„ოცნება“ პირობას დებს, რომ, რადგან „გამჭვირვალობის კანონმა“ თავისი მიზნები ვერ შეასრულა და ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა რეგისტრაციას აარიდა თავი, „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“, იგივე ამერიკული „ფარა“-ს ანალოგის მესამე და საბოლოო მოსმენით მიღების შემდეგ, რომელსაც პარლამენტი უახლოეს დღეებში აპირებს, პასუხისმგებლობას ვეღარავინ გაექცევა.
კანონის მიღების სავარაუდო თარიღი 4 აპრილია. მას პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი და ძალაში შევა ოფიციალურად მიღებიდან 60 დღის შემდეგ. კანონი ეხება როგორც არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, ასევე ფიზიკურ პირებს.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ამერიკაში შემუშავებული რეგულაციებით საზოგადოება ყველაფერს შეიტყობს სამოქალაქო სექტორის დაფინანსებისა და საქმიანობის შესახებ. შესაბამისად, ხელისუფლებამ ახლა გაცილებით უფრო მკაცრი „FARA-ს ასლი“ შემოიტანა ვიდრე „აგენტების კანონია“. თუკი მოქმედი „აგენტების კანონი“ მხოლოდ ორგანიზაციებს შეეხება, ამერიკული FARA ფიზიკურ პირებსაც მოიცავს.
FARA, „აგენტების კანონისგან“ განსხვავებით, ჯარიმასთან ერთად, გარკვეულ შემთხვევებში, 6 თვიდან 5 წლამდე პატიმრობასაც გულისხმობს.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა „FARA-ს ასლი“ პირველი მოსმენით 4 მარტს, მეორე მოსმენით კი 18 მარტს მიიღო.
არჩილ გორდულაძემ, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, პარლამენტის სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით წარდგენისას განაცხადა:
„[კანონპროექტის] მიზანია, გამჭვირვალე გახდეს უცხოური პრინციპალისგან, უცხო ძალისგან ნებისმიერი ჩარიცხული თანხა, გადახდილი თანხების შესაბამისად დაფინანსებული მოქმედებები, პროგრამები და განხორციელებული საქმიანობა“.
მისივე თქმით, როგორც ამერიკელ ხალხს აქვს უფლება, რომ დაიცვას თავისი სუვერენიტეტი, არანაკლები უფლება აქვს ქართველ ხალხსაც, რომ გააძლიეროს თავისი სუვერენიტეტი, თავისი დამოუკიდებლობა, და რომ ამერიკული რეგულაციები შეეხება ყველა იმ „ოდიოზურ“ ორგანიზაციას, რომელმაც „აგენტების კანონს“ აარიდა თავი, ისინი ახლა ამას ვეღარ შეძლებენ და საზოგადოება გაიგებს ყველაფერს სამოქალაქო სექტორის ნათელი თუ ბნელი საქმიანობის შესახებ.
„აგენტად“ არ ჩაითვლებიან:
ახალი ამბების მაუწყებლები, პრეს-საშუალებები ან ასოციაციები, რომლებიც მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ნებისმიერი გაზეთი, ჟურნალი, პერიოდულ გამოცემა თუ კეთილსინდისიერი ახალი ამბების მაუწყებლები და ჟურნალისტური საქმიანობის შემსრულებლები - რომლებიც „მოიძიებენ ან იღებენ რეკლამას, ჰყავთ გამომწერები ან იღებენ სხვა სახის შემოსავალს“ და „რომელთა სულ მცირე 80%-ის მფლობელი და მისი მმართველი მენეჯერები და ხელმძღვანელობა საქართველოს მოქალაქეები არიან“;
და თუკი ისინი არ არიან „უცხოური პრინციპალის აგენტის“ მფლობელობაში, არ არიან მის მიერ მართული, კონტროლირებული, სუბსიდირებული ან დაფინანსებული და მათი პოლიტიკა არ განისაზღვრება „უცხოური პრინციპალის [ძალის]“ მიერ.
ხოლო უცხოურ ძალად ითვლება:
უცხო ქვეყნის ხელისუფლება ან პოლიტიკური პარტია.
ფიზიკური პირი, რომელიც იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ [თუკი ის არ არის საქართველოს მოქალაქე და არ ცხოვრობს საქართველოში].
იურიდიული პირი [თუკი ის არ არის დაფუძნებულია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად].
საპარტნიორო გაერთიანება, ასოციაცია, კორპორაცია, ორგანიზაცია ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომლის საქმიანობაც მოწესრიგებულია უცხო ქვეყნის კანონით, ან რომელსაც საქმიანობის ძირითადი ადგილი უცხო ქვეყანაში აქვს.
ასზე მეტი ორგანიზაცია კი საერთო განცხადებას ავრცელებს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ინიციირებულ, აშშ-ის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“, FARA-ს „სიტყვა-სიტყვით თარგმანზე“. „ქართული ოცნების“ თანახმად, ინიცირებული ვარიანტი საქართველოს მოარგეს.
გაცხადებაზე ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ „აშშ-ში მოქმედი „ფარა“ დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს“.
რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ „აგენტების კანონზე“ უფრო მკაცრი კანონის მიღება და რას მისცემს ეს მმართველ გუნდს, ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს ამასთან დაკავშირებით for.ge-თან საკუთარი მოსაზრება აქვს.
„ვფიქრობ „ფარას“ კანონის მიღების რამდენიმე მიზეზი არსებობს. ერთი ის, რაც ადრე ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ პროცესების პროვოცირების მცდელობას აქვს ადგილიო. გარდა ამისა, ის რაც ჩადებულია „ფარას“ ყველა სხვა ანალოგიურ კანონში, საშუალებას იძლევა, რომ უცხოური დაფინანსება გამოვლინდეს. ეს მოტივი უდავოდ არსებობს, მით უმეტეს იმ დაპირისპირების ფონზე, რასაც ვხედავთ. ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ქართველებს რამდენიმეჯერ მოუწოდა, რომ ხელისუფლება შეცვალეთო. გვახსოვს ასევე მანამდე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებული მიტინგები, ხელისუფლების დამხობის მოწოდებები და ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის მცდელობები. ჩანს იმის ნიშნები, რომ ეს პროცესები ისევ გრძელდება და კვლავ ფინანსდება. ამის მაგალითია რუსთაველის გამზირზე ყოველდღიური აქციები. მართალია შემცირებული რაოდენობით, მაგრამ მანამდე ხომ იყო კარგად შეიარაღებული, ძვირად ღირებული პიროტექნიკით ახალგაზრდობა.
ასევე კარგად გაწვრთნილი ჯგუფები, რომლებიც პოლიციელებს უტევდნენ გარკვეული ინსტრუქტაჟით. ამ ყველაფერს ხომ ვიღაცა აფინანსებდა და ატრეინინგებდა ამ ახალგაზრდებს. ეს ფული შეფარულად ხომ შემოდის ქვეყანაში, ვითომ კონკრეტული პროექტებისთვის. სინამდვილეში კი, რასაც ხმარდებოდა ამ 3 წლის განმავლობაში, ძალიან ნათლად დავინახეთ. „გამჭვირვალობის კანონს“, როგორც ესენი „აგენტების კანონს“ ეძახიან, თავს მაინც არიდებენ. ამიტომ გახდა საჭირო კანონის უფრო გამკაცრება. შესაბამისად, ეს კანონი ხელისუფლებას მისცემს საშუალებას საქმის კურსში იყოს, ვინ რა თანხებს იღებს, რაში ხარჯავს მას და ხომ არ იყენებს ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად“, - ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, საქართველო როგორც პატარა სახელმწიფო უადგილო ადგილას, საკუთარი ამბიციებით და სურვილებით ბევრს თვალში ეჩხირება. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ პატარა საკვანძო წერტილში მყოფ ქვეყანაზე, როცა დიდ სახელმწიფოებს გასვლა სურთ, მუდმივად ინტერესის ობიექტი იქნება. ამიტომ სახელმწიფოს სჭირდება თავდაცვა კანონის მხრივაც, რადგან ეს რყევები ქვეყანაში, საბოლოო ჯამში, ფატალურად არ დასრულდეს.
„ფაქტია, რომ უკვე დიდი ხანია გარკვეულ ძალებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა მათთვის სასურველი ჯგუფით სურს. ეს არ უნდა ქართველ ხალხს მიუხედავად ამისა, ეს ინტერესები არ ნელდება და პროცესი მაინც მიდის. ხელისუფლების შეცვლას სწორედ ფინანსური გავლენები სჭირდება სხვადასხვა სტრუქტურებზე, იქნება ეს მედია, პოლიტიკური ჯგუფები თუ არასამთავრობო სექტორი. გავლენებს კი კანონი „ფარა“ ავლენს. თავის დროზე ამერიკამ ეს კანონი ნაცისტური გერმანიის გავლენისგან თავის დასაცავად მიიღო. თუმცა შემდეგ მასზე უარი აღარ თქვა, რადგან ამერიკისთვისაც კი მნიშვნელობა აქვს, ვინ რას აფინანსებს. ახლა წარმოიდგინეთ, ჩვენნაირი პატარა ქვეყნის სიტუაცია, სადაც ადამიანების მოსყიდვა კიდევ უფრო მარტივია, რადგან პატარა ქვეყანა ვართ და საკმაოდ მოწყვლად გეოპოლიტიკურ გარემოცვაში ვცხოვრობთ. ყველა მხრიდან ინტერესის ობიექტები ვართ. ამიტომ ხელისუფლება იძულებულია, თავი კანონით დაიცვას. არადა ვნახეთ ამ „აგენტების კანონის“ ირგვლივ რა სპეცოპერაცია ჩაატარეს და როგორი დეზინფორმაციის მეშვეობით გამოიყვანეს ახალგაზრდები ქუჩაში. უმეტესობა მათგანს წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ეწერა მასში. ამიტომ „ფარა“ კიდევ უფრო მეტ ლუსტრაციას მოახდენს, საქართველოში მოქმედი ენჯეო და მედია სექტორის დაფინანსების შესახებ“, - ამბობს საყვარელიძე.