დღეს, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე - ლაშა ქოიავას, შალვა ჯანაშვილს, ზაზა გოგავას და მამუკა ყურაშვილს მოუსმენენ. 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა საგამოძიებო კომისიამ მეხუთე სხდომაზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხებოდა, უკვე მოუსმინა ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს და მათ შორის საგამოძიებო კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს პაატა დავითაიას.
დაბარებული იყო ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, თუმცა კომისიაზე არ გამოცხადდა. საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს კულტურის ყოფილი მინისტრი გოკა გაბაშვილი, რომლის განცხადებით, წულუკიანის კომისიიდან ოფიციალური დაბარების ზარი მიიღო და თქვა: „კლოუნებთან მისვლას და რამის ახსნას არ ვაპირებ“.
საგამოძიებო კომისიას ვრცელი განმარტება მისცა პაატა დავითაიამ, რომლის განცხადებით, როდესაც საბრძოლო მოქმედებები დასრულდა, ძალიან სერიოზულად იდგა საკითხი, რომ რამდენიმე საკითხის გამორკვევა ამ მიმართულებით დაწყებულიყო. მისი თქმით, არსებობდა ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს საომარ სიტუაციებში მთავრობის წევრთა ფუნქციებს, ასეთი კომისია აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით არ შექმნილა, რამაც გამოიწვია მთავრობის წევრთა არაკოორდინირებული მოქმედება.
კომისიის სხდომაზე სოზარ სუბარმა პაატა დავითაიას კითხვით მიმართა დადაინტერესდა, როდესაც ოკუპაცია უკვე დაწყებული იყო ცხინვალის რეგიონში, რუსეთის ჯარი შემოსული იყო გვირაბიდან, კოდორის ხეობაზე შეტევა იყო დაწყებული და ქართული ჯარი ტოვებდა კოდორის ხეობას, რატომ არ მოხდა მოსახლეობის გაფრთხილება? რატომ არ არსებობდა ევაკუაციის გეგმა, მით უმეტეს, თითქმის ერთი თვით ადრე იყო დაწყებული ცხინვალიდან ქალებისა და ბავშვების გაყვანა? დავითაიამ კითხვას უპასუხა და ახსნა, რომ მისთვის პრინციპული საკითხი იყო კოდორის ხეობა და დასკვნაშიც ასახულია, ვინ გასცა ეს ბრძანება.
„ბრძანება გასცა მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, რაც პირდაპირ წერია დასკვნაში. ის მოტივირებული იყო რაღაც ალყის თემიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა, კოდორის ხეობა ალყაში მოქცეულიყო ზუგდიდიდან, ვინაიდან ზუგდიდიდან შემოსვლა მოხდა რუსული ჯარების, იქიდან მოხდებოდა ასვლა. ეს არის ჩვენებებში მის მიერ მიცემული. რაც შეეხება გაფრთხილების თემებს, ეს რეკომენდაციებში ჩაიწერა, რომ, ასე ვთქვათ, ასეთი რაღაცები აღარ იყოს. სამოქალაქო თავდაცვაზეა ლაპარაკი. მაგალითად, მთელი თავი მივუძღვენით ამ თემებს. ეს მოიცავდა ყველა მიმართულებას, არა მარტო კოდორის ხეობაზეა ლაპარაკი, არამედ ლაპარაკია მთლიან მასშტაბზე, საქართველოს მასშტაბზე“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.
ხმაურიანი იყო შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის განმარტებები. კომისიის სხდომაზე მიხეილ ქარელმა აღნიშნა, რომ ომი მიხეილ სააკაშვილის უდიდესი ავანტიურა იყო, რადგან, მისი თქმით, სააკაშვილი ფსიქიკურად ავადმყოფია და დღესაც საშიშია.
„ყველას გვახსოვს აჭარაში განვითარებული მოვლენები, როდესაც ასლან აბაშიძემ დატოვა რეგიონი და სრულიად რეგიონის მმართველობა ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ მოექცა, დაექვემდებარა. ამის შემდეგ, ფაქტობრივად, პრეზიდენტი სააკაშვილი ხშირად ახსენებდა, რომ შემდეგი იყო ცხინვალის რეგიონი. „ცხინვალის რეგიონი“ რას გულისხმობდა კონკრეტულად, ჩემთვის ეს არ იყო ცნობილი. ხშირად ამბობდა ხოლმე ორი სიტყვით: „ჩვენ ცხინვალში შევალთ ძალიან მალე“.
