ყოფილი პრეზიდენტი ბალტიის ქვეყნებში მოგზაურობს. სალომე ზურაბიშვილი ვილნიუსს, რიგასა და ტალინს ეწვევა. შეხვედრებს გამართავს ბალტიის ქვეყნების ლიდერებთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებთან. მოქალაქე ზურაბიშვილი, რომელსაც საქართველოში არავითარი სტატუსი არ გააჩნია, აცხადებს, რომ ლიეტუვა ევროპულ გზაზე ყოველთვის საქართველოს გვერდით დგას და მადლობას უხდის ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლაში მხარდაჭერისთვის.
თავისთავად საინტერესოა, რა სტატუსით იმყოფება მოქალაქე ზურაბიშვილი ბალტიისპირეთში, რომელიც საკუთარ თავს ლეგიტიმურ პრეზიდენტს უწოდებს, მაგრამ რაში გამოიხატება ეს ლეგიტიმურობა, გაურკვეველია? ზურაბიშვილი ლეგიტიმური პრეზიდენტია ოპოზიციისთვის მაშინ, როდესაც ეს პოლიტიკურ პროცესებს სჭირდება, სხვა შემთხვევაში მათთვის ზურაბიშვილი არის მოქალაქე, რომელსაც არავითარი ფუნქცია არ გააჩნია. მაგალითად, როცა სიტუაციას დასჭირდება, გუბაზ სანიკიძისთვის ზურაბიშვილი მეორე თამარ მეფეა, მაგრამ მეორე-მესამე დღეს, როცა უკვე სიტუაციას არ სჭირდება, სანიკიძისთვის გაუგებარი და ამოუცნობია, რა ვალი აქვს ქვეყანას ზურაბიშვილის. ასეთია მოსიარულე ლეგიტიმაციის ფუნქცია.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვისი დაფინანსებით მოგზაურობს ბალტიის ქვეყნებში ქალბატონი სალომე? - ეს კითხვა უნდა დაისვას, რადგან პასუხში დავინახავთ მტკიცებულებას, ვისი მარიონეტია. როგორც შალვა პაპუაშვილი აცხადებს, ექსპრეზიდენტი ბალტიის ქვეყნებში ყოფნით შესაბამის ინსტრუქციებს მიიღებს და როგორც დაანონსდა, სალომე ზურაბიშვილი ბალტიის ქვეყნებში, სხვებთან ერთად იმყოფება, რომლებსაც ერთობლივ ტრენინგ-სემინარს ჩაუტარებენ, როგორ დააზიანონ საქართველო. „სამწუხაროდ, ბალტიისპირეთის ამ სამი სახელმწიფოსგან არანაირ სიკეთეს არ ველი. ასეთი დამოკიდებულება აქვთ ქართველი ხალხის მიმართ, ამ სამი ხელისუფლებისთვის ქართველი ხალხი არის მხოლოდ ინსტრუმენტი საკუთარი რისკების თავიდან ასაცილებლად. როგორც არ უნდა შეიკრიბონ, გადანაწილდნენ, შესაკრებთა გადანაცვლებით, ჯამი არ იცვლება. მოღალატეს მიუმატებ აგენტს, თუ აგენტს მიუმატებ მოღალატეს, მათთვის ჯამი არის ერთი. მათ აირჩიეს ღალატის გზა, საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ წასვლის გზა, ეს გზა არის ჩიხი. ყველა, ვინც კი ისტორიულად ამ გზას დაადგა, ეს იქნებოდა ორჯონიკიძე თუ სხვები, საბოლოო ჯამში, ყველამ ცუდად დაამთავრა.
ასე რომ, ღალატი ყოველთვის არის ჩიხი. 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები... ისიც, ხომ გარედან მართული იყო, ორჯონიკიძისთვისაც რომ გეკითხათ, ალბათ, იტყოდა, საქართველოს გულანთებული პატრიოტი ვარო. ზუსტად ამას აკეთებენ ესენიც. დადიან საზღვარგარეთ, ჩამოდიან და გვეუბნებიან, რომ გულანთებული პატრიოტები არიან, სინამდვილეში, თავიდან ბოლომდე, იმართებიან უცხო ქვეყნების და უცხო ძალებისგან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, პრეზიდენტის თანამდებობის დაკარგვის შემდეგ, ზურაბიშვილის სააქციო ღირებულება ძალიან დაბალ დონეზეა. ხოლო ბალტიის რეგიონში მისი ვიზიტის მიზანია, ჩავარდნილ და გაბანკროტებულ რევოლუციას რამენაირად, კიდევ ერთხელ სული შთაბერონ.
„ვხედავთ, რომ სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის შიგნით არანაირი რესურსი არ გააჩნია იმის, რომ პოლიტიკურ პროცესებზე რაიმე სერიოზული ზეგავლენა მოახდინოს. ზოგადად, ეს რესურსი არც მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას არ გააჩნია. რადიკალური ოპოზიციის ძალისხმევა მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება ზეწოლა ქვეყანაზე, ხელისუფლებაზე საზღვარგარეთიდან.
