ლობიზმით შემდგარი „მეგობრობა“ და რიშისა და შაჰინის სამარცხვინო აქტი ტრამპის განაჩენის მოლოდინში

ლობიზმით შემდგარი „მეგობრობა“ და რიშისა და შაჰინის სამარცხვინო აქტი ტრამპის განაჩენის მოლოდინში

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „მეგობარი აქტს“ - საკანონმდებლო ინიციატივას საქართველოს შესახებ, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ის დახმარებას საქართველოს დემოკრატიული პროგრესის შემთხვევაში. ტექსტი მოიცავს როგორც ქართველი ხალხის მხარდამჭერ გეგმას, ასევე „ქართული ოცნების“ პოლიტიკის საწინააღმდეგო ზომებს და სანქციების მექანიზმს. თუმცა ამ კანონპროექტმა რომ კანონის სახე მიიღოს, მან რამდენიმე საფეხური უნდა გაიაროს. იმისათვის, რომ კანონი ძალაში შევიდეს, ის უნდა დაამტკიცოს კონგრესის ორივე პალატის შესაბამისმა კომიტეტმა, შემდეგ კი - მთლიანმა პალატებმა. ამის შემდეგ კი, უკვე ხელის მოსაწერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მაგიდაზე უნდა აღმოჩნდეს და მასზე იქნება დამოკიდებული მოაწერს თუ არა უკვე ამ კანონს ხელს და როგორ აღასრულებს მას.

ანალიტიკოსები ქართული ოპოზიციის აღტყინებას და სიხარულს კომიტეტზე მიღებულ აქტთან დაკავშირებით,  რომელსაც თვეები და ბევრი მხარდაჭერა დასჭირდება იმისთვის, რომ კანონად იქცეს, ვერ იზიარებენ. მათი თქმით, ახლა ამერიკაში გამიჯნულია საკანონმდებლო და სახელისუფლებო პოლიტიკა. ერთია რას ამბობენ კონგრესმენები და სენატორები, ხოლო მეორეა როგორია თავად ტრამპის პერსონალური პოლიტიკა. ამიტომ ქვეყნის შიგნით იმით მანიპულირება, რომ ე.წ. მეგობრობის აქტის მიღება რეალურად განსაზღვრავს საქართველო-ამერიკის ურთიერთობას, რეალობას არ შეესაბამება.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ტრამპმა საქართველო ამ ეტაპზე მხოლოდ ორჯერ ახსენა, ისიც ომის კონტექსტში. მან თქვა, რომ საქართველოს ტერიტორიები რუსეთმა ბუშის ხელისუფლების დროს წაიღო და მისი ოკუპაცია მოახდინა. სხვა განცხადება ამ ეტაპზე ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით ჯერ არ გაკეთებულა.

რაც შეეხება კანონპროექტს, მისი სრული დასახელებაა „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (აბრევიატურა - MEGOBARI) და ის თავდაპირველად გასული წლის მაისში კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში წარადგინა კონგრესმენმა ჯო უილსონმა.

5 მარტს „მეგობარი აქტი“ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში წარადგინეს კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა და კომიტეტის დემოკრატმა წევრმა, ჯინ შაჰინმა. 24 მარტს კანონპროექტის თანასპონსორი გახდა კიდევ ორი სენატორი - რესპუბლიკელი პიტ რიკეტსი და დემოკრატი კრისტოფერ კუნსი.

„მეგობარი აქტი“ თავდაპირველად 2024 წლის 20 მაისს - საქართველოს პარლამენტში „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე დარეგისტრირდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში. მსგავსი შინაარსის აქტი - „ქართველი ხალხის აქტი“ - შეიტანეს კონგრესის ზედა პალატაში, სენატშიც.