როგორი ფორმით, ჩემთვის ეს ნამდვილად უცნობია. შემდეგ როგორც გამოიკვეთა, მან მიიღო გადაწყვეტილება რეგიონში სამხედრო ძალების განთავსების, ამან უფრო გააუარესა რეგიონში არსებული ვითარება. ის, რაც 2008 წელს მოხდა, სრულიად შესაძლებელი იყო, მომხდარიყო გაცილებით ადრე, 2004 წელს, რომ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ძლიერი წინააღმდეგობა სააკაშვილის მიმართ“, - აღნიშნა მიხეილ ქარელმა.
კომისიას ჩვენება მისცა ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გრიგოლ ვაშაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებდა ომი არ დაწყებულიყო და მაშინ, როცა რუსეთის ფედერაციას დემონსტრაციულად გაჰყავდა მოსახლეობა, სრული შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, რომ საქართველოც ომისთვის ემზადებოდა და გაჰყავდა მოსახლეობა. გრიგოლ ვაშაძის განმარტებით, ეს იყო ერთ-ერთი მოსაზრება, რომელიც მაშინ მოსახლეობის გაყვანის თაობაზე გამოითქვა.
ვაშაძეს კომისიის თავმჯდომარემ მისივე ახსნა-განმარტება შეახსენა, სადაც ამბობს, რომ 7 აგვისტოს საკუთარი ხელით დაწერა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, სადაც ჩაწერა, რომ რუსეთმა როკის გვირაბში შემოიყვანა ტექნიკა. „ამ დროს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბრძანდებით. თქვენც კი, რომელსაც პირდაპირ არ გევალებოდათ, გცოდნოდათ, რუსეთის რომელი შეიარაღება სად არის, სად რა დარტყმებია, უკვე იცით, რომ არათუ დაძაბულობაა, არამედ სამხედრო მოქმედებებთან გვაქვს საქმე. ვინ შეგატყობინათ სოფელ ნულზე მასირებული თავდასხმის შესახებ? 7 აგვისტოს სად იყო რუსული ტექნიკა, საიდან იცოდით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ? თუ ეს ყველაფერი იცოდით, რატომ არ გააფრთხილეთ მოსახლეობა, რომელიც აღმოჩნდა მახეში? შედგა თუ არა მსჯელობა, რომ მახეში არ აღმოჩენილიყო ჩვენი მოსახლეობა, რომელთაგან უმრავლესობა დაიღუპა, ხშირ შემთხვევაში დაღუპულთაგანი არ იყო ბრმა ტყვიით გარდაცვლილი, დახვრიტეს?“, - მიმართა ვაშაძეს თეა წულუკიანმა, რაზეც გრიგოლ ვაშაძემ უპასუხა: „ქალბატონო თეა, თქვენ 4 აგვისტო ახსენეთ. 31 ივლისიდან მიდიოდა ქართული სოფლების პერიოდული დაბომბვა, თან იმ კალიბრის იარაღით, 82 და 122-იანი არტილერიით, რომლის შეტანა, ყველა შეთანხმებით, კატეგორიულად აკრძალული იყო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. ინფორმაცია მოდიოდა რამდენიმე წყაროდან - მოკავშირეები, დაზვერვა, თავდაცვის სამინისტრო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საგარეო საქმეთა სამინისტრო, რაც შეეხებოდა ამ უკვე დაწყებული ომის დიპლომატიურ ასპექტს. როდესაც დავხურავთ სხდომას, მოგცემთ ინგლისურად ორ დოკუმენტს და აგიხსნით, საიდან რა ვიცოდი.
რაც შეეხება გაფრთხილებას, ეს ჩემი პირდაპირი ფუნქცია არ იყო, როგორც თქვენ გესმით და სიმართლე გითხრათ, რამდენჯერმე ეს საკითხი მე უშიშროების საბჭოზე ვახსენე და მითხრეს, ამას მივხედავთო. საკითხი იყო, საჭიროების შემთხვევაში, მივხედავთო, მაგრამ, მეორე მხრივ, არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ომი არ დაწყებულიყო. და მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაციას დემონსტრაციულად გაჰყავდა მოსახლეობა, სრული შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, რომ ჩვენც ომისთვის ვემზადებით და გაგვყავს მოსახლეობა. ეს იყო ერთ-ერთი მოსაზრება, რომელიც გამოითქვა მაშინ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ჯანდაცვის მინისტრმაც გაიხსენა რატომ არ იყო მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა. თამაზ ბესტაევი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ადმინისტრაცია, მთლიანად რეგიონი და მოსახლეობა სიკვდილისთვის გაწირა. გაიხსენა, რომ ომის პერიოდში თბილისიდან არც ინსტრუქციები და არც საფრთხის შესახებ ცნობა არ მიუღიათ. ამის გამო, ადგილობრივები საცხოვრებელ სახლებს თვითნებურად ტოვებდნენ.
