„მიუხედავად იმისა, რა იყო სააკაშვილის მოტივი აგვისტოს ომში-ავანტიურა, თუ უცხო ქვეყნის დავალებით მოქმედება, ფაქტია, ეს იყო ღალატი, ამაში იყო მისი უშუალო ბრალეულობა, რაც დამთავრდა ქვეყნის სამხედრო პოლიტიკური კრახით და სამკვიდროს დაკარგვით. ცხადია, ამ საქმეში სამხედროების პასუხისმგებლობა არ დადგება, რადგან ისინი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ იღებდნენ“, -აცხადებს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბრისას.
ნაცები ერთმანეთს მოუწოდებენ, არ წარდგნენ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წინაშე, რადგან ეს არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდაში მონაწილეობა. თუმცა მთავარი კითხვა, რაზეც ნაცების პოლიტიკურ თუ სამხედრო მაღალჩინოსნებს პასუხის გაცემა უჭირთ, ის არის, რატომ ვერ ბედავდა ვერც ერთი მათგანი აგვისტოს ომის დროს მშვიდობიანი მოქალაქეების გაფრთხილებას, რომ დაეცალათ ტერიტორია, რატომ აქციეს ადამიანები საზარბაზნე ხორცად?! ამას ხომ, სულ მცირე, კაცობრიობის ჰუმანური პრინციპები მოითხოვდა, რომ არაფერი ვთქვათ, ეროვნულ გრძნობებზე საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ?! რა გავიგეთ ახალი აგვისტოს ომის შესახებ საპარლამენტო კომისიის მუშაობის მსვლელობისას და ვინ შეიძლება დაექვემდებაროს ახლახანს აღმდგარ სამშობლოს ღალატის მუხლს?
- პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახალს ვერაფერს გავიგებთ აგვისტოს ომის შესახებ. უბრალოდ, ეს არის შეხსენება იმისა, რაც ჩაიდინეს ნაცებმა აგვისტოს ომში. ეს იყო კონსტიტუციის უხეში დარღვევა, თავისი უმძიმესი შედეგებიდან გამომდინარე. ეს იყო სახელმწიფოს სამხედრო პოლიტიკური კრახი, ტერიტორიული მთლიანობის რღვევა, ტერიტორიული ფრაგმენტაცია და სამკვიდროს დაკარგვა, 200-მდე სოფელი დაიკარგა. ის სოფლები აღარ არსებობს, მიწასთანაა გასწორებული. მათ ადგილას ან ცარიელი მინდორია, ან უღრანი ტყე.
ანუ რასაც სააკაშვილი ამბობდა ამ ქართული სოფლების შესახებ, რომ ეს იყო უმნიშვნელო ქვების გროვა და მათი დაკარგა არაფერია, ახლა მართლაც ქვების გროვად იქცა ეს ადგილები.
- დიახ, მიწასთანაა გასწორებული. ამდენად, დანაშაული თვალსაჩინოა. პირველ რიგში, ეს არის ომის დაწყება და ომის დამთავრება. არსებობს ტალიავინის კომისიის დასკვნა ომის დაწყების თაობაზე და ამაზე კამათს აზრი არ აქვს, რადგან ყველა ფაქტი დადგენილია. ეს იყო ცხინვალის მიმართ იერიშის შედეგად განვითარებული ესკალაცია, რასაც 8 აგვისტოს დილით რუსეთის არმიის შემოსვლა და სრულმასშტაბიანი ომი მოჰყვა საქართველოს წინააღმდეგ. სააკაშვილმა დაარღვია კონსტიტუცია, რადგან არაკონსტიტუციურად გამოიყენა შეიარაღებული ძალები, რისი უფლებაც არ ჰქონდა. სააკაშვილს შეიარაღებული ძალების გამოყენების უფლება არ ჰქონდა, სანამ 8 აგვისტოს დილით რუსეთის ჯარი არ შემოვიდოდა, მანამ არ იყო საგარეო თავდასხმა.