„მეგობარ“ აქტს „უმადურობის აქტი“ უწოდა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

„ავღანეთში, წევრ ქვეყნებთან შედარებითაც კი ჩვენი კონტინგენტით მეოთხე ვიყავით და ამერიკელ ხალხს და ამერიკელ ხელისუფლებას გვერდში დავუდექით. გვერდში დგომა გამოიხატა ჩვენი ჯარისკაცების მონაწილეობით, იმ სისხლით, რაც ქართველმა ჯარისკაცებმა დაღვარეს. იცით, რომ მისიის დროს რამდენიმე ათეული ჯარისკაცი დაიღუპა, რამდენიმე ასეული დაშავდა. ავღანეთის მისიაში ჩვენი მონაწილეობით დაახლოებით ორმილიარდიანი კონტრიბუცია გვაქვს გაწეული. ამიტომ, როცა ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ასეთ აქტს აინიციირებს, ეს სხვა არაფერია, თუ არა უმადურობა ქართველი ხალხის, ქართველი ჯარისკაცებისა და ქართული ხელისუფლების მიმართ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან დაუბრისას.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კი განაცხადა, რომ სენატში „მეგობარი აქტის“ წარმდგენები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი, ებრძვიან ქართულ სახელმწიფოებრიობას.

„პირდაპირ ცდილობენ, რომ სახელმწიფო გადატრიალება, დაპირისპირება და რევოლუცია მოხდეს. ცდილობენ, დაამხონ საქართველოს ხელისუფლება და მოიყვანონ მათთვის სასურველი ძალები“, - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ შაჰინი და რიში წარმოადგენენ „დიფ სთეითს“.

„ან ჯიმ რიში მკაფიოდ გაემიჯნება თავისივე პოლიტიკურ წარსულს (სხვათა შორის, ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ნამდვილად იკავებს თავს ჩვენზე თავდასხმებისგან), ან გამყარდება სამწუხარო ეჭვი, რომ „დიფ სთეითი“ კვლავ ინარჩუნებს თავის პოზიციებს“, - ეს უკვე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებაა.

მედია პოლიტიკის ექსპერტი და ანალიტიკოსი გიორგი ახვლედიანი for.ge-თან ამბობს, რომ ჩვენს ოპოზიციას ერთი სული აქვს როგორმე საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა არ დარეგულირდეს და არ მოწესრიგდეს.

„ნაციონალური კლასტერის და ამ დანარჩენი პოლიტიკანების მთავარი დევიზი ბოლშევიკურია. რაც უარესი - მიღ უკეთესი, - ამ დევიზით ცხოვრობენ. შესაბამისად, ოღონდ ეს ქვეყანა დაინგრეს, ხალხი შიმშილობდეს, ომი იყოს, არაადეკვატურ სანქციებში მოხვდეს ქვეყანა და აქედან სარგებელი თავად ნახონ, სხვას არაფერს დაეძებენ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ამ ქვეყნის მტრები ვართ, თუ ხელისუფლებაში არ ვიქნებითო. ხელისუფლებაში როცა იყვნენ, მავნებლობის მეტი არაფერი გაუკეთებიათ. ახლა დიდი მოლოდინი და სურვილი აქვთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკის ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობა ვერ დაალაგოს, რაც უფრო მალე ჩამოიქცევა ხელისუფლება, ძალაუფლებას ხელში მით უფრო მალე ჩაიგდებენ“, - ამბობს ახვლედიანი.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი გვინახავს ასეთი მიღებული აქტები, რეზოლუციები, დოკუმენტები, სადაც რეკომენდაციების სახით მილიონი სიგიჟე და არაადეკვატურობა ჩაუწერიათ. ამიტომ ანალიტიკოსი ამ აქტსაც მორიგ ფარატინა ქაღალდად მიიჩნევს, რომელმაც უამრავი ბიუროკრატიული საფეხურები უნდა განვლოს, რომ პრეზიდენტ ტრამპის ხელმოწერამდე მივიდეს.

