ევროპამ ამერიკელებს თავი მოაბეზრა. ამერიკა ცდილობს, გათავისუფლდეს და ხელი აიღოს მუქთამჭამელი ევროპელების შენახვაზე, მაგრამ არც მუქთამჭამელები არიან გულხელდაკრეფილნი. ისინი ჩინეთთან და ინდოეთთან დაახლოებას ცდილობენ, ანუ უახლოვდებიან მათ, ვისთან დაახლოების გამოც საქართველოს ზრახავდნენ.
ამერიკას სურს, რუსეთი ჩამოაცილოს ჩინეთს, მაგრამ ამ დროს ხელიდან ეცლება ევროპა, რომელიც, ასევე, შემჩნეულია ჩინეთთან და ინდოეთთან დაახლოების მცდელობაში. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ევროპა მიხვდა, რომ საკუთარი მომავალი თავად უნდა გამოჭედოს და არც ვაშინგტონზე იყოს დამოკიდებული, არც მოსკოვზე. მომავლის ძიებაში კი ევროპელები უფრო მეტად დაინტერესდნენ აღმოსავლეთის ქვეყნებით.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი არ მალავს, რომ ინდოეთი და ჩინეთი ტრამპის ამერიკის ალტერნატივაა. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ტრამპის მკაცრი გზავნილების შემდეგ ევროკომისიის მეთაური პირველად ჩავიდა ინდოეთში. ამავდროულად, ლაიენმა მოითხოვა ევროპის დაახლოება ჩინეთთან. უფრო მეტიც, ლაიენი მოუწოდებს აშშ-ს, კონსტრუქციულად იმუშაოს პარტნიორებთან, მათ შორის, ინდოეთ-ჩინეთთან, რადგან ეს ყველას კეთილდღეობას მოუტანს.
ლაიენის მსგავსად, მაკრონიც ეძებს ალტერნატივას. „ევროპის მომავალი არ უნდა წყდებოდეს არც ვაშინგტონში, არც მოსკოვში“, - ამბობს მაკრონი და ევროპული არმიის გაძლიერებას გეგმავს.
პარალელურად, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მსოფლიოს აუწყებს, რომ ევროკავშირი თავდაცვის დაფინანსებას 800 მილიარდი ევროთი ზრდის.
რას მოუტანს ევროპელებს ამერიკის ალტერნატივის ძიება აღმოსავლეთის მიმართებით, ანუ ჩინეთ-ინდოეთისკენ გეზის აღება?!
ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ, ზოგადად, ევროკავშირი პოლიტიკურ-ეკონომიკური ბლოკია და, წლების მოუხედავად, მან ვერანაირად ვერ შეძლო, ნატოს სამხედრო ყულაბაში უფრო მეტი თანხა გაეღო, რაც მოეთხოვება ყველა წევრ ქვეყანას. გარდა ამისა, ევროკავშირმა ვერ შექმნა საკუთარი ე.წ. ევროპული არმია. უბრალოდ, ევროპელები ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, საქმით კი ყველაფერი ქაღალდზე, რეზოლუციებსა და ბრტყელ-ბრტყელ ფრაზებში რჩება.
„ევროკავშირი ეწინააღმდეგება ტრამპს და თავად სურს, გეოპოლიტიკურ აქტორად ჩამოყალიბდეს. ეს უშანსო თამაშია, რადგან ევროკრატია უკვე შეტორტმანებულია და მათ არ ჰყავთ ძლიერი და ქარიზმატული ლიდერები, რაც თავის დროზე ევროპას ჰყავდა, დღიდან მისი ჩამოყალიბებისა. გასულ საუკუნეებში ევროპელებს უძლიერესი ლიდერები ჰყავდათ, რომელი ერთი ჩამოვთვალოთ - დე გოლი, ტეტჩერი, მიტერანი. ახლა ჩვენ ვხედავთ დასაცინ კლოუნადას, მაკრონი დღეს ერთს ამბობს, ხვალ მეორეს, შოლცი იმუქრება და ამ დროს უკვე წარმავალი კანცლერია. მათ არანაირი პოლიტიკური შნო არ გააჩნიათ იმისთვის, რომ თავად შექმნან სამხედრო პოლიტიკური ალიანსი. თუ ჩინეთისკენ სვლა უნდათ, ჩინეთს თავისი ეკონომიკური დღის წესრიგი აქვს და მას სურს დაბალი ტარიფებით მოახდინოს ეკონომიკური წყალდიდობა ევროპაში. მზად არის კი ამისთვის ევროკავშირი?! რეალურად ხომ ევროპაში სოციალურ-ეკონომიკური შეჭირვებაა და იაფი ჩინური პროდუქცია წალეკავს ევრობაზრებს, სადაც უმუშევრობა და წარმოების შეჩერება გარდაუვალია. ევროპა ამისთვის მზად არ არის“, - აცხადებს გია აბაშიძე for.ge-სთან საუბრისას.
