საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელს ფადი ასლის ძილშიც კი არ ასვენებს საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოს ბედი. მისი აზრით, ქვეყანაში არსებული დაძაბული პოლიტიკური კლიმატი ინვესტორების ინტერესს ანელებს. მიხედავვად იმისა, რომ ბოლო ჟამს პოლიტიკური ვნებათაღელვა აშკარად ჩამცხრალია, ასლი შფოთვას საზღვარი მაინც არ აქვს.
ფადი ასლის აზრით, ოპოზიციურად განწყობილი ბიზნესმენების შევიწროვება, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობის არარსებობა, სხვადასხვა კანონების ბიზნესთან კონსულტაციის გარეშე მიღება ძირითადი ფაქტორებია, რაც ინვესტიციებს აფერხებს. მოკლედ, ასლი კვლავ ძველ ჰანგზე მღერის.
ამ დროს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში ფადი ასლის მოსაზრებას კატეგორიულად არ იზიარებენ. მათი თქმით, სტატისტიკური მონაცემებით გასული წლის ნოემბერში სავაჭრო ბრუნვა 60%–ით, დეკემბერში 22%–ით, ხოლო იანვარში 15%–ით გაიზარდა, რაც თავისთავად მეტყველებს, რომ ქვეყანაში სტაბილური ვითარებაა.
კომიტეტში განმარტავენ, რომ სასამართლოში სხვადასხვა საქმის განხილვა მიმდინარეობს, პროცესი ღია და გამჭვირვალეა და ყველას შეუძლია საკუთარი სიმართლის დამტკიცება. ბიზნესზე ზეწოლა წინა მთავრობის პერიოდში ხორციელდებოდა, ხოლო დღეს ყველას აქვს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება.
ქვეყნის პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეკონომიკის შეფერხებას წინა მთავრობას უკავშირებს. მისი აზრით, ახლა ეკონომიკა სწორ გზაზეა და სასურველი შედეგებიც უკვე გამოჩნდა.
„ადგილობრივი წარმოება გაანადგურა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. საქართველო 80%-ით არის დამოკიდებული იმპორტირებულ საქონელზე. გაიხედეთ, რეგიონებში რა ხდება, სოფლის მეურნეობაში რა ხდებოდა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი აზრით, წინა ხელისუფლება ხელოვნურად ახდენდა ეკონომიკის სტიმულირებას: მთავრობის სასახლის, პარლამენტისა და სხვა მსგავსი ინფრასტრუქტურის მშენებლობით, ეკონომიკა იზრდებოდა, თუმცა მოქალაქესთვის კონკრეტული სარგებელი არ მოჰქონდა.
„გლეხი არ უნდა იყოს მშიერი - ეს არის დანაშაული. ეკონომიკაში ხდებოდა ქაოსი და მიზანმიმართული დამანგრეველი პოლიტიკა. ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკის გაჯანსაღება და რეალური საფუძვლის ჩაყრა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ინვესტორები ადრე თავს იკავებდნენ ინვესტიციებისგან, რადგან პოლიტიკური არასტაბილურობის ეშინოდათ, ბოლო ორ კვარტალში კი გამოცოცხლება შეინიშნება.
„მსოფლიო ბანკის მიხედვით, წელს გვაქვს მოსალოდნელი 6.3%-იანი ზრდა. ჩვენ გავთვალეთ 5%-ზე, მაგრამ აბსოლუტურად შეიძლება გავიდეთ 6%-ზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ დასაქმება არის მთავარი გამოწვევა.
„კომერსანტის“ გამოკითხული ბიზნესმენები ასლისგან განსხვავებით, ამერიკის პრეზიდენტის და საქართველოს პრემიერის შეხვედრის შემდეგ ინვესტორების მხრიდან საქართველოსადმი ინტერესების ზრდას ელიან. ღვინის უმსხვილესი კომპანია „თბილღვინოს“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ რთული სათქმელია რამდენად მოჰყვება შეხვედრას კონკრეტულად ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა, თუმცა გიორგი მარგველაშვილის თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა პოზიტიურად იმოქმედებს ქვეყნებს შორის საქონელბრუნვის გაუმჯობესებაზე.
საერთაშორისო ინვესტიციების საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი სეთურიძეს კონკრეტული პროგნოზის გაკეთება უჭირს, მაგრამ ურთიერთობების გაუმჯობესების ტენდენცია სახეზეა. მისი თქმით, დრო გვიჩვენებს, რა შედეგის მომტანი იქნება შეხვედრა. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესისთვის სულ უფრო პრგნოზირებადი ხდება არსებული პოლიტიკურ სიტუაცია და მცირდება რისკები.