ვაშინგტონი-მოსკოვი-კიევი - პირველი მყიფე შეთანხმება რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მიღწეულია, ახლა ყველა მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოლოდინშია. საუდის არაბეთში 23 მარტს დაწყებული მოლაპარაკებები 25 მარტს გარკვეული შეთანხმებით დასრულდა - მხარეებმა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს. შედეგიანი შეხვედრებისთვის კი ამერიკის პრეზიდენტმა უკრაინელი კოლეგისგან მადლობაც მიიღო და კრიტიკაც - ვოლოდიმირ ზელენსკი, ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, რუსეთზე ზეწოლის შემსუბუქებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
რუსეთს კი, მასზე ზეწოლის შემსუბუქების პარალელურად, სხვა პირობებიც აქვს, მათ შორის, დაწესებული სანქციების ნაწილის მოხსნა, რაც საერთაშორისო საბანკო სისტემასაც მოიაზრებს.
დონალდ ტრამპი რუსეთსა და უკრაინას შორის მიღწეული პირველი შეთანხმებით კმაყოფილია და ახლა მხარეებისგან დადებული პირობების შესრულებას ელოდება. ამერიკის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის მიზნით, ვაშინგტონი მოსკოვის პირობებს განიხილავს და აპირებს, დაეხმაროს რუსეთს, აღადგინოს მსოფლიო ბაზარზე წვდომა, სოფლის მეურნეობისა და სასუქების ექსპორტისთვის.
შეთანხმების შესახებ ინფორმაცია თეთრმა სახლმაც გაავრცელა. განცხადებაში წერია, რომ მხარეები უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფასა და შავ ზღვაში კომერციული გემების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების აღკვეთაზე შეთანხმდნენ.
ერ-რიადში მოლაპარაკებების ფონზე გამოცემა The Moscow Times-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთი ასევე აპირებდა მოეთხოვა დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მის კონტროლში გადასვლა. გამოცემის თანახმად, ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსმა ჩინოვნიკებმა განუცხადეს.
მათი მტკიცებით, კრემლში იმედოვნებენ, რომ ვაშინგტონი ზეწოლას მოახდენს კიევზე, რათა უკრაინის ამ ოლქების ტერიტორიები მოსკოვის კონტროლს დაექვემდებაროს. ამ რეგიონებიდან არც ერთი არ არის რუსული არმიის მიერ დაპყრობილი. უკრაინის კონტროლს ექვემდებარება მსხვილი საოლქო ცენტრები - ხერსონი და ზაპოროჟიე. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტემი ბრიუსმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ტერიტორიული უთანხმოებები განხილული იქნება მხოლოდ ზავის მიღწევის შემდეგ.
The Moscow Times ოთხ წყაროზე დაყრდნობით იმაზეც წერს, რომ „კრემლი ფსონს დებს სამშვიდობო მოლაპარაკებების გაჭიანურებაზე, რათა, რაც შეიძლება მეტი ტერიტორია დაიკავოს და მოლაპარაკების პროცესში კიევზე უპირატესობა მოიპოვოს“.
დასავლურ მედიაში ანალიტიკოსები მოლაპარაკების პროცესში რუსეთის მხარის წარმომადგენლებზე აკეთებენ აქცენტს. მათი თქმით, მნიშვნელოვანი დასკვნის საშუალებას იძლევა რუსეთის დელეგაციაში გრიგორი კარასინისა და სერგეი ბესედას გამოჩენა. ისინი სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინმა მოლაპარაკებების გაჭიანურების მიზნით შეარჩია. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ორივე მათგანი არსებითად პენსიონერია თავის სფეროში და წელიწადში ორ-სამჯერ თუ ნახულობენ პუტინს. უკრაინის მხრიდან მოლაპარაკებებზე წარმოდგენილია თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, რომელიც ყოველდღე ხვდება ვოლოდიმირ ზელენსკის. შესაბამისად, ის არის მოქმედი პოლიტიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე, თანამდებობის პირი. მარტო ასეთი კონტრასტიც მრავლისმეტყველია.
საერთაშორისო საკითხების სპეციალისტი თამარ კიკნაძე ამბობს, რომ სიტუაცია მარტივი არ არის. ძალიან რთულია ამ მოცემულობით პროგნოზის გაკეთება აშშ-ს დელეგაციამ რა შედეგებს შესაძლოა მიაღწიოს. კიკნაძე for.ge-თან ამბობს, რომ ახლა აშშ შატლის დიპლომატიას იყენებს, რის შედეგადაც რუსეთსა და უკრაინას შორის პოზიციების შეჯერებას ცდილობს.