ისინი ხელოვნურად ცდილობენ, უცხოური რესურსი ქვეყანაში ვითარების დაძაბვისთვის გამოიყენონ. ვიცით, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაზე ზეწოლის მოხდენის მიზნით ჩვენი ახალი კურატორი, განსაკუთრებით, ბალტიისპირეთი გახდა. სალომე ზურაბიშვილი და მისი სხვა მომხრეები თავიანთ კურატორებთან არიან ჩასული.
გარედან იმის კოორდინაცია ხდება, რომ 31 მარტს ხალხის რაღაცა რაოდენობა მაინც გამოვიდეს. ამიტომ ამერიკაში უილსონის გამოცოცხლებას ვუყურებთ. აგერ, 600 000 დოლარი გადაირიცხა იმისათვის, რომ ამ მიზნით კონგრესში გარკვეული მოძრაობები განხორციელდეს. აქეთ ზურაბიშვილი ბალტიისპირეთში დადის, რომ მათ 31 მარტამდე რაღაც განცხადებები გაამწვავონ“, - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
ასე არ ფიქრობენ რადიკალურ ოპოზიციაში. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ვაშაძე თვლის, რომ ზურაბიშვილის ვიზიტი ბალტიისპირეთში მკაფიო გზავნილია იმისა, რომ საქართველო არ არის ივანიშვილის რეჟიმი.
„საქართველო არჩევანის წინაშეა - დარჩეს ივანიშვილის რეჟიმთან იზოლაციაში თუ იბრძოლოს თავისუფლებისთვის. ბალტიის ქვეყნები ჩვენი მოკავშირეები არიან, მათ იციან, რას ნიშნავს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. დღეს ისინი ჩვენს გვერდით დგანან, რათა ევროპული მომავალი დავიბრუნოთ. ჩვენ გვჭირდება ერთიანობა! პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ! ქვეყანამ უნდა დაიბრუნოს დემოკრატია! ივანიშვილის რეჟიმი უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას! ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
ანალიტიკოს დავით ჩიხელიძის შეფასებით, ოპოზიციამ და სალომე ზურაბიშვილმა ერთობლივი ევროტური მოიწყო, ნიშანდობლივია ოპოზიციის განცხადება, რაც ზურაბიშვილმაც დაადასტურა, რომ დღეის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთობლივ ვიზიტებს განახორციელებენ და არა ინდივიდუალურს, როგორც ეს წარსულში იყო. მისი თქმით, აღნიშნული ირიბად ნიშნავს, რომ ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილის მიმართ ნდობა აღარ აქვს, შესაბამისად, ისინი ცდილობენ ზურაბიშვილის დამოუკიდებლობა მაქსიმალურად შეზღუდონ, რათა მოლაპარაკებებში თუ შეხვედრების დროს ერთპიროვნული გადაწყვეტილების, ერთპიროვნულად პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა არ ჰქონდეს.
„ეს ოპოზიციის მხრიდან გონივრული ნაბიჯია, რადგან სალომე ზურაბიშვილი ბოლო დროს არაადეკვატურია, რომელიც მხოლოდ საკუთარ მომავალზე ფიქრობს, ის საკუთარ პიროვნებას სახელმწიფოზე მაღლა აყენებს და რა გასაკვირია, რომ პირადი კეთილდღეობისთვის ოპოზიცია გაწიროს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ოპოზიცია ცდილობს ერთობლივი ვიზიტებით სალომე ზურაბიშვილს „ლაგამი ამოსდოს“.
რაც შეეხება ზურაბიშვილის და ოპოზიციის ბალტიის ქვეყნებში ვიზიტს. შევხედოთ რეალობას, ვინ არიან ბალტიის ქვეყნები და რას წარმოადგნენ ისინი? დღეს ევროპაში და მსოფლიოში ბალტიის ქვეყნების როლი მინიმალურია, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური მიმართულებით. ეს ქვეყნები, რეალურად, კარგი მარიონეტები არიან (ცხადია, რომ მოსახლეობას არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მათ მთავრობებს ვგულისხმობ), რომელთაც ის ადამიანები თუ ჯგუფები მართავენ, რომლებიც მართავენ ქართულ ოპოზიციას, შესაბამისად, მათი კომუნიკაციისთვის ბალტიის ქვეყნები იდეალური ვარიანტია“, - ამბობს ჩიხელიძე.
ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ოპოზიცია ახალ დავალებას მიიღებს, რაც აქციების გაგრძელებას გულისხმობს, საუბარი ასევე შეხება ფინანსებს და არ გამორიცხავს, რომ ოპოზიცია საყვედურსაც მიიღებს მძიმე ფორმებით, რადგან მათ საქართველოში ხელისუფლების დამხობა ამ დრომდე ვერ შეძლეს, რაც, რა თქმა უნდა, „პატრონების“ გულისწყრომას იწვევს.
„კიდევ ერთ საინტერესო დეტალი, მნიშვნელოვანია თუ გაიმართება ზურაბიშვილის და ბალტიის ქვეყნების ლიდერების ოფიციალური შეხვედრა, მსგავსი შეხვედრის გამართვის შემთხვევაში, როგორი იქნება სალომე ზურაბიშვილის სტატუსი? თუ მას შეხვდებიან, როგორც პრეზიდენტს ან განაცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ, საფუძვლიანი მიზეზი იქნება, რათა საქართველომ შემხვედრი, დიპლომატიური ნაბიჯები გადადგას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ჩიხელიძემ.