სააკაშვილს კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის უფლებაც არ ჰქონდა?
- ამის უფლებაც არ ჰქონდა, რადგან სამართლებრივად შეზღუდული იყო დაგომისის ხელშეკრულებით. იქ არ შეიძლებოდა სამშვიდობო ძალების გარდა არავითარი შეიარაღების შეტანა, ერთი ჯარისკაციც არ შეიძლებოდა, დამატებით შეეყვანა. მან ეს დაარღვია, იცოდა, რომ ამას მოჰყვებოდა რუსეთის საპასუხო სამხედრო რეაქცია. რუსეთი დაგომისის ხელშეკრულებით იყო ვალდებული, ზომები მიეღო. ეს იყო ღალატი სამშობლოს წინაშე. ასევე, შეიარაღებული წინააღმდეგობის შეწყვეტის თვალსაზრისითაც ჩადენილი იყო ღალატი, რადგან მოსახლეობა დაუცველი დატოვა. ისე, რომ არავითარი საფუძველი არ ჰქონდა, ჯარს მისცა ბრძანება, სამხედრო წინააღმდეგობა შეეწყვიტათ.
ყველაზე მთავარი, ჩვენი მოსახლეობის ევაკუაცია არ მოახდინეს მაშინ, როცა მოწინააღმდეგეს თავისიანები გაჰყავდა სამშვიდობოს. ამის შესახებ საგამოძიებო კომისიაზე ითქვა, რომ ცხინვალში შესვლის ბრძანება თურმე იმისთვის გაიცა, რომ ქართული შენაერთებით მანევრირება მოეხდინათ და ხეობის მოსახლეობის ევაკუაცია განეხორციელებინათ. ეს ვერსია რამდენად დამაჯერებელია?
- სინამდვილეში, არ სჭირდებოდათ ცხინვალის აღება, სამხედრო დანიშნულება ამას არ ჰქონდა, ახლა თავის გასამართლებლად რაღაცებს გზადაგზა იგონებენ, მაგრამ ეს ყველაფერი დიდი ხანია, გამოკვლეულია. იყო ფაქტების დამდგენი მისია, ჰაიდი ტალიავინს ვგულისხმობ, უზარმაზარი დოკუმენტია შედგენილი და იქ ყველაფერი ამომწურავადაა ახსნილი. ევაკუაციაზე მსჯელობა ტყუილია, ევაკუაცია უნდა განხორციელებულიყო მანამდე, ვიდრე შეიარაღებული დაპირისპირების აქტიური ფაზა დაიწყებოდა. როგორც კოკოითმა გააკეთა, გაიყვანა თავისი მოსახლეობა, ანალოგიურად შეიძლებოდა გაკეთებულიყო. „ნაცმოძრაობას“ არ უნდოდა ამის გაკეთება, რადგან ცხინვალზე შეტევა ეს იყო პოლიტიკური პიარაქცია და ევაკუაციის ჩატარება ამას ხელს შეუშლიდა. მათ არ ჰქონდათ არავითარი სურვილი, სერიოზული პოლიტიკური მიზნისთვის მიეღწიათ, უნდოდათ ცხინვალში შესვლა, მიტინგის ჩატარება, ეგონათ, როგორც კი რუსეთი რეაქციას მისცემდა, უკან დაიხევდნენ და კონფლიქტი ამით ამოიწურებოდა.
მაგრამ უკან დახევა უფრო წამგებიანი არ იქნებოდა?
- უბრალოდ, ამით უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ ჩვენ შეგვიძლია ცხინვალის აღება. ეგონათ, მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდებოდნენ. ფაქტია, ეს პროვოცირებულ იქნა, რასაკვირველია, რუსებმა იცოდნენ ყველაფერი და მოხდა ის, რაც მოხდა.
