მამუკა ხაზარაძე გუდვილსა და ელიტ-ელექტრონიქსს ფინანსურ მაქინაციებში ამხელს

მამუკა ხაზარაძე გუდვილსა და ელიტ-ელექტრონიქსს ფინანსურ მაქინაციებში ამხელს

„მზად ვართ, „თიბისი ბანკი“ დავიცვათ იმ ცილისმწამებლური კამპანიისაგან, რომელიც მის წინააღმდეგ აგორდა“,- განაცხადა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ სპეციალურ პრესკონფერენციაზე, სადაც „თიბისი ბანკი“-ს დამფუძნებელმა მისი და ბანკის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებას უპასუხა, რომელიც გაზეთ „ასავალ-დასავალში“ რამდენიმე დღის წინათ დაიწერა. სტატიის თანახმად, მამუკა ხაზარაძეს და „თიბისი ბანკს“ ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მითვისება სურს.

მსგავსი განცხადებები „თიბისი ბანკის“  წინააღმდეგ ახალი არ არის, ანალოგიურ ბრალდებებს ბანკს დროდადრო „ელიტელექტრონიქსის“ ხელმძღვანელობაც უყენებს.

როგორც ხაზარაძე აცხადებს, გაზეთში დაბეჭდილი მასალა სიმართლეს არ შეესაბამება, რის გამოც ბანკის დამფუძნებელმა რედაქციის წინააღდეგ სარჩელი უკვე შეიტანა, თუმცა ბოდიშის მოხდის შემთხვევაში სარჩელს უკან გამოიტანს.

როგორც ხაზარაძე აცხადებს, „თიბისი ბანკს“ უკვე სამი სარჩელი აქვს შეტანილი პროკურატურაში.

„ყველასთან ვინც „თიბისი ბანკის“, ან ჩვენი ჯგუფის მიმართ, პიროვნულად, ან კომპანიის მიმართ განახორციელებს უღირს მსვლელობას, გავაგრძელებთ პროცესს სამართლებრივ სივრცეში“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ერთია, ბანკის წინააღმდეგ აგორებული საინფორმაციო კამპანია და მეორე, რაც რეალურად ხდება. ხაზარაძის ემოციურ გამოსვლას თავისი მიზეზი აქვს - ძალიან მალე შედგება საკმაოდ დიდი საინვესტიციო პროექტის პრეზენტაცია, რომელზეც მოგვიანებით დაწვრილებით ისაუბრებენ. მანამდე კი ხაზარაძემ საკმაოდ იმედისმომცემი ანონსი გააკეთა - მან მოიწვია საქართველოში თავისი ჰარვარდელი თანაკურსელები და ყველა ერთად საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის თავის წვლილს გაიღებს. მანამდე კი ხაზარაძეს არ სურს მისი კომპანიის მიმართ კითხვები არსებობდეს, სურს თუ არა „გუდვილის“ ან „ელიტელექტრონიქსის“ მითვისება.

მამუკა ხაზარაძე ცალსახად განმარტავს, რომ მის ინტერესში ნამდვილად არ შედის არაპროფილური ბიზნესების ფლობა. მათ გადარჩენას კი დღემდე იმიტომ ცდილობს, რომ ეს ბიზნესს სჭირდება.

„არჩევნების შედეგი მეტყველებს იმაზე, რომ ამ მთავრობას არა მარტო ბიზნესი, არამედ მოსახლეობის უმრავლესობა ენდობა. შესაბამისად, ჩვენ აქ მოსული ვართ ნდობით და იმ იმედით, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი საინტერესო რამ მოხდება“,- აცხადებს ხაზარაძე.

რაც შეეხება „გუდვილსა“ და „ელიტელექტრონიქსს“, მასთან დაკავშირებით „თიბისი ბანკს“ საკუთარი ვერსია აქვს და როგორც ხაზარაძე აცხადებს, მისი ყოველი სიტყვა დოკუმენტებით დასტურდება.

„თიბის ბანკმა“ „გუდვილს“ მთლიანობაში, 80-მილიონიანი კრედიტი გამოუყო. თუმცა, ერთი წლისთავზე ყველა მონაცემით ჩანდა, რომ „გუდვილში“ კრიზისი იყო. ბანკმა მის დასახმარებლად სამი ნაბიჯი გადადგა: ჰიპერმარკეტს საბრუნავი სახსრები გაუზარდა, შეუჩერა პროცენტის გადახდა. გარდა ამისა, მოხდა ქონების შესყიდვა სესხის დავალიანების შემცირების მიზნით (80%), თუმცა იმ პირობით, რომ დამფუძნებელს ნებისმიერ დროს მისი დაბრუნება შეეძლებოდა, თუ ის დავალიანებას დაფარავდა.

„ამის შემდეგ ჩემთან მოდის „გუდვილის“ დამფუძნებელი, გოგი შევარდნაძე და მეუბნება, რომ 2 წლის მანძილზე ისინი „თიბისის“ გაყალბებულ დოკუმენტს აწვდიდნენ, ანუ ამ ხნის განმავლობაში ხდებოდა სისტემური დანაშაული. ძალიან დიდი ძალიასხმევა დამჭირდა, რომ ჩვენი მენეჯმენტი კომპანიის გადარჩენაზე დამერწმუნებინა. ეს 2013 წლის გაზაფხულზე მოხდა. გავაჩერეთ ვალები, დაველაპარაკეთ კრედიტორებს და დავიწყეთ რეაბილიტაცია.