„ინფორმაციული ვაკუუმი იყო. 8 აგვისტოს, დილით ტყვიავის საავადმყოფოში გაიარა, სადაც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები სამხედრო ფორმებში იყვნენ. ამ დროს ბომბდამშენის ხმები ისმოდა, მაგრამ რატომღაც ჩვენი მეგონა, ეს ხდება 8 აგვისტოს დაახლოებით 12:00 საათზე. ინტერნეტი არ იყო, მაგრამ ტელეფონი ჯერ იჭერდა. დავრეკე ქურთის საავადმყოფოში, ხმამაღალი ტონალობით ვთქვი, რომ სასწრაფოდ დაცალეთ ხეობათქო. ვრეკავდი ავნევის ხეობაში, გამგებელი იყო გონერი კაპანაძე, მასთან ვრეკავდი, მითხრა, თითქმის ალყაში ვართო.
რუსები რომ შემოვიდნენ, დაიწყეს მაროდიორობა, ძარცვა, ხოცვა-ჟლეტა. 71 ადგილობრივი მოქალაქე არის გარდაცვლილი. დარჩნენ მხოლოდ მოხუცები, რომლებიც არ ტოვებდნენ სახლს და ოჯახის წევრებს არ დაემორჩილნენ. ძირითადი მასა წამოვიდა. ეს მოხდა 8-ში და 9-ში. უკვე 9 აგვისტოს შევიდნენ რუსები და დარჩენილი მოხუცები დახვრიტეს.
რატომ არ იყო ევაკუაციის გეგმა? რატომ არ განხორციელდა ევაკუაცია? დასკვნა მქონდა და დღესაც იგივე მაქვს, რომ გაიმეტეს მოსახლეობა საზარბაზნე ხორცად, გაიმეტეს ადმინისტრაციის თანამშრომლები, გაიმეტეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და ის რეგიონი მთლიანად. ძალოვანებმა და მაშინდელმა ხელისუფლებამ იცოდნენ, რატომ არ განხორციელდა ევაკუაცია“, - განაცხადა თამაზ ბესტაევმა.
კომისიის კითხვებს უპასუხა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა, რომელმაც გაიხსენა მასა და ექს-პრეზიდენტ მიხელ სააკაშვილთან შორის მომხდარი ერთ-ერთი კონფლიქტის მიზეზი. ნოღაიდელის განცხადებით, 2006 წელს ირაკლი ოქრუაშვილის გადადგომას მოჰყვა კონფლიქტი ცხინვალის რეგიონში, რომელიც იმჟამად თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა და, ფაქტობრივად, ხელისუფლება იყო შეიარაღებული კონფლიქტის ზღვარზე, რომლის მოგვარებაც პრეზიდენტთან ჩხუბისა და დარწმუნების შემდეგ მოგვარდა.
„ვხედავდი, რომ მიდიოდა მოძრაობა სერიოზული დაძაბულობისკენ, აქ საუბარია ძალიან მნიშვნელოვან კონფლიქტზე, ჩვენ ამ დროს ვიყავით ზღვარზე, მე იმიტომ ვადარებ ამ სიტუაციას 2008-სთან, რომ ეს ყველაფერი თავიდან აცილებადი იყო და მაშინ იმ კონფლიქტის თავიდან აცილება მოხერხდა.
სააკაშვილმა იცოდა რა შესაძლებლობები, რა რესურსები აქვს ქვეყანას და რა შესაძლებლობები აქვს ჩრდილოელ მეზობელს, ამის შეფასებებს, შედარებებს ერთმანეთთან ნებისმიერი ადამიანი უნდა მიეყვანა ლოგიკურ დასკვნამდე. ნებისმიერი ადამიანისთვის ცხადი უნდა ყოფილიყო, რა შედეგი მოჰყვებოდა 2008 წლის ომს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ საუბარი იმაზე კი არ არის, ჩვენ რა დავიწყეთ და ჩვენ რისი უფლება გვქონდა, ჩვენ შეიძლება ბევრი რამის უფლება გვაქვს და შეიძლება ვალდებულიც ვართ ბევრი რამე გავაკეთოთ, მაგრამ მთავარი ამოსავალი წერტილი არის რისი შესაძლებლობა გვაქვს და ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ელემენტარულად, ქვეყნის მეთაური იყო და მით უმეტეს იცოდა რა შესაძლებლობები, რა რესურსები აქვს ქვეყანას და რა შესაძლებლობები აქვს ჩრდილოელ მეზობელს, ამის შეფასებებს, შედარებებს ერთმანეთთან უნდა მიეყვანა ნებისმიერი ადამიანი ლოგიკურ დასკვნამდე, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება და ამის გაკეთება საზიანოა“, - განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.