიას, სადაც თანხების დაზოგვა შესაძლებელია.
„თუ გადავხედავთ მრავალ პროექტს, რომელიც საქართველოში ხორციელდება, ყველა ამ ჰესის მშენებლობის დროს მასალების ღირებულება ძალიან გაზრდილია. ჰესის მშენებლობის დროს მასალების ხარისხს დიდი მნიშვნელობა აქვს. არმატურები, მეტალის კონსტრუქციები, ბეტონი, მილსადენები, მაღალი ხარისხის მილსადენები - უმაღლესი ხარისხის უნდა იყოს. აქვე აღსანიშნავია კვლევები, რომელიც ჰესის მშენებლობის თანამდევია.
დეველოპერები ამბობენ, რომ 6.5-ცენტიანი ტარიფი უკვე საკმარისი აღარ არის. გარდა ამისა, საქართველოში ზაფხულის თვეებში ტარიფი საკმაოდ დაბალია. ჰესების დეველოპერები ხარჯებისა და შემოსული თანხების დაბალანსებას ვერ ახერხებენ, აქედან გამომდინარე, პრობლემა ექმნებათ. ხარჯების შესამცირებლად ნაკლებად ხარისხიანი მასალა რომ გამოიყენონ, ეს კატეგორიულად არ შეიძლება. ნანახი და შესწავლილი ჰესების 90% აშკარად აჩვენებს, რომ 1 კვტ/სთ-ზე 6,5 ცენტი 8 თვეზე, რაც მოდინებაზე არსებულ ჰესებზეა დადგენილი, არასაკმარისია.
მესმის, რომ ამას გარკვეული გავლენა ექნება ელექტროენერგიის ფასებზე, მაგრამ საიმედოობა ძვირი ღირს. ჩვენი რეალობის გათვალისწინებით, არ შეიძლება საიმედოობის ხარჯზე ფასმა მოიკლოს“, - აღნიშნა ,,კომერსანტთან“ მირცხულავამ.
რამდენადაც 6.5-ცენტიანი ტარიფი ძალიან დაბალია და სწორედ ამიტომ, პირდაპირი მოლაპარაკებებით ჰესების ნაწილში კონტრაქტებზე ბევრი განაცხადი არ ყოფილა. ენერგეტიკოსი გია არაბიძე „კომერსანტთან“ ადასტურებს, რომ ჰიდროენერგეტიკის ათვისების ტემპი ძალიან დაბალია. კერძო სექტორის პრეტენზია გასაგები და ლოგიკურიცაა, რადგან ტარიფის ზრდა ინვესტორების დაინტერესებას გამოიწვევს, თუმცა მომხმარებლების ინტერესი გათვალისწინებული უნდა იყოს.
„ბუნებრივია, როცა ტარიფები მაღალია, ინვესტორების რაოდენობაც მეტია - 10 ცენტი რომ გახდეს, ალბათ ინვესტორების რიგი დადგება, მაგრამ არსებული სიტუაცია ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ. აწყობს ჩვენს ქვეყანას გაზრდილი ტარიფი? შეუძლიათ მოქალაქეებს გაზრდილი სამომხმარებლო ტარიფის გადახდა? ამიტომაც, ოპტიმალური ვარიანტი უნდა მოვიშველიოთ.
ჰიდროენერგეტიკის ათვისების ტემპი საკმაოდ მწვავე საკითხია, ჩვენ დიდი წყალსაცავიანი ჰესები გვჭირდება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყნის მთავარი ჰესი -ენგური, ოქტომბერ-ნოემბრის შემდეგ ფაქტობრივად, აღარ გვაქვს. თუ სხვა სადგურებმა არ აიღეს თავის თავზე დამატებითი სიმძლავრებიის წარმოება, პრობლემები შეიქმნება“, - აღნიშნა „კომერსანტთან“ გია არაბიძემ.
ფაქტს, რომ ჰესების მშენებლობა ძვირდება, მშენებელი და ჰიდროენერგეტიკოსი გიორგი შვანგირაძეც ადასტურებს. მისი თქმით, გაზრდილია როგორც ახალი ჰესების მშენებლობის, ასევე ძველი ჰიდოელექტროსადგურების რეაბილიტაციის ხარჯიც, რაც, თავის მხრივ, მომავალში ტარიფებზეც აისახება.
„ყველა ადამიანისთვის შესამჩნევია, რომ გაძვირებულია ჩვეულებრივი მშენებლობაც, რაც დამოკიდებულია სამშენებლო მასალების - არმატურის, ცემენტის, წვრილი და მსხვილი შემავსებლების ღირებულებაზე. მოთხოვნა მატულობს და ფასებიც შესაბამისად იზრდება. დღეს ჰესების მშენებლობა გაცილებით მეტ დანახარჯს მოითხოვს, ვიდრე, ვთქვათ, ათიოდე წლის წინ. სწორედ ამიტომ იქმნება საერთო ფონი, რომ ტარიფი ზრდის მიმართულებით გადაიხედება.
აქ მარტო მშენებლობაც არ არის, ძვირდება სარემონტო ხარჯიც, მით უმეტეს, საქართველოში არ გვაქვს ქარხნები, სადაც ჰესების რეაბილიტაცია შესაძლებელია. ადრე რუსეთთან იყო მჭიდრო კავშირი, ახლა შესაბამისი მოწყობილობები მიდის ევროპის ქვეყნებში, სადაც უნდა გარემონტდეს და მერე უკან დაბრუნდეს. ეს ყველაფერი კი ზრდის ხარჯს და საბოლოოდ ტარიფებზეც ახდენს გავლენას“, - აღნიშნა გიორგი შვანგირაძემ.