საგამოძიებო კომისიაზე ითქვა კიდეც, რომ აჭარის დაბრუნებით ფრთაშესხმულ სააკაშვილს ჯერ კიდევ წლების წინ უნდოდა ცხინვალში შესვლა, მაგრამ მაშინ ჟვანიამ შეაჩერა.
- ცხადია, ეს უნდოდა სააკაშვილს, ეს მანამდეც ვიცოდით. ასევე, ვიცოდით, 2004 წელს რაც გააკეთა, 2006 წელს როგორ დაიძაბა ვითარება. სააკაშვილი ცდილობდა, რაც გააკეთა აჭარაში, ანუ ძალისმიერი გადაწყვეტა, უფრო დიდი მასშტაბით გაემეორებინა ცხინვალის რეგიონში. ცხადია, რუსები ამის საშუალებას არ მისცემდნენ.
თუმცა მანამდე სააკაშვილს პუტინი შეჰპირდა ცხინვალის რეგიონის დაბრუნებას ისევე უმტკივნეულოდ, როგორც ეს მოხდა აჭარის შემთხვევაში. უბრალოდ, ამისთვის ერთ წელს ითხოვდა პუტინი, მიშა კი ერთწლიან ლოდინს არ აპირებდა. რეალურად შედგებოდა ასეთი საუბარი, პუტინი დათმობდა ცხინვალის რეგიონს?
- პუტინი არ დათმობდა ამ რეგიონს. ეს იყო თამაში სააკაშვილთან და მისი პროვოცირების მცდელობა. სააკაშვილმა ეს ისეთნაირად გაიგო, თითქოს რუსეთს აღარ აქვს ინტერესი ცხინვალის რეგიონის მიმართ და სამჯერ სცადა ამის გაკეთება -2004-ში, 2006-ში და ბოლოს 2008-ში. განსაკუთრებით, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შემდეგ, ნატოში მიღებას რომ დაგვპირდნენ, გული მოეცა და იფიქრა, პუტინი ვერაფერს გაბედავსო და დრო იხელთა. მით უმეტეს, მაშინ ოლიმპიადა იხსნებოდა პეკინში. პუტინის დაპირებას წამოეგო სააკაშვილი. გავიხსენოთ, მაშინ ეკა ტყეშელაშვილი იყო საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოსი, სანამ ევროსაბჭოს ცნობილ რეზოლუციას მიიღებდნენ, მანამდე იყო მოსმენები საპარლამენტო ასამბლეაზე, ეკა ტყეშელაშვილი იყო ჩასული და გერმანელმა დეპუტატმა ჰკითხა, „თქვენ შეგეძლოთ გევარაუდათ, რომ თქვენს ამ ნაბიჯს - ცხინვალზე თავდასხმას შეიძლება მოჰყოლოდა რუსეთის პასუხი - სრულმასშტაბიანი აგრესია, ამდენი მსხვერპლი, ნგრევა და უბედურება?“ „ვიცოდით“, - ისეთნაირად უპასუხა ტყეშელაშვილმა, თვალიც არ დაუხამხამებია. გერმანელი გაოგნდა და ვერაფერი უთხრა. რეზოლუციაც მიიღეს, სადაც წერია ის, რაც რეალურად მოხდა. რუსეთის დანაშაული ამით არ იხსნება. თუ საერთაშორისო სამართლით შევაფასებთ, მას ჰქონდა უფლება, ზომები მიეღო და სამხედრო დაპირისპირება აღეკვეთა, მაგრამ არავითარი უფლება არ ჰქონდა, რომ თავის მანდატს გადააჭარბა და განახორციელა აგრესია, შემოვიდა კონფლიქტის ზონის გარეთ, აიღო გორი, მოიწევდა თბილისისკენ, მოახდინა ამ ტერიტორიის ოკუპაცია, დატოვა თავისი სამხედრო ძალები, არ დაბრუნებია საწყის პოზიციას, დაარღვია მედვედევ-სარკოზის ცნობილი შეთანხმება. რაც მთავარია, ცინიკურად აღიარა ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. სააკაშვილს რაც არ უნდა ჩაედინა, რუსეთს ეს არ გაამართლებს.
