გაზაფხულიდან შრომის ინსპექციის ამოქმედებაზე მსჯელობა დაიწყება, თუმცა კონკრეტულად როდის გაეშვება ეს სამსახური ჯერ ისევ უცნობია. გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე აცხადებს, რომ შრომის კოდექსში ზაფხულში განხორციელებული ცვლილებები ბოლომდე არ შესულა, რადგან ჯერ კიდევ არსებობს ხარვეზები.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ისაა, რომ შრომის ინსპექცია არ შექმნილა და ამ კუთხით წინსვლა თითქმის არ შეინიშნება. ეს კი აზარალებს ეკონომიკას. ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, რომ შრომის ინსპექცია ორი მიმართულებით უნდა მუშაობდეს: ერთია უსაფრთხოების კონტროლი და მეორე კანონმდებლობის მონიტორინგი.
ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის უფროსი კი აცხადებს, რომ 6 მარტს საქართველოში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ჩამოდიან და შრომის ინსპექციის ამოქმედებისთვის უკვე არსებობს ვაშინგტონის შრომის დეპარტამენტის გამოყოფილი ფინანსები. პაატა ჟორჟოლიანის თქმით, 6 მარტს გაიმართება პრეზენტაცია, რის შემდეგაც უფრო ნათელი გახდება კონკრეტულად როდიდან დაიწყებს ინსპექცია მუშაობას.
საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი მთავრობას იმ თვალსაზრისითაც აკრიტიკებს, რომ დღემდე არავის გამოუკვლევია ზუსტად რამდენი ადამიანი დაიღუპა ან დაშავდა საწარმოო ტრავმით, შრომის უსაფრთხოების პირობების არარსებობის გამო. ის მონაცემი კი, რაც პროფკავშირს გააჩნია, სრულყოფილად ვერ ჩაითვლება იმ მარტივი მიზეზით, რომ ორგანიზაციას ყველგან არა აქვს ფილიალი - საზოგადოებამ კი ხშირ შემთხვევაში, უბრალოდ, არაფერი იცის, თუ რამდენი და რა ტიპის უბედური შემთხვევა მთავრდება ფატალურად ამა თუ იმ საწარმოში.
შრომის კოდექსი, არც ძველი და არც ახალი, შრომის უსაფრთხოებაზე საიმედოს ვერაფერს ამბობს. პეტრიაშვილის განცხადებით, კანონი დამქირავებელს არც იმას ავალდებულებს, რომ დაშავებულს კომპენსაცია გადაუხადოს:
„ბიზნესმენსაც არა აქვს იმის არც სურვილი და არც ამბიცია, რომ ინვესტიცია ჩადოს შრომის უსაფრთხოებაში. ის, ფაქტობრივად, ბევრს არაფერს კარგავს, თუ პროფკავშირები არ დახვდა ადგილზე და სასამართლომდე არ მივიდა საქმე“, - აცხადებს პოფკავშირების თავმჯდომარე.
შრომის ინსპექციის აღდგენის ინიციატივით ჯანდაცვის სამინისტროს სახალხო დამცველის აპარატიც მიმართავს. მათი მონაცემებით, 2010-11 წლებში სხვადასხვა საწარმოებში 96 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 239 დაშავდა. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ უნდა არსებობდეს სპეციალური ორგანო, რომელიც შრომითი ურთიერთობების მონიტორინგს განახორციელებს.
უჩა ნანუაშვილი მთავრობას მოუწოდებს მეტი ყურადღება მიაქციოს საქართველოში შრომის უსაფრთხოების პირობებს. ამის საფუძველს მას დღეს არსებული საგანგაშო სტატისტიკა აძლევს, რომლის თანახმად, საწარმოებში, შრომის არასათანადო პირობების გამო, დაღუპულ და დაშავებულ ადამიანთა რიცხვი ყოველწლიურად მატულობს. მიუხედავად შრომის კოდექსში შესული ცვლილებებისა, შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით მდგომარეობა უკეთესობისკენ არც საკანონმდებლო დონეზე შეცვლილა.
იმის გამო, რომ შრომის უსაფრთხოების პრობლემის მოგვარება ფინანსურად თითქმის ყველა ტიპის საწარმოში მნიშვნელოვან ხარჯებთან არის დაკავშირებული (შესაძენია სათანადო ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები. საჭიროა მონიტორინგის შესაბამისი პერსონალი), ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ბიზნესის წარმოების ხარჯებზე აისახება. სწორედ ამიტომ, საქართველოს წინა ხელისუფლების დროს დამსაქმებელები თავს არ იწუხებდნენ ზედმეტი ვალდებულებებით იმ შემთხვევაშიც კი, თუკი დანახარჯების შემცირებით ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დგებოდა საფრთხის ქვეშ.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, 2007 წლიდან მოყოლებული შეისწავლა შრომის უსაფრთხოების საკითხი და სათანადო სტატისტიკური მაჩვენებლებიც მოიძია. როგორც სტატისტიკიდან ჩანს, საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მეტი საწარმოო შემთხვევა 2010 წელს დაფიქსირდა. 3 წლის წინათ სამუშაო ადგილებზე 81 ადამიანი გარდაიცვალა, 168 დასაქმებული კი მძიმედ დაშავდა. ეს წელი შრომის უსაფრთხოების კუთხით უდავოდ განსაკუთრებით მძიმე იყო. 2012 წელს საწარმოო შემთხვევების შედეგად 29 გარდაიცვალა და 136 დაშავდა.