„დიდ პოლიტიკაში ასე მარტივად არ არის, თითქოს რომელიღაც მოსყიდულ სენატორებს მოუვიდათ და გაუჩნდათ სურვილი, რომ სუვერენიტეტული ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერიონ და მას ხელი პრეზიდენტმა ასე მარტივად მოაწეროს.  იმის მიუხედავად, რომ ეს სენატორები ორივე პარტიის წარმომადგენლები არიან, ჰონორარზე დამოკიდებული მათი არაერთი გადაწყვეტილება გვინახავს. ამერიკულ „ფარაში“ გამოქვეყნდა, რომ რამდენი ასეული ათასი ლარი იხარჯება ასეთი სენატორების გადასაბირებლად. ბოლოს, აგერ, ყოფილმა პრემიერმა ნიკა გილაურმა გადარიცხა, რომ ამ მოსყიდულმა სენატორებმა, კომისიის წევრებმა ეს სისულელეები დაწერონ და ჩვენს რადიკალებს ჰქონდეთ სალაპარაკო, რომ თითქოს მხარს სენატორები უჭერენ“, - ამბობს ახვლედიანი.

ამერიკაში, ბაიდენის ადმინისტრაციიდან ყოველდღე ისმოდა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი განცხადება, თუმცა მაშინაც ვერ მოახერხეს მსგავსი რეკომენდაციებისთვის რეალური კანონის სახე მიეცათ. ქართული ოპოზიცია ცდილობს, მხარდამჭერები დააჯეროს,  თითქოს რესპუბლიკელები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგები არიან. რეალურად კი ხალხს არ უხსნიან, რომ რესპუბლიკულ პარტიაში სხვადასხვა მიმდინარეობებია.

„ერთია  ნეო კონსერვატორები, რომელთაც ნეოკონებს ეძახიან. ეს ხალხი ჩვენი აზრით, კიდევ უფრო არაადეკვატური „ომის პარტიის“ წევრები არიან, ვიდრე, ვთქვათ, ლიბერალური პარტიის გარკვეული წევრები. ამიტომ მიკვირს ეს ხალხი როგორ ინარჩუნებენ ამ პარტიაში ადგილს. თუმცა არ გამოვრიცხოთ, რომ შემდეგ არჩევნებში ამ პარტიაში აღარ იყვნენ“, - ამბობს ახვლედიანი.

ანალიტიკოსი ელის, რომ უახლოეს მომავალში, საქართველოსა და ამერიკას შორის რეალური პარტნიორული ურთიერთობები დაიწყება. საკანონმდებლო ორგანოში მიღებული აქტი კი, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას დონალდ ტრამპი უპირობოდ აღასრულებს.

„ჯერჯერობით, ტრამპის ადმინისტრაციას უკრაინის ომი აქვს დასასრულებელი და ამ შატლის დიპლომატიის გამოა, რომ მთელი ყურადღება აქეთ არის მიმართული. ხან ერთ ჯგუფთან ხდება მოლაპარაკებები და ხან მეორესთან. ამიტომ ის ძალები, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ მავნებლობით იყვნენ დაკავებული, რა თქმა უნდა, მოქმედებას აგრძელებენ. ეს აქტი ერთი წლის წინ შემოიტანეს და ამდენი ხანია მის გატანას ცდილობენ. წინ ძალიან დიდი გამოწვევა აქვს საქართველოს ხელისუფლებას და ამასაც მტკიცედ გაუძლებს“, - ამბობს ახვლედიანი.

ლაზი ეს ყბადაღებული აქტი იმდენად აგრესიაული, უსაფუძვლო და უსამართლოა, რომ ბაიდენის მილერმა და ბლინკენმაც კი ვერ იკადრეს მისთვის მწვანე შუქის ანთება. არ დაუპირისპირდნენ მაგრამ არც თავგამოდებით დაუჭერიათ მხარი.
შეიძლება სენატზეც გაათრიონ, სხვადასხვა არხებით მოსყიდულმა სენატორებმა, მაგრამ კიდევ დიდხანს იგორებს, სანამ ტრამპის მაგიდაზე დაიდებოდეს.
საქართველოს ხელისუფლებამ თუ მანამდე თავისი ხმა ვერ მიაწვდინა ტრამპის გარემოცვას და ვერ გააგებინა, ვინ ვინ არის ამ ქვეყანაში, მაშინ არც არაფრის თავი ჰქონიათ და ეგ არის.
2 დღის უკან
Gami მეორედ როდის ახსენა ტრაპმა საქართველო? დაავიწყდა ჟურნალისტს ან თვლა არ იცის.
2 დღის უკან