საინტერესოა გრიგოლ ვაშაძის ნათქვამი - პუტინმა პირდაპირ გააფრთხილა მასთან ჩასული სააკაშვილი, რომ ამერიკას დასჯიდა კოსოვოს მაგალითით და ეს მოხდებოდა საქართველოზე თავდასხმით. ანუ მიშამ წინასწარ იცოდა, რომ პუტინი საქართველოს დაარტყამდა, ამ დროს სააკაშვილის თანაპარტიელები ამტკიცებენ, თითქოს არ ელოდნენ რუსეთის მხრიდან აგრესიას.
- იმის შემდეგ, რაც ტალიავინმა ფაქტების მოძიების მისია შეასრულა, არაფერი ახალი ფაქტი ჩვენთვის ცნობილი არ არის, ერთადერთი, ჰააგის ტრიბუნალზე ჩვენს მიმართ სამხედრო დანაშაულის ბრალდება მოიხსნა. კასეტური ბომბების გამოყენებისა და სხვადასხვა განსაკუთრებული სიმხეცის გამო, რასაც ძირითადად სეპარატისტები ჩადიოდნენ, ჩვენებმა დაამტკიცეს თავიანთი სიმართლე. ვინაიდან იქ ეფექტურ კონტროლს ახორციელებდნენ რუსეთის შეიარაღებული ძალები, ეს მათი დანაშაულიც იყო. რაც შეეხება იაფფასიან თავის გასულელებას, თითქოს სააკაშვილის ხელისუფლებამ არ იცოდა, რომ რუსები ამას ჩაიდენდნენ, როგორ არ იცოდნენ, როცა დაგომისის ხელშეკრულებაში პირდაპირ წერია პირობები, თუ რომელიმე მხარე დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს, დაიწყებს შეიარაღებულ დაპირისპირებას, რუსეთს აქვს ვალდებულება, წესრიგი აღადგინოს. სამშვიდობო ძალა იქ რუსეთის იყო, რომელიც ეუთოს მანდატით იმყოფებოდა. წესრიგის აღდგენა არ შეიძლება ყოფილიყო საქართველოს ლეგიტიმური მიზანი, რადგან საერთაშორისო მანდატის ქვეშ მყოფი ტერიტორია იყო და არ შეიძლებოდა იქ ცალმხრივად რაიმე ზომის გატარება.
თქვენ მოელით, რომ ამ საგამოძიებო კომისიის დასკვნის შემდეგ აიკრძალება „ნაცმოძრაობა“, მისი სატელიტები და სააკაშვილს კიდევ რამდენიმე წლით დაუმძიმდება ბრალდება?
- რასკვირველია, ამას ველი. პირველ რიგში, აქ სააკაშვილის ბრალეულობაა, მას ეკისრება პასუხისმგებლობა, როგორც უმაღლეს მთავარსარდალს.
მარტო სააკაშვილის ბრალდებაზეა საუბარი?
- ცხადია, არა, აქ მთელი ეროვნული უშიშროების საბჭოსა და „ნაცმოძრაობის“ მთელი პოლიტიკური ლიდერშიპის პასუხისმგებლობა გამოიკვეთება, ვინც ჩართული იყო ამ მოქმედებებსა და გადაწყვეტილებების მიღებაში. ცხადია, სამხედროების პასუხისმგებლობა არ დადგება, რადგან ისინი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ იღებდნენ. ველოდები, რომ სააკაშვილს სახელმწიფო ღალატის მუხლს წაუყენებენ. თუ 307-ე მუხლი აღდგა - სახელმწიფო ღალატის მუხლი, ეს სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. წესით, ასეც უნდა იყოს, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაული, რაც მთლიანად საქართველოს ისტორიაში ვინმეს ჩაუდენია. ამას მოჰყვება „ნაცმოძრაობის“ და მისი სატელიტების აკრძალვაც.