მისივე განმარტებით, ამ გეოპოლიტიკურ გადანაწილებაში, მოგვწონს თუ არა, იკვეთება სამი მთავარი ძალა - შეერთებული შტატები, რუსეთი და ჩინეთი. საუკუნეში ერთხელ ხდება ხოლმე გავლენებისა და ქვეყნიერების გადანაწილება და ზუსტად ეს პერიოდი ახლა დადგა. ევროკავშირი არაფერს წარმოადგენს. დღემდე ევროკავშირს ნატოს სამხედრო ქოლგა იფარავს, სადაც ლიდერი და დომინანტი შეერთებული შტატებია. შეერთებული შტატები ეუბნება ევროკავშირს, მე დაგიცავ, არსად წავალ, მაგრამ თქვენც გაიღეთ თქვენი შესატანი, რასაც ევროპელები არ აკეთებენ. ახლა გამოაცხადა 800-მილიარდიანი პაკეტი ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელსაც წინააღმდეგობა აქვს არა მხოლოდ უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, არამედ საფრანგეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდანაც კი. საეჭვოა, ამ პოლიტიკურ აჯაფსანდალში ჩამოყალიბდნენ, წინ წაიწიონ და უახლოეს პერიოდში რაიმეს მიაღწიონ. მით უმეტეს, ამ ლიდერების და უნამუსო ევროკრატების ხელში. არადა, წესით, ევროპელების ინტერესებში უნდა იყოს სამხედრო, ეკონომიკური, სოციალური უსაფრთხოება.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ დაპირისპირება ამერიკასა და ევროპას შორის არახალია და ადრეც ყოფილა, როდესაც საქმე ეხება ვაჭრობას. გასაგებია, რომ ტრამპს სურს ჩინეთსა და რუსეთს შორის ნაპრალი გააჩინოს, მაგრამ ეს ბოლომდე არ გამოუვა, რადგან რუსეთიდან როდესაც დასავლური კაპიტალი გავიდა, ის მთლიანად ჩინურმა კაპიტალმა ჩაანაცვლა. ნებისმიერი რუსული ნაწარმი რომ ნახოთ თუნდაც ქართულ ბაზარზე, დარწმუნდებით, რომ მათი 80% ჩინური ტექნოლოგიით მზადდება.
„დასავლეთისთვის უფრო მნიშვნელოვანი ხდება ინდური ბაზარი და ჩინურის ჩანაცვლებას აპირებენ ინდურით. თავისთავად, ინდური ეკონომიკა ძალიან სწრაფად ვითარდება და პერსპექტიულია, როგორც მოსახლეობის რაოდენობით, ასევე, თითქმის არ არის ენობრივი ბარიერი, რადგან ინდოეთში ინგლისური მეორე ენაა. არა მგონია, ტრამპის ხუშტურებმა დიდხანს გასტანოს. ვნახოთ, როგორ მოგვარდება უკრაინის პრობლემა, შემდეგ უფრო ნათელი გახდება ვითარება. არ ვარ დარწმუნებული, რომ ტრამპს უკრაინის პრობლემის სწრაფად მოგვარება გამოუვა. შესაძლოა, ცეცხლი შეწყდეს, მაგრამ ახალი ეტაპი დაიწყება მსოფლიო პოლიტიკაში, სადაც ევროპა იქნება მნიშვნელოვანი. როგორც ჩანს, ისევ გერმანია აიღებს ბევრ რამეს თავის თავზე, იწყება ცივი ომის ახალი ეტაპი, დაპირისპირებაც იქნება ევროპასა და რუსეთს შორის, რადგან ტრამპის გადაწყვეტილებებმა რაღაცნაირად ევროპა გამოაღვიძა. სამხედრო ბიუჯეტი 800 მილიარდამდე უნდა გაზარდოს ევროპამ, ეს ნიშნავს, რომ ახალი შეჯიბრი იწყება შეიარაღებაში. რუსეთს მოუწევს ამ შეჯიბრში ჩართვა. რამდენად შეძლებს რუსეთი, თუნდაც ეკონომიკურად გაუმკლავდეს ამ შეჯიბრს, ეს ერთხელ უკვე ვნახეთ საბჭოთა კავშირის დროს“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ for.ge-სთან საუბრისას.
არ დაიწყოთ ახლა ღმერთი სამობით არისო. ეგ მესამე მცდელობა იქნება, თან რომ იტანს მთელ მსოფლიოს.
რუსეთი ულევი რესურსის საბადოა. მას კი არ ეჩხუბო, ის უნდა გამოიყენო, რასაც ევროპა მშვენივრად აკეთებდა 70 წლის განმავლობაში. ახლა კი, რაღაც გლახათ არიან ატეხილი.