„რა თქმა უნდა, ახლა ყველაზე ცუდ სიტუაციაში უკრაინაა, რადგან მათ დაპყრობილ ტერიტორიებს არავინ არ დაუბრუნებს. აქ, უბრალოდ, ვაჭრობა მიდის რუსეთთან, პუტინი რაზეა წამსვლელი. საინტერესო დეტალია ასევე ის, რომ ამერიკელებმა აღიარეს რის გამოც დაიწყო უკრაინის ომი. ტრამპმა თქვა, რომ რუსეთი დამნაშავე არ არის, ის ისეთ პოზიციაში ჩააყენეს, რის გამოც ომი დაიწყოო. ეს პოზიცია კი ძალიან ბევრ რამეზე მიუთითებს. სხვათა შორის ყოველთვის ვამბობდი, რომ გეოპოლიტიკური ლოგიკა ისე ჩამოყალიბდა, რომ ამერიკის და რუსეთის პოზიციების დაახლოება სრულიად მოსალოდნელი იყო. გარდა ამის, საბჭოთა კავშირი ჩინელებმა და ამერიკელებმა ერთობლივად დაანგრიეს, როცა პინგ-პონგის დიპლომატია განვითარდა.
ახლაც სიმპტომატურია, ამერიკელები და რუსები ჰოკეიზე შეთანხმდნენ და შესაძლოა, ამას ჰოკეის დიპლომატიაც დაერქვას. საერთოდ მგონია, რომ აქ უკვე ყირიმზე და იმ 4 რეგიონზე საუბარიც აღარ არის და მას პუტინს ვერავინ დაათმობინებს. ჩემი აზრით, აქ საუბარი უკვე დანარჩენ უკრაინაზეა - როგორი სტატუსი ექნება მას და როგორ განაწილდება ამ ტერიტორიებზე განლაგებული სიმდიდრეები. უკრაინის ნატოში გაწევრიანება საერთოდ გამორიცხულია. ამერიკა საუდის არაბეთში ცდილობს, გაიგოს რუსეთი რაზეა წამსვლელი, რას დათმობს. ტრამპი ცდილობს ჯერ მინიმუმის მიღწევას, რათა, როგორც დიპლომატიაშია ცნობილი, შემდეგ უფრო დიდ მოლაპარაკებაზე გადავიდეს“, - ამბობს კიკნაძე.
მისივე თქმით, საუდის არაბეთში ცალკეა უკრაინის ჯგუფი და ცალკე რუსეთის, რომელთანაც მორიგეობით მიდის ამერიკელების ჯგუფი და პოზიციების შეჯერებას ახდენენ. ეს კი მაქოს დიპლომატიაა, სადაც პარალელურად საუბარი მსოფლიო წესრიგზეც მიდის.
„როდესაც ეს ომი დაიწყო, ზელენსკი არასდროს იქცეოდა უკრაინის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. დღესაც ის თავის მოქმედებებში თავისუფალი არ არის. ეს არის პროქსი სახელმწიფო, სადაც სრულიად სხვა სახის ამოცანებზეა ხელისუფლება ორიენტირებული. ამიტომ ზელენსკი თავისით ამ ომს ვერ დაასრულებს. მის უკან ძალიან დიდი ძალები დგანან, განსაკუთრებით დიდი ევროპული ქვეყნები, რომელთაც საკუთარი ინტერესები გააჩნიათ. უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინელების მსხვერპლშეწირვის ხარჯზე, ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირება ხდება. იგივე გავიარეთ ჩვენ 2008 წელს და ზუსტად ანალოგიური განმეორდა ახლა უკრაინაში.
ტრამპმა ძალიან კარგად იცის რუსეთის და პუტინის სახით საქმე ვისთანაც აქვს. ტყუილი და აბსურდია იმაზე საუბარი, თითქოს ის რუსული სცენარით მოქმედებს. ტრამპს ახლა ასე თამაში სჭირდება პუტინის გადასაბირებლად, რათა ჩინეთთან ერთად მან არ შეძლოს სერიოზული კოალიციის შექმნა. ამერიკას ახლა დაღმავალი ჰეგემონია აქვს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთის ტერიტორია ძალიან დიდი და მდიდარია სხვადასხვა რესურსებით. ამერიკისთვის ახლა რუსეთთან კარგი ურთიერთობა რიგი მიზეზების გამო ხელსაყრელია. შესაბამისად, ტრამპი მოქმედებს ამერიკის ინტერესებიდან გამომიდინარე და სისულელეა იმაზე საუბარი, თითქოს ის პუტინის ქსელში გაება“, - ამბობს ანალიტიკოსი.