საგამოძიებო კომისიის მუშაობის მეტი დამაჯერებლობისთვის ხომ არ ჯობდა კომისიაზე მიეწვიათ გამოცდილი სამხედროები, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს წონადი არგუმენტებით დაუპირისპირდებოდნენ? ცალკეული ადამიანები იმასაც ამბობენ, რომ სულ არ არიან „ნაცმოძრაობის“ მომხრენი, მაგრამ მათში პატივისცემა გამოიწვია სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ადამიანების, თუნდაც გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელის ზაზა გოგავას დანახვამ, რადგან, მათი აზრით, მეომარი ადამიანი დასაფასებელია.
- ზაზა გოგავას რაც შეეხება, რაში გამოიხატებოდა მისი გამოსვლის სიძლიერე? ზაზა გოგავას ყველა კითხვაზე ცალსახა პასუხი არ გაუცია. მით უმეტეს, კოდორის ჩაბარება არანაირად არ იყო გამართლებული, არც სამხედრო თვალსაზრისით, ზაზა გოგავამ ხალხის გაფრთხილება ვერ შევძელიო, ეს რას ნიშნავს? ზოგადად, სამხედრო გამოძიება კიდევ ცალკეა, ეს კი პოლიტიკური შეფასებისთვის კეთდება. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მხრიდან ის პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა შეფასდეს, რამაც სამხედრო კატასტროფა განაპირობა.
ალბათ, სამხედრო ისტორიაში ანომალიად შეიძლება განვიხილოთ ის ფაქტი, ჟურნალისტებს და მიტინგის ინვენტარს რომ ელოდნენ ნაცები და ამიტომაც 8 აგვისტოს 7-8 საათის დაგვიანებით დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები. ეს ზუსტად სააკაშვილის ხელისუფლების ხელწერაა.
- ეს ერთი და პლუს ამას, ომის შეწყვეტას რაც შეეხება, საერთოდ მოიშალა შეიარაღებული ძალების მართვა, ორგანიზებული წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელი გახდა, ამისთვის მომზადებულები არ იყვნენ, ელემენტარულად, კავშირგაბმულობის საშუალებებად იყენებდნენ ჩვეულებრივ ტელეფონებს, რაციებიც კი არ ჰქონდათ. ეს იყო სამარცხვინო კრახი.
პუტინის მხრიდან ამდენი გაფრთხილების შემდეგ, რომ ესკალაცია გარდაუვალი იყო, გასაკვირია, რომ საომარი ხანგრძლივვადიანი გეგმა არ არსებობდა. როგორ ფიქრობთ, სააკაშვილის ხელისუფლებას ეგონა, ერთ დღეში დამთავრდებოდა ომი, ამერიკა ჩაერეოდა და პუტინს შეაჩერებდა?
- არ ვიცი, რა ეგონათ. სააკაშვილის მოტივი რა იყო ამ ღალატის ჩადენისას, ამისთვის მრავალი ვერსია არსებობს. ერთი, რომ თვითონ ამერიკელების დავალებას ასრულებდა, მეორე, რომ რუსების პროვოკაციას წამოეგო, რუსები ეუბნებოდნენ, ჩვენ არ მივიღებთ ზომებს და დაგითმობთ ტერიტორიას, ან შეიძლება ორმხრივ თამაშს თამაშობდა, ნაწილობრივ რუსეთთან, ნაწილობრივ ამერიკასთან. მიუხედავად იმისა, რა იყო სააკაშვილის მოტივი - ავანტიურა, თუ უცხო ქვეყნის დავალებით მოქმედება, ფაქტია, ეს იყო ღალატი, ამაში იყო მისი უშუალო ბრალეულობა, რაც დამთავრდა ქვეყნის სამხედრო პოლიტიკური კრახით და სამკვიდროს დაკარგვით.