პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით მამუკა ყურაშვილს, გოგა ხაინდრავას, ირაკლი ბათიაშვილს და გიორგი ვოლსკის მოუსმინა. მაშინ, როდესაც ყურაშვილი კომისიის კითხვებს პასუხობდა, რადიკალურმა ოპოზიციამ საკუთარი მხარდამჭერები დარაზმა და პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართა ლოზუნგით - „ქართული არმიის გასამართლებას ვერ შეეგუებიან“.
„კრემლის ფილიალში მიმდინარეობს ქართველი გენერლებისა და ქართული არმიის გასამართლება. ჩვენ, უბრალოდ, ვერ შევეგუებით ქართული არმიის გასამართლებას, იმ ადამიანების გასამართლებას, რომლებმაც 2008 წელს დამოუკიდებლობა შეგვინარჩუნეს, შეგვინარჩუნეს სახელმწიფოებრიობა, ენაც, მამულიც და სარწმუნოებაც. კრემლის ფილიალში რომლებიც სხედან, მათი ადგილი არა მხოლოდ აქ, არამედ ციხეშია. ძალიან მალე ისინი ჩასხდებიან ციხეში, აგებენ პასუხს სახელმწიფო ღალატისთვის“, - გაისმა აქციიდან.
ხმაურიანი და სკანდალური იყო გენერალ მამუკა ყურაშვილის გამოკითხვა, რომელიც უწყებაში 2007 წელს დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც თავდაცვის მინისტრად დავით კეზერაშვილი დაინიშნა. ყურაშვილმა გაიხსენა რატომ დაითხოვეს ის ორჯერ შეიარაღებული ძალებიდან. პირველ შემთხვევაში, 2006 წელს ირაკლი ოქრუაშვილმა გაათავისუფლა, მიზეზი კი მისი თქმით იყო ის, რომ ოქრუაშვილი დაიბოღმა იმის გამო, რომ შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი გაატარა ცხინვალში, მეორე შემთხვევაში კი გათავისუფლდა 2011 წელს. ამასთან, მამუკა ყურაშვილი აცხადებს, რომ თემურ იაკობაშვილი კონფლიქტის ზონაში ერთხელ იყო ჩასული, საკონტროლო კომისიის შესახებ მისი განცხადება კი იყო სამარცხვინო, კატასტროფული და დამაზიანებელი.
„თემურ იაკობაშვილი, რომელიც 2008 წლის იანვრიდან იყო სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში და ამავე დროს შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარე, ომის დაწყებამდე კონფლიქტის ზონაში მხოლოდ ერთხელ იყო ჩასული. იაკობაშვილის მიერ 7 აგვისტოს გაკეთებული განცხადება შერეული საკონტროლო კომისიის შესახებ დამაზიანებელი იყო და მან, ფაქტობრივად, აღნიშნული განცხადებით ეს ფორმატი აბუჩად აიგდო“, - აღნიშნა მამუკა ყურაშვილმა.
გენერალმა ყურაშვილმა დეტალურად ისაუბრა თუ რა ქმედებები განახორციელა მას შემდეგ, რაც 7 აგვისტოს 23 საათსა 45 წუთზე მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილების ჩახშობის შესახებ ბრძანება მიიღო. სხდომაზე ასევე განმარტება გააკეთა აღნიშნული ბრძანების მიღების შემდეგ მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის“ შესახებ. მისი თქმით, აგვისტოს ომის დროს ქართულ მხარეს კასეტური ბომბები არ გამოუყენებია, თუმცა იყვნენ სამოქალაქო პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომლებმაც ეს ჩვენს ქვეყანას დააბრალეს. როგორც გენერალმა აღნიშნა, 2008 წლის პირველ აგვისტომდე ძლიერი დიპლომატიური მისიის ამოქმედების შემთხვევაში, ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, თუმცა 1 აგვისტოს შემდეგ ეს უკვე შეუძლებელი იყო.
„თქვენ, როგორც სამშვიდობო ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელი, პოლიტიკურმა ხელისუფლებამ, მაპატიეთ გამოთქმისთვის, აგიფარათ, რადგან მოსახლეობა გენდობოდათ, ამიტომ მიგავლინეს იმ მიმართულებაზე, ჩემი აზრით, გაგწირეს თქვენც და მოსახლეობაც“, - მიმართა თეა წულუკიანმა გენერალ ყურაშვილს. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, სინამდვილეში, საომარი მიმართულების რეალური ხელმძღვანელები იყვნენ ვანო მერაბიშვილი და მისი მოადგილე.
„ჩვენი სახელმწიფოს მტრებთან ფერებით საუბარი კი არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა იყოს, ეთნიკურად, წარმომავლობით და პასპორტში რა უწერია, მტერი არის მტერი. ამიტომ, ჩვენ არსად მივდივართ, 5 მაისამდე ვმუშაობთ. სურვილი თუ გაგიჩნდებათ, რომ იმ მტრული განცხადებების ავტორებს სათანადო მიეზღათ და განცხადებას ვინ ჩივის, მტრული გადაწყვეტილებების ავტორებს, ზოგი „ვივამედში“ რომ ბინადრობს, ზოგი - სად და ზოგი - სად, რომლებმაც ჯარი გაწირეს. ვიდრე ცოცხალი ვიქნები, სიკვდილის წუთამდე მემახსოვრება, რაც თქვენ მიპასუხეთ, თქვენ რასაც ამბობთ, ამას, შეიძლება, საფუძველი ჰქონდეს.
