წელს დასაქმებულთა ანაზღაურება ვერ გაიზრდება ან იმდენად მცირე დოზით, რომ მასაც ინფლაცია შეჭამს

წელს დასაქმებულთა ანაზღაურება ვერ გაიზრდება ან იმდენად მცირე დოზით, რომ მასაც ინფლაცია შეჭამს

ხელფასის ზრდის ტემპი წელს ძალიან შემცირდება და რეალურ განზომილებაში შესაძლოა, არც მოიმატოს. ამის რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის უკვე კომპანიების ფრთხილი დამოკიდებულება. მართალია, ქვეყანაში საშუალო ანაზღაურების სტატისტიკური მაჩვენებელი მატულობს, თუმცა ამ მონაცემს ეკონომისტები სინამდვილის ამსახველად არ მიიჩნევენ.

PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, 2025 წელს ნომინალური ხელფასის ზრდის, თუნდაც წინა წლის ტემპის შენარჩუნება, არარეალური იქნება. მეტიც, არსებულ ვითარებაში ბიზნესს ხელფასის ზრდა გაუჭირდება.

ხელფასის ზრდა ბოლო სამ წელიწადში შთამბეჭდავია. იმის გათვალისწინებით, რომ 2021 წლის მეოთხე კვარტალში საშუალო ნომინალური ხელფასი იყო 1464 ლარი თვეში, 2024 წლის მეოთხე კვარტალში 2218 ლარი ხელფასის პირობებში, სამ წელიწადში ნომინალური ზრდა არის 51.6%. ბოლო სამ წელიწადში ხელფასების ზრდის ტემპი სწრაფად კლებადია მაშინ, როდესაც 2022-ის მეოთხე კვარტალში წინა წელთან შედარებით ზრდა იყო 21%, ხოლო 2023 წლის მეოთხე კვარტალში - 15.3%, 2024 წლის მეოთხე კვარტალში ხელფასების ზრდის ტემპი ჩამოვიდა 8.5%-მდე.

იმის გათვალისწინებით, რომ ზრდის ტემპის კლებაზე, არსებულ პოლიტიკური კრიზისს ჯერ არ მოუხდენია რეალური გავლენა, სავარაუდოდ, 2025 წლის განმავლობაში, ამ ეფექტის დამატებით, ნომინალური ხელფასის ზრდის თუნდაც წინა წლის ტემპის შენარჩუნება, არარეალური ჩანს.

სიტუაციას დასაქმებულებისთვის ართულებს ის გარემოება, რომ ბოლო სამ წელიწადში, ინფლაციაც დაბალი გვქონდა, ხოლო წელს, ხელფასების ზრდის ტემპის კლების პარალელურად, სავარაუდოდ, ინფლაციის მაჩვენებელი მინიმუმ 4%-მდე გაიზრდება, რაც მაღალი ალბათობით, ხელფასების ნომინალურ ზრდის დიდ პორციასშეჭამს“, - აღნიშნა ხიშტოვანმა.

2024 წელს საშუალო თვიურმა ნომინალურმა ხელფასმა მაქსიმუმს 2059 ლარს მიაღწია. მაჩვენებელი მუდმივად მზარდია და 2024-ში წლიური ზრდა 292 ლარი იყო. სტატისტიკური მინიმალური ხელფასი დარიცხულ ხელფასს, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით ანაზღაურებას ითვლის და შესაბამისად მას 20% აკლდება.

საშუალო ხელფასის გამოსათვლელად "საქსტატი" კვარტალური კვლევებისათვის მონაცემებს 16 ათასამდე სხვადასხვა ზომის საწარმოდან აგროვებს. კვლევაში მონაწილე საწარმოები უწყებას დარიცხული შრომის ანაზღაურების ფონდს - ანუ მონაცემებს ხელფასებზე ჯამურად დახარჯული თანხის მოცულობაზე აწვდიან, რაც ძირითად ხელფასთან ერთად პრემიას-დანამატს მოიცავს. საქსტატი მიღებულ რიცხვს ჯერ დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო რიცხოვნობაზე ყოფს, შემდეგ 3-ზე ან 12-ზე, იმის მიხედვით, კვარტალურია კვლევა თუ წლიური.

რეფორმების ასოციაციის მთავარი ეკონომისტი ვალერი კვარაცხელია ამბობს, რომ საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ზრდის შესაფასებლად ინფლაცია უნდა იქნეს გათვალისწინებული, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში საშუალო ხელფასი ინფლაციის ჩათვლითაც გაზრდილია.

ქვეყანაში მართლა კატასტროფა და უბედურება უნდა ტრიალებდეს, რომ ნომინალური ხელფასი შემცირდეს. რომელი წელიც არ უნდა ნახოთ, გარდა გამონაკლისი პერიოდებისა, ნომინალური ხელფასი იზრდებოდა. ბუნებრივია, ის ყოველ წელს უნდა იზრდებოდეს და ამაში ვინმეს განსაკუთრებული დამსახურება არ არის.

მეორე საკითხია როცა ვუყურებთ ამ ნომინალურ ანაზღაურებას პირობითად ეს იქნება 2 ათასი ლარი თუ 2060, მნიშვნელოვანია გვესმოდეს როგორ შეიცვალა ეს ყველაფერი მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით. იმიტომ, რომ მეც, თქვენც და ნებისმიერი ადამიანი, როცა შემოსავალს იღებს მისთვის მნიშვნელოვანია ამ ფულით რისი ყიდვა შეუძლია და არა რამდენი კუპიურა მიიღო, - განაცხადა კვარაცხელიამ.

ეკონომისტები კი ხაზს უსვამენ, რომ საშუალო ხელფასი არ არის კარგი ინდიკატორი, რომ ცხოვრების დონისა და შემოსავლების შესახებ რეალური ინფორმაცია შევიტყოთ. რამაზ გერლიანის აზრით, მშრალი სტატისტიკით თავის მოწონება, რეალობას ვერ ცვლის.

საშუალო ხელფასის ზრდის ტენდენცია წლებია მიმდინარეობს და მომავალშიც ასე იქნება. მისი მაჩვენებელი ყოველთვის მოიმატებს, რადგან მინიმუმ ინფლაციური პროცესები დამსაქმებელს აიძულებს რაღაც დოზით გაზარდოს დასაქმებულთა ანაზღაურება. მიუხედავად მზარდი ტენდენციისა, საშუალო ხელფასის ცნება ვერ ასახვას მოქალაქეების შემოსავლიანობის რეალურ სურათს.

საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ დაუსაქმებელია, უმუშევრობის მაჩვენებელი ორნიშნა გვაქვს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ბევრი ადამიანი უმუშევარია. გარდა ამისა, დასაქმებულთა ნაწილში ძალიან დიდია თვითდასაქმებულთა წილი. აქედან გამომდინარე, უხელფასოთა რიცხვი ძალიან დიდია, შესაბამისად, საერთო სტატისტიკა რეალობას არ ასახავს, - განაცხადა გერლიანმა.