ამის შემდეგ „გუდვილის“ დამფუძნებელი იკარგება, აღარ გამოდის სატელეფონო კავშირზე, იწყება ცილისმწამებლური განცხადებები. შემდგომ კი შემოგვთავაზეს კრედიტების ჩამოწერა. სულ საუბარია 80 მილიონი ლარის დავალიანებაზე“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

„გუდვილსა“ და „თიბისი ბანკს“ შორის 10 წლიანი ურთიერთობა არსებობდა. თავად ხაზარაძეს მოუწია „თიბისი ბანკის“  მენეჯმენტის დარწმუნება, რომ „გუდვილისთვის“ ფინანსური მხარდაჭერა არ შეეწყვიტათ, რადგან იგი აცნობიერებდა, რომ კომპანიის უკან უამრავი ადამიანი იდგა. ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კომპანიის რეაბილიტაცია დაწყებულიყო. ამის დასტურად ხაზარაძე შარშანდელ ფაქტს იხსენებს, როცა თითქმის, 2 კვირით, „გუდვილის“ მაღაზიები ფაქტობრივად ცარიელდებოდა.

ხაზარაძის განმარტებით, გუდვილის დამფუძნებლები ითხოვდნენ 50 მილიონის ჩამოწერას (დანარჩენი მომწოდებლის ვალი ჰქონდათ). ფიქრობდნენ, რომ თუ ბანკის ვალს „მოიშორებდნენ“ მუშაობას ძველებურად გააგრძელებდნენ. როგორც ხაზარაძე აცხადებს, ისინი ყველაფერს აკეთებენ „გუდვილის“ გადასარჩენად. სამი სერიოზული ინვესტორიც კი მოუძებნეს, მაგრამ „გუდვილის“ ხელმძღვანელობას არაფრის გაგონება არ სურს. ხაზარაძემ ისიც კი აღნიშნა, რომ თუ კომპანიას ჩამოსცილდებიან ის ადამიანები, რომლებიც ფინანსურ მაქინაციაში იყვნენ ჩართული და ბანკს აუდიტის გაყალბებულ დასკვნას აწვდიდნენ, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კომპანია „გუდვილმა“ ქართულ ბიზნესში თავისი სიტყვა თქვას.

ბანკმა გასული წლის ზაფხულში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში სარჩელი უკვე შეიტანა. სარჩელი მიმართულია კომპანიაში მომუშავე იმ პირების წინააღმდეგ, რომლებსაც უშუალოდ ფინანსური საკითხები ეხებოდათ, თუმცა როგორც ხაზარაძე აცხადებს, საქმეში სიახლე ჯერ არ არის.

 „სამწუხაროდ პროკურატურამ ჩვენთვის ვერ მოიცალა, მინდა ახლა მივმართო საგამოძიებო ორგანოებს, დროულად მოხდეს ამ საქმის გამოძიება. აქვე გეტყვით, რომ ჩვენ გაბითურებას არავის ვპატიობთ. მე და „თიბისი ბანკმა“ სიყალბის წინააღმდეგ კამპანია დავიწყეთ“, - აცხადებს ხაზარაძე.

მისივე განმარტებით, სამომავლოდ მაქსიმალურად გაკონტროლდება კომპანიების ფინანსური მდგომარება, „გუდვილის“ მიმართ კი, სამწუხაროდ, ზედმეტი ნდობა გამოიჩინეს.

ცნობილია, რომ პროკურატურაში სარჩელი შეტანილია „ელიტელექტრონიქსის“ საქმესთან დაკავშირებითაც.

„თიბისი ბანკმა“ „ელიტელექტრონიქსსთან“ ფინანსური ურთიერთობა 2005 წელს დაიწყო, 2009 წელს კი კომპანიას უკვე 4 წამყვანი ბანკის ვალი ჰქონდა.

აგვისტოს ომის შემდეგ, 2009 წელს „ელიტელექტრონიქსის“ მიმართაც მოხდა ვალის რესტრუქტურიზაცია. „ელიტელექტრონიქსის“ ქსელი მოიცავდა 32 მაღაზიას დასაქმებული იყო 1200 თანამშრომელი. როგორც ცნობილია, ჯერ, კიდევ ზურაბ ნოღაიდელის პრემიერობის დროს, 2007 წელს კომპანიას 7,5 მილიონიანი ჯარიმა დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. რამდენად სამართლიანი იყო ეს ჯარიმა სხვა საკითხია, თუმცა კომპანიას ამ ვალის და აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში სერიოზულად გაუჭირდა.

როგორც ხაზარაძე იცხადებს, იმის ნაცვლად, რომ კომპანიის დირექტორს ანზორ ქოქოლაძეს „ელიტელექტრონიქსში“ მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ეზრუნა, ახალი კომპანია შექმნა. ხაზარაძე ვარაუდობს, რომ „ელიტელექტრონიქსისთვის“ ბანკიდან სესხის სახით აღებული თანხა ქოქოლაძემ მისი დის კომპანიაში „ტექნობუმში“ გადაისროლა და ფაქტობრივად, გაკოტრებული „ელიტელექტრონიქსი“ დაუტოვა მევალეებს.

მთლიანობაში, „ელიტელექტრონიქსს“ 49 მილიონიანი დავალიანება ჰქონდა, მისი აქტივების ღირებულება კი სულ 14 მილიონს შეადგენდა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ხაზარაძის ინფორმაციით, კომპანიას მიმდინარე 2014 წელსაც დააკისრა საგადასახადო შემოსავლების სამსახურმა დამატებით 6-მილიონ ლარიანი ჯარიმა 2007 წელს დაკისრებული დავალიანების გადაუხდელობის გამო.

როგორც ჩანს, კომპანიებს საკუთარი სიმართლე აქვთ, ბანკს - საკუთარი. ამ ყველაფერს კი სინათლეს მხოლოდ და მხოლოდ ობიექტური გამოძიება მოჰფენს, რომელიც რატომღაც აგვიანებს.