იმას, რომ, ჩემი რწმენით, ფაქტებზე დაფუძნებული რწმენით, თქვენ, როგორც სამშვიდობო ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელი, პოლიტიკურმა ხელისუფლებამ, მაპატიეთ გამოთქმისთვის, ეს იყო ასე - აგიფარათ, რადგან მოსახლეობა გენდობოდათ, ამიტომ მიგავლინეს იმ მიმართულებაზე, ჩემი აზრით. სინამდვილეში, იმ მიმართულების რეალური ხელმძღვანელი, რომელიც საომარი მიმართულება იყო, გახლდათ ვანო მერაბიშვილი და მისი მოადგილე, ორივე პოლიტიკური თანამდებობის პირი, და მოსახლეობაც და თქვენც გაგწირეს.
ახლა თქვენ აქ დამდგარხართ, თქვენ და ბატონი ზაზა გოგავა, ყველაფერს - თქვენ ნაკლებად - ყველაფერს, ცდილობთ, თქვენ დაიბრალოთ. რაც არ უნდა დაიბრალოთ, ფაქტები არის ჯიუტი, რომ ამ ქვეყანას ჰყავდა უპასუხისმგებლო პოლიტიკური ხელისუფლება, რომელიც ჯარსაც სათამაშოდ თვლიდა, ქვეყანასაც, მის სუვერენიტეტსაც და საერთოდ არ აინტერესებდა, რა მსხვერპლი იქნებოდა. მთავარი იყო, რომ სააკაშვილს ერბინა თავისი ტრიბუნით ჟურნალისტების კოჰორტასთან ერთად და წარმოჩენილიყო ახალ დავით აღმაშენებლად. ეს იყო წამყვანი და, პარალელურად, ეკეთებინათ ბევრი ფული. რაც მეტი იარაღი დაგჭირდება, მით მეტია ფული კეზერაშვილისთვის. ამის მსხვერპლი იყო ამდენი სამხედრო, გენერლიდან დაწყებული, რიგითით დასრულებული“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
კომისიის კითხვებს უპასუხა 2004-2006 წლებში სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ, რომლის თქმით, მინისტრის რანგში ცხინვალში პირველივე ჩასვლის დროს ნათელი გახდა, რომ ადამიანებს შორის კონფლიქტი არ იყო - ქართული სამშვიდობო ბატალიონის წარმომადგენლები ქართული სამხედრო ფორმით, საქართველოს დროშებით, შეიარაღებულები და ქართული სანომრე ნიშნებით ავტომანქანებით თავისუფლად გადაადგილდებოდნენ მთელ რეგიონში.
ხაინდრავას განცხადებით, სამშვიდობო პოლიტიკის ძლიერი მხარდამჭერი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია იყო, თუმცა ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები ცდილობდნენ ამ პროცესის ჩაშლას. ხაინდრავამ ასევე გაიხსენა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების, კერძოდ, ივანე მერაბიშვილისა და ირაკლი ოქრუაშვილის ცალკეული ქმედებები, რომლებმაც, მისი შეფასებით, ზიანი მიაყენეს ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკას.
„ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ჩატარებული ერთ-ერთი ოპერაციის შემდეგ ბოდიში მოვუხადე ეუთო-ს წარმომადგენლებს, რუსულ მხარეს და დამკვირვებლებს, რაც გახდა ჩემი თანამდებობიდან გათავისუფლების საბაბი. მიუხედავად იმისა, რომ გაცხადებული იყო, რომ მშვიდობისკენ მივდივართ, მიდიოდა ამ „ღამის მთავრობის“ მიერ სამშვიდობო პროცესის ჩაშლის მცდელობა“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
კომისიას ახსნა-განმარტება ირაკლი ბათიაშვილმა მისცა, რომელმაც დეტალურად ისაუბრა 2006 წელს კოდორის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე. ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, კოდორის ხეობაში ბატალიონ „მონადირის“ დაშლის შესახებ გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა მიიღო, რის გამოც ბატალიონმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადა.
„ბატალიონი ადგილობრივი მოსახლეობისგან ემზარ კვიციანმა ჩამოაყალიბა და ეს რაზმი საკმაოდ ბრძოლისუნარიანი იყო. „მონადირის“ დაშლის გადაწყვეტილება იყო არა შეცდომა, არამედ დანაშაული. რეგიონში ჯარისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების შეყვანის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ეს იყო ავანტიურა ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ და პირდაპირი მოღალატეობრივი ქმედება ხელისუფლების მხრიდან.
ამას მხოლოდ საკუთარი ქვეყნის მტერი თუ გააკეთებს, რომ განაიარაღოს საკუთარი მოსახლეობა ოკუპირებული ტერიტორიის ერთადერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში, რომელსაც შენ აკონტროლებ და არ არის ოკუპირებული“, - აღნიშნა ირაკლი ბათიაშვილმა, რომლის განცხადებით, კოდორის ხეობაში განლაგებული იყო მე-5 ბრიგადა და დიდი რაოდენობით ტექნიკა, თუმცა ერთი ტყვიის გასროლის გარეშე ხელისუფლებამ „ხონჩით“ მიართვა კოდორის ხეობა რუსეთს.
კომისიის კითხვებს უპასუხა გიორგი ვოლსკიმ, რომელიც 2004-2006 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე კონფლიქტების მოგვარების საკითხებში. ვოლსკის განცხადებით, სამშვიდობო ინიციატივებს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას მხრიდან მყარი მხარდაჭერა ჰქონდა, თუმცა სახელმწიფო უწყებებს შორის ანტაგონიზმი იყო. მისი თქმით, არა მარტო ცალკეული მინისტრების, არამედ სააკაშვილის ხედვებიც ხშირად არ ემთხვეოდა პრემიერ-მინისტრის ხედვებს, თუმცა სამშვიდობო ინიციატივებს საერთაშორისო სტრუქტურების მხრიდან ინტენსიური მხარდაჭერა